Home რუბრიკები ისტორია “დღეს ყოველ გაკოტრებულ პოლიტიკოსს თავი წმინდა სებასტიანე ჰგონია”

“დღეს ყოველ გაკოტრებულ პოლიტიკოსს თავი წმინდა სებასტიანე ჰგონია”

1556
ნ. მიწიშვილი

XX საუკუნის ბოლოდან საქართველო მილიონნახევარზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები _ ეს არის ერთერთი მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან.

ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი _ უცხოეთში ახლობლების რჩევით თუ ალალბედზე წასულები

ასრულებენ ყველანაირ სამუშაოს _ ალაგებენ და აშენებენ სახლებს, ასუფთავებენ ქუჩებს, უვლიან ჭირვეულ მოხუცებსა თუ ბავშვებს, საკუთარი კი ენატრებათ, ტკივილამდე ენატრებათ

თითოეული მათგანი ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ ამისთვის ხელსაყრელ დროს ელოდება. მაგრამ, როდის დადგება ეს დრო, არავინ იცის

ზოგს ფილმფესვებისგმირივით გამოეპარა შინ დაბრუნების მომენტი.

 უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა კი სულ უფრო მატულობს, რათა იქ, თუნდაც დროებით, მოიპოვონ ასეთუ ისე კომფორტული თავშესაფარი, უფასო კვება, სამედიცინო დახმარება და მკურნალობამაგრამ მოლოდინი ყოველთვის არ ამართლებს. თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, ისინი საერთო საცხოვრებელში სხვადასხვა ჯურის ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ ან უარეს შემთხვევაში _ მიტოვებულ შენობებში და კიდევ უარეს შემთხვევაში _ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ

ვინ არიან ეს ადამიანები სამშობლოსთვის? _ ალბათ, დაკარგული თაობები, მსოფლიოში გაფანტული გენოფონდი, ადამიანები, რომელთა გარეშე იზრდებიან შვილები, იხოცებიან მშობლები, ბერდებიან ახლობლები

გარინდებიდან, პასიურობიდან, ბედის მორჩილებიდან რწმენის დაკარგვამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, ასეთი ხალხი კი წასულია ხელიდან.

 “არც არაფერი ვყოფილვართ, არც ახლა ვართ და არც შემდეგში ვიქნებით”, _ ემიგრაციაში მყოფი ნიკოლო მიწიშვილის ამ სიტყვებს თავის დროზე სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. ხვალინდელი დღის შიშმა, ალბათ, დღესაც ბევრი განაწყო პესიმისტურად. მაგრამ მაშინ ქართველ ერს ჰყავდა თუნდაც მიხეილ ჯავახიშვილი, რომელმაც ეს შიში შავ ჭირს შეადარა და შემოუძახა ქართველებს, საკუთარი აჩრდილით დაშინებულებს, ერთმანეთი არ დაეთრგუნათ დაცოცხალი ხალხისთვის საქვეყნო პანაშვიდი არ აეგოთ”.

ჩვენ ვინ გვყავს?

გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომელთაც თავი წმინდა სებასტიანე ჰგონიათ, თუ კარიერაშერყეული ქართველები, რომლებიც საქართველოს სიყვარულით სპეკულანტობენ?

და ყველა ასეთს, ალბათ, ჩვენზე მეტადუყვარსსაქართველო.

მკითხველს ვთავაზობთ ნიკოლო მიწიშვილის ტკივილით სავსე წერილსფიქრები საქართველოზე”, რომელიც შესანიშნავად მიესადაგება დღევანდელ ყოფას, მკითხველი ჩვენი მინიშნების გარშეც იპოვის საერთოს წერილში მონათხრობსა და დღევანდელ რეალობას შორის და, ავტორის დიდი პესიმიზმის მიუხედავად, იმედიანად განეწყობა, რამეთუ მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალი ქართველ ხალხს წარსულშიაც მოუნახავს.

 “თუ ერის სახე იხატება მის შემოქმედებაში, საქართველოს სახე დღეს განსაკუთრებით ძნელი სანახავია, ხოლო ჩვენს შემდეგ რა მოდის ხელოვნებაში და პოეზიაში, ეს თქვენ იცით. ეს საუკუნე ვერ მისცემს საქართველოს ვერც ერთ პოეტს, ვერც ერთ ჭეშმარიტ მწერალს…” _ საბედნიეროდ, მიწიშვილი ცდებოდა: XX საუკუნემ უდიდესი პოეტები და ჭეშმარიტი ქართული სიტყვის ოსტატები მისცა არათუ მხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობას.

“…მე არ ვიცი, ვის უყვარს საქართველო ჩვენზე მეტად. დღეს ყოველ გაკოტრებულ პოლიტიკოსს თავისი თავი წმინდა სებასტიანე ჰგონია, რომელიც დაისრულია სამშობლოთი და სამშობლოსათვის. ყოველი მეშჩანინი, რომელიც ვერ ახერხებს ნამდვილი საქონლით სპეკულაციას, სპეკულანტობს დღეს საქართველოს სიყვარულით.

საქართველო და პატრიოტობა დღეს ჩვენში შეიქნა ყოველი კარიერაშერყეული ქართველის ჯაგლაგათ, რომელიც მიაჩანჩალებს დონ კიხოტივით.

მე არ ვიტყვი აქაურებზე, რადგანაც, გერცენის არ იყოს, ემიგრანტობა თავისთავად მეტად ცუდი ავადმყოფობაა, და ქართველ ემიგრაციას რომ განსაკუთრებული ტკივილი მართებს, ცხადია.

მაგრამ მე ვიცი ხალხი, რომელიც აქაურებში მიწასთან ასწორებს ქართველ ბოლშევიკებს და საქართველოში კი იმავე ბოლშევიკურ ხელისუფლების ქვეშ მილიარდებს აკეთებენ. საქართველოში ბოლშევიკებს უძვრებიან უკანა კარებიდან და, ყოველ შემთხვევისათვის, რომელიმე რესტორანში მენშევიკებსა და ნაც.-დემ. -თან მაინც მოიწმენდენ ხოლმე კეთილშობილ ცრემლს.

და ყველა ასეთებს, ალბათ, ჩვენზედ მეტად “უყვართ” საქართველო.

თქვენ იცით ბევრი ქართველი, რომელიც ტკბილად ემსახურება საბჭოთა ხელისუფლებას, შერიგებით და მორიგებით, “არ იკლებს არაფერს”, მაგრამ “დღიური წესრიგის” ამოსაწურავად ყოველ შემთხვევისათვის მაინც გააჩერებს მოსახვევში თავისიანს, ჰკითხავს “თუ რა ისმის”, და დამშვიდებული სინდისით წავა შინისაკენ.

თქვენ იცით, ასეთი ხალხი და ამგვარი “ტიპები” ყველაზე მეტს გვიყვიროდნენ ჩვენ და წრიპინებდნენ ჩვენს ბოლშევიკობასა და კომუნისტობაზე (რამაც სტამბოლამდე და პარიზამდეც კი ჩააღწია).

ეს ქართულითილისმობაა”, ეს ყოველთვის ქართული ჩვეულება იყო და, თუ ეხლაც ჩვენში ეროვნული მორალი და კეთილშობილება ამ ხაზით უნდა წავიდეს, დეე ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ხეირი ანახოთ. მე ამ გზით ვერ ვიარ.

დღევანდელ ხანაში ეს უსინდისო, სპეკულანტური, გაიძვერული ფსიხოლოგია, რომელიც წაღმაუკუღმაეტორღიალებასაქართველოს სხეულს, განსაკუთრებით ძლიერია.

ასეა აქაც.

და როცა ფიქრობ ასეთ ფიქრებს, როცა თვალწინ გიდგება ასეთი ხალხი და საქართველო, მე ვერ ვპოულობ ვერც ერთ სახეს, რომელიც ღირსი იყოს საქართველოსი და მინდა ვიყვირო:

“Тъфу, сволочи!”

თქვენ იცით ეს თავდასხმა ჩვენზე, რომელიც, ალბათ, გაგრძელდება, რომ ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო, რომ არ ვართ პატრიოტები. ამას ყრანტალობს ხოლმე ერთიანად როგორც ვინმე ფილისტერი, ისე “პატრიოტი”, უკმაყოფილო და გულმოსული იმით, რომ ჩვენ არ დავდივართ ქუჩა-ქუჩა და სიმონა ჯღამაძესავით არ ვყვირით “მზეო, ამოდი, ამოდი”-ს.

გამიგრძელდა ამაზე წერა, მაგრამ აქეთ წამომიყვანა სიტყვებმა, საცა გავჩერდი ჩვენს შემოქმედებაზე, ჩემს იჭვზე და საქართველოზე და განვაგრძობ.

დიახ, მე ვამბობ, რომ ჩვენმა ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, რომ მასშია დიდი გრძნობა პოეზიის გაგებისა და ათვისებისა, ვერ აიმაღლა თავი შემოქმედებაში იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო თვითეული ჩვენი ამხანაგის პოტენციის მიხედვით. ამას ვუწოდე მე ჩვენი კრიზისი და არა თავის გასამართლებლად ვახსენე მე საქართველო და მისი სიმშრალე.

ჩვენი მტრები იტყვიან, რომ ჩვენ “ამოვიწურეთ”, ან რომ ჩვენ ვართ ზარმაცები, ან კიდევ სხვა რამეს. მაგრამ ეს არ მიმაჩნია საყურადღებოდ და ამაზე არ გავჩერდები.

ჩემი ფიქრები ებჯინება საქართველოს და იგრიხება ასე:

ჩემ წინ სდგას კითხვა: კითხვადედაშვილობისდა ვკითხულობ: სამშობლო პოეტისათვის (ხელოვანისათვის), თუ პოეტი სამშობლოსათვის?

საზრდოობა სამშობლოსაგან თურჩენასამშობლოსი?

იმ სახით, როგორც მე ამას ვკითხულობ, ეხლა ევროპაში ეს საკითხი არ დაისმის. შეიძლება რუსეთში დაისვას ეს კითხვა.

ეს იქ მართლაც არის, მაგრამ განსაკუთრებით კი ეს ჩვენი ქართული საკითხია.

და მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ “სამშობლო _ პოეტისათვის” (ხელოვანისათვის), ე. ი. რომ სამშობლოში (არა მარტო ზოოლოგიურ ცნებებსა და ეტნოგრაფიულ ფერებში) უნდა არსებობდეს ის ენერგია, ის სხვადასხვაობა, რომელიც ბადებს დიდ შემოქმედებას. სამშობლოში უნდა იყოს სტიქია, ატმოსფერო, ნოყიერება, რომელიც აღმოაცენებს შემოქმედებას.

სწორედ აქ მეეჭვება მე საქართველო. აქ მეჩვენება მე ის იმგვარ ქალად, რომელსაც, სოფელში რომ იტყვიან, “უშვილობის წამალი აქვს დალეული”.

ბოლოს და ბოლოს, ეს სიტყვა უნდა ითქვას და მისი არ უნდა გვეშინოდეს. თუმცა დღეს გახარებულ ქართულ ატმოსფეროში ძნელია ამის თქმა…

აქ გვეტყვიან, რომ შეიძლება ეს არის თვითმკვლელობა ჩვენი და მოიყვანენ ძველ ჩექმასავით გაცვეთილ მაგალითს იმ შტოს გადაჭრის შესახებ, რომელზედაც კაცი ზის. რა გაეწყობა!

და მე ვფიქრობ: დიახ, ჩვენ და დღევანდელი საქართველო (და შეიძლება საქართველო საზოგადოდ) ვართ ორი ანდროგინი და ჩვენგან არ შეიქმნის შთამომავლობა. და თუ საქართველოს წარმოვიდგენთ სულიწმინდის მიერ დაორსულებულ არსებად, რომელსაც “ბებია” სჭირდება, რათა მიიღოს ხელთ “ნაყოფი მუცლის მისისა”, მაშინაც ჩვენ ვერ გამოვდგებით ასეთ ბებიად, ვინაიდან ნაყოფი იგი არ არის და არც იქნება გამართლება ჩვენი წარმოდგენის, ჩვენი სურვილების, ჩვენი შეგნებისა და იმ დიდი სიყვარულის, რომლითაც გვიყვარს საქართველო.

ალ. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა, ნ. მიწიშვილი, მ. ორხელაშვილი, მ. გორკი, ს. თოდრია, შ. რადიანი, გ. რუხაძე; დგანან: პ. კეშელავა, კ. კალაძე, ვ. ასირბეკოვი, მიხეილ ჯავახიშვილი
ალ. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა, ნ. მიწიშვილი, მ. ორხელაშვილი, მ. გორკი, ს. თოდრია, შ. რადიანი, გ. რუხაძე; დგანან: პ. კეშელავა, კ. კალაძე, ვ. ასირბეკოვი, მიხეილ ჯავახიშვილი

ჩვენი მოწინააღმდეგები აქ ახსენებენ სხვა სახელებს ჩვენს გარშემო, იტყვიან, რომ ეს მარტო ჩვენა ვართ უვარგისი, რომ არიან სხვებიც. კი, ბატონო.

_ რაა? ვინაა?

აქ იტყვიან, რომ პოეტი, მაგალითად, “დახეული დროშის” ლექსით სამშობლოს ემსახურება. როგორ? განა მასზე ნაკლებად ემსახურება სამშობლოს უცხო ვინმე რუსთაველის პროსპექტიდან, რომელიც “ანტანტის ფლოტის” შესახებ გავრცელებული ჭორებით ნაკლებ კი არა, უფრო მეტად აღელვებს “პატრიოტების” გულსა და “ემსახურება” ქვეყანას?! ეს მეჭორე და ეს პოეტი ერთნაირად ღელდებიან და აღელვებენ, მაგრამ რა შუაშია აქ პოეზია?

ესაა, ჩემი ფიქრით, ის უკუღმართი მოვლენა, რომელზედაც ზევით ვლაპარაკობდი, როცა სამშობლო არ აძლევს პოეტს რასმეს და, პირიქით, პოეტი ცდილობს, მისცეს მას.

პოეზიაში და, საზოგადოდ, ეს დამარცხების ამბავია, და ჩვენ ვიცით, რომ ეს სიყალბეა, გაუგებრობაა და მართლა სირცხვილი იმ პოეტს, რომელსაც შეეხარბება ასეთ გაუგებრობაზე აშენებული ძეგლი.

ჩვენში დღეს ვერც ერთ პოეტზე “კვანჭს ვერ მოკიდებ” და ვერ ნახავ მასში ვერც პოეზიას და ვერც საქართველოს.

ასეთი ყუმი და უმია ჩვენი პროზაც. აძიგძიგებული, როგორც ციებიანი ქათამი სამეგრელოში.

მე მეშინია ამაზე ფიქრი.

კი, ბატონო, ჩვენ ვიყვეთ დეგენერატები; დეე, საქართველო არ გვიყვარდეს; დეე, ჩვენ გაგვრიყოს საქართველომ და ეთაყვანოს თუნდაც რწყილს. კი, მაგრამ სხვები სადაა? სხვებს რაღა დაემართა? რომ არც სხვა სჩანს?

და შემდეგ. ჩვენთვის, ჩვენნაირად ხომ გვიყვარს საქართველო, ხომ გვინდა ის ჩვენი საქართველო, რომელიც ჩვენს ოცნებაში ზის, მუდამ ვეალერსებით და სხვანაირია. რომ არც ამ საქართველოზე გვაქვს ჩვენ კონკრეტული წარმოდგენა?

ჩვენს ოცნებას საქართველოზე ელაპარაკება მხოლოდ ჩვენი გული და სიყვარული, ჩვენი სურვილი, მაგრამ არის სურვილი, ნდობა და არ არის რეალობა…

ჩვენ საქართველოს მზე არ გაგვანათებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ის ვერც სხვამ ნახა და, თუ მარტო ჩოხა-ახალუხია საქართველო, უტიეთ მას, წამოდით აქეთ, დავიკარგოთ, წყალში გადავვარდეთ!

ჩვენ, ამხანაგებო, დიდი დეფექტები გვაქვს, მაგრამ ერთი ცხადია, რომ პოეზია უსათუოდ გვესმის, ვგრძნობთ მას სხვაზე მეტად. ამას მიმტკიცებს მე მთელი ის თანამედროვე ლიტერატურა, რომელშიაც ვბუნაგობ აქ და სწორედ ამიტომ ჩვენ ყველაზე ადრე უნდა მივსულიყავით საქართველოს მიგნებამდე.

ეს ჩვენ ვერ ვქენით, ვერ შევძელით. აქაა ჩვენი საფრთხე და ჩვენი უბედურება. ამის მეშინია მე და აი, რატომ:

როგორი ინტერნაციონალურიც არ უნდა იყოს პოეზია და ხელოვნება, ის, ჩემის ფიქრით, მაინც ატარებს ეროვნულ სახეს. თვით ვერლენი, რომელსაც ნაკლებად ახსენდება სამშობლო და რომელიც ამბობს: “ß პთვნრლუშენ კ ყულტქე ნთპრლთ”-ო (ჯერ კიდევ ვერ მომყავს ფრანგული ციტატები), ეროვნული მოვლენაა, შექსპირიც, დანტეც. ეროვნულია “ომი და ზავი”, “ჟან კრისტოფი” (რომელიც მხოლოდ ეხლა გადავიკითხე), მაგრამ ამ ერის და ეროვნების სახე იმდენად ძლიერია შემოქმედში, რომ მას სრულიად არ სჭირდება ლაპარაკი: “გაუმარჯოს საფრანგეთსო!” და სხვა. ამას ყვირის თითეული სტრიქონი ყოველი ავტორისა. ეს წვრილმანი არ სჭირდება ავტორს, რადგან მის ერს იმდენი ქონი აქვს, იმდენი სხვადასხვაობააა მასში, იმდენათ თვალსაჩინოა და გრანდიოზულია ის, როგორც ერი, რომ რაც უნდა არაეროვნული ხასიათის იყოს ნაწარმოები, მისი ქვეყანა მაინც შიგაა. ის ყვირის და იძახის.

ამის წინათ აქ იყო კლოდ ფარერი, რომელსაც სტამბოლმა დიდი ზეიმი გაუმართა. ოსმალეთს ეძახიან “პიერ ლოტისა და ფარერის ქვეყანას” _ სულ ამ თათრებზე სწერენ, მაგრამ ისინი მაინც საფრანგეთის ლიტერატურაში არიან, საფრანგეთის ხალხი არიან.

აიღეთ რუსეთი. რუსის ხელოვნებამ მთელი ევროპა დაიპყრო, არსად იმდენი ხალხი არ დადის, როგორც რუსების გამოფენაზე პარიზში. არც ერთი ლიტერატურა ისე არ აინტერესებთ, როგორც რუსული. პირდაპირ შურით ივსები, როცა ხედავ წიგნის მაღაზიებს ავსებულს მერეჟკოვსკით, ბუნინით, დოსტოევსკით და სხვ. ფრანგულ ენაზე. სუდეიკინი ვერ აუდის თეატრების შეკვეთებს და მისი სურათები მიაქვთ ამერიკაში. ერენბურგი გამოდის რუსულად, ფრანგულად, გერმანულად. ესენინი და კლიუევი ყვირიან ბარბიუსის “კლარტე”-ში. ბევრი ჩვენი ნაცნობი რუსი მწერალი იბეჭდება თითქმის ყოველთვიურ “მერკურ დე ფრანს”-ში და სხვ.

რა არის ეს?

ეს არის რუსეთი, რომელიც ნახა რუსის შემოქმედმა. ესაა რუსეთი, რომელიც მონახეს კირეევსკებმა და აქსაკოვმა; რომელიც აკურთხა “რაინდმა ბერმა” სოლოვიოვმა, რომელსაც მიახეთქა თავისი გამსკდარი თავი ჩადაევმა; რომელზედაც სტიროდა გერცენი _ ეს ბაყბაყ-დევი რევოლუციის პათოსისა; რომელმაც დაარწმუნა ბელი თავის მესსიანობაში და სხვა და სხვა. ეს რუსეთი აყვირებს და ასაზრდოებს თავის პოეტებს, შემოქმედებს…

აქ არის ხაზიც _ ძიებისა და განდგომისა, ტირილისა და ძაგვის, მაგრამ ტირის პოეტი, რომელსაც აწევს რაღაც გრანდიოზული, რომელსაც ახრჩობს თავისი ქვეყნის სიდიდე, სხვანაირობა, საკვირველობა, თავისი სამშობლოს ღმერთი.

მოიგონეთ დოსტოევსკის მსჯელობა ერებზე და სახელმწიფოებზე: ხომ არარაა ის ერი, რომელსაც არა ყავს და არა სწამს საკუთარი, თავისი ღმერთიო.

ეს ღმერთი ყველას ყავს, მართლა. ეს ღმერთი ყავს საფრანგეთს, რომელიც კურთხევადა სდგას მარნაზე და ელენეს კუნძულზე, ბასტილიაზე და მარსელიეზაში; ეს ღმერთი ყავს გერმანეთს (და მარტო ამ ღმერთს ეხებოდა ის შტამპი, რომელიც დაკრული ქონდა სამხედრო საგნებს ომის დროს _ “ღმერთო, დასაჯე ინგლისიო”); ინგლისს, რომლის ღმერთი ვენერასავით ამოდის ზღვიდან, შემდეგ იქცევა ოფელიად, რომ გაცოცხლდეს ინდოეთში…

ჩვენ ყველა ვხედავთ სკვითების ღმერთს…

და ასე ყველგან.

სხვებსაც ყავთ და თუ არ ყავთ, შედიან სხვის საყდარში. ეს ღმერთები აკურთხებენ მათ პოეზიას, მათ ხელოვნებას, ასუქებენ და ანავარდებენ მას.

და ჩვენც, თუ გავშლით ფრთებს, გავშლით, როგორც ეროვნული მოვლენა, თუ გავალთ ევროპაში, გავალთ, როგორც და მარტო ქართველები, რომელნიც გავიტანთ და გამოვაჩენთ საქართველოს სახებას.

და როცა კვლავ ვუბრუნდები საქართველოს, მე მას ვერ ვხედავ, ვერ ვნახულობ და მეშინია; ნუთუ საქართველო მარტო ეთნოგრაფიული მოვლენაა, თანდათან გადაგვარებაში გადასული?

როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას, იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი… არის რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართულის იდეისა მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში.

იქნება საქართველო წარსულში გაამართლოს ჯვარმა, რომლისთვისაც ის იგლიჯებოდა ყოველი მხრიდან. მაგრამ ჯვარისაგან ხომ კურთხევა უნდა გამოდიოდეს და სადაა ეს კურთხევა? ნუთუ ჩვენი აწიოკებული ისტორია კურთხევაა? ნუთუ ორიათასი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ძალამ ვერ შვა მოვლენა, რომელიც გამოირკვევდა საქართველოს, როგორც მოწოდებას, საკუთარის აზრით და დანიშნულებით? ნუთუ საბოლოოდ და სამუდამოთ მოკლებულია საქართველო იმ “ნათლის სვეტს”, რომელიც წინ მიუძღვის ყოველს ხალხს ახალი სიტყვისა და შემოქმედებისაკენ?

ორიათასი წლის განმავლობაში მე ვერ ვხედავ ამას და მეეჭვება თვით რუსთაველიც: თუ ის ჩვენი ცხოვრებისაგანაა _ უსათუოდ გაუგებრობაა ის; თუ არადა, ან რუსთაველი არაა ქართველი, ანდა მისი პოემა ადვილად ნაშოვნია სადმე.

მე ვიბნევი და მეშინია ასეთი კითხვების; მაწუხებს ეს აქ, ისე როგორც არასოდეს და ირყევა ჩემი სიმტკიცე და გული.

მე არ მინდა, უარვყო საქართველო წარსულში და მომავალში. მაგრამ ესე ხდება ეს. თუ ერის სახე იხატება მის შემოქმედებაში, საქართველოს სახე დღეს განსაკუთრებით ძნელი სანახავია, ხოლო ჩვენს შემდეგ რა მოდის ხელოვნებაში და პოეზიაში, ეს თქვენ იცით. ეს საუკუნე ვერ მისცემს საქართველოს ვერც ერთ პოეტს, ვერც ერთ ჭეშმარიტ მწერალს…

შეიძლება ვერც ჩვენ ავიმაღლოთ ხმა, როგორც შემოქმედმა. შეიძლება ჩვენც ჩაგვყლაპოს იმ არარაობამ, რომელიც სვამს საქართველოს ბედს, მის სულსა და სისხლს საუკუნეთა განმავლობაში.

მე მგონია, რომ ყველა ჩვენგანი ამას ვგრძნობთ.

ჩვენ რომ ვეძებდეთ დაფასებას დღევანდელს, სახელს იაფს _ ამას ყოველი ჩვენგანი შეძლებდა. ეს ადვილია, მაგრამ ეს იქნება ღალატი სინდისისა და პოეზიისა. და ის, რაც მარადიულია ყველგან, რასაც უხვად აძლევს სხვა ხელოვნებას სხვა სამშობლოები, ჩვენ საქართველოში მას ვერ ვხედავთ და ვვარდებით სკეპტიციზმში, რომელიც, ალბათ, მიგვიყვანს ცინიზმამდე.

სადაც არ უნდა წავიდეთ, ამ მიზეზის გამო ჩვენ თავს მაღლა ვერ ავწევთ და ვერც ერთ ჩვენთაგანში დღეს ვერ ალაპარაკდება საქართველო ისე, როგორც ალაპარაკდა იტალია მარინეტის ინტერნაციონალურ მანიფესტებში.

ისეთი ინტერნაციონალური მოვლენა, როგორიცაა რევოლუცია, უაღრესად ეროვნულ სახეს ამოისვრის ხოლმე პოეტში. საუკეთესო პოეტები რუსეთის რევოლუციისა, რომელიც იშვენ რევოლუციით და მესამე ინტერნაციონალის ვარსკვლავსაც უგალობენ, ყველაზე მეტად ეროვნული არიან.

მაიაკოვსკი. ესენინი. კლიუევი.

ტატლინის ძეგლი მესამე ინტერნაციონალისათვის ეროვნული პოტენციის შედეგია, რომელიც გააქანა, აამოძრავა და გამოაჩინა რევოლუციამ.

დროა გავათავო წერილი!

ჩვენი გემი, რომელზედაც მე ვცხოვრობ, დგას “ოქროს რქაზე”. ღამეა და ამ სიწყნარეში უკვე მესამედ ყივის თათრის მამალი ნაპირიდან.

მეც დავიღალე.

სტამბოლი ხომ ისტორიული პუნქტია, სადაც სტიროდნენ ქართველები. ეს წყლები “ბაბილონის მდინარეებია” და იქნებ ოდესმე ქართველი პოეტიც დასტიროდა აქ თავის ბედს და სამშობლოს ისე, როგორც მე. იქნებ ისიც ეძებდა საკუთარ ვარსკვლავს ამ მინარეთების წვეტიან თავებში და ეს მთვარიანი მინარეთები მასაც უფარავდნენ სამშობლოს სახეს ისე, როგორც ჩემთვისაა ის დაფარული და მიუგნებელი…

ვინ იცის.

ვიჩქარი დასკვნებს. მეშინია ამ “ერესი”-ს, მაგრამ ესაა და რა ვქნა.

საქართველო პასიური მოვლენაა.

მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მისი გარეშე მყოფ მოვლენისაგან (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ).

საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე, შემოქმედების გენიასაც.

მოკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო გამართლებას, საკუთარ რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს.

ამითაა, რომ მშრალია და ფუყე საქართველო. აქედანაა მისი “უშვილოსნობა” თუ ბერწობა.

ამის შედეგია, ჩემის ფიქრით, სიმჩატე ქართველი არსებისა, ქართული ჭკუისა, განწირვა ქართული ხელოვნების, პოეზიის.

მე მგონია, ესაა მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეოა, რომ ქართული ბედი სწყდება და ტყდება ყოველთვის შუა გზაზე, დაუმთავრებელი, მიუღწეველი”…

ნიკოლო მიწიშვილი,

1926 წელი

* * *

სტატიასფიქრები საქართველოზეგამოქვეყნებისთანავე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. პოლემიკა 70 წლის შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც წერილი ხელახლა დაიბეჭდა, და დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ზოგისთვის ეს ტექსტიუმწეო ნიჰილიზმიდაპესიმისტური გოდებაიყო, სხვებისთვის კი _ “ქართული პარადოქსიანსერიოზული საფიქრალი” _ ქართული ხასიათის, კულტურის, ქართველი ხალხის ისტორიისა და თანამედროვეობის მძაფრი კრიტიკული შეფასება, ილია ჭავჭავაძისბედნიერი ერისყაიდისა.

ფაქტი ის არის, რომ ამ წერილს მოჰყვა ერის ხასიათზე, ქართული კულტურის თავისებურებებზე, მის ღირსებანაკლოვანებებზე ჩინებული სტატიები ქართველ მწერალთა და მოაზროვნეთა. ნიკოლო მიწიშვილმა და მისმა ოპონენტებმა გაამდიდრეს ქართული პუბლიცისტური აზრი, ღრმად დააფიქრეს ქართველი კაცი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.

P.S. მიწიშვილმა პარიზში ჩამოაყალიბაქართველ ხელოვანთა კავშირიდა თანამშრომლობდა გრ. ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთახალ საქართველოსთან”.

საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ნიკოლო აქტიურად ჩაება იმდროინდელ ლიტერატურულსაზოგადოებრივ მოღვაწეობაში. რედაქტორობდა ჟურნალქართულ მწერლობას”, სხვებთან ერთად დააფუძნა ლიტფონდი, ხელმძღვანელობდა სახელგამს.

როგორც მისი თანამედროვეები იხსენებენ, ნიკოლოს ჰქონდა დიდი ორგანიზატორული და პრაქტიკული მოღვაწეობის უნარი და ნიჭი. იყო თავისი საქმის მცოდნე გამომცემელი. საგამომცემლო საქმიანობისთვის გუნდში შემოიკრიბა საუკეთესო მხატვრები, მწერლები, სტილისტები, კორექტორები. მისი ინიციატივით შეიქმნა სახელგამთან არსებული სემინარი სტილისტებისთვის, რედაქტორებისა და კორექტორებისთვის, სადაც ლექციებს კითხულობდნენ არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია და სხვები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმდროინდელი ქართული გამომცემლობების და, შეიძლება ითქვას, წიგნიერების განვითარების საქმეში.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here