გთავაზობთ რუსი სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“(Россотрудничество) ხელმძღვანელის, ცნობილი საბჭოთა და რუსი სახელმწიფო მოღვაწის – ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილის, ევგენი სანდრო პრიმაკოვის, ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც მან რუსეთის მულტიმედიურ ჰოლდინგ „ერ-ბე-კა“-ს (РБК) მისცა:
– 2024 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ მეგობარი ქვეყნების სახელმძღვანელოებში რუსეთის „ნეგატიური სახე“ გამოავლინა. „როსსოტრუდნიჩესტვომ“ ეს მიუღებლად მიიჩნია. აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს სახელმძღვანელოებიდან ასეთი მომენტების ამოსაღებად?
— ჩვენ ვხედავთ ამ სახელმძღვანელოების გავლენას. ეს არის შედეგი ორი დაკარგული ათწლეულისა, რომელზეც მე ვისაუბრე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმ სახელმძღვანელოებზე, რომლებსაც საზღვარგარეთ რუსულ სკოლებს ვაწვდით. იქ არ არის ლაპარაკი სსრკ-ის ფარგლებში კოლონიზაციაზე. ადგილობრივ სკოლებში ყველანაირი საძაგლობის შემცველი სახელმძღვანელოები იყო. ეს ნაწილი, როგორც ვიცი, გასუფთავდა.
ჩვენს ყველა კულტურულ ცენტრში — და ასეთი ახლო საზღვარგარეთში დაახლოებით 40-ია — გავხსენით ისტორიის კლუბები, რომლებშიც ვიზიდავთ უნივერსიტეტის მასწავლებლებს, სტუდენტებსა და, უბრალოდ, იმ ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ, რა და როგორ იყო სინამდვილეში.
გარდა ამისა, ამჟამად ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტ დიდ თაიმლაინზე (მოვლენების ან პროცესების ვიზუალური წარმოდგენა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ანუ დროის სქემით – გ.გ), რომელშიც აღწერილია, სად ააშენა რუსეთმა სკოლა, საავადმყოფო, ბიბლიოთეკა, რკინიგზა, არხი, ქარხანა და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, არსებობს ძველი ხუმრობა რუსი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც მშვიდობიან სოფლებში შეიჭრებოდნენ ხოლმე და აშენებულ საავადმყოფოებს, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს ტოვებდნენ, ამიტომ უნდა ვისაუბროთ ჩვენ მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებზე.
– სხვა ქვეყნებს – აშშ-დან ჩინეთამდე, ევროკავშირიდან ისრაელამდე – აქვთ თავიანთი რბილი ძალის სააგენტოები და ორგანიზაციები. კონკურენციას თუ უწევთ მათ იმ ქვეყნების მცხოვრებთა სიმპათიების მოპოვებაში, რომლებშიც იმყოფებით?
– რა თქმა უნდა, ჩვენ კონკურენციას ვუწევთ მათ. მაგალითად, თუ საგანმანათლებლო ისტორიებს ვიღებთ, მაშინ ამ ქვეყნების ახალგაზრდები ირჩევენ, სად წავიდნენ სტაჟირებაზე – მოსკოვში, რეიკიავიკში, ბოსტონსა თუ პარიზში. ჩვენ გვაქვს სამთავრობო კვოტები უმაღლეს განათლებაზე, რუსული სახლები არჩევენ კანდიდატებს და ტრენინგი უკვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამოცანაა. ასე რომ, მომავალ სტუდენტს აქვს არჩევანი – შეუძლია წავიდეს, მაგალითად, ჩინეთში, სადაც ჩინეთის მთავრობის კვოტით სწავლის გარდა თვეში კიდევ 500 დოლარის სტიპენდიას მიიღებს. ჩვენ კი ვაძლევთ მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში სწავლის უფლებას და ამ მხრივ ვმარცხდებით კონკურენციაში.
ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტებისთვის სტიპენდიებით მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. ჯერჯერობით სახსრები წელიწადში 2 ათასი ყველაზე ნიჭიერი სტუდენტისთვის არსებობს.
იცით, როგორია ტაჯიკეთში რუსულ სკოლებში სწავლაზე კონკურენცია? – 93 კაცი ერთ ადგილზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს ადამიანები რუსულ განათლებას მიიღებენ და ჩვენი მოკავშირეები გახდებიან. დანარჩენზე კი, რესურსებით უზრუნველყოფიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძნელია კონკურენცია.
— ზოგიერთ ქვეყანაში რუსული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს პრობლემები ექმნებათ. მაგალითად, 2023 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მგიმო“-ს (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი – გ.გ) ყველა კურსდამთავრებული დაითხოვა. ეს ხელს ხომ არ უშლის უცხოელებს რუსულ პროგრამებში მონაწილეობაში?
— ევროპაში ძალიან დაბალი კვოტები და კონკურენცია გვაქვს რუსულ უნივერსიტეტებში განათლების მიღების მხრივ. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის 300-ზე მეტი ადგილი გამოვყავით, რომლებიც ძირითადად ჩვენმა თანამემამულეებმა დაიკავეს. ისინი ამ ამბავს, ასე თუ ისე, რეპატრიაციისთვის იყენებენ – რუსეთში სასწავლებლად ჩამოსასვლელად, ადგილის დასამკვიდრებლად და შემდეგ ოჯახების გადმოსაყვანად. ადგილობრივები რუსულ უნივერსიტეტებში პრაქტიკულად არ მიდიან.
ზოგიერთი სპეციალობის შესასწავლად რუსული უნივერსიტეტების ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს; მაგალითად, კონსერვატორიის ან ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის. არის კიდევ რამდენიმე დარგი, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა. ესენია საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები, ადამიანებს ბაუმანკასა (ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი – გ.გ) და მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკურ ინსტიტუტში სწავლა სურთ. სანქციების მიუხედავად, ამ სასწავლებლებში განათლების მიღებაზე მოთხოვნა დიდია.
ჩვენ 14-დან 40 წლამდე ადამიანებისთვის გვაქვს პროგრამა „ახალი თაობა“, რომლის ფარგლებშიც რუსეთში ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ადამიანი ჩამოდის. სტაბილურად ჩამოდიან მეზობელი ქვეყნებიდან, დიდია ინტერესი აზიასა და აფრიკაში. ლათინური ამერიკისთვის უფრო რთულია ლოჯისტიკისა და მგზავრობის მაღალი ღირებულების თვალსაზრისით. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს კი, რა თქმა უნდა, არ სურთ.
ზოგჯერ ადამიანები რუსეთში ვერ ჩამოდიან. მაგალითად, პირს, ვთქვათ, ბოლივიაში, რომელიც ძალიან ბევრ დროს უთმობს ტელევიზორს, ეჩვენება, რომ მოსკოვს ბომბავენ, ქუჩაში დათვები ტყვიამფრქვევებით დარბიან და ამიტონ გადაწყვეტს, რომ არ წავიდეს. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან ჩვენ გვაქვს სახელმწიფო კონტრაქტი, ვთქვათ, 20 ადამიანის მოსამზადებლად და მოდის15.
კონკურენტების მსგავსად, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, ამისთვის შევქმნათ არასამთავრობო ორგანიზაციები ან ფონდები, ყველაფერი გაცილებით პროდუქტიული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ვართ ერთადერთი ფედერალური აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც არ აქვს ასეთი უფლება – ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს დაფინანსება, საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მიღება, სახელმძღვანელოების გამოცემა. თევზჭერის ფედერალურ სააგენტოსაც კი აქვს თავისი ინსტიტუტი. ამ მხრივ, ჩვენ ნულზე ვართ, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, ამიტომაც ვცხოვრობთ მხოლოდ კონტრაქტებით, შეთანხმებებითა და სუბსიდიებით“.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ