Home რუბრიკები პოლიტიკა ევროინტეგრაცია მთლიანობის ფასად, ანუ ქართულ-სერბული პარალელები

ევროინტეგრაცია მთლიანობის ფასად, ანუ ქართულ-სერბული პარალელები

ბელგრადი

ევროკავშირთან დაახლოების გამო, სერბეთი შეიძლება იძულებული გახდეს, კონსტიტუციიდან ის მუხლები ამოიღოს, რომლებშიც ნახსენებია კოსოვო და ტერიტორიული მთლიანობა. ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსაც იმავე შედეგს ხომ არ მოუტანს?

სერბეთმა მოქმედი კონსტიტუცია 2006 წელს მიიღო. მის პრეამბულაში წერია: “პროვინცია კოსოვო და მეტოხია სერბეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და მას მოქმედი ავტონომიის სტატუსი აქვს”. მე-8 მუხლი შემდეგ ფორმულირებას შეიცავს: “სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. სერბეთის რესპუბლიკის საზღვრები ხელშეუხებელია და შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ პროცედურით, რომელიც კონსტიტუციის შეცვლისთვის გამოიყენება”. 182-ე მუხლში ნახსენებია “ავტონომიური პროვინცია კოსოვო და მეტოხია”, რომლის “ფართო ავტონომია სპეციალური კანონით უნდა დარეგულირდეს”.

წყაროებმა სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს სერბულ გამოცემა “დანასს”, რომ პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი აპირებს, შეაჯემოს მისი ინიციატივით დაწყებული დისკუსია კოსოვოს საკითხზე და რეფერენდუმზე ამ მუხლებში შეტანილი ცვლილებები (კოსოვოს ხსენების გარეშე) გამოიტანოს. იგულისხმება, რომ ძირითადი კანონის ახალი რედაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება, ხოლო რეფერენდუმი 2018 წლის დასაწყისში (სავარაუდოდ, მარტში) გაიმართება. “დანასის” ცნობით, დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ, როგორც სერბეთის, ისე თვითაღიარებული კოსოვოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას განიცდის იმის გამო, რომ მათი ურთიერთობა ნორმალიზებული არ არის. სერბეთისგან არ მოითხოვენ, რომ კოსოვო აღიაროს, თუმცა სთავაზობენ, ხელი აღარ შეუშალოს სეპარატისტული რესპუბლიკის გაწევრებას გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. სანაცვლოდ, კოსოვოს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა დაუშვას სერბული მუნიციპალიტეტების კავშირის შექმნა, რომელიც კოსოვოს სერბულ ანკლავებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს დაიცავს, როგორც ამას 2013 წელს ბრიუსელის შეთანხმება ითვალისწინებს. მხარეებს ამ სტრუქტურასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ: ბელგარადი მას პოლიტიკურ ორგანოდ განიხილავს, ხოლო სეპარატისტები _ ერთგვარ არასამთავრობო ორგანიზაციად.

გაეროში კოსოვოს წევრობის პერსპექტივა, სერბებს ძალიან აღიზიანებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურმა ბელგრადმა 2013 წლის 19 აპრილს ხელი მოაწერა ბრიუსელის შეთანხმებას სეპარატისტებთან, რომლის ფარგლებში, მხარეებმა, სხვა ყველაფერთან ერთად, აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავდნენ ერთამანეთის ძალისხმევას ევროკავშირის წევრად გახდომის გზაზე. ეს, ალბათ, შეიძლება შეფასდეს, როგორც პირველი ნაბიჯი, რომელმაც შემდგომ შესაძლებელი გახადა გაეროსა და სხვა ორგანიზაციების ხსენებაც. ბრიუსელის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლაპარაკებების დაწყებას სერბეთის ევროკავშირში შესვლის შესახებ, აგრეთვე, კოსოვოს მიერთებას 22 ევროპულ პროგრამასთან. ამ შეთანხმების ფარგლებში, ბელგრადმა, ფაქტობრივად, აღიარა სეპარატისტების კონტროლი კოსოვოზე და ამის სანაცვლოდ კოსოვოში ეთნიკური სერბების უფლებების დაცვის, მათი თვითმმართველობის გაძლიერების დაპირება მიიღო, თუმცა სეპარატისტებმა ყველა აღებული ვალდებულება როდი შეასრულეს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მოქმედება შეაჩერა.

ამასთანავე, კოსოვოში მცხოვრები სერბების ნაწილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მათ სერბული პასპორტებით გადაადგილება აუკრძალეს. რაც მთავარია, არ შექმნილა არანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ კოსოვოში დევნილები (მათი აბსოლუტური უმრავლესობა სერბია) დაბრუნებულიყვნენ, როგორც ამას გაეროს #1244- რეზოლუცია მოითხოვს. მიუხედავად ამისა, 2015 წელს ბრიუსელში მხარეები ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და რიგი ლოკალური პრობლემების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ვარაუდობს, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი შეიძლება 2025 წლამდე გახდეს. მისი აზრით, მოლაპარაკებები 2023 წლისთვის დასრულდება, ხოლო დაახლოებით ორი წელიწადი ევროკავშირის ქვეყნების მიერ შეთანხმების რატიფიკაციას დასჭირდება. სერბი პოლიტიკოსების ნაწილი გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ ეს ქვეყანას კოსოვოს საბოლოო დაკარგვის ფასად დაუჯდება. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებას გამოკითხულთა მაქსიმუმ მეოთხედი ეწინააღმდეგება, მომხრები კი (საშუალოდ) ორჯერ მეტია.

სერბეთის ყოფილმა (2017 წლის ივნისამდე) პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში ეროვნული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “იოჰანეს ჰანმა მითხრა, რომ წინ ვერ წავიწევთ, თუ კოსოვოსთან კეთილმეზობლობის ხელშეკრულებას არ დავდებთ, რაც, ჩემი აზრით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაა. მან ასევე თქვა, რომ მისი აზრით, ერთიანი საგარეო პოლიტიკის გარეშე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ”. ნიკოლიჩის თქმით, ევროპელებმა მიანიშნეს, რომ სერბეთი უნდა შეუერთდეს სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ შემოიღეს.

ახალი პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი ევროკავშირის წევრობის თანმიმდევრული მომხრეა, ისევე, როგორც პრემიერმინისტრი ანა ბრნაბიჩი (პირველი ქალი, აგრეთვე, პირველი ღია ლესბოსელი ამ პოსტზე) და სერბეთის ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები.

ევროინტეგრაციის მომხრეებს რამდენიმე ძირითადი არგუმენტი აქვთ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სერბეთი ვერ დარჩება იზოლირებულ კუნძულად ევროპაში და რომ ევროკავშირში შესვლა მის ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. ისინი, აგრეთვე, ამბობენ, რომ კოსოვოში მცხოვრები სერბების უფლებები უნდა დაიცვან, ეს კი სეპარატისტებთან მოლაპარაკებისა და ევროკავშირის შუამავლობის გარეშე შეუძლებელია. არის კიდევ ერთი ქვეტექსტი, რომელზეც ოფიჰციალური პირები ღიად არ მიუთითებენ, თუმცა მიანიშნებენ, რომ კოსოვო ბალკანეთში ამერიკული პლაცდარმია და არა ევროპული. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ოპერაციაში იუგოსლავიის წინააღმდეგ და სეპარატისტების მხარდაჭერაში მონაწილეობა არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო, ისინი ცდილობენ, აქცენტი აშშ-ზე გადაიტანონ, როგორც “ცუდ პოლიციელზე”, ხოლო ევროკავშირი “კარგ პოლიციელად” წარმოაჩინონ, რომლის გარდა, კოსოვოში მცხოვრებ სერბებს ვერავინ დაიცავს.

აქცენტების საგულისხმო გადაადგილება შეინიშნებოდა ალექსანდრე ვუჩიჩის 21 სექტემბრის გამოსვლაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: “მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ კოსოვოს თაობაზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ჩვენი ეროვნული, სერბული პრიორიტეტია. ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკისთვის, სერბეთისა და მთელი რეგიონის ახალგაზრდობის მომავლისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ არ ვაღიარეთ ეგრეთ წოდებული კოსოვოს ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობა. მე არ ვისაუბრებ ტერიტორიულ მთლიანობაზე, ამის ნაცვლად მინდა ვისაუბრო იმაზე, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, როგორ ვიპოვოთ ამ მრავალსაუკუნოვანი პრობლემის გადაწყვეტა”. ერთი შეხედვით, ვუჩიჩი გმობს სეპარატიზმს, მაგრამ, მთლიანობის აღდგენის ნაცვლად, ეროვნულ პრიორიტეტად პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას ასახელებს, რომელსაც სერბეთისთვის შეიძლება ისეთივე სადავო ღირებულება ჰქონდეს, როგორც 2013 წლის ბრიუსელის შეთანხმებას, რომელმაც არათუ ვერ აღადგინა ქვეყნის ერთიანობა, არამედ, დათმობების მიუხედავად, კოსოვოში მცხოვრები სერბების უფლებები ვერ დაიცვა.

მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მარტში სერბეთის კონსტიტუციის იმ მუხლების ჩასწორება, რომლებშიც ნახსენებია კოსოვო, ფაქტია, რომ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის შანსი თანდათან მცირდება და მნიშვნელოვან გავლენას ამაზე ევროკავშირთან დაახლოება ახდენს. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ საქართველოსთან პარალელების გავლება ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან კოსოვოში დასავლეთი ერთ პოზიციას გამოხატავს, ხოლო ჩვენ შემთხვევაში რუსეთს უპირისპირდება და, შესაბამისად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია, შესაბამისი პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზება კი რუსეთთან მკვეთრ დაპირისპირებას მოითხოვს. ევროკავშირმა არაერთგზის აჩვენა, რომ ამისთვის მზად არ არის. კოსოვოში ის, როგორც ჩანს, ცდილობს პრობლემის ლოკალიზაცია, შემდგომ კი ლიკვიდაცია, სერბეთის მთლიანობის ხარჯზე მოახდინოს. იგივე შეიძლება ჩვენ შემთხვევაშიც მოხდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება პრინციპულ პოზიციას არ გამოავლენს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ქართველი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა უსიტყვოდ ემორჩილება ბრიუსელის ნებისმიერ მითითებას, ისევე, როგორც ამას მათი სერბი კოლეგები აკეთებენ, ხოლო სოციალურ ქსელებში საეჭვო სიხშირით გაისმის მოწოდებები იმის თაობაზე, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში სეპარატისტული რეგიონების გარეშე უნდა შევიდეს. მათი ავტორები იქვე ამატებენ, რომ ეს “დროებითი” გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ, საქართველოს “შემოერთების” გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, როგორც ნატო, ისე ევროკავშირი შეეცდებიან, დღის წესრიგიდან მოხსნან ის საკითხები, რომლებმაც შეიძლება რუსეთთან კონფრონტაციამდე მიიყვანონ, თუნდაც იმიტომ, რომ მათ კარგად ახსოვთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, რომელიც ლამის ღია ტექსტით საუბრობდა იმაზე, რომ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტისთვის აპირებს დასავლეთის და რუსეთის წინააღმდეგობებზე ითამაშოს.

სერბეთისა და სეპარატისტული კოსოვოს დღევანდელი ურთიერთობა, ის მოლაპარაკებები, რომლებიც ევროკავშირის ეგიდით იმართება, ახლო მომავალში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის, ამიტომ პროცესს თვალი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივადევნოთ, აგრეთვე, მკვეთრად განვსაზღვროთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული _ ქვეყნის მთლიანობის აღდგენა თუ სხვა რამ.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here