“არის, ასრულდა ოცნება! არის, ასრულდა მიზანი!” _ საქართველოს პარლამენტმა ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. 90 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი _ ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი.
საკანონმდებლო ორგანომ ქალბატონი ევა თანამდებობაზე 10 წლის ვადით გაამწესა. ის შეცვლის ლალი ფაფიაშვილს, რომლის წლიური შემოსავალი აღნიშნულ თანამდებობაზე 122 428,34 ლარს შეადგენს, რაც თვეში დაახლოებით 10 202 ლარია. მოკლედ, ევროსაბჭოს მიერ კომპეტენციადაწუნებული მოსამართლე, “ქართული ოცნების” წყალობით, 10 წლის განმავლობაში ხელშეუხებელია და მისი ყოველთვიური გასამრჯელო დაახლოებით 56 პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტია.
როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, ევა გოცირიძის კანდიდატურა მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა, ხოლო ევროსასამართლოში მისი კანდიდატურის ჩაგდებას იმით ხსნიან, რომ ევროპულმა სასამართლომ მაშინ მთლიანი სია დაუბრუნა საქართველოს, რადგან იქ ძალიან მაღალი სტანდარტებია და ჩაითვალა, რომ წარდგენილი კანდიდატები მეტად კონკურენტულები უნდა ყოფილიყვნენ. ის, რაც ევროპული სასამართლოსთვის არ არის კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიკაციაა საქართველოსთვის. რთული სათქმელია, რა დამსახურებისთვის არის “ქართული ოცნება” გოცირიძის დასაქმებაში ასეთი ერთსულოვანი და რატომ ლობირებდნენ ევროსასამართლოში მის კანდიდატურას თავგამოდებით, მაგრამ ფაქტია: როგორც იქნა, ევას მიხედეს და “დააბინავეს”.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის არჩევა სოციალურ ქსელში ასე შეფასდა: “არის, ასრულდა ოცნება! არის ასრულდა მიზანი!” შეგახსენებთ, რომ 1964 წელს თბილისის “დინამომ” პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და სიმღერა, რომლის სტრიქონებიც ზემოთ მოვიყვანეთ, მათ გამარჯვებას მიეძღვნა. იმხანად ამ სიმღერას სრულიად საქართველო მღეროდა, ისე, როგორც გოცირიძის არჩევის შემდეგ “ღადაობდა” მავანი ამ თემაზე სოციალურ ქსელებში. თბილისის “დინამომ”, როგორც ტექსტშია ნათქვამი, ცხრა მთა გადაიარა, რათა უზბეკეთის მიწაზე დაეცვა საქართველოს ღირსება და დიდი სიხარულიც მოუტანა ქვეყანას. იკითხავთ ახლა: სად _ ლეგენდარული თბილისის “დინამო” და სად _ ევა გოცირიძეო, მაგრამ, როგორც მაშინ ოცნებობდა ერი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებაზე, ისე იქცა ოცნებად “ოცნებისთვის” ქალბატონი ევას დასაქმება და, როგორც იქნა, “არის, ასრულდა ოცნება!”.
სხვათა შორის, ცხრა მთა ევა გოცირიძემაც გადაიარა, სტრასბურგში რომ დაეცვა საქართველოს ღირსება, მაგრამ კომპეტენცია დაუწუნეს… შეგახსენებთ, ქალბატონი გოცირიძე 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატად წარადგინა და თავგამოდებითაც ლობირებდა მისი კანდიდატურის გასვლას, მაგრამ ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა ევას კანდიდატურა ჩააგდო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თვითონ კანდიდატმაც მომხდარი მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს დააბრალა და ამით განაწყენებული გამოვიდა ინიციატივით, რომ მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციები დაწესებულიყო. ევა გოცირიძის ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდა… მისი ბიბლიური სეხნიის მსგავსად, რომლის გამოც კაცობრიობამ სამოთხეში ცხოვრების უფლება დაკარგა, იმედია, ევა გოცირიძე გაუძლებს ცდუნებას და ერთ დღესაც მისი მეცადინეობით საზოგადოებას სიტყვის თავისუფლება არ შეეზღუდება…