გერმანული მედია არალეგალური მიგრაციის საკითხების ერთობლივი ანალიტიკური და სტრატეგიული ცენტრის დახურულ მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მიგრანტების ახალი ტალღის შემოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში.
პროგნოზი ეფუძნება წლევანდელ 7 თვეში შემოსული მიგრანტების შესახებ არსებულ მონაცემებს: გაეროს ცნობით, მათი რაოდენობა 95 ათასს აღემატება. ანალიტიკური ცენტრი სამი უწყების ექსპერტებს აერთიანებს, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებს შეისწავლის: კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებას, ფედერალური დაზვერვის სამსახურებსა და ასევე, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურს.
ამონარიდები მოხსენებიდან გამოაქვეყნა გაზეთმა Welt am Sonntag-მა. პუბლიკაციის სანდოობას ირიბად ადასტურებს გერმანელი მოხელეებისა და პოლიტიკოსების რეაქცია. ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი იოაჰიმ გერმანი, ევროპარლამენტის დეპუტატი დავით მაკალისტერი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი ბუნდესტაგში _ თომას ოპერმანი მხარს უჭერენ მიგრანტების აფრიკაში დაბრუნებას. “საჭირო არ არის ყველა, ვინც ხმელთაშუა ზღვაში გადაარჩინეს, სიცილიაში ან იტალიის სამხრეთში გავგზავნოთ”, _ განაცხადა ამ ოპერმანმა და დასძინა, რომ გადარჩენის ოპერაციები უნდა გაგრძელდეს. ცნობილია, რომ მხოლოდ 2017 წელს ზღვაში დაიხრჩო 2230 ადამიანი, რომლებიც აფრიკიდან ევროპაში აპირებდნენ შესვლას. ავსტრიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ლიბიაში თავმოყრილია 700 ათასიდან 1 მილიონამდე ადამიანი, რომლებიც ხმელთაშუა ზღვით ევროპაში ჩასვლას ელოდებიან. ისინი უმთავრესად 20-30 წლის მამაკაცები არიან მეზობელი ქვეყნებიდან.
რა გზითა და საშუალებებით უნდა შეაკავონ მიგრაციის ახალი ტალღა, ამ საკითხზე გერმანელ პოლიტიკოსებს ერთი აზრი არ აქვთ. მაკალისტერსა და ოპერმანს მიაჩნიათ, რომ საჭიროა, ლიბიაში შეიქმნას სპეციალური ცენტრები. მარტინ შულცი ეწინააღმდეგება ამ ღონისძიების განხორციელებას და ამბობს, რომ მანამდე საჭიროა მდგომარეობის სტაბილიზაცია. ლიბიაში არ ცხრება შიდა ომი, სტაბილური სახელმწიფოს შექმნისა და მიგრაციული ნაკადის დამუხრუჭების საკითხების გადაწყვეტა ევროპელების ძალას აღემატება. მათ შეუძლიათ ერთადერთი რამ: სამხედრო გემებით გადაკეტონ მიგრანტების მარშრუტები და აიძულონ ლტოლვილები, უკან დაბრუნდნენ. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა იტალიის პარლამენტმა.
მაგრამ გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაცია უკვე მოხდა: თუ 2015 წელს ლაპარაკი იყო “ლტოლვილებზე, რომლებიც ასადის დიქტატურას გამოექცნენ”, ამჟამად მათ “უკანონო იმიგრანტებად” მიიჩნევენ.