იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა “კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაში წვლილის შეტანისა და აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერისთვის”. იუწყება “დოიჩე ველე” იაპონურ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, 15 თებერვალს ამერიკის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიიღო სინძო აბეს ხუთგვერდიანი წერილის “უმშვენიერესი ასლი”, რომელშიც მისი ნომინირების შესახებ არის საუბარი. სააგენტო “როიტერს” თეთრ სახლში ინფორმაცია არ დაუდასტურეს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ტრამპის განცხადების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. თუმცა, თავს იკავებენ კომენტარისგან.
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების იმედი არ აქვს. “რაც შემეხება მე, ალბათ, არასოდეს მივიღებ ნობელის პრემიას, მაგრამ ეს არაფერი. მათ ეს პრემია მისცეს ბარაქ ობამას, რომელმაც არც კი იცოდა, რისთვის”, _ აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.