Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირი ლობიოობა არ არის!

ევროკავშირი ლობიოობა არ არის!

860
აქცია

ბუნტი ევროკავშირის გემზე _ ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის ხელისუფლებები ევროკავშირის დიქტატს ეწინააღმდეგებიან

ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე რამდენიმე დღის წინათ მოამზადა რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე გამოძიება, როგორ გაუჩინარდა საქართველოდან აფგან მუხთარლი და მოხვდა ბაქოში. ამასთანავე, ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასშეახსენა”, რომ ვალდებულია, აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას უსაფრთხო ცხოვრების გარანტია.

ამ დატუქსვის ელემენტების შემცველ რეზოლუციაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციიდან (თუ ურეაქციობიდან) ჩანს, რა დიდია მათი შიში საქართველოს ე.წ. სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ფინიასავით ელაქუცება დასავლელ პატრონებს, ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებები არ ემორჩილებიან ევროკავშირის დიქტატს და უარს ამბობენ თავიანთი ქვეყნების საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაც რამდენიმე დღის წინათაც დადასტურდა.

ჯაბა იოსელიანის ცნობილი ფრთიანი გამონათქვამის პერიფრაზირებით შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი ლობიოობა არ არის! ეს არა მხოლოდ საერთო ეკონომიკური სივრცე და ბრიუსელიდან წამოსული დახმარებებია, არამედ სუვერენიტეტის რეალური დაკარგვაც, რაც შეიძლება გამოვლინდეს კულტურით უცხო მუსლიმი მიგრანტების მიღების ვალდებულებაში.

ევროკომისიამ (ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ორგანო) ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების მიღებაზე უარის თქმის გამო “დარღვევების აღმოფხვრის” პროცედურა აამოქმედა ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის მიმართ. ეს პროცედურა, რომელიც ლისაბონში მიღწეული შეთანხმებით არის გათვალისწინებული, პირველად ამოქმედდა ევროკავშირის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ევროკავშირის წევრებმა მოილაპარაკეს თავიანთ ტერიტორიებზე სირიიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი 160-170 ათასი ადამიანის დასახლების შესახებ. კვოტები განაწილდა ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. პოლონეთს დაეკისრა ვალდებულება, 2017 წლამდე მიეღო 7000 მუსლიმი, ჩეხეთს _ 1600, უნგრეთს _ 1300, სლოვაკეთს _ 900.

აღსანიშნავია, რომ სიაში ქვეყნებისა, რომლებსაც მიგრანტები კვოტების მიხედვით უნდა მიეღოთ, არ შეიყვანეს დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და დანია.

მიგრანტების დასახლება 2017 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პოლონეთს დღესაც არ მიუღია არც ერთი მიგრანტი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, შესაბამისად 16 და 12 ლტოლვილის მიღებით შემოიფარგლნენ. ჩეხეთს ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა მიეღო 2700 მიგრანტი, მაგრამ ახლო აღმოსავლეთიდან დევნილების პირველ ნაკადს ადგილობრივები ისეთი “სტუმართმოყვარეობით” დახვდნენ, რომ რამდენიმე ათეულმა, მათ შორის, ერაყელმა ქრისტიანმა, უკან მოუხედავად დატოვა ქვეყანა. 5 ივნისს კი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მილან ხოვანეცმა განაცხადა, რომ ჩეხეთი უარს ამბობს ახლო აღმოსავლელი და აფრიკელი მიგრანტების მიღებაზე: გვირჩევნია, ჯარიმა გადავუხადოთ ევროკავშირს, ვიდრე ქვეყანაში შემოვუშვათ შეუმოწმებელი ადამიანები”.

უფრო ნაციონალისტურად განწყობილ და კათოლიკურ პოლონეთში მიგრანტების მიღების საწინააღმდეგო აქციებისა და მიტინგების გამართვის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არც ერთ მიგრანტს არ მიიღებს ევროკავშირის კვოტით.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკვე განაცხადა რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით განისაზღვრება, უნდა დაემორჩილოს თუ არა ქვეყანა ბრიუსელის ბრძანებებს მიგრანტების შესახებ. 2016 წლის ოქტომბერში ანალოგიური რეფერენდუმი ჩატარდა უნგრეთში და მონაწილეთა 90%-მა მხარი არ დაუჭირა ლტოლვილთა მიღებას ბრიუსელის მიერ დაწესებული კვოტით.

კიდევ უფრო რადიკალურად არის განწყობილი ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი: “ევროკავშირის ხელმძღვანელების პოლიტიკა ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართ, _ ამბობს ის, _ ამ ქვეყნებს აიძულებს, გადახედონ თავიანთ წევრობას ევროკავშირში”.

ჩვენ ჩართული ვართ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მაგრამ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარეობს ერთადერთი შესაძლო, ერთადერთი აუცილებელი დასკვნა: დადგა დრო, დავიწყოთ მომზადება ჩვენი ქვეყნის გამოსაყვანად ევროკავშირიდანეს ერთადერთი გზაა, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო ჩვენი წინაპრებისგან და რომელიც, როგორც თვითმყოფადი იდენტურობა, უნდა გადავცეთ მომავალ თაობას”, _ განაცხადა ვაცლავ კლაუსმა და დასძინა, რომ ჩეხეთს შეუძლია იარსებოს ევროპული ფონდების დახმარების გარეშეც, რომლის შეწყვეტითაც ევროკავშირი ემუქრება ჩეხეთს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს. სწორედ აბუნტებული ქვეყნების დასჯის მიზნით დაიწყო ევროკავშირმა “დარღვევების აღმოფხვრის” პროცედურა. და ეს ხდება ახალი მიგრაციული კრიზისის ფონზე. ისიც აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში შესული მიგრანტების რაოდენობამ 2,5 მლნ-ს გადააჭარბა.

წინააღმდეგობა, რომელიც წარმოიქმნა, ერთი მხრივ, დასავლეთი ევროპის, ხოლო, მეორე მხრივ, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის, უფრო ღრმაა, ვიდრე კვოტების პრობლემა. ლტოლვილები, ნაწილობრივ, საბაბია, _ აღნიშნავს The  Bloomberg, _ სინამდვილეში ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც არ ყოფილან კომუნისტურ ბლოკის წევრები, თავიანთ მეზობლებს ადანაშაულებენ ევროპული ლიბერალურდემოკრატიული ფასეულობების უარყოფაში. მათთვის უფრო მოსახერხებელია მიგრანტების საკითხის გამოყენება, ვიდრე აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების დადანაშაულება კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევაში”.

თუმცა ამ დაპირისპირებაში არც “კანონის უზენაესობაა” მთავარი. კვოტებზე კამათის უკან დგას ზენაციონალური მმართველობისა და ნაციონალური სახელმწიფოების ფასეულობების მანქანების შეტაკება.

ამ შეტაკებიდან კი ჩანს, რომ ევროპის ერთიანობამირაჟია.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here