2020 წლის ივლისის ბოლოს ევროკავშირმა დაფინანსება შეუწყვიტა პროექტ “ევროკავშირის დაძმობილებულ ქალაქებში” მონაწილე 6 პოლონურ ქალაქს. მიზეზი იყო ის, რომ ეს ქალაქები მათმა მთავრობებმა ლგბტ–ისგან თავისუფალ ზონებად გამოაცხადეს. ზემოაღნიშნული სასჯელი, ამასთანავე, იყო რეაქცია იმაზე, რომ 2019 წელს პოლონეთის მნიშვნელოვანი ნაწილი “ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ” ტერიტორიად გამოაცხადეს ან ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მიიღეს წესდება, რომლის მიხედვით “აუცილებელია ქორწინების იდენტურობის, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, დაცვა”.
რატომ გამწვავდა ურთიერთობა პოლონეთსა და ევროკავშირს შორის?
ევროკავშირი და მისი ორგანოები ახალი მემარცხენეების იდეოლოგიას ახორციელებენ. ამას მოწმობს ის, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა ევროპის საბჭოს კონვენცია “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” _ ე.წ. სტამბოლის კონვენცია.
პოლონეთი, ისევე, როგორც ევროკავშირში შემავალი სხვა ქვეყნები, ახალი მემარცხენეების იდეების გავლენას განიცდის, რომლის ერთ–ერთი გამოვლინება წინა პლანზე ლგბტ თემის უფლებების, იუვენალური იუსტიციისა და ფემინიზმის წამოწევაა, რომელიც ეწინააღმდეგება პოლონელი საზოგადოების იდეოლოგიის საფუძვლებს და მის ტრადიციულ ფასეულობებს, რომელთა მეშვეობითაც პოლონელმა ეთნოსმა ბოლო 220 წლის განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გამოიარა და გადაურჩა გარშემო მყოფ ხალხებში ათქვეფას. ამის ნათელი დადასტურებაა კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობს ლგტ თემსა და პოლონეთის სახელმწიფოს შორის ტრანსგენდერი აქტივისტის, მალგოჟატა (მიხეილ) შუტოვიცის, დაპატიმრების გამო. აღსანიშნავია, რომ შუტოვიცი კონსერვატიული ფონდის _ “სიცოცხლის უფლებისთვის” წევრის კუთვნილი მანქანის დაზიანებისთვის დააპატიმრეს 2020 წლის აგვისტოში.
პოლონეთის ხელისუფლების სათავეში 2015 წელს მოსული პარტია “სამართალი და სამართლიანობა” დაკავშირებულია კონსერვატიული მიმართულების კათოლიკურ წრეებთან. ევროკავშირით უკმაყოფილო ამომრჩევლების მოზიდვის აუცილებლობის გამო პარტიამ დაიწყო მონოგამიური ქორწინებებისა და ოჯახების დაცვა მემარცხენეთა იდეებისგან. პოლონეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოდესღაც ავსტრია–უნგრეთისა და რუსეთის იმპერიების შემადგენლობაში შედიოდა (ვარშავის, კრაკოვისა და ბელოსტოკის ვოევოდის გამოკლებით), მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გამოდიან მსგავსი პროგრამით. ეს დაადასტურა ევროპარლამენტისა და პოლონეთის სეიმის არჩევნების შედეგებმა 2019 წლის ოქტომბერში და საპრეზიდენტო არჩევნებმა 2020 წლის ივლისში.
თავის დროზე გერმანიის იმპერიაში შემავალი ტერიტორიები _ ვარშავა, კრაკოვი და ბელოსტოკის ვოევოდის ნაწილი _ სხვაგვარად უყურებდნენ ევროკავშირსა და მის კულტურულ პოლიტიკას. ამის გამო 2019 წელს, ევროპარლამენტისა და სეიმის არჩევნების წინ, პოლონეთში დაიწყო დაპირისპირება.
ოპოზიცია, უწინარესად, გეისა და ათეისტის, რობერტ ბედრონის, პარტია “ვესნა”, ქსენძებს შორის პედოფილიის შემთხვევების გამო სკანდალის აგორებით ცდილობდა პარტია “სამართალისა და სამართლიანობისა” და “თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის კონფედერაციის” დისკრედიტაციას. ლოგიკა იყო ასეთი: პოლონეთის კათოლიკური ეკლესია, რომელიც ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებისა და ფემინიზმის მესამე ტალღის წინააღმდეგ ილაშქრებს, ჩაფლულია პედოფილიაში, ამიტომ კონსერვატიულად განწყობილ კათოლიკებს არ აქვთ უფლება, ლგბტ დიქტატურის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მეტიც _ რობერტ ბედრონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებისა და ფემინიზმის გულმხურვალე მხარდამჭერია, საჯაროდ ამბობს, რომ სურს, ეკლესია განდევნოს პოლონელი საზოგადოების ცხოვრებიდან. მემარცხენე აქტივისტებმა სამიზნეში ამოიღეს კრაკოვის არქიეპისკოპოსი მარეკ ენდრაშევსკი _ ლგბტ აქტივისტებისა და მწვანეების დაუძინებელი მტერი.
ბედრონის გამოჩენა პოლონეთში სერიოზულ ცვლილებებზე მიუთითებს. ევოლუცია განიცადა ქვეყანაში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტია “სამოქალაქო პლატფორმამ”, რომლის კანდიდატიც საპრეზიდენტო არჩევნებში რაფალ ტშასკოვსკი იყო. ეს კონსერვატიული ლიბერალების პარტია იქცა მემარცხენე ლიბერალურ ძალად, რომელიც თანამშრომლობს მწვანეებთან. აღსანიშნავია, რომ ტშასკოვსკიმ, როცა ის ვარშავის მერი იყო, 2019 წლის თებერვალში ხელი მოაწერა ლგბტ–დეკლარაციას, რომლის მიხედვით სახელმწიფო სკოლებში უნდა შემოეღოთ “სექსუალური განათლების” გაკვეთილები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებების მიხედვით და ბავშვებთან ელაპარაკათ სექსის ფორმებსა და ლგბტ–ზე. ამომრჩევლებმა ეს ყველაფერი ტშასკოვსკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას შეახსენეს.
ევროკავშირისა და მისი მომხრეების ქმედებებმა არა მხოლოდ პოლონეთში გამოიწვია საწინააღმდეგო რეაქცია.
მიმდინარე წლის თებერვალში ფრანგულმა გამოცემა “ლე მონდმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “აღმოსავლეთ ევროპაში გენდერული ომი იწყება”. სტატიის ავტორებმა გააანალიზეს ლგბტ პირებისა და გენდერული იდეოლოგიის მდგომარეობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ევროკავშირის იმ ნაწილში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უარს ამბობს ახალი მემარცხენეების კულტურულ დღის წესრიგზე, ამასთანავე, ამის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოდიან კათოლიკებიც, პროტესტანტებიცა და მართლმადიდებლებიც. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპაში აღიარეს იდეოლოგიური განხეთქილების არსებობა ევროკავშირის შიგნით. სწორედ ამან განაპირობა პოლონეთის იუსტიციის მინისტრ ზბიგნევ ზებროს ინიციატივა “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ”, ევროპის საბჭოს რატიფიცირებული კონვენციიდან პოლონეთის გამოსვლის ინიციატივა.
საინტერესოა ამ ინიციატივის მიზეზები, რომლებიც ზებრომ გაასაჯაროვა:
“ამ დებულებების მიხედვით, ბიოლოგია არ განსაზღვრავს ადამიანის არსს და ეს თითოეულის საზოგადოებრივ–კულტურული არჩევანის საკითხია. ეს დებულებები მოგვიწოდებს, შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ ბავშვების განათლების სასკოლო და არასასკოლო პროგრამებში, რათა პოლონელთა ახალგაზრდა თაობამ მიიღოს ეს, ჩვენი აზრით, ყალბი დებულებები”.
აი რა წერია ხსენებული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში:
* “მხარეებს მოვუწოდებთ, კონვენცია გამოიყენონ ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლის მიმართ. მოცემული კონვენციის დებულებების განხორციელებისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს”.
რა არის “გენდერული ნიშანი”? ამას მე-3 მუხლის C პუნქტი განსაზღვრავს:
* “გენდერული” ნიშნავს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობასა და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს;
რატომ იწვევს ეს დებულებები ზბიგნევ ზებროსა და “თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის კონფედერაციის” მხრიდან კრიტიკას? ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ მოცემული დოკუმენტი არა იურიდიული, არამედ იდეოლოგიური ხასიათისაა. სქესების იურიდიული თანასწორობა _ ეს არის კაცისა და ქალის ტოლობა კანონში “გენდერული თანასწორობა” კი სულაც არ არის უწყინარი რამ. ინგლისურმა სიტყვა gender-მა შეცვალა სიტყვა sex-ი, რომელიც ბიოლოგიურ სქესს აღნიშნავს (კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში შემთხვევით არ არის მძიმით გამოყოფილი “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა”). ბუნებაში არსებობს ორი სქესი _ მდედრობითი და მამრობითი, გენდერი კი _ სოციოკულტურული ქცევის მოდელი _ დაკავშირებული არ არის ბიოლოგიასთან. სწორედ ეს მოჰყავთ არგუმენტად ლგბტ თემის მომხრეებს, როცა მოითხოვენ, ლექსიკიდან ამოიღონ სიტყვები _ “ქალი” და “მამაკაცი”. უფრო მეტიც, თანამედროვე ფემინისტები, სტამბოლის კონვენციის მხარდამჭერები, არც მალავენ, რომ მათი მიზანი ქალთა უფლებების დასაცავად ბრძოლა კი არ არის, არამედ განსხვავების წაშლა მამაკაცსა და ქალს შორის მამაკაცის დათრგუნვის ფონზე. მათი პოზიცია ქალთა ემანსიპაციის თავდაპირველი ჯანმრთელი იდეების ტოტალურად დაკნინებაა. კონვენციაში თანამედროვე ფემინიზმის იდეა ჩანს მესამე მუხლის D პუნქტში:
“გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობა” გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან არათანაზომიერად უარყოფითად მოქმედებს ქალებზე;
კონვენციის მე-3 მუხლში არის პუნქტ A და პუნქტი B, რომლებიც იწვევს კრიტიკას:
A) “ქალთა მიმართ ძალადობა” აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
B) “ოჯახში ძალადობა” გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ, ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
განვმარტოთ ეს დებულებები. ფემინისტები და ლგბტ–აქტივისტები სპეციალურად ამბობენ “ოჯახში ძალადობა” –ს და არა “ძალადობას”. ისინი მიზანმიმართულად მუშაობენ იმაზე, რომ დანერგონ ოჯახის, როგორც დამღუპველი საზოგადოებრივი ინსტიტუტის, იდეა, მიაბან ის დანაშაულისა და საშინელებების ადგილს.
პიროვნების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივისა და ღირსების, სქესობრივი ხელშეუხებლობისა და სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ისჯება სისხლის სამართლის კოდექსების მიხედვით. მთავარი ამოცანაა მათი მისადაგება.
პოლონეთი, როგორც ევროკავშირის ქვეყანა, შეეჯახა სტამბოლის კონვენციის შემქმნელთა ჭეშმარიტ ზრახვებს. ფემინისტებისთვის, ლგბტ აქტივისტებისა და იუვენალური იუსტიციის მომხრეებისთვის არ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. საკმარისია, გაავრცელო ხმა ქმრის მიერ თითქოსდა ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულზე (ცოლისთვის უარის თქმა ძვირად ღირებული ქურქის შეძენაზე შემოსავლების შემცირების მომენტში) ან მამის “ფსიქოლოგიურ ძალადობაზე” (შვილი აიძულა, შეეწყვიტა ეზოში ფეხბურთის თამაში და გაკვეთილები მოემზადებინა, თანაც დაჰპირდა, თუ ცუდი ნიშნები ექნებოდა, ძვირად ღირებულ საკოლექციო მანქანებს აღარ უყიდდა), რომ მყისვე იწყება ადამიანის დევნა.
ზბიგნევ ზებრომ და “კონფედერაციამ” იციან, რომ ფემინისტებისთვის, ლგბტ აქტივისტებისა და იუვენალური იუსტიციის მომხრეებისთვის ქალებზე, ბავშვებზე, ხანდაზმულებსა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებზე აპრიორი ძალადობს პოლონელი მამაკაცი _ კათოლიკე. პოლონელი საზოგადოების ამ ნაწილისთვის მიუღებელია, რომ სტამბოლის კონვენციის მე-9 მუხლში მითითებულია ასე: “არასამთავრო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება”. მაგრამ ყველაზე ოდიოზურია მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტი:
* “მხარეები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქალისა და მამაკაცის ქცევის სოციალურ და კულტურულ მოდელებში ცვლილებების დასანერგავად იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას ის ცრურწმენები, ადათ–წესები, ტრადიციები და ყველა სხვა პრაქტიკა, რომლებიც ეფუძნება ქალთა არასრულფასოვნების იდეას ან ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპულ წარმოდგენებს”.
ანუ, ლაპარაკია სოციალურ ინჟინერიასა და ადამიანის შეცვლაზე ცუდი მხრივ.
ამაზე ლაპარაკია მე-14 მუხლის 1-ელ პუნქტშიც:
* “მხარეები იღებენ, სადაც ეს მიზანშეწონილია, ყველა საჭირო ზომას ისეთი საკითხების შესახებ პედაგოგიური მასალის ოფიციალურ სასწავლო პროგრამებში და განათლების ყველა დონეზე ჩასართავად, როგორიცაა, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა, არასტერეოტიპული გენდერული როლები, ურთიერთპატივისცემა, პიროვნებათაშორის ურთიერთობებში კონფლიქტების ძალადობის გარეშე მოგვარება, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლება, რომლებიც გათვლილი იქნება მსმენელთა მზარდი განვითარების შესაძლებლობებზე”.
პარტია “სამართალმა და სამართლიანობამ” მხარი არ დაუჭირა ბზიგნევ ზებროს ინიციატივას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლონეთი კონვენციიდან არ გავა. მით უმეტეს, რომ ადამიანის უფლებების საკითხების ევროპის საბჭოს კომისარმა დუნია მიატოვიჩმა უკვე მოუწოდა პოლონეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული 48 ლგბტ აქტივისტი, რომლებიც 2020 წლის 7 აგვისტოს თავს დაესხნენ ვარშავის პოლიციის თანამშრომლებს, როდესაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. უნგრეთმა, პოლონეთის მოკავშირემ, კანონმდებლობით დაიზღვია თავი ახალი მემარცხენეებისგან. ამა წლის ივნისში რუმინეთმაც მიბაძა უნგრეთს და აკრძალა “გენდერული კვლევები” ყველა სასწავლო დაწესებულებაში. თვით პოლონეთში და მის საზღვრებს გარეთაც გამოხმაურება მოჰყვა სახელმწიფო აქტივების მინისტრის მოადგილის, იანუშ კოვალსკის, განცხადებას:
“პოლონეთის მთელი ტერიტორია უნდა მოინიშნოს, როგორც ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალი ზონა, რადგან კონსტიტუცია ზუსტად განსაზღვრავს, რომ ოჯახი იქმნება ქალისა და კაცის მიერ”.
ამას გარდა, ევროკავშირის შიგნით კულტურულ ომს აქვს საგარეო-პოლიტიკური განზომილებაც. პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ევროკავშირის სხვა ამბოხებული ქვეყნები აშშ-ისა და პირადად პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირეები არიან, ტრამპის, რომელიც გერმანიასა და ევროკავშირს ეკონომიკურ კონკურენტებად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანჯეი დუდას გამარჯვება ტრამპის გამარჯვებად აღიქმება.
ახლა ტრამპს შეუძლია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დემოკრატი და ტრამპის ბევრი თანაპარტიელიც არ ეთანხმება აღმოსავლეთევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს. გერმანიიასთან დაპირისპირება და “ჩრდილოეთი ნაკადი-2” –ის რეალობა აიძულებს მათ, მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტ ანჯეი დუდას ოჯახური პოლიტიკა მიმართულია აშშ–ისა და პირადად ტრამპთან კავშირის მხარდაჭერის, ხოლო ბრიუსელისა და ბერლინის კრიტიკისკენ.
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გათვალისწინებით, ევროკავშირში განხეთქილების შეტანით მისგან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოყოფა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დიდი წარმატება იქნება. მხარეების ქმედებები მიუთითებს, რომ ასეთი სცენარის განვითარება შესაძლებელია. პოლონეთის წინააღმდეგ გენდერული ტერორი ხომ 2019 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც შეწყდა თანამშრომლობა საფრანგეთსა და პოლონეთის ქალაქებს შორის და ამის ინიციატორი საფრანგეთი იყო. ამასთანავე, საფრანგეთი ფინანსური სანქციებით დაემუქრა პოლონეთს სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლის გამო.
ეს მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლონეთის სახელმწიფოსა და მისი ეკლესიისთვის. პირველი პოლონელი პონტიფიკოსი იოანე პავლე II, თავგადაკლული ეკუმენისტი, 1962-1965 წლების ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების მიერ გამოცხადებული კურსის გაგრძელების მომხრე გახლდათ. 1992 წელს მან დაამტკცა კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, რომელშიც არის განყოფილება “უბიწოება და ჰომოსექსუალიზმი”. ამ კატეხიზმოთი კაროლ ვოიტილამ ოვერტონის სარკმელი გახსნა დასავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ეკლესიებთან შედარებით კონსერვატიულ პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიაში, ბოლო ათწლეულებში პოლონეთში გაჩნდნენ განახლების მომხრე ქსენძები.
განახლების მოსურნე კათოლიკების მომრავლება განხეთქილების პროცესს ამძაფრებს პოლონელ საზოგადოებაში. შემთხვევითი არ არის, რომ გაზეთ “ვიბორჩას” მთავარი რედაქტორი ადამ მიხნიკი, აგნოსტიკოსი, ყოველთვის დადებითად მოიხსენიებს იოანე პავლე II-ის კათოლიციზმს, ანუ ასეთ მიმდინარეობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოების განწყობაზე. 2019 წელს მიხნიკმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სიმპათიით არის განმსჭვალული თანამედროვე ფემინიზმის მიმართ და მხარს უჭერს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებას პლებისციტის გზით.
იოანე პავლე II-ისადმი პატივისცემის მიუხედავად, პოლონელი საზოგადოება მტრულად არის განწყობილი ახალი მემარცხენეების იდეებისადმი. პოლონეთის მიერ ევროკავშირის მემარცხენე იდეების მიუღებლობა გავლენას ახდენს ბელარუსსა და უკრაინაზე. ახლა უკრაინელებს მოუწევთ დაფიქრება, რატომ არიან პოლონელები ევროკავშირით უკმაყოფილონი და რატომ სურთ სტამბოლის კონვენციის დატოვება (ამ კონვენციაზე ხელმოწერისკენ უბიძგებენ უკრაინასაც), ხოლო ევროკავშირის გენდერულმა ტერორმა პოლონეთის წინააღმდეგ შეიძლება გააუარესოს ისედაც ცუდი ეკონომიკური ვითარება.
eadaily–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ