2013 წლის აპრილში დანიელმა ჟურნალისტმა ლარს კრისტენსენმა ამერიკულ ჟურნალ “ფორბსში” გამოაქვეყნა სტატია მრავლისმეტყველი სათაურით: “ღარიბი ევროპა. როგორი მომავალი ელოდება ევროკავშირს”. მასალაში კრისტენსენმა ევროკავშირის ქვეყნებს პირქუში მომავალი უწინასწარმეტყველა: “გადასახადები მნიშვნელოვნად მოიმატებს ამჟამინდელ დონესთან შედარებით. დაწესდება გადასახადები, რომლებიც პირდაპირ ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება. მათ წინააღმდეგ, ვინც მოისურვებს ევროკავშირიდან გასვლას, შემოიღებენ უზარმაზარ გადასახადებსა და ჯარიმებს… რიგ რეგიონებში: ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და სხვაგან გამეფდება სიღატაკე. უზარმაზარი ძალაუფლება თავს მოიყრის გერმანელთა (და ფრანგების, როგორც მათი მხარდამჭერების) ხელში”.
“ევროკავშირში დაიწყება ეკონომიკური სტაგნაცია, _ იწინასწარმეტყველა “ფორბსმა”, _ საფინანსო სექტორი გადაინაცვლებს აშშ-ში, კანადაში, ჩინეთში, ჰონკონგსა და სინგაპურში. მრეწველობა წავა აზიაში. ახალგაზრდა ნიჭიერი და განათლებული ადამიანები წავლენ რაც შეიძლება შორს, ევროკავშირს კი ექნება წამყვანი პოზიციები სიმბოლურ და არარაციონალურ სფეროებში, ისეთებში, როგორიც არის ბრძოლა ნახშირბადის დიოქსიდის მავნე გამონაბოლქვების წინააღმდეგ, ეკოლოგიურად სუფთა კომპანიების მხარდაჭერა და სხვა ძვირად ღირებული და ეკონომიკურად უპერსპექტივო პროექტები.
სულ უფრო ხშირად ჩაიხშობენ სიტყვის თავისუფლებას… პოლიტკორექტულობა მიაღწევს არნახულ ზომებს”.
გავიდა მხოლოდ 8 წელიწადი და “ფორბსის” პროგნოზი ახდა. Eurostat-მა გამოაქვეყნა მონაცემები ევროპის ქვეყნების მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. “მონაცემები ნაკლებად სანუგეშოა, ხოლო, მაგალითად, საბერძნეთის მონაცემები, უბრალოდ, სულისშემძვრელია”, _ წერს ბერძნული გაზეთი “რუსული ათენი”. საბერძნეთი უფსკრულისკენ მიექანება, მისი მოსახლეობის 27,5%-ს სიღარიბე ემუქრება. საქმე უფრო ცუდად მხოლოდ რუმინეთსა და ბულგარეთშია. სიღარიბის დონის მიხედვით საბერძნეთზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებლები აქვს ესპანეთს _ 27%.
ამასთანავე, ევროკავშირში სიღარიბის საშუალო მაჩვენებელი 21,9%-ს შეადგენს. საბერძნეთში სიღარიბის ან სოციალური იზოლაციის ზღვარზეა ახალგაზრდების (18 წლამდე) 31,5%, 65 წელს ზემოთ ადამიანების 19,3%-ს სიღატაკის საფრთხე ემუქრება.
რუმინეთში კი ღარიბი მოსახლეობა ევროპის მდიდარ ქვეყნებში მიუშაობს, ან ბოთლების შეგროვებითა და გაყიდვით ან მათხოვრობით ირჩენს თავს.
ღარიბდებიან, აგრეთვე, ევროპის ის ქვეყნებიც, რომლებიც უწინ მდიდარ სახელმწიფოებად ითვლებოდნენ. მაგალითად, ბრიტანეთში, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის მარტში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 14,5 მლნ ადამიანი. გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად შექმნილ ვითარებას ნათლად წარმოაჩენს ლონდონსა და სხვა ქალაქებში უფასო სადილის მისაღებად დამდგარი ადამიანების რიგები.
იტალიური გაზეთის, ღეპუბლიცა-ს, ჟურნალისტმა ასე აღწერა მილანის სურსათით დახმარების პუნქტთან შექმნილი ვითარება: “საშუალო კლასის გაოცებული და შეშფოთებული წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, ღირსება შეინარჩუნონ, ქუჩაში გრძელ რიგებში დგანან და ელოდებიან ცხელი წვნიანის თავიანთ ულუფას. ეს არის დღევანდელი მილანი, მაგრამ გამოიყურება, როგორ 1929 წლის უოლ–სტრიტი. იტალიის სტატისტიკის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პანდემიის ერთი წლის განმავლობაში ქვეყანას 2 მლნ ღარიბი შეემატა. ისინი არიან არა უსახლკარონი ან ასოციალური პირები, არამედ ბურჟუაზიის კლასის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომის წყალობით თავი დააღწიეს დაბალ წრეებს და დაძლიეს სოციალური ბარიერები”. სიღარიბე ფეხს იკიდებს ევროკავშირის თვით ყველაზე მდიდარ სახელმწიფო გერმანიაშიც. როგორც Suddeutsle Zeitung-ი წერს, “2020 წლის აგვისტოს ბოლოს გერმანიაში 15,5 მლნ ოჯახის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. მთავრობის მოხსენების თანახმად, პანდემიამ, ძირითადად “დაბალი და საშუალო ანაზღაურების მქონე მუშაკები დააზარალა. “სიღარიბიდან”, “არასტაბილურობიდან” და “დაბალი საშუალო დონიდან” გამოსვლის შესაძლებლობა ძალიან შემცირდა 1992-იანი წლების დასაწყისში და მას შემდეგ დაბალ დონეზეა”.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, აღნიშნავს Spiegel-ი, გერმანიაში გაღრმავდა უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის. “ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახები, რომლებიც ერთხელ დაეშვნენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, სულ უფრო მეტხანს რჩებიან იქ”, _ ამბობს ბერლინის სოციალური კვლევების ცენტრის თანამშრომელი ფილიპ ვოჩაკი. 88% იმ ადამიანებისა, რომლებიც 2018 წელს ღარიბად ცხოვრობდნენ შემოსავლის დონესთან შედარებით, სულ ცოტა, ერთხელ მაინც იმყოფებოდნენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.
გერმანიაში სიღატაკის ყველაზე დიდი რისკი არსებობს მარტოხელა დედებსა და მამებს შორის და 41%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მაღალია სკოლადამთავრებულ, მაგრამ სპეციალური პროფესიული განათლების არმქონე (35%) ადამიანებისთვის, აგრეთვე, პირველი თაობის მიგრანტებს (29%) შორის. ამას გარდა, მოსახლეობაში მოიმატა შემოსავლების არასამართლიანად, უთანასწოროდ განაწილების განცდამ”, _ ხაზს უსვამს Spiegel-ი. ევროკავშირში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებად მიიჩნევენ მას, ვინც ქვეყანაში დადგენილი საშუალო შემოსავლის 60%-ს იღებს.
მაგალითად, გერმანიაში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 942 ევროზე (3400 ლარი) ნაკლებია. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბინის ქირა და კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, გათბობა, დასუფთავება) გადასახადები გერმანიაში გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში.
როგორც ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია აღნიშნავს, “ევროკავშირში რეალური ვითარება ასეთია: მთლიანად ევროკავშირში 24 მლნ მუშა მინიმალურ ხელფასს იღებს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს”.
ამ მდგომარეობის გამოსწორებას ადამიანები არ ელოდებიან _ განსაკუთრებით ახლა, როცა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასებმა კატასტროფულად მოიმატა, ხოლო ლოკდაუნებით დაზიანებული ეკონომიკა კრიზისიდან ვერ გამოდის. არა მხოლოდ საბერძნეთი, არამედ სრულიად ევროპა სიღარიბის უფსკრულში მიექანება.
fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა