Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპი კორეულ ხაფანგში

დონალდ ტრამპი კორეულ ხაფანგში

1040
დონალდ ტრამპი

სიტუაცია ჩრდილოეთ კორეის გარშემო კვლავინდებურად დაძაბულია. ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ გააგრძელებს ბირთვული შეიარაღებისა და ახალი რაკეტების გამოცდას, ანუ გააკეთებს სწორედ იმას, რის გამოც ვაშინგტონი იერიშით ემუქრება. ყველაზე საგანგაშო ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ ორივე მხარე საკუთარი პიარის ტყვეობაში მოექცა.

ვაშინგტონი მოწადინებულია, დაბლოკოს ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი რაკეტის შექმნა, რომელიც ბირთვულ ქობინს აშშ-ის ტერიტორიამდე მიიტანს. მართალია, იმის ალბათობა, რომ ერთი ან რამდენიმე ახალი რაკეტა დანიშნულების ადგილამდე ჩააღწევს, ძალზე მცირეა, თუმცა ამერიკელებს არ სურთ, თეორიული შანსის არსებობაც კი დაუშვან.

კრიზისი რეგიონში, ომზე რომ არაფერი ვთქვათ, ნეგატიურ გავლენას ახდენს სამი ეკონომიკური გიგანტის – ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ეკონომიკაზე და ამით ირიბად ეხმარება დონალდ ტრამპს, მისი პროგრამის რეალიზება მოახდინოს და “ამერიკა დიადი გახადოს”. ეს “წაუგებელი თამაში” იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება _ ორივე მხარის ლიდერს სივრცე მანევრისთვის შეზღუდული აქვს, შესაბამისად, ომის ალბათობა ახლა გაცილებით დიდია, ვიდრე წინა წლებში იყო.

კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის ტაქტიკა მნიშვნელოვანწილად ბლეფს ეფუძნება, ხოლო მცირე უკანდახევაც კი ორივესთვის მარცხის ტოლფასია. 15 აპრილს დაძაბულობა მას შემდეგ განიმუხტა, რაც კორეული რაკეტა გამოცდის დროს აფეთქდა (ან თვინ კორელებმა ააფეთქეს). ამგვარად, გამოცდა, ერთი მხრივ, ნამდვილად ჩატარდა, მაგრამ, ამავე დროს, ჩაიშალა – ტრამპიც და კიმ ჩენ ინიც მოსახლეობის თვალში დამარცხებულად არ წარმოჩინდნენ. თუმცა ეს პიარ-თამაშები არ აუქმებს მთავარ პრობლემას _ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები გრძელდება, ხოლო ვაშინგტონს მათი შეჩერება სურს.

პრობლემის გადაწყვეტა კიმ ჩენ ინის მთავარ პარტნიორს, ჩინეთს, შეუძლია, თუ დახმარებას მკვეთრად შეუზღუდავს, მაგრამ ოფიციალური პეკინი ცალსახა პოზიციის გამოხატვას ჯერჯერობით თავს არიდებს, შესაძლოა, იმიტომ, რომ არ სურს, ამერიკელებს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

მართალია, ორი ექსცენტრიული ლიდერის უკან, მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები და გენერლები დგანან, თუმცა იმის ალბათობა, რომ სწრაფი ესკალაცია, მსგავსი იმისა, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში ვიხილეთ, განმეორდება, საკმაოდ დიდია. ამერიკელებმა შეიძლება მართლაც მიიტანონ მასირებული სარაკეტო და საავიაციო იერიში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის საკვანძო ობიექტებზე, აეროდრომებსა და იმ ბაზებზე, რომლებზეც კონცენტრირებულია სარაკეტო დანადგარები. ექსპერტების ვარაუდით, საუბარი შეიძლება 500-დან 1500-მდე სამიზნეს ეხებოდეს (მაქსიმუმი ერთი დარტყმისთვის), მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ერთი ან რამდენიმე ასეთი იერიში ჩრდილოეთ კორეის შეტევით პოტენციალს ვერ გაანადგურებს.

კიმ ჩენ ინის მოკავშირე გეოგრაფიაა _ სამხრეთ კორეის დედაქალაქი საზღვართან ახლოს მდებარეობს, მას ჩრდილოკორეელთა როგორც რეაქტიული, ისე “ჩვეულებრივი” არტილერია “წვდება”. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიის შეიარაღება მოძველებულია, მან იმდენი საარტილერიო დანადგარი დააგროვა, რომ კონფლიქტის პირველ დღეებში მოწინააღმდეგე, ჰაერში სრული უპირატესობის მიუხედავად, მათ ნეიტრალიზებას ვერ შეძლებს. სეულსა და სეულის აგლომერაციაში 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აშკარაა, რომ მსოფლიო ისტორიაში საარტილერიო ცეცხლის უპრეცედენტო მასირება ამ ტერიტორიას სრულ ჯოჯოხეთად გადააქცევს და, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარედება მოვლენები შემდეგ, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა სამხრეთ კორეის ეკონომიკისთვის. ამასთანავე, ჩრდილოკორეელები, სავარაუდოდ, სარაკეტო იერიშებს მოწინააღმდეგის საავიაციო ბაზებზე მიიტანენ და ხმელეთზე იერიშზე გადავლენ.

ბირთვული შეიარაღების გამოყენების სცენარი რომც არ განვიხილოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიაში მილიონი სამხედროა, რეზერვში კიდევ _ 4 მილიონი, ქვეყნის ძალთა სრული დაძაბვა 8 მილიონამდე ადამიანის მობილიზებას გულისხმობს. ამ უზარმაზარი ტალღის შეჩერება სრულმასშტაბიანი ომის პირველსავე დღეებში ამერიკელ სამხედროებს არარეალისტურად მიაჩნიათ. ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში აშშ-სამხრეთ კორეის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჰერი ლაკმა წარმოადგინა გეგმა (მისი ძირითადი იდეები დღესაც ძალაშია), რომლის თანახმად მოკავშირეები შეაკავებენ ჩრდილოელებს მანამ, სანამ აშშ-დან დამატებითი ძალების გადასროლა არ მოხდება. ლაკი არ აპირებდა ჩრდილოეთის უზარმაზარ არმიასთან პოზიციურ ბრძოლებში ჩაბმას და ნებისმიერ ფასად ფრონტის ხაზის შენარჩუნებას, ის ტერიტორიების ნაწილის დათმობასა და მანევრული ომის წარმოებას ფიქრობდა. გეგმა სამხრეთკორეელი გენერლების წინააღმდეგობას წააწყდა, რადგან ისინი დიდ იმედებს ამყარებდნენ თავდაცვით ზრუდეებზე და ჩრდილოელების ქვეყნის შუაგულში შეშვებას არ აპირებდნენ, რადგან ეს ეკონომიკის განადგურებას გამოიწვევდა. ამერიკული ჯარების მინიმალური რაოდენობა, რომელიც მოკავშირეებს ლაკის გეგმის თანახმად სჭირდებოდათ, რათა ომში გარდატეხა შეეტანათ, 6 დივიზია იყო.

აშშისმძიმე” (სატანკო ან მექანიზირებული) დივიზია გეგმის დამტკიცების პერიოდში 16 ათას სამხედროს ითვლიდა. ამასთანავე, 500-მდეაბრამსსადაბრედლის”, მძიმე საინჟინრო ტექნიკის 36 ერთეულს, 54 155 მმ თვითმავალ ჰაუბიცას, 72 თვითმავალ ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო კომპლექსს, 50 საბრძოლო ვერთმფრენს, 12 ზალპური ცეცხლის რეატიულ სისტემას, აგრეთვე, უამრავ სხვა აღჭურვილობას. გავამრავლოთ ყოველივე ეს ექვსზე და ვნახავთ, რომ ასეთი დიდი ძალების გადასროლა საჰაერო ტრანსპორტით გონივრულ ვადებში შეუძლებელია. იგულისხმებოდა, რომ ამ ძალების გაგზავნა კორეაში ზღვით მოხდებოდა, ხოლო სატრანსპორტო ავიაციას “მსუბუქი” ბრიგადების გადასროლისთვის გამოიყენებდნენ (3,6 ათასი სამხედრო, 380 “სტრაიკერი” და 12 ბუქსირებადი ჰაუბიცა). ისინი ომის საწყის ეტაპზე მობილური რეზერვის როლს შეასრულებენ, სანამ ძირითადი ძალები კორეაში ზღვით ჩააღწევენ.

ამერიკელები ლოჯისტიკაში, ტრადიციულად, ძლიერები არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აშშ-დან აზიაში ზღვით ერთი “მძიმე” დივიზიის გადასროლას (თავისი მოსამზადებელი პერიოდითა და ჩატვირთვა-გადმოტვირთვით) 1 თვე სჭირდება. გემების უზარმაზარი მასა სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის, მათთვის აუცილებელი საწვავისა და მასალების გადაზიდვას დაიწყებს. ექსპერტების ვარაუდით, ჩრდილოკორეელთა სუბმარინები (თუ აშშ-ის ავიამზიდ დაჯგუფებებზე სუიციდურ იერიშებს არ მიიტანენ) ომის პირველი თვის განმავლობაში სავაჭრო ტონაჟის 500 ათას ტონას ჩაძირავენ და ამდენივეს _ მომდევნო ორ თვეში. მათი მთავარი პრობლემა ბაზებიდან შეუფერხებელი გასვლა და დაბრუნება იქნება, რადგან ჩრდილოეთ კორეას, დიდი ალბათობით, სრულ საზღვაო ბლოკადაში მოაქცევენ. მესამე თვის მიწურულს, ექსპერტების გათვლებით, ამერიკელები მოახერხებენ საკმარისი ძალების კონცენტრირებას, ხოლო ჩრდილოეთ კორეაზე ბლოკადითა და დაბომბვებით გამოწვეული საწვავის ნაკლებობა და სხვა დანაკარგები აისახება.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ყოველთვის აცნობიერებდა, რომ მოწინააღმდეგეს ჰაერში სრული უპირატესობა ექნება და 50-იან წლებში, ომის დასრულებისთანავე, საფორტიფიკაციო ნაგებობების, ბუნკერებისა და სპეციალური გვირაბების მშენებლობის პროგრამის რელიზებას შეუდგა. ათეულობით მეტრის სიღრმეზე გაიჭრა უამრავი გვირაბი, საკმარისად ფართო იმისთვის, რომ მათი მეშვეობით მსხვილი ქვედანაყოფები და ჯავშანტექნიკა გაადგილდებოდეს. სამოცწლიანი მუშაობის შედეგად ჩრდილოეთ კორეაში ასეთი მიწისქვეშა ობიექტების უზარმაზარი ქსელი შეიქმნა: 8236 მიწისქვეშა ობიექტი და გვირაბების 547 კილომეტრი (ეს რაც ცნობილია). გასასვლელები ამ გვირაბებიდან, ხშირ შემთხვევაში, მთიანი რელიეფის შუაგულში, ავიაციისთვის “მკვდარ ზონებში” მდებარეობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიწისქვეშა საცავებში 1,2 მილიონი ტონა სურსათი, 1,46 მილიონი ტონა საწვავი და 1,67 მილიონი ტონა ტყვიაწამალი ინახება. 180 ქარხნის საწარმო სიმძლავრეების ნაწილი ასევე მიწისქვეშ არის განლაგებული, მათ შორისაა 17 საარტილერიო, 5 სატანკო, 5 სარაკეტო ქარხანა. ექსპერტების შეფასებით, ამ ქარხნებს წელიწადში შეუძლიათ აწარმოონ 200 ათასი ავტომატი, 3000 ქვემეხი, 150 ტანკი, 400 ჯავშანტრანსპორტიორი (შეფასებები რაკეტებთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავდება).

ცხადია, რომ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, ეს ომი “იოლი გასეირნება” არ იქნება. ამერიკელი ექსპერტების ვარაუდით, აშშ-ს დასჭირდება რეგიონში 300-400 ათასი სამხედროს კონცენტრირება; ომის პირველ სამ თვეში დაიღუპება 52 ათასიდან 80 ათასამდე ამერიკელი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ორად გახლეჩილი ამერიკელი საზოგადოება მზადაა, ასეთი მსხვერპლი გაიღოს. ერთადერთი სცენარი, რომელიც ამის ალბათობას შეამცირებს, ჩრდილოკორეელი გენერლებისა და პოლიტიკოსების კიმ ჩენ ინის წინაააღმდეგ გაერთიანება და მისი გადაყენებაა, თუმცა ძნელი სათქმელია, იმუშავებს თუ არა მოსყიდვის ტაქტიკა კორეაში ისევე ეფექტურად, როგორც თავის დროზე ერაყსა და ლიბიაში.

დონალდ ტრამპი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია _ მას არ შეუძლია უკან დაიხიოს, ხოლო შემდგომი ესკალაცია ძალზე სარისკოა. პეკინს, მოსკოვსა და ტრამპის მოწინააღმდეგეებს ვაშინგტონში შეუძლიათ, ამ სიტუაციით ისარგებლონ. გელაპის გამოკითხვით, პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის პირველ 100 დღეს დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 41% აფასებს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 65 წლის განმავლობაში; კვინიპეკის უნივერსიტეტის მონაცემებით კი, დღეს მას მხარს ამომრჩეველთა 40% უჭერს. ეს აშკარად არ არის ის სიტუაცია, როდესაც აშშის პრეზიდენტს შეუძლია დაუფიქრებელი აგრესიული პოლიტიკა გაატაროს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here