Home რუბრიკები ისტორია ევროპაში სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის შედეგები

ევროპაში სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის შედეგები

26091
სულხან-საბა ორბელიანი

თუ სხვის იმედსა და დახმარებაზე ქვეყნის მომავლის დამყარება მხოლოდ ფუჭი ოცნება და იმედების გაცრუებაა, რაც არა ერთხელ იწვნია ჩვენმა ქვეყანამ, ამის საუკეთესო მაგალითია სულხანსაბას მოგზაურობა ევროპაში. მეცნიერისტორიკოსმა ილია ტაბაღუამ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულევროპულ ურთიერთობათა კვლევის საქმეში.

ის წლების განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის არქივებში, სადაც მოიპოვა მეტად ძვირფასი ცნობები ქართველ მეფემთავართა მიმოწერების შესახებ. მის მრავალრიცხოვან ნაშრომთა შორის აღსანიშნავიაევროპაში სულხანსაბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის შედეგები”. მასში მოთხრობილია დიდი ქართველი მამულიშვილის მღელვარე ევროპული ოდისეა. ნაშრომი შეიცავს ძალზე საყურადღებო ინფორმაციებს XVIII საუკუნის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ მცირე შემოკლებით.

ვახტანგ VI პოლიტიკურად განათლებული ადამიანი იყო. ის კარგად ერკვეოდა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. ამ დარგში მისი ცოდნა სცილდებოდა ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს. შეუძლებელია, ვახტანგს არ სცოდნოდა იმ პერიოდში საფრანგეთ-ირანისა და საფრანგეთ-თურქეთის ურთიერთდამოკიდებულებათა არსი. “ვახტანგ VI, _ სამართლიანად მიუთითებს პროფ. გ. გაბაშვილი, _ ზედმიწევნით იცნობდა მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობის მთელ თავისებურებას. მას გათვალისწინებული ჰქონდა მეტოქე სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიური ინტერესებიც”.

…სულხან-საბა ორბელიანი, ჟან რიშართან ერთად, ევროპაში გამგზავრების წინ, 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს კათალიკოს გრიგოლთან (რომელსაც სურვილი ჰქონია, სულხან-საბას მსგავსად, მიეღო კათოლიკობა და, მეტიც, გაევრცელებინა იგი დასავლეთ საქართველოში). ცხადია, ისეთი ენერგიული პოლიტიკური მოღვაწე, როგორიც სულხან-საბა იყო, ტყუილუბრალოდ არ გაჩერდებოდა დასავლეთ საქართველოში 40 დღის განმავლობაში. შესაძლებელია, რომ ამ დროს სულხან-საბამ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ პოლიტიკოსს გააცნო დასავლეთ ევროპაში მისი გამგზავრების მიზანი. სულხან-საბას ევროპაში გააყოლეს კათალიკოს გრიგოლის წარმომადგენელი, “სანდო პიროვნება” დავით ბერი, რომელიც სულხან-საბას ახლდა ევროპაში მოგზაურობისა და შეხვედრების დროს.

საფრანგეთის “მეფე-მზემ” ლუი XIV-მ სულხან-საბა ორჯერ მიიღო. მეორე მიღების დროს სულხან-საბა ორბელიანი აღჭურვილი იყო რომის პაპისა და პარიზში პაპის _ ნუნციუსის, სარეკომენდაციო წერილებით. ამ დროს ვერსალში უკვე ჰქონდათ: მემორანდუმი საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, წარდგენილი სულხანსაბას მიერ; ვრცელი მემორანდუმი საქართველოსაფრანგეთს შორის შესაძლებელი ეკონომიკური, პოლიტიკური, სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობის შესახებ, შედგენილი მარსელში სულხანსაბას, დავით მეგრელის, ჟან რიშარის, პიერ არნუს და სხვათა მონაწილეობით და გაგზავნილი მარსელიდან ვერსალში იმავე პიერ არნუს მიერ; საქართველოს რუკა და საქართველოს მეფეების გენეალოგია, წარდგენილი მარსელში სულხანსაბასა და გაგზავნილი ვერსალში პიერ არნუს მიერ. ყოველივე ეს მიუთითებს სულხანსაბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის საფუძვლიანად მომზადებაზე.

საფრანგეთის სამეფო კარზე საქართველოს ელჩის მოლაპარაკების დროს იხილებოდა შემდეგი საკითხები: ირანის ტყვეობიდან ვახტანგის განთავისუფლება და მისი თბილისში ქრისტიან მეფედ დაბრუნება; მისიონერების გაგზავნა საქართველოში (როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში), რასაც უნდა მოჰყოლოდა კათოლიკური სარწმუნოების გავრცელება არა მარტო საქართველოში, არამედ მის მეზობელ მხარეებშიც; საქართველოს ტერიტორიის სავაჭრო გზად და თბილისის საქონლის საწყობებად გამოყენება; საქართველოსა და საფრანგეთს შორის ვაჭრობის დამყარება და გაფართოება; საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის დამყარება; საქართველოში (თბილისში) საფრანგეთის საკონსულოს შექმნა და სხვ.

სულხან-საბა ორბელიანის მისია მიზნად ისახავდა, თუ ყველა ზემოხსენებული საკითხის ერთდროულად დადებითად გადაჭრას არა, ზოგიერთი მათგანის გადაწყვეტისათვის ნიადაგის მომზადებას. ყველა ამ საკითხიდან გადაუდებელი იყო ვახტანგის ქრისტიან მეფედ საქართველოში დაბრუნება.

…მაგრამ საფრანგეთში არსებობდა ორი ჯგუფი: ერთ ჯგუფს შესაძლებლად მიაჩნდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობისათვის ზემოხსენებული საკითხების დადებითად გადაჭრა; ხოლო მეორე ჯგუფი აჭიანურებდა საქართველოს მიმართ რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას და ყოველივე ამას უკავშირებდა ირანის ელჩის ჩამოსვლას.

ირანის ელჩის მოლოდინმა (რომლის ირანიდან წამოსვლის შესახებ უკვე იცოდნენ ვერსალში) შეაჩერა საქართველოს საქმეები საფრანგეთში. სულხანსაბა ორბელიანის დიპლომატიურ მისიას დიდად შეუშალა ხელი ირანის ელჩის მუჰამედ რეზა ბეგის ჩასვლამ საფრანგეთში 1714 წლის ოქტომბერში. ამ ელჩობის წარმომადგენლები უფრო ადრე (იმავე წლის ივლისში) ჩავიდნენ მარსელში და უკვე მოქმედებდნენ სულხანსაბას მისიის საწინააღმდეგოდ. თუმცა ვერსალში ცდილობდნენ, საიდუმლოდ შეენახათ სულხან-საბას მისია, მის შესახებ არაფერი გაეგოთ ირანში და აქ _ მის ელჩს. საქართველოს მხრიდანაც იცავდნენ ამ საიდუმლოებას: “…როდესაც ეს ამბავი ხდებოდა, ვახტანგი იმყოფებოდა შაჰის ტყვეობაში, და მეფეც და ორბელიანიც დიპლომატიურ სვლებს აწყობდნენ მხოლოდ საიდუმლოდ, მძიმე სამოქმედო პირობებში”.

მაგრამ ამ საიდუმლოების დაცვა შეუძლებელი გახდა. პარიზსა და რომში სულხან-საბას ყოფნის პერიოდში ორჯერ გამოქვეყნდა ცნობა პრესაში მეფისა და პაპის მიერ მისი მიღების შესახებ.

შესაძლებელია, ირანში იცოდნენ ვახტანგის წერილობითი კავშირის შესახებ პარიზთან და რომთან, სულხან-საბას ევროპაში გამგზავრების შესახებ. არაა გამორიცხული, რომ ისფაჰანში სამეფო კარზე ამიტომ დააჩქარეს ელჩის გაგზავნა საფრანგეთში.

1535 წელს თურქეთთან პირველი საკაპიტულაციო ხელშეკრულების დადების შედეგად საფრანგეთმა მჭიდრო კავშირი დაამყარა ამ ქვეყანასთან. ამ დროიდან საფრანგეთში იქმნება აზრი იმის შესახებ, რომ თურქეთისა და საქართველოს გავლით, ე. ი. სახმელეთო გზით დაამყარონ სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობა ირანთან. ეს აზრი განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში საფრანგეთი შეძლებდა, გვერდი აევლო საზღვაო გზებისთვის, სადაც ინგლისი და ჰოლანდია იყვნენ გაბატონებული. სწორედ სახმელეთო გზის შესწავლა წარმოადგენდა ფრანგი მოგზაურების ერთ-ერთ ამოცანას. 1699 წლის ბოლოს საფრანგეთის კანცლერის, გრაფ დე პონშარტრენის მიერ ლუი XIV-ისადმი წარდგენილი წერილის მიხედვით, ჟ.პ. დე ტურნეფორს ევალებოდა, მოგზაურობისას შეესწავლა არა მარტო ფლორა, არამედ “გეოგრაფიული, რელიგიური და ვაჭრობის საკითხები”.

1708 წლის სექტემბერში ხელმოწერილ იქნა საფრანგეთ-ირანის ხელშეკრულება. ამიერიდან საფრანგეთი აქტიურად მოქმედებდა ირანში ინგლისისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ.

1715 წლის აგვისტოში ვერსალში ხელი მოაწერეს საფრანგეთ-ირანის მეორე ხელშეკრულებას მეგობრობისა და ვაჭრობის შესახებ. ეს იყო ფრანგების ახალი წარმატება ირანში საკუთარი პოზიციების განმტკიცების საქმეში.

ამასთანავე, ვერსალში არსებობდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა საფრანგეთის გაბატონებას სპარსეთის ყურეში: საკითხი ეხებოდა მარკატის დაპყრობას, რომელიც კონტროლს უწევდა ირანის ორ ნავსადგურს; საფრანგეთი მისი დაკავებით ჩაკეტავდა ირანს სამხრეთიდან, ხოლო მის ჩრდილოეთით მდებარე საქართველო საფრანგეთის მოკავშირე იქნებოდა. “საფრანგეთი დაეხმარებოდა საქართველოს, თუ სპარსეთი შეეცდებოდა, ხელი შეეშალა მისი დამოუკიდებელი განვითარებისთვის”, _ ნათქვამია ამ პროექტში. ასე რომ, ირანი გახდებოდა დამოკიდებული “ფრანგებსა და ქართველებზე”.

ასეთ პირობებში კათოლიკური სარწმუნოება მიიღებდა თავისუფალი მოქმედების საშუალებას და შესაძლებელია, სომეხთაგან “მრავალი მიიღებდა რომის სარწმუნოებას, რათა თავისუფლად ევაჭრა სეფიანებზე დამოკიდებულ სახელმწიფოებში, სადაც ამჟამად ისინი ფრანგებისა და რომაელი კათოლიკეების ყველაზე უფრო დიდი მტრები არიან”. თურქეთი “აღმოჩნდებოდა ამ ნავსადგურზე დამოკიდებული” განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი საფრანგეთი გახდებოდა კუნძულ ზაკოტორას ბატონ-პატრონი. გათვალისწინებული იყო, აგრეთვე, ამიერკავკასიაში დიდი კათოლიკური სახელმწიფოს შექმნა, მათ შორის სომხებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების გაკათოლიკებაც.

საფრანგეთში ესმოდათ, რომ დასავლეთ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი დაკავშირებული იყო თურქეთთან, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსი _ ირანთან. საფრანგეთში გულისხმობდნენ საქართველოს ორივე ნაწილთან სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებას თურქეთთან და ირანთან მჭიდრო ურთიერთობის ჩარჩოებში. არა დაქუცმაცებული საქართველო, არამედ ერთიანი საქართველო, სადაც ერთი მეფე _ ვახტანგი (ან სხვა რომელიმე) იქნებოდა, პასუხს აგებდა სავაჭრო გზის უშიშროებაზე და მფარველობას გაუწევდა ფრანგ ვაჭრებსა და კათოლიკე მისიონერებს.

ფრანგ მესვეურთა იმ ჯგუფს, რომელსაც რეალურ საკითხად მიაჩნდა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, თავისებურად ჰქონდა ეს წარმოდგენილი: საფრანგეთი საქართველოს გამო კი არ გაამწვავებდა ურთიერთობას თურქეთთან და ირანთან, არამედ ორივე ამ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობის პირობებში განახორციელებდა თავის სავაჭრო-პოლიტიკურ კავშირს ქრისტიანულ საქართველოსთან, რომელიც მისი ერთ-ერთი საიმედო პლაცდარმი უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთში; საქართველოში უნდა შექმნილიყო საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანია, რომელიც დაუკავშირდებოდა ირანში არსებულ საფრანგეთის სავაჭრო კომპანიას, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიას. ამრიგად, უნდა შექმნილიყო სავაჭრო გზა _ შავი ზღვა-საქართველო-ირანი. ასე რომ, ისინი აუცილებლად არ თვლიდნენ, საფრანგეთს დაეთმო თავისი სავაჭრო-პოლიტიკური ინტერესები ირანსა და თურქეთში საქართველოსთან ურთიერთობის გამო. ამასთანავე, საფრანგეთს სჭირდებოდა თურქეთი და ირანი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროს უკვე ენერგიულად მიიწევდა სამხრეთისკენ.

…ცხადია, ფრანგი მესვეურები ყოველივე ამას აკეთებდნენ ან გეგმავდნენ, პირველ რიგში, საკუთარი კოლონიური ინტერესების განხორციელებისთვის _ ახლო და შუა აღმოსავლეთში წაერთმიათ გავლენის სფეროები ინგლისისა და ჰოლანდიისთვის, შეეჩერებინათ რუსეთის წინსვლა სამხრეთისკენ, შეექმნათ დასაყრდენი საფრანგეთის ვაჭრობისა და კათოლიკური სარწმუნოებისთვის აღმოსავლეთში, რომლის ცენტრში იქნებოდა ქრისტიანული (შემდგომში გაკათოლიკებული) საქართველო.

…1715 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა ლუი XIV. ვერსალში ხელმძღვანელობას ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობაში ზემოხსენებული გეგმის განხორციელების მომხრენი იყვნენ, ხოლო საფრანგეთის ახალ ხელმძღვანელებს სხვა გეგმები და ინტერესები ჰქონდათ.

ვახტანგ VI დარწმუნდა, რომ საფრანგეთიდან დახმარებას ვერ მიიღებდა. დასავლეთ ევროპასთან კავშირის მისმა გეგმამ კრახი განიცადა. იგი იძულებული გახდა, ფორმალურად მიეღო მაჰმადიანობა, რათა დაბრუნებულიყო საქართველოში და კვლავ დაეკავებინა ქართლის მეფობა; კვლავ გაურთულდა ურთიერთობა ირანის შაჰთან _ არ დაეხმარა შაჰს ავღანელების წინააღმდეგ და არც თავისი შვილი, ბაქარი, გაუშვა მის დასახმარებლად.

ახლა ვახტანგის მთელი ყურადღება რუსეთისკენ იყო მიპყრობილი. რუსეთის იმპერატორის _ პავლე I-ის არმია წინ მიიწევდა სამხრეთისკენ და უახლოვდებოდა ირანის საზღვრებს. ვახტანგს რუსეთის ჯარების დახმარების იმედი მიეცა. იგი შეეცადა, დაემყარებინა კონტაქტი პეტრე I-თან და მისი ჯარების დახმარებით გადაერჩინა საქართველო განსაცდელისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ვახტანგს აქაც არ გაუმართლა.

საქართველოს ერთდროულად ორი მხრიდან, თურქეთიდან და ირანიდან, ემუქრებოდა დაუძინებელი მტერი. ასეთ მძიმე პირობებში ვახტანგ VI-მ კიდევ ერთხელ მიმართა დასავლეთ ევროპას დახმარებისთვის: მან წერილები მისწერა რომის პაპსა და ავსტრიის იმპერატორს; მათ შესთავაზა კავშირი, რათა ამ გზით გადაერჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ვახტანგის ეს ნაბიჯიც უშედეგოდ დარჩა.

თუმცა ლაშქარი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისისკენ მიიწევდა. შაჰ თამაზის წაქეზებითა და დაღესტნელი ტომების მხარდაჭერით თბილისს უტევდა კახეთის გამაჰმადიანებული მეფე კონსტანტინეც. მათ თბილისი აიღეს და გაძარცვეს. მალე თბილისი თურქებმაც აიღეს და ხელახლა გაძარცვეს იგი.

ამ მეტად მძიმე პირობებში საქართველო მარტო აღმოჩნდა. ვახტანგ VI, სულხანსაბა ორბელიანი და საქართველოს სხვა პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ადრე დასავლეთ ევროპის ორიენტაციისა იყვნენ, ახლა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველო ვერ შეინარჩუნებდა თავის დამოუკიდებლობას დასავლეთ ევროპის იმედით. საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის მათ რეალურ საშუალებად ესახებოდათ რუსეთთან კავშირი; მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთს შეეძლო რეალური დახმარების აღმოჩენა საქართველოსთვის. ვახტანგ VI-ის მთელი იმედი ახლა ერთმორწმუნე რუსეთსა და მის იმპერატორ პეტრეს ემყარებოდა. მხოლოდ მისგან მოელოდა სამხედრო დახმარებას, რათა საქართველოდან განედევნა თურქები და ირანელები, აღედგინა საქართველოს საზღვრები.

1724 წლის ივლისში ვახტანგ VI თავისი მრავალრიცხოვანი ამალით გაემგზავრა რუსეთში, რათა იმპერატორ პეტრე I-ისგან მიეღო სამხედრო-პოლიტიკური დახმარება. ცხადია, იმ ვარაუდით, რომ ის მალე დაბრუნდებოდა საქართველოში, რუსეთის მხარდაჭერით განდევნიდა იქიდან უცხოელ დამპყრობლებს და აღადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

4 COMMENTS

  1. “სანდო პიროვნება” დავით ბერი, რომელიც სულხან-საბას ახლდა ევროპაში მოგზაურობისა და შეხვედრების დროს./// ბერი დავით მეგრელი წაწმოადგენდა იმერეთის სამეფოს. ის იყო იმერეთის სამეფოს ელჩი ევროპაში.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მეგრელი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here