Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპის მიერ გფბ-ის დირექტორის ჯეიმს კომის თანამდებობიდან გაათავისუფლების გამო ჯონ მაკკეინი...

დონალდ ტრამპის მიერ გფბ-ის დირექტორის ჯეიმს კომის თანამდებობიდან გაათავისუფლების გამო ჯონ მაკკეინი აღშფოთებას ვერ მალავს

960

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, დაუყოვნებლივ შეუდგებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე კანდიდატურის შერჩევას.


გადაწყვეტილება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ჯეიმს კომის კურიერმა გადასცა. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ხოლო მიზეზად ის იყო დასახელებული, რომ მან ვერ შეძლო გამოძიების ფედერალური ბიუროს ეფექტურად მართვა. აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს შეატყობინა, რომ მან აშშ-ის იუსტიციის მინისტრისგან და მისი პირველი მოადგილისგან ერთნაირი რეკომენდაცია მიიღო – ჯეიმს კომი თანამდებობიდან გასათავისუფლებელია.

„მე მივიღე მათი რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, თქვენ გათავისუფლებთ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შესრულებისგან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე სამჯერ შემატყობინეთ, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, მე ვეთანხმები იუსტიციის სამინისტროს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ეფექტურად უხელმძღვანელოთ გამოძიების ფედერალურ ბიუროს. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს გადატვირთვის დრო დადგა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს წესებისა და პრინციპების შესაბამისად მოქმედებს და ვინც სამაგალითოა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის“. – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ჯეიმს კომი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2013 წელს დაინიშნა.

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გადაყენებას გამოეხმაურა. მაკკეინის თქმით, აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს აშშ-ის კონგრესში სპეციალური კომიტეტის ჩამოყალიბების საჭიროებას, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი გამოიძიოს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს, მე შეწუხებული ვარ ამ გადაწყვეტილებით. ჯეიმს კომი ღირსეული ადამიანია, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროს ექსტრაორდინარულ პირობებში ხელმძღვანელობდა. მე დიდი ხანია მხარს ვუჭერ აშშ-ის კონგრესში სპეციალური კომიტეტის ჩამოყალიბებას, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევას გამოიძიებს. პრეზიდენტის დღვანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს ასეთი კომიტეტის შექმნის აუცილებლობას“. – ნათქვამია ჯონ მაკკეინის განცხადებაში.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here