კოვიდპანდემიური ევროპიდან ყოველდღიურად ისეთი ამბები მოდის, რომლებიც აჩენს შეკითხვას: არის კი ევროპა ერთიანი და ხომ არ ჩანს ევროკავშირის სისტემური კრახი პოლიტიკურ ჰორიზონტზე?
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ევროკავშირის პოლიტიკური იმუნიტეტის დეფიციტი გამოავლინა დაშლის ტენდენციის წინააღმდეგ და ძველი სისტემური პათოლოგიები მწვავე ფორმაში გადაიყვანა.
ლიხტენშტაინის სათავადოს ტერიტორიული პრეტენზიები ჩეხეთისადმი ევროპის სახელმწიფოების ძველი პრობლემების ახალი მოცემულობაა, რომელიც შეიძლება ჯაჭვური რეაქციის დეტონატორად იქცეს. ამისთვის არსებობს გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფაქტორის წინაპირობა: პოლიტიკური სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების ტრადიციული სისტემების რღვევა.
1975 წლი 1 სექტემბერს ჰელსინკიში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ გამართული თათბირის დასკვნითმა აქტმა ევროპის საკვანძო პრობლემა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 30 წლის შემდეგ გადაჭრა. ამ აქტით გაცხადდა ევროპის სახელმწიფოს საზღვრების ურყეობა. ამჟამად კი აშკარა ხდება, რომ ჰელსინკის აქტმა მხოლოდ დააკონსერვა მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემები. ამ აისბერგმა აქტიურად დაიწყო დნობა და ჩამოიშალა სსრკ-ისა და საბჭოთა ბლოკის ნგრევის პროცესში. ამ რაკურსში გერმანიის შეერთება საერთაშორისო სამართლის პროცედურების გარეშე მთელი ქვეყნის ჩაყლაპვის პირველი მასშტაბური ეპიზოდი და ჰელსინკის აქტის შესაბამისი დებულების დარღვევა იყო. იმავე “გამაერთიანებელი ეიფორიის” კალათაში თავსდება ახალი ევროპული საზღვრების წარმოქმნა, რომლებმაც ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაშალა. და, თუ პირველ შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანი გზით გადაწყდა (ჩეხოსლოვაკია ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიშალა), იუგოსლავიის ფედერაციის დაშლამ ევროპაში სამხედრო აგრესიის პრეცედენტი შექმნა. ეს პროცესები ომისშემდგომი საერთაშორისო უსაფრთხოების საკვანძო ინსტრუმენტის _ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის _ ეროზიის კატალიზატორად იქცა.
ევროპაში განხეთქილებები გუშინ არ დაწყებულა.
2019 წელს ბრიტანეთის მთავრობამ 1 მლნ გირვანქა სტერლინგი გადაუხადა 33 კვიპროსელს წამების საკომპენსაციოდ. 1955-60 წლებში ბრიტანელები სასტიკად აწამებდნენ ბრიტანეთის კოლონიის სტატუსის მოწინააღმდეგე კვიპროსის დამოუკიდებლობის მომხრეებს. მსხვერპლთა შორის იყო ქალი, რომელიც 16 წლის იყო, როცა ბრიტანელმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს. ერთმა მამაკაცმა კი თირკმელი დაკარგა დაკითხვისას მხეცურად ცემის შედეგად. არც ერთი ბრიტანელი, რომლებიც მონაწილეობდნენ კვიპროსზე ჩადენილ მხეცობებში, არ დაუსჯაით.
კვიპროსის ბერძენი მოსახლეობის რეპრესიებისთვის მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდამ ცუდად შენიღბა მთავარი პრობლემა: შიდაევროპული განხეთქილების კვიპროსული ნაკვერჩხალი განაგრძობდა ბჟუტვას ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ახლა პოლიტიკურ ზედაპირზე გამოჩნდა ნატოს წევრ თურქეთსა და საბერძნეთს შორის სამხედრო კონფლიქტის საფრთხის სახით. კვიპროსმა დამოუკიდებლობა 1960 წელს გამოაცხადა. მანამდე კი, 1950 წელს, კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვით კუნძულის მოსახლეობის 98%-მა მხარი დაუჭირა ეთნიკურად ბერძნული ტერიტორიების საბერძნეთთან გაერთიანებას.
ბრიტანულმა კოლონიურმა ადმინისტრაციამ არად ჩააგდო ეს პლებისციტი და დაიწყო კვიპროსელთა დაპატიმრება საბერძნეთის ჰიმნის აჟღერების ან დროშის აფრიალებისთვის.
1955 წელს ამოქმედდა კვიპროსის შეიარაღებული განმათავისუფლებელი ორგანიზაცია ეოკა. ამან შექმნა ნატოს წევრი ორი ევროპული ქვეყნის _ დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის _ ხანგრძლივი და დისტანციური სამხედრო კონფლიქტის პრეცედენტი. ორგანიზაცია ეოკა ფინანსდებოდა და იარაღით მარაგდებოდა საბერძნეთიდან, ხოლო იბრძოდა ბრიტანეთის წინააღმდეგ.
თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციასა და, აგრესორის გარდა, არავის მიერ აღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკას არ გამოუწვევია საერთაშორისო სანქციები. ნატოს წევრი ერთი ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება მეორის მიერ, ფაქტობრივად, ევროკავშირის ჩუმი თანხმობით მოხდა და ახლა ამ ძველმა პოლიტიკურმა წყლულმა შექმნა ფართომასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის საფრთხე, რომელმაც შეურიგებელი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ფორმალური მოკავშირეების ეგოისტური დაპირისპირებების გორგალი ჩახლართა. ნახშირწყალბადებისთვის ბრძოლამ და სამოკავშირეო ინტერესების საზარალოდ პოლიტიკურმა ეგოიზმმა საერთო ევროპული კონსტრუქციის სიმყიფე წარმოაჩინა. და ამ “ნახშირწყალბადოვანი კონფლიქტის” ასაფეთქებელი, ასე ვთქვათ, ბიკფორდის ზონარი თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსისა და მის გარშემო საზღვაო ზონის ოკუპაციის დე ფაქტო აღიარებაა.
მადა ჭამაში მოდისო და თურქეთმა დაგეგმა საბერძნეთის ეკონომიკურ ზონაში ზღვის წიაღისეულის მოპოვება და დამუშავება. ათენი თურქეთის ამ მოქმედებას ძალადობრივ შეჭრად განიხილავს და თავისი საზღვრების დაცვის მზადყოფნას გამოთქვამს, მაგრამ ანკარა ამ ზონას ჩრდილოეთ კვიპროსის საზღვაო შელფად მიიჩნევს და, “ზოგიერთი სახელმწიფოს მტრული ქმედებების მიუხედავად”, საბურღი სამუშაოების დასაწყებად ემზადება. მიმდინარე წლის 24 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: “საერთაშორისო სამართლის, კეთილი ნებისა და კეთილმეზობლური განცხადებების მიმართ საწინააღმდეგო პოზიციის გამო საბერძნეთი ჩაიძირა ქაოსში, რომლიდანაც გამოსავალს ვერ პოულობს”. აშკარაა, ეს გზავნილი მიმართული იყო ათენის გავლით ნატოს ბლოკისა და ევროკავშირის ლიდერების _ გერმანიისა და საფრანგეთისადმი. ამჟამად სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე ბალანსირებს არა მხოლოდ საბერძნეთი და თურქეთი. იტალიის, საბერძნეთისა და კვიპროსის სამხედრო-საზღვაო სწავლებებში, აგრეთვე, მონაწილეობდა ნატოს მძიმეწონოსანი ქვეყნის _ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებიც.
ამასთანავე, საბერძნეთი “აქტიური ნეიტრალიტეტის” მომხრე გერმანიისგან თურქეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თავს იკავებს სანქციების დაწესებისგან, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი მომხრეა.
ეს არის ნატოს შიგნით კონფლიქტი, რომელშიც საბერძნეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ინტერესებს მხარი არ დაუჭირა გერმანიამ და ამით გაამწვავა პოლიტიკური ვითარება დაძაბულობის სხვა წერტილის მიმართ ევროკავშირის ერთიანი პოზიციის გამოხატვის საქმეში. იტალიური გამოცემა POLITICO წერს, რომ, სახელდობრ, საბერძნეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება, რომლითაც უნდა დაგმობილიყო ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპრეზიდენტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა.
შედეგად, ევროკავშირის 27 ქვეყნის ერთობლივი განცხადება აღარ გავრცელებულა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი იძულებული შეიქნა, მხოლოდ პირადი განცხადებით დაკმაყოფილებულიყო.
ამ ფონზე სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება პოლიტიკურ–ეკონომიკური ბზარები ევროკავშირის ტერიტორიაზე. თუკი ნატოს მოწინავე არმიები ერთმანეთის წინაშე აჟღარუნებენ იარაღს, რატომ არ შეიძლება ეს გააკეთონ ნატოს მიერ დანგრეულ იუგოსლავიაში შემავალმა ოდესღაც მოძმე რესპუბლიკებმა, ამჟამად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა _ სლოვენიამ და ხორვატიამ?
იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სლოვენიასა და ხორვატიას შორის დაწყებული მწვავე ტერიტორიული კამათი ევროპული მასშტაბის ტექტონიკური პროცესების კერაა. იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაშლისას “გამოეპარათ” სლოვენიასა და ხორვატიას შორის ტერიტორიული წყლების შემოსაზღვრისა და შესაბამისი საზღვაო უფლებების მნიშვნელოვანი მომენტი.
სლოვენია და მისი ჯერ კიდევ იუგოსლავიის პერიოდში შექმნილი სტრატეგიული პორტი პირანი იტალიისა და ხორვატიის იურისდიქციებში შემავალი აკვატორიების საზღვაო ბლოკადაში აღმოჩნდა. სლოვენია ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებიდან პირველი შევიდა ევროკავშირსა და ნატოში და ძლიერი საგარეო წნეხის გამო არ ისარგებლა ვეტოს უფლებით ევროკავშირსა და ნატოში ხორვატიის შესვლისას.
2017 წელს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ სლოვენიის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა და ლიუბლიანას პირანის ყურედან ადრიატიკის ზღვის საერთაშორისო წყლებში გასასვლელად ვიწრო საზღვაო დერეფანი გამოუყო ხორვატიის ტერიტორიულ წყლებში. ხორვატიამ უარყო ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს საკითხი ორივე ქვეყანამ ერთობლივად უნდა გაარკვიოს. ევროკავშირმა თვალი დახუჭა ამ პრობლემაზე, ამასთანავე, მხედველობიდან გამორჩა ტერიტორიული ერთიანობისთვის უფრო მასშტაბური ხიფათი _ პოლონეთის ზღვათაშორისი პოლიტიკური პროექტი.
ზღვათაშორისი პროექტი პოლონეთის დიდი ხნის ოცნებაა, რომლის მიხედვით პოლონეთის ლიდერობით უნდა გაერთიანდეს ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების ქვეყნები. ამ პროექტის წინა პლანზე წამოწევისას პოლონეთს ორი კოზირი გაუჩნდა _ სლოვენია და ხორვატია. ევროკავშირის მიერ ადრიატიკის ზღვის აკვატორიული კონფლიქტის ამ ორი ქვეყნიდან ნებისმიერის სასარგებლოდ გადაწყვეტა ვარშავას შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლოს ერთ-ერთი კოზირით. კოვიდის პანდემიამდე ზღვათაშორისი პროექტი ბრიტანულ-ამერიკული გავლენების ცენტრის საფრანგეთიდან და გერმანიიდან ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის სარტყელში გადატანას ითვალისწინებდა, დღეს კი ეს გამოიწვევს “ძველ” და “ახალ” ევროპას შორის პოლიტიკური ფრონტის ხაზის გავლებას.
დღეს პოლონეთს იოლად შეუძლია, ანტიდასავლურ ბლოკში მოუყაროს თავი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყანას. კიდევ ცოტაც და აშშ–ის პროტექტორატის ქვეშ ვარშავის ხელშეკრულების ალუზია ისტორიული ხუმრობა აღარ იქნება.
ევროკავშირში შიდა დაპირისპირებების ფონზე ბერლინსა და ვარშავას შორის გამწვავებულ ურთიერთობას დამატებითი იმპულსი შესძინა ცოტა ხნის წინათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ვიზიტმა ევროპაში. პომპეოს ვიზიტისას მიღწეული იქნა პრინციპული შეთანხმება გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის ნაწილის პოლონეთში გადაყვანაზე.
ამჟამინდელ ვითარებაში უმნიშვნელო ფაქტორიც საკმარისი იქნება ძალთა მყიფე ბალანსის დასარღვევად. ასეთ ფაქტორად კი შეიძლება იქცეს სლოვენიისა და ხორვატიის ტერიტორიული კონფლიქტი. ანტიეპიდემიური ღონისძიებების პირობებში ჩატარებულ ნატოს სწავლება Defender Europe 2020-ში იყო ეპიზოდი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფორმალურად შეიცავდა ზემოაღნიშნული კონფლიქტის სცენარს.
ნატოს სწავლების ჩარჩოებში სლოვენიის სამხედრო ქვედანაყოფებმა წინაღობები ააგეს ხორვატიასთან საზღვარზე. ასე აღმოჩნდა ევროკავშირის რუკაზე რეალური სასაზღვრო ხაზი.
ევროკავშირი თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად 2004 და 2007 წლებში გაფართოვდა. მის შემადგენლობაში შევიდა შემდეგი ქვეყნები: ბულგარეთი, უნგრეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი და ესტონეთი. 2013 წელს ევროკავშირში გაწევრდა ხორვატია. და მთავარი გამოწვევა, ზემოაღნიშნული ტერიტორიული პრობლემების გარდა, იყო ახალბედების მოლოდინი მასობრივ ფინანსურ დაფინანსებაზე. ახლა კი ეს ყველაფერი მასშტაბურ პოლიტიკურ ფრუსტრაციად შეიძლება იქცეს.
2020 წლის 15 აგვისტოს გერმანულმა გამოცემა Die Welt–მა სტატიაში “პრობლემური სახელმწიფოები ევროკავშირის მილიარდების გარეშე რჩებიან” აღნიშნა, რომ ევროკავშირს განზრახული აქვს მხოლოდ იმ წევრების დაფინანსება, რომლებიც “პატივს სცემენ ევროპულ სამართალს”. Dიე ჭელტ-ი წერს, რომ ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი სახელმწიფო რამდენიმე ასეული მილიონი ევროს გარეშე დარჩება, მათ შორის _ ხორვატია და სლოვენია.
“ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ სამომავლოდ ევროკავშირის ფონდებიდან გადახდები დაკავშირებული იქნება ევროკავშირის წესების დაცვასთან. ამ საკითხს ევროკომისია მალე განიხილავს და რამდენიმე სახელმწიფომ შეიძლება დაკარგოს ასეულობით მილიონი ევრო. ამ ფილტრის გავლის შანსი ძალიან ცოტაა”, _ წერს Die Welt-–ი.
პრობლემურ სახელმწიფოებად კი მიჩნეულნი არიან პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვენია და ხორვატია. ამ გადაწყვეტილების საბაბად გამოცხადდა კორუფცია და ქვეყნების ჭირვეულობა მიგრანტების მიღების საკითხში, მაგრამ ნამდვილი მიზეზები უფრო სიღრმისეულია. პრობლემური ქვეყნების ჩამონათვალი იმეორებს პოლონეთის ზღვათაშორის პროექტის ქვეყნების სიას. აშკარაა, რომ ბრიუსელმა გერმანიის გავლენით მიიღო გადაწყვეტილება, “დამოუკიდებლობის მოთამაშეებს” ფინანსური სანქციებით დამუქრებოდა.
ამჟამინდელ ვითარებაში განხეთქილების წინააღმდეგ ამ მეთოდის გამოყენების ეფექტიანობა ბენზინით ხანძრის ჩაქრობის ტოლფასია, მით უმეტეს, რომ იქ ნაპერწკალი შეიძლება გააჩინოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, აგვისტოში გამართულმა ტურნემაც.
პომპეო ეწვია სლოვენიას, ჩეხეთს, ავსტრიასა და პოლონეთს. აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე პომპეოს ტურნეს მიზანი იყო რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია ამერიკული გათხევადებული აირით, გერმანიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედრო კონტინგენტის განთავსება და ჩინურ IT–გიგანტ “ჰუავეისთან” თანამშრომლობაზე უარის თქმა. ყველა დასახულ მიზანს პომპეომ მხოლოდ პოლონეთში მიაღწია. უნგრეთმა კი თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო გარიგება გააფორმა აშშ–თან. უნგრეთს განზრახული აქვს, 850 მლნ დოლარად შეიძინოს ამერიკული რაკეტები და კარდინალურად განაახლოს თავისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ამერიკული კომპანია Raytheoon-ის სიშორის მოქმედების რაკეტების AMRAAM-ის შეძენის შეთანხმებაზე ხელმოწერით უნგრეთი ჩადგა ნატოს იმ წევრი ქვეყნების რიგებში, რომლებიც ბერლინის პოზიციის საწინააღმდეგოდ დათანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მოთხოვნას შეიარაღების ხარჯების მნიშვნელოვნად მომატებაზე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ერთიანობის შესანარჩუნებლად ბრიუსელმა არგუმენტად შიდაევროპულ ფინანსურ სანქციებს მიმართა, თუმცა ევროკავშირის მუქარა “პრობლემური ქვეყნების” ფინანსური სანქციებით დასჯის შესახებ არც ისე ეფექტიანი შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდა.
აშკარაა, რომ ლიხტენშტაინის ტერიტორიული დემარში ჩეხეთის წინააღმდეგ ინდიკატორია უკიდურესად სახიფათო ტენდენციისა _ ევროპული საზღვრების მასშტაბურად გადაკეთების. თუ კვლავაც გაგრძელდება ევროპის უსაფრთხოების ომის შემდგომი სისტემის დემონტაჟი და იალტის, პოტსდამისა და ჰელსინკის შეთანხმებების ნიველირება, მაშინ მსგავსი პრეტენზიები შეიძლება ჩეხეთმაც წაუყენოს პოლონეთს, პოლონეთმა _ ლიტვას, გერმანიამ _ პოლონეთსა და რუსეთს კალინინგრადის ოლქზე. და, თუ ეს ტენდენცია Exit-ების აღლუმსა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ კონფლიქტებს დაემთხვევა, სავარაუდოა, რომ შეიქნას შტორმული ვითარება _ თავს მოიყრის ევროკავშირისა და საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის ფატალური ყველა ნეგატიური ტენდენცია.
Russtrat.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ