Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროკავშირმა დოლარის უღლისგან გათავისუფლება გადაწყვიტა

ევროკავშირმა დოლარის უღლისგან გათავისუფლება გადაწყვიტა

365
ევროკავშირმა დოლარის უღლისგან გათავისუფლება გადაწყვიტა

ევროკავშირს განზრახული აქვს, შეამციროს დოლარის მიმართ დამოკიდებულება. შესაბამისი გეგმა უკვე გაჩნდა ევროკომისიაში და რამდენიმე დღეში დაამტკიცებენ კიდეც.

ევროპელები ძალიან უკმაყოფილონი არიან ვაშინგტონის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ცალმხრივი სანქციებითა და თავიანთი ფინანსური სისტემის დაბალი მედეგობით დოლართან დაკავშირებული რისკების მიმართ. ამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში წარმოიქმნა, მაგრამ დოკუმენტი ბაიდენის გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიმუშავეს, რაც მიუთითებს ევროკავშირის ლიდერების შორსმიმავალ განზრახვაზე, რომელსაც საერთო არაფერი აქვს პოლიტიკურ კონიუნქტურასთან.

საფინანსო სამყაროში აშშ-ის დომინანტი მდგომარეობით გამოწვეული უკმაყოფილება, ევროპის ქვეყნებში 50 წელზე მეტია, არსებობს. საკმარისია, გავიხსენოთ საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლის 1960-იანი წლების ოპერაცია, როცა ქვეყნის სარეზერვო ფონდის დოლარების დიდი ნაწილი ოქროზე გადაცვალა. საფრანგეთის მომავალმა პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ ესტენმა ასე განსაზღვრა დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის, სტატუსი და აშშ-ის შესაძლებლობები, დააფინანსოს თავისი ეკონომიკა ამ სტატუსის მეშვეობით _ “განუზომელი პრივილეგია”.

2000-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში გამეფებული ფინანსური კრიზისის პერიოდში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა “ანგლოსაქსონური” სისტემა არასტაბილურობისა და არამდგრადობის შექმნაში დაადანაშაულა, მაგრამ ამის შემდეგ ევროპაში კრიზისი დაიწყო და ამერიკისგან განცალკევების აუცილებლობაზე საუბრები ნელ-ნელა ჩაცხრა.

ნორმალიზაციის შანსის გარეშე

ევროს როლის გაძლიერებასა და დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაზე საუბრის განახლების საბაბი გააჩინა დონალდ ტრამპის ინიციატივებმა. ამერიკის ხელისუფლება ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში განსაკუთრებით ფართოდ იყენებდა სანქციებს, რომლებსაც იღებდნენ ცალმხრივად, ევროპასთან კონსულტაციების გარეშე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია 2018 წლის სანქციები ირანის წინააღმდეგ, რომლებითაც ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ ბიზნესის წარმოება ისლამურ რესპუბლიკასთან წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანის კონტრაქტორები დაკარგავდნენ წვდომას ამერიკულ ბაზართან. და, რადგან ევროკავშირსა და აშშ შორის საქონელბრუნვა 45-ჯერ აღემატება ევროკავშირსა და ირანს შორის საქონელბრუნვას, ამ საკითხში ევროპელებს არჩევანის შანსი არ ჰქონიათ.

პრობლემის მოსაგვარებლად მოუწიათ, შეექმნათ “მექანიზმი სპეციალური ამოცანებისთვის”, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ანგარიშსწორება ირანთან სანქციების რეჟიმის გვერდის ავლით, მაგრამ ამის რეალიზება უკიდურესად რთული აღმოჩნდა. ვითარება გამწვავდა ჩინეთთანაც, როცა სავაჭრო ომი დაიწყო მსოფლიოში ორ უდიდეს ეკონომიკას შორის. ეს ეკონომიკები დიდად არიან დამოკიდებულნი ევროპაზე. კონფლიქტი დაიწყო Huawei-ს საკითხით, ორი კვირის წინათ კი ნიუ-იორკის ბირჟამ დელისტინგი (საფონდო ბირჟაზე კოტირების ფასიანი ქაღალდების აკრძალვა _ გ.გ.) განახორციელა სამი ჩინური ფირმის მიმართ. მას დაემატა ისიც, რომ მობილური ტელეფონების მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩინური Xiaom შავ სიაში შეიყვანეს. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, აგრეთვე, ისეთი კორპორაციები როგორებიც არიან Alibaba და Tencent-ი. ეს ყველაფერი ძალიან ართულებს ევროპის ქვეყნების საინვესტიციო და სხვა ურთიერთობებს ჩინეთთან, არადა, ამ ქვეყნების უმრავლესობისთვის ჩინეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია კონტინენტის ფარგლებს გარეთ. “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც საკმაოდ დააზარალა ევროპული ბიზნესი, უწინარესად, გერმანული.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან ბევრი ელოდება მეგობრული ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ეს მოლოდინი შეიძლება არ გამართლდეს _ დაპირისპირების მიუხედავად, დემოკრატები და რესპუბლიკელები ანტიჩინურ პოზიციებზე დგანან. ამასთანავე, ლოზუნგი “ამერიკა, პირველ რიგში” შეიცვლება ლოზუნგით “იყიდე ამერიკული”, რომელიც წინა პლანზე იყო ობამას ადმინისტრაციაში, ამიტომ ვარაუდი, რომ ვაშინგტონი უცებ უარს იტყვის დოლარის “განუზომელ პრივილეგიებზე”, გულუბრყვილობაა. და, სახელდობრ, ამიტომ არ გადაუხვიეს ევროპელებმა თავიანთი ფინანსური ავტონომიის გეგმიდან.

ევროკავშირმა დოლარის უღლისგან გათავისუფლება გადაწყვიტა

ბარელი ევროზე

ევროპელებს მიაჩნიათ, რომ “გლობალური ფინანსური ბაზრები ძალიან არიან დამოკიდებულნი დოლარზე”, როგორც სტაბილურობის შემანარჩუნებელ ვალუტაზე, არადა, უფრო ძლიერი და გლობალური არის ევრო, რომელმაც “უნდა დაიცვას ეკონომიკა, საგარეო ეკონომიკური შოკებისგან და შეამციროს დამოკიდებულება სხვა ვალუტებზე”.

როგორ აპირებს ევროკავშირი ამ მიზნებამდე მიღწევას? უწინარესად, უნდა გააკეთოს ისე, რომ ყველა კონტრაქტი მოწოდებაზე, მაგალითად, ნედლეულზე, გაფორმდეს ევროში. იგეგმება ფინანსური ორიენტირების მარეგულირებელი ნორმების გადახედვა. აქ მნიშვნელოვანია ნავთობის როლი _ ყველა ძირითადი მარკა ამჟამად დოლარშია შეფასებული, რაც მას ეხმარება, მთავარი ვალუტა იყოს ანგარიშსწორებისას. ევროკომისიაში იმედოვნებენ, რომ მალე განავითარებენ ბუნებრივი აირისა და წყალბადის ბაზრებს (მაგალითად, ამსტერდამში). ვაჭრობაში სწორედ ამ საქონელზე უნდა განმტკიცდეს ევროს როლი. ამას გარდა, რეგულატორებმა შეიძლება მიიღონ უცხოური კომპანიების მიერ ევროპულის გადაყლაპვის ბლოკირების უფლება, თუკი ევროპული კომპანიები სანქციების გამო ამ საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. გარიგება დაიბლოკება ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე. დასასრულ, იგეგმება ევროპის დამოკიდებულების შემცირება უცხოური (ძირითადად, ამერიკული) საინვესტიციო ბანკების მიმართ, რომლებიც სახიფათოა იმით, რომ ფინანსური კრიზისის პირობებში შეუძლიათ, სწრაფად გაიტანონ ფული ევროკავშირიდან.

ნაბიჯები ავტონომიისკენ

ევროპელთა გეგმა უკვე მეორე ნაბიჯია ერთი თვის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი მართლა მიისწრაფვის ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. ახალი წლის წინა დღეებში ბრიუსელმა და პეკინმა გააფორმეს ბოლო წლებში ყველაზე დიდი საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც ძალიან სარფიანია ევროპის ქვეყნებისთვის. ჩინეთი თავის ბაზარზე შესვლის პროცესში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის ამ კამპანიებს, რომლებიც მას საჭირო ტექნოლოგიებს გადასცემს. თავის მხრივ, ევროპელები ადასტურებენ საინვესტიციო გარანტიებს იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ კონტინენტზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა მსოფლიოში მძაფრდება “უსამართლო კონკურენციასთა” ბრძოლა. ამას გარდა, ჩინელები მიიღებენ უფლებას, შევიდნენ ევროპის ე.წ. განახლებადი ენერგეტიკის ბაზარზე. ამ სფეროში ორი დიდი მოთამაშე ერთმანეთთან პაქტს აფორმებს და აშშ-ს, ასე ვთქვათ, ბორტს მიღმა ტოვებს. შესაბამისად, მოძრაობა “შორს დოლარისგან” ძალას იკრებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ეკონომიკის მხარდაჭერის გრანდიოზული გეგმა აქვს, ეს პროცესი 2021 წელსაც გაგრძელდება, და ამ გეგმის სარელიზაციოდ ამუშავდება ფულის საბეჭდი დაზგა. შედეგად, მიმოქცევაში ჩაუშვებენ ტრილიონობით ახალ დოლარს. ეს არა მხოლოდ შექმნის რისკებს დოლარის კურსისთვის და საერთო სტაბილურობისთვის, არამედ შეამცირებს უცხოური მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას _ უწინარესად, ევროპული კომპანიების. ამ ვითარებაში კი ევროს როლის გაფართოება-გაძლიერებისკენ სწრაფვა ლოგიური პასუხია.

iz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here