Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპას ანტიდასავლური და პროპუტინური განწყობა მოედო და ამაში დამნაშავე თვითონ დასავლეთია

ევროპას ანტიდასავლური და პროპუტინური განწყობა მოედო და ამაში დამნაშავე თვითონ დასავლეთია

1231

დასავლეთის ეგოისტურმა პოლიტიკამ მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში გამოიწვია ის, რომ აღმოსავლეთი ევროპა ანტიდასავლურმა და პროპუტინურმა განწყობებმა მოიცვა. ეს კი აისახა რიგ ქვეყნებში ევროსკეპტიკოსების გამარჯვებაში, _ წერს ბრიტანელი მწერალი ედვარდ ლუკასი The timesში.

მწერლის აზრით, ამ მხრივ, მთავარი პრობლემა არის არა “კრემლის ჩარევა” და ევროსკეპტისოები, არამედ ტრადიციული პოლიტიკური სპექტრის სისუსტე.

ევროპა ერთიანია, თავისუფალია და ცხოვრობს მშვიდობით _ ასე იქნება მომავალშიც. ასე მიიჩნევდნენ 2004 წლამდე, როცა პოლიტიკასა და ისტორიას, თითქოს ბოლო მოეღო. ათობით ქვეყანაში _ ბალტიისპირეთიდან ადრიატიკისა და შავი ზღვის ქვეყნებამდე თანხმობა სუფევდა, ევროპული ფასეულობების მიღებას სთავაზობდნენ, როგორც უალტერნატივო გზას ინტეგრაციისკენ, აყვავებასა და უსაფრთხოებისკენ”, _ იხსენებს სტატიაში მწერალი ედვარდ ლუკასი.

არავის შეეძლო ამისთვის ხელის შეშლა, ვლადიმერ პუტინის რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული 1990-იანი წლების ქაოსიდან. ის შეეგუა ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებას ორ ეტაპად და, როგორც ჩანდა, შეეგუებოდა კიდევ ერთხელ. ამ ორგანიზაციების ახალი და პოტენციური წევრები ენთუზიაზმითა და მადლიერებით იყვნენ სავსე და სრულ მოჩრილებას ამჟღავნებდნენ.

გეგმა უზადო ჩანდა.

ზარალის დიდი ნაწილი ჩვენი ბრალია. ერაყსა და ავღანეთში ჩაფლავებამ გამოიწვია ის, რომ ამერიკული საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი ქედმაღლური და არც ისე საიმედო გამოჩნდა. პოლონეთის მსგავსი ქვეყნები, რომლებმაც ბევრი მსხვერპლი გაიღეს იმ ომებში, რომლებშიც სხვის ინტერესებს იცავდნენ, მიხვდნენ, რომ ისინი მოატყუეს და გამოიყენეს”, _ იხსენებს ავტორი.

მეორე მხრივ, 2008 წლის ფინანსური კრიზისის გამო მსოფლიოს ეკონომიკური წესრიგის დამცველები სუსტ ეგოისტებად გამოჩნდნენ. სლოვაკეთის მსგავსი პოსტკომუნისტური ქვეყნები, რომლებსაც დაფინანსება სჭირდებოდათ, სვამდნენ კითხვას: რატომ უწევდათ მათ არაკეთილსინდისიერი და ჭირვეული ბერძნების გამო თანხების გადახდა?

მესამე _ 2015 წლის მიგრაციულმა კრიზისმა გააღვივა ქსენოფობია: პოსტკომუნისტურ ევროპაში ნაციონალური იდენტურობა ფასეულ და სათუთ “საგნად” ითვლებოდა, საბჭოთა ოკუპაციაგამოვლილ” ამ სახელმწიფოებში არავის სურდა, მოესმინა უცხოელებისთვის, რომლებსაც უნდოდათ, მათი იდენტურობა დაესაჭურისებინათ მასობრივი მიგრაციის გზით.

ამ ქვეყნებში ბევრი ადამიანი მასობრივ მიგრაციას აფასებს, როგორც კრახს, რომლის მიზეზითაც შეიქმნა პარალელური საზოგადოებები. ეს საზოგადოებები კი კიდევ უფრო აძლიერებენ სოციალურ დაძაბულობას და ხელს უწყობენ ტერორისტების გაჩენას.

2015 წელს პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ მიგრანტებს “საშიში დაავადებები” გადააქვთ.

ეს შიში ღრმავდება კონტროლის დაკარგვის განცდის გამოც. არავის უკითხავს აზრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როცა გერმანიამ ფართოდ გაუღო კარი იმას, რასაც ეს ქვეყნები უკონტროლო მიგრაციას უწოდებენ. ამ ქვეყნებს კატეგორიული ფორმით განუცხადეს, რომ მათაც მოუწევთ მიგრანტების მიღება.

შედეგად, უნგრეთმა უარი განაცხადა ბრიუსელის მიერ დაწესებული კვოტებით მიგრანტების მიღებაზე, თავის სამხრეთ საზღვართან კი ბარიერი ააგო. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შედარებით ნაკლები მიგრანტი შევიდა, პოლიტიკურ ჭრილში შედეგი მაინც დამანგრეველი აღმოჩნდა. იტალიაც ხვდება, რომ მას არაკორექტულად მოეპყრნენ: ამ ქვეყანაში ჩერდებიან მიგრანტები, რომლებსაც შემდეგ ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა და ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში შესვლა სურთ.

ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ადრე მარგინალურმა იდეებმა პოპულარობა მოიხვეჭა. შესაძლებელი შეიქნა ნატოს გაკრიტიკება და მისთვის აგრესიული ბლოკისა და ძვირადღირებული შანტაჟისტის სახელის დარქმევა”, _ აღნიშნავს მწერალი და დასძენს, რომ ბრიუსელის ყველა პოლიტიკური ნაბიჯი აღიქმებოდა, როგორც უცხოელთა მცდელობა, ხალხებისთვის თავისი ნება მოეხვია თავს.

“პუტინის რეჟიმის” პერიოდში აღორძინებულმა რუსეთმა კი დაიწყო ამით სარგებლობა. მან დიდი უკმაყოფილება გამოხატა თავისი ყოფილი იმპერიის სიღრმეში დასავლეთის ექსპანსიის გამო.

კრემლი, როგორც კი იყნოსა, რომ ევროკავშირი გადაჭარბებით აფასებდა თავის ძალებს, შეტევაზე გადავიდა. იმ ქვეყნებში, რომლებშიც ევროკავშირი და ნატო უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, კოლოსალური ძვრები მოხდა არა მათ სასარგებლოდ. უნგრეთი არასოდეს ყოფილა ნატოსა და ევროკავშირის მეხოტბე და სკეპტიციზმით ადევნებდა თვალს პუტინის რუსეთსაც.

“მე მახსოვს ვიქტორ ორბანი, როგორც ახალგაზრდა პროდასავლელი დისიდენტი, _ აღიარებს ავტორი, _ ამჟამად კი მან დახია თავისი ძველი წესების კრებული და დაწერა ახალი იმაზე, რასაც უწოდებს “არალიბერალურ დემოკრატიას”. ანალოგიური რამ მოხდა მეზობელ სლოვენიაშიც, სადაც მიგრანტების საწინააღმდეგოდ განწყობილი იანეშ იანშის დემოკრატიული პარტია მთავრობის ჩამოყალიბებას არჩევნების შედეგების მიხედვით აპირებს.

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი რეგიონული პოპულისტი პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთია, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკას.

მეზობელ სლოვაკეთში მთავრობა გამოვიდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ, ამასთანავე, უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო (სკრიპალების საქმე).

გამოცანად რჩება პოლონეთი. მმართველი პარტია “უფლება და სამართლიანობა” რუსეთის წინააღმდეგ არის განწყობილი. ამას გარდა, ვარშავას სურს, თავის ტერიტორიაზე განალაგოს ამერიკული სამხედრო ბაზები, რაც მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს, თუმცა სხვა საკითხებში პოლონეთის მთავრობის მოქმედება ხელს აძლევს კრემლს. კერძოდ, პოლონეთის მთავრობამ დაუშვა უკრაინასთან ოდესღაც კარგი ურთიერთობის მკვეთრად გაუარესება.

ანტიდასავლურმა და პროპუტინურმა განწყობებმა მოიცვა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა იმპერია, _ განაგრძნობს მწერალი, _ თავისუფლების ავსტრიულ მემარჯვენე პარტიას, რომელიც ახლა წარმოდგენილია მთავრობაში, სურს, სანქციები მოუხსნას რუსეთს.

კრემლის ყველაზე დიდი მონაპოვარი არის იტალიაში ჩრდილოეთის ლიგისა და მოძრაობა “ხუთი ვარსკვლავის” გამარჯვება. მათაც სურთ, გააუქმონ რუსეთს სანქციები, რითაც ძალიან გაურთულებენ ცხოვრებას ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის “ფრანგულ-გერმანულ” ღერძს, რომელსაც რუსეთზე ზემოქმედების გაგრძელება სურს.

“ყველაფრის მიუხედავად, _ წერს ავტორი, _ ყველაფრის გადაბრალება “კრემლის ჩარევისთვის”, არასერიოზულია, უფრო გავლენიანი ფაქტორია არა მარგინალების ძალა, არამედ ტრადიციული პოლიტიკური მიმდინარეობის სისუსტე. ევროსკეპტიკოსები იმარჯვებენ იმიტომ, რომ მათ ლიდერებს აქვთ არსებული პრობლემების მოგვარების ბერკეტები, იმ პრობლემების, რომლებშიც მათ ქვეყნებს ევროკავშირმა შეუქმნა და ეს ყველაფერი ამომრჩეველს ყელში ამოუვიდა. და ეს არ არის დროებითი პრობლემა”.

მოამზადა დავით ბერიძემ

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here