რუსთაველის გამზირზე არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს. მართალია, მუხტი დაეცა, მაგრამ აგრესიამ იმატა, ეს კი საშიში პროცესია. ხალხის მოთმინების ფიალაც ავსებულია, რაც პროვოკატორებს აძლევთ ხელს…
როგორ შეიძლება, დასრულდეს მარაზმი რუსთაველის გამზირზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:
_ ყველას, ვისაც სამშობლო უყვარს, ძალიან აწუხებს ის, რაც თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე ხდება. ვიცით, რომ ქუჩაში მოყიალე ადამიანები ჩვენი ქვეყნის უცხოეთიდან დაფინანსებული მტრები არიან. ე.წ. ოპოზიცია მიწასთანაა გასწორებული და ამიტომ მას სჭირდება მსხვერპლი. ხალხი ისეა გაღიზიანებული, რომ მზად არის, ფიზიკურად გაუსწორდეს ქუჩაში არეულობის მსურველ ადამიანებს. პროვოკატორებს სურთ, მოთმინებიდან გამოგვიყვანონ და საშინელება მოხდეს.
ხელისუფლებამ მიღებული კანონები უნდა აამოქმედოს, უმკაცრესად უნდა ისჯებოდნენ არეულობის მსურველები. კანონები თუ არ იმოქმედებს, ადამიანები იმოქმედებენ, რაც სიკეთემდე არ მიგვიყვანს.
ქუჩაში დგანან სპეციალურად მომზადებული ადამიანები, რომლებსაც სურთ დესტაბილიზაცია და მსხვერპლი, მას ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. ტურბულენტურ პერიოდში ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრი ქვეყანა და ეს არეულობები ყველა ერთმანეთს ჰგავს. ერთი სცენარია. ე.წ. ლიბერალები უზარმაზარ დაფინანსებას კარგავენ, რაც მათში აგონიას იწვევს, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს. საქართველოზე არავინ იზრუნებს, არავინ დაგვეხმარება, თავს თვითონ უნდა მივხედოთ და კანონით მკაცრად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის არევას ცდილობენ.
_ საქართველოს მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცვლილებები უსაფრთხოების სამსახურში. რატომ განხორციელდა ეს ცვლილებები? გარეშეზე მეტი შიგნით გვყავს მტერი?
_ 35 წელიწადია, შინაურ მტრებს ვებრძვით. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროს გრიგოლ ლილუაშვილისთვის, რომელმაც პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობები, საქართველო გადაურჩა იმ უბედურებებს, რომლებიც ქვეყნის მტრებს ჰქონდათ დაგეგმილი. ლილუაშვილს სექტემბერში უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, მაგრამ სწორედ იმ არეულობის გამო, რომელიც ახლა ხდება, სამი-ოთხი თვით გადმოიწია მისი თანამდებობიდან წასვლის საკითხმა, ამიტომ ამ ცვლილებებში ვერაფერს ვხედავ უცნაურს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მის ადგილას დანიშნული ანრი ოხანაშვილი უკომპრომისო ადამიანია. ოხანაშვილმა ამერიკის საელჩოში მაგრად უთავაზა ჭუტა წერეთელს _ ერთ-ერთი ტელევიზიის მფლობელს, რომელიც აგენტურის დაფინანსებულია. ოხანაშვილის ეს საქციელი მახსოვს და მომწონს.
_ ე.წ. ოპოზიციური პარტიების კუთვნილი ტელევიზიების პროპაგანდა ურევს ახალგაზრდებს გზა–კვალს…
_ ბოლო პერიოდში რა არ გადაგვხდა თავს… როგორ არეულობას გადავურჩით… არჩევნები მოვიგეთ, მოვუგეთ მეხუთე კოლონას, გავანადგურეთ. მიწასთანაა გასწორებული დესტრუქციული ძალები; მართალია, ყველანი ციხეში არ ჩაუსვამთ, როგორც მეზობელ თურქეთში, მაგრამ ჩვენ მათ ვანადგურებთ მორალურად. ისე დაეცნენ, წყევლა-კრულვა დაიწყეს. ეს უნიკალური მოვლენაა, თურმე შეიძლება, მოთმინებით გაანადგურო ქვეყნის მტრები.
ლიბერალების განადგურების პროცესი გრძელდება. ეს პროცესი არ შეჩერდება, უფრო გამწვავება კი საჭირო არ არის. ჩვენთან ერთი ხელის მოსმით რომ დაიხუროს ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები, ,,დასვლელი დემოკრატების~ ყბიდან ვერ ამოვალთ. დაიწყებენ, საქართველოს დიქტატორები მართავენო და ა.შ. მომწონს, როგორც მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება, ტალახში აგორავეს ნომრიანი აგენტები. მსოფლიო გაკვირვებულია იმით, თუ როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ წინააღმდეგობის გაწევა უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური გავლენის მქონე ძალებისთვის.
_ მშვიდობით მივალთ თვითმმართველობის არჩევნებამდე?
_ ხელისუფლება გვპირდება, რომ “ნაცმოძრაობა” აიკრძალება, აგრეთვე, აიკრძალება მისი განშტოებები. ხელისუფლება ნიურნბერგის მსგავს პროცესს გვპირდება და ველოდები ყველა ადამიანის დასჯას, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმს ემსახურებოდა.
ჩვენს ქვეყანას უფალი იცავს. ჩვენ მშვიდობით მოვედით აქამდე და ასეც გაგრძელდება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც, მჯერა, სამშობლოსთვის თავს გაწირავს, აღადგენს იმ დიდებას, რომელიც საქართველოს ჰქონდა…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი