საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ამერიკის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველ საზოგადოებაში: ზოგი ამბობს, წერილი ხვეწნა–მუდარის შემცველიაო, ზოგის აზრით, პირიქით _ გამაფრთხილებელია და ამის შემდეგ საქართველოს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა ექნება. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედვად, ყველა ელოდება აშშ–ის პასუხს…
,,უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ–ის ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ–ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ–ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ–ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ–ის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომლებიც აშშ–ის ბიუჯეტიდან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ,,დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო”, _ აღნიშნავს წერილში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.
იყო ეს წერილი თხოვნა–მუდარა, მუქარა თუ გაფრთხილება სხვა რელსებზე გადასასვლელად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:
_ პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილში წავიკითხე, რომ საქართველომ დაასრულა ვასალის მისია, რომელიც, 34 წელიწადია, დაკისრებული გვქონდა ყველა ხელისუფლების პირობებში. ჩვენში ხომ ასე ხდება _ თეთრი სახლის დამლაგებელს აქვს უფლება, ,,სმირნაზე” დაგვაყენოს. ამერიკელებს რომ დაეძახათ, ვირები ხართო, ჩვენ ყროყინს ვიწყებდით.
დღეს აშკარად გამოჩნდა, რა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში. მას სურს, რომ მყეფარა ფინიები ვიყოთ რუსეთის წინააღმდეგ. ამერიკელებს არ აქვთ სტრატეგიული მეგობრობის სურვილი. აშშ საქართველოში ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც მიმართავდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ქართველებმა ისტორია კარგად ვიცით, ამიტომ ვიცით, რას სჩადიოდა აშშ ლათინურ ამერიკაში. ის წელიწადში 3-4 სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში თავისი მორჩილი მმართველის დასასმელად. ასე იყო საქართველოშიც. აქ მათ მიერ დასმული პირი იყო სააკაშვილი. არავის ეგონოს, მიშამ თვითონ დაიწყო ომი ცხინვალში, მას ეს ომი დააწყებინეს. სააკაშვილი უსიტყვო შემსრულებელი იყო დავალებების. ასეა დღესაც. ის სექტა, რომელსაც სააკაშვილის მხარდამჭერად განვიხილავთ, დავალებების უპირობო შემსრულებელია, რადგან დიდძალ ფულს იღებს ამერიკიდან საქართველოს ასარევად.
_ სწორედ დესტრუქციული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრემიერის წერილი სასოწარკვეთილის დაწერლს ჰგავს… საქართველოს პრემიერმა ამერიკის პრეზიდენტს დაუთვალა ფული, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამერიკელებს გამოუთავისუფლა…
_ პრემიერის წერილს დიდი კაკაფონია მოყვა, მაგრამ მე წერილში ამოვიკითხე: ასე ურთიერთობის გაგრძელება პარტნიორთან აღარ შეიძლება. ჩვენ თუ გვჭირდებით თქვენ, თქვენ მეტად გჭირდებით ამ რეგიონში, რადგან თქვენი საყდენი ვართ წლების განმავლობაში. ეს ასე იყო და პრემიერს ამის მაგალითებიც მოჰყავს. ის საუბრობს ჩვენი ჯარისკაცების ღვაწლზე ნატოს ჯარებთან ერთად ბრძოლაში. ამერიკელები ბევრ რამეს გვაყვედრიან, განსაკუთრებით, ბაიდენის ხელისუფლების წარმომადგენლები, ამიტომ საჭირო შეიქნა, საქართველოს ეთქვა სიმართლე.
საქართველოში ბაიდენისა და მისი წინამორბედების ხელისუფლება ფულს გზავნიდა, ასე ვთქვათ, პატრონყმური ურთიერთობის დასამყარებლად, მათ უსიტყვოდ ემორჩილებოდა ,,ნაციონალური მოძრაობა’…
ანდაზაა ასეთი: ,,მგელს მგლობას აბრალებდნენ და ტურამ ქვეყანა დააქციაო”. ჩვენთან ყველაფერი რუსეთს ბრალდებოდა, არადა, ყველაფერი აშშ-ის ბრალი იყო, ყველაფერი მისი ინტერესების დაცვიდან გამომდინარე ხდებოდა.
ამერიკელების დამსახურება იყო კოაბიტაცია, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” დაიწყო, ამან ჩვენი ქვეყანა გაანადგურა. კოაბიტაციამ წინ წამოსწია: ლგბტ პროპაგანდა თავისი არასამთავრობოებით; ის ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან, ქვეყანა უცხო ძალების მონად აქციონ.
2017 წლიდან ვეწინააღმდეგებით სახელმწიფოს დაღუპვის გეგმის განხორციელებას, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობს და ამ უბედურებისთვის ფული ამერიკიდან შემოდიოდა მუდამ.
_ ბევრი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ, როგორ გადანაწილება ინტერესთა სფეროები დიდ ქვეყნებს შორის. როგორ ფიქრობთ, რა პასუხს გასცემს ტრამპი საქართველოს პრემიერს წერილზე და ინტერესთა სფეროების გადანაწილების პროცესში სად აღმოვჩნდებით?
_ თუ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის ჩვენი პატარა ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაგვცემს შესაბამის პასუხს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ყოველი ქმედების სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად.
ჩვენ ვიცით, რომ ანაკლიის პორტის აშენებაზე ბევრს საუბარობენ _ ვის უნდა აეშენებინა და ვინ აშენებს. ჰქონდათ ამერიკელებს ანაკლიის პორტის აშენების საშუალება და არ გააკეთეს ეს. ამერიკა ავი ძაღლივით არის _ არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს…
ამერიკისგან მივიღებთ მარვალმნიშვნელოვან პასუხს _ ქალი გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით!
საქართველოს ხელისუფლება ამერიკას ეუბნება: თუ თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენი დაცვა, თავს თვითონ მივხედავთ და ამის გზები გვაქვს.. ეს წერილი უცბად არ არის დაწერილი, ის დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ამ საკითხში ჩინეთი დიდ როლს თამაშობს და ვფიქრობ, წერილი შედეგს გამოიღებს…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი