ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული შიდასახელმწიფოებრივი დაძაბულობა იმ დონემდე მწვავდება, რომ დაპირისპირებამ შეიძლება შეიარაღებული აფეთქება გამოიწვიოს. დედამიწის გულში მიმდინარე დუღილს ჰგავს, რომელიც დროდადრო მიწისძვრას იწვევს და ვულკანურ ლავად გადმოიღვრება. მსოფლიოსთვის თავსმოხვეული მითი აშშ–ის დემოკრატიულობის, კანონიერების უზენაესობისა და სამართლიანობის შესახებ დაიმსხვრა და ისღა დარჩენიათ, რომ ეს ნაძრახი დასასრული ოფიციალურ ფორმალობად გააფორმონ.
ასე განსჯის კრიტიკულად განწყობილი ანალიტიკოსების არცთუ მცირე რაოდენობა, რადგან, მათი აზრით, ბაიდენის, ჰარისის, პილოსის, კლინტონის ჯგუფს სწორედ ასეთი პერსპექტივისკენ მიჰყავს შეერთებული შტატები; მიიჩნევენ, რომ იქაური დემოკრატია ურყევია და მათი ფასეულობები განხილვას არ ექვემდებარება. ხოლო ის კრიტიკოსები, რომლებიც ამ აქსიომას არ ეთანხმებიან, უნდა განიდევნონ ქვეყნიდან და მოისპონ ისევე, როგორც შუა საუკუნეებში დევნილი მწვალებლები.
კერპთაყვანისმცემლების დღეს გავრცელებული ვარიანტის პოზიციაა _ აშშ დემოკრატიის კერპია, ამ “ახალი რელიგიის” მიმდევარი წვრილფეხობა კი _ ალაგ–ალაგ ჩადგმული სააკაშვილის რეჟიმის მსგავსი შუქურები.
პოლიტმეტაფორა!
მაგრამ ისეთი გამოცდილი ანალიტიკოსისთვის, როგორიც ჩვენი მკითხველებისთვის კარგად ნაცნობი იაკობ კედმია, პრობლემა გაცილებით ღრმაა და სერიოზული. პერსონიფიცირება პრობლემის ჭეშმარიტ არსს ვერ აგვიხსნის.
ტრამპი აშშ–ის პრობლემა არ არის. ტრამპი მისი სიმპტომია, _ აცხადებს კედმი. ბაიდენი, პელოსი და მათი ამხანაგობაც არ არის აშშ–ის პრობლემა. ისინიც სიმპტომებია. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრობლემა არის ის სისტემა, რომელზეც იდგა აშშ და რომელიც ჩამონგრევისგან იცავდა მას, ამიტომ იყო, რომ ისეთმა ადამიანმა, როგორიც ტრამპია, შეძლო ხელისუფლების სათავეში მოსვლა _ ამერიკელების ნახევარმა ხმა მას მისცა.
დღეს ისეთი შემთხვევითი და ტირაჟიდან გასული მოღვაწეც კი, როგორიც ბაიდენია, თეთრ სახლში არის დამკვიდრებული. ეს იმავე მოვლენის შედეგია _ ამერიკული ცხოვრების წესისა და ხელისუფლების საფუძვლების მსხვრევის შედეგი. გაცხადდა, რომ ეს საძირკველი გაცილებით მყიფე და სუსტი ყოფილა, ვიდრე აქამდე საყოველთაოდ იყო აღიარებული.
ამჟამად ცდილობენ, დაამყარონ ქსელების ძალაუფლება, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ობობას მსოფლიო ქსელს, მაგრამ ქსელების ეს გიგანტი კომპანიები, რომლებიც თავიანთი მსხვერპლის სისხლსა სწოვენ, არ არიან სიცოცხლისუნარიანი, რადგან არ ძალუძთ ქვეყნის, ძალაუფლების, მსოფლიოს მართვა: ხელისუფლება და სახელმწიფო უძველესი, უმყარესი ცნებებია, ხოლო კლინტონი, ბუში, ტრამპი, ბაიდენი და სხვანი კერძო შემთხვევებია, ანუ, როგორც კედმი ამბობს, მხოლოდ სიმპტომები.
მრავალფეროვანი ამერიკა: ნაციზმისკენ გადახრის საშიშროება?
სენატორები (ერთ-ერთი ქალბატონი) ჰიტლერის ციტირებას არ ერიდებიან: “ჰიტლერი მართალი იყო, როცა აცხადებდა, რომ მომავალი მისია, ვისაც ახალგაზრდობა გაჰყვება”.
ბაიდენი აცხადებს: “დრეზდენი რომ დავბომბეთ, მაშინ იქ სულ 25 ათასი ადამიანი დაიღუპა. გებელსმა კი თქვა, 250 ათასიო”.
შვარცენეგერმა (კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა) კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობა შეადარა “ბროლის ღამეს”, როცა ნაცისტურ გერმანიაში 1938 წლის 10 ნოემბერს ებრაელთა მასობრივი “პოგრომი” გაიმართა.
ფაშისტური გამოცდილების დამოწმება, რომელიც თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში იყო კონცენტრირებული შტატების პოლიტიკურ ოლიმპზე, კედმის აზრით, შემთხვევითი არ არის და ამერიკის ფეხზე წამოყენების ახალი გზის პუნქტირით მონიშნული მიმართულების მაჩვენებელს ჰგავს.
ამ დასკვნას “აშშ-ის ახალი, პროგრესული, სუპერდემოკრატიული პრეზიდენტის” მიერ სამოქალაქო უფლებების დაცვის საკითხებში თანაშემწედ აფროამერიკელი ქალბატონის დანიშვნაც ადასტურებს.
“მან (ამ ქალბატონმა), მგონი, 1990-იან წლებში გამოაქვეყნა ნაშრომი, _ იხსენებს იაკობ კედმი, _ რომელშიც ასაბუთებდა (გენიალური მტკიცებაა!), რომ თურმე თეთრი რასის ადამიანებს აკლიათ გარკვეული ელემენტები და ამიტომ არ არიან სრულფასოვანნი და არ შეუძლიათ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, არ გააჩნიათ მართვის უნარი… და ამ დიდმოხელემ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები! ნაცისტური იდეის უფრო ზუსტი გამოხატვა ძნელი წარმოსადგენია!”
კედმი არ მალავს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრილი ნაცისტური იდეის თაყვანისმცემლების ფოტოების გამოქვეყნება კი არ არის მთავარი (მათ ეცვათ მაისურები წარწერით “ექვსი მილიონი საკმარისი არ არის!”), არამედ ის, რომ ამ მაისურებში გამოწყობილი ანტისემიტები თავისუფლად დადიოდნენ და დადიან შეერთებულ შტატებში, ნაცისტურ პარტიას იცავს ამერიკის კანონმდებლობა, ავრცელებს თავის პროპაგანდას. “ტრაგედია ის კი არ არის, რომ ისინი კაპიტოლიუმში მივიდნენ ტრამპის მხარდასაჭერად, არამედ ის, რომ ისინი არსებობენ შეერთებულ შტატებში”.
ამერიკის ელიტამ მოიხსნა ნიღაბი და თავისი ჭეშმარიტი სახე დაგვანახვა. კედმი გულწრფელად აღშფოთებულია იმით, რომ დღევანდელ შტატებში დაუფარავად მოუწოდებენ, გააგზავნონ ტრამპის მომხრეთა შვილები ხელახლა აღსაზრდელად საგანგებო ბანაკებში; მოითხოვენ, არ შეუშვან “ტრამპისტები” საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გაყარონ დასაქმების ადგილებიდან, დაბლოკონ მათი ანგარიშები, მოუსპონ არსებობის საშუალება. და ეს ყველაფერი განახორციელონ ცრულიბერალების აპლოდისმენტების ფონზე, როცა ადამიანებს ართმევენ სიტყვის უფლებას, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს სოცქსელების მავან მაგნატს ან მაგნატებს საერთოდ. ისინი ცდილობენ, ინფორმაციების ნაკადი თავიანთ გემოვნებასა და შეხედულებებს შეუფარდონ იმის მიუხედავად, რომ თავად მხოლოდ ტექნიკური საშუალებების მფლობელები არიან და არავის აღუჭურვავს ცნობების კოორდინირების უფლებით, უკანონოდ რომ აქვთ მითვისებული.
უზურპატორები!
ცენზურის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მაგრამ ხელისუფლება ამ ბიჭბუჭებს არათუ არ მოუწოდებს წესრიგის დაცვისკენ, არამედ აქეზებს!
რადგან სახელმწიფო მილიარდერების ამ ჯგუფის, ფაშიზმის ნიშნების მქონე ჩრდილოვანი ჰეგემონიის მორჩილებაში აღმოჩნდა.
იქნებ, ეს არის “ლიბერალურ-დემოკრატიული ფაშიზმი”?
კედმი დარწმუნებით აცხადებს, რომ აშშ–ში “კაპიტალი ყიდულობს ძალაუფლებას”, რომ, “თუ ამ თავგასულ ოლიგარქებს “ადგილზე არ მოსვამენ”, ისინი თავიანთ სახელმწიფოს სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებენ”.
დარჩება კი აშშ მსოფლიოს მმართველ ძალად?
ეს მნიშვნელოვანი საკითხი არც საქართველოსთვის არის მეორეხარისხოვანი, მით უფრო დღეს, როცა შტატებს მოვიხსენიებთ მხოლოდ, როგორც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და უპირველეს პარტნიორს, რომელზეც სისხლხორცეულად ვართ დამოკიდებული.
ფრიად საინტერესო და გასათვალისწინებელიც კი არის, მგონი, კედმის ობიექტური პოზიცია, რომელიც მან გამოთქვა “პლანეტა PTP”-ის პოლიტიკურ თოქშოუში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს:
_ ნებისმიერი ქვეყანა, _ აღნიშნა მან, _ რომელიც აშშ–ზე დამოკიდებული სახელმწიფოს როლში აღმოჩნდა, იძულებულია, დაფიქრდეს, რამდენად კონსტრუქციული იქნება ეს დამოკიდებულება და რამდენად უპასუხებს იგი მოცემული ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს იმ ვითარებაში, როცა შეერთებული შტატები ახალ განზომილებაში გადავა. იმის იმედად ყოფნა, რომ აშშ–ის მოქმედება ყოველთვის სასარგებლო იქნება, ვთქვათ, ისრაელისთვის, საუდის არაბეთისთვის, ტაივანისთვის, გერმანიისთვის, იქ, სადაც შეერთებული შტატების გავლენა ძალიან ძლიერი იყო, დღეს კი, როცა მისი ჰეგემონია და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი მსოფლიო ასპარეზზე წლიდან წლამდე მცირდება, ამ იმედით ცხოვრება უაზრობაა. ყველა სახელმწიფოს, მიუხედავად თავიანთი სიმპათიებისა, სურს თუ არა, მოუწევს, გადახედოს აშშ–თან ურთიერთობას.
საქართველოსაც მოუწევს, როგორც ჩანს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა.
ვნახოთ…
კიდევ ერთი საკითხი წამოიჭრა ტელეარხ “პლანეტა PTP”-ის თოქშოუში რამდენიმე ქვეყნის ჟურნალისტების ტრამპთან შეხვედრის მსვლელობისას: ენის სიწმინდის დაცვის საკითხი, რომელიც დღევანდელი ქართული მედიასივრცის პრობლემად ჩამოგვიყალიბდა.
კედმის შეუქეს რუსული ენის ფლობის მაღალი დონე. მან უპასუხა, რომ ეს მოსკოვის იმ სკოლის რუსული ენის პედაგოგის დამსახურებაა, რომელიც რუსულს ასწავლიდა. საბჭოთა კავშირში მასწავლებლები განსაკუთრებული პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი, განსხვავებით დღევანდელი უყურადღებობისგან. კედმის პედაგოგი იმდროინდელი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით იყო დაჯილდოვებული და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მასწავლებლის წოდება ჰქონდა მინიჭებული.
დღეს რა გვაქვს?
დღეს უწიგნური პოლიტლიდერებისგან, რომლებიც გრაალის დონემდე აღვაზევეთ, ქართული ენის სიწმინდის ეფექტიანი (და არა ეფექტური) დაცვა გვჭირდება, უწინარეს ყოვლისა (და არა პირველ რიგში).
ეს _ მცირე ლირიკული გადახვევა კეთილგანწყობილი შენიშვნით…
ჭეშმარიტი და ალალმართალი დემოკრატია, როგორც ცნობილია, მხოლოდ ძველ საბერძნეთში არსებობდა. საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ირჩევდნენ ადამიანებს, რომლებსაც აზროვნების უნარი ჰქონდათ, გამგებნი იყვნენ და განათლებულნი. ეს პრინციპი რომ უგულებელყვეს, დემოკრატიამ დაკარგა სიღრმისეული და ტრადიციული მნიშვნელობა. დემოკრატიამ ვერ დაიცვა საბერძნეთის სახელმწიფოებრიობა, ქალაქები.
_ დემოკრატია ნიშნავს ერთი კაცის ერთ ხმას. აშშ-ში ერთი კაცი მილიონ ხმას რომ იყიდის, ესაა ვითომ დემოკრატია? _ რიტორიკულ შეკითხვას სვამს კედმი და დასძენს, _ ქვეყანა, რომელშიც მხოლოდ დაბანდებული კაპიტალი განსაზღვრავს, ვინ იქნება არჩეული, შეიძლება დემოკრატიულად ჩაითვალოს?! ქვეყანა, რომლის ამომრჩევლების ნახევარი პოლიტიკური თვალსაზრისით გაუნათლებელია, არ აქვს ის ცოდნა და ჩვევა, რომელიც მეორე ნახევარს გააჩნია, თანასწორუფლებიანი ვერ იქნება. სქემატურად არის დემოკრატიული, ხელოვნურია, ფორმალური. და ისეთ შედეგებს იმკის, რომელთა მოწმენიც ჩვენა ვართ.
ჩინეთში დემოკრატიაა, მაგრამ არა ამერიკული სტანდარტების. ჩინეთის სახელმწიფო ამერიკულზე უფრო ეფექტიანია. და ვითარდება, როგორც სახელმწიფო, ხოლო ამერიკის სახელმწიფო ვითარდება, როგორც მონოპოლია.
დემოკრატია, რომელიც აშენებულია ფულისა და მოგების ინტერესების საძირკველზე, ვერ ემსახურება საერთო–სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რადგან ადამიანებს, რომლებიც მართავენ ამ დემოკრატიას და თამაშობენ დემოკრატიულობანას, ამოძრავებთ მხოლოდ პირადი გამორჩენის ინტერესები და არ შეუძლიათ ემსახურონ, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფოს, ხალხის ინტერესებს. ამიტომ ეს სახელმწიფო ადრე თუ გვიან დასაღუპად არის განწირული, რისი თვითმხილველებიც დღეს ჩვენა ვართ.
გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ექნება ეფექტიანი სახელმწიფოებრიობა და უერთგულებს საერთო-ეროვნულ ინტერესებს. მონოპოლიები კი, რომლებიც მსოფლიო მონოპოლიებად ყალიბდება, სახელმწიფო ინტერესებს არად აგდებს, თრგუნავს, რასაც ამჟამად ევროპაში და აშშ-ში ვადევნებთ თვალს.
ამერიკის მსოფლიო ბატონობაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი წყლის ნაყვაა.
როცა პრეზიდენტს ხმა ჩაუწყვიტეს
კედმისთან საუბრის დროს ლოგიკურად წამოიჭრა იმ დროს მოქმედი პრეზიდენტ ტრამპის ექაუნთების ბლოკირების თემა სოციალური ქსელების უმრავლესობაში, ფაქტი, რომელსაც, პრესის შეფასებით, ატომური ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. როგორ და რა საშუალებით შეიძლება ამ ქსელების გაკონტროლება და მათი პასუხისმგებლობის გაძლიერება სიტყვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით?
ეს თემა ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ვითომდა განადგურებული ვიდეოჩანაწერების ტელესივრცეში მოულოდნელი, მაგრამ გამიზნული დემონსტრაციის გამო.
ამ საკითხზე ლაპარაკი კედმიმ დაიწყო ისრაელის მაგალითის მოშველიებით და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ამ ქვეყანაში ისევე ჩაივლის, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, რადგან ისრაელის სახელმწიფო მსოფლიო თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილია:
_ გაირკვა, რომ სრულმა უკონტროლობამ და ანარქიამ ქსელურ სივრცეში დღევანდელ კატასტროფამდე მიგვიყვანა. ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა, როცა მონოპოლიების უსაზღვრო პარპაშის აღსაკვეთად საჭირო შეიქნა სახელმწიფო კონტროლის დაწესება მათ საქმიანობაზე და კანონიერების ჩარჩოებში მონოპოლიების, ასევე, ბეჭდვითი სიტყვის, საერთოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩასაყენებლად.
კაცობრიობა ისწრაფვის შეიმუშაოს კანონიერების საფუძველზე დამყარებული რეგულატორები, რათა ქსელური კომპანიების, მით უფრო, მონოპოლიური კომპანიების საქმიანობამ არ შესძინოს მათ მფლობელებს უკიდეგანო, განუსაზღვრელი უფლებები.
ვიმეორებ: ნებისმიერი ადამიანის უფლებების შეზღუდვა შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს, მხოლოდ კანონიერების ჩარჩოებში და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სახელმწიფოს ადამიანის დაპატიმრების, სამართალში მიცემისა და ციხეში მოთავსების უფლება აქვს. სასჯელის მოხდის პერიოდში კი პატიმარს ხმის მიცემის უფლება ჩამორთმეული აქვს.
და, საერთოდ, ადამიანის უფლებები რეგულირდება საერთო საკაცობრიო ან სახელმწიფოების კანონებით. ამ პრინციპს უნდა ემორჩილებოდეს საინფორმაციო პლატფორმების ქსელი, რომელიც თავისი არსით არის მხოლოდ ტექნიკური საშუალება და არა სახელმწიფო ინსტიტუტი, არ შეუძლია ჩაერიოს გადასაცემი ცნობების შინაარსში.
ქსელური სისტემების მიერ სიცრუის გავრცელება აუცილებლად უნდა შეიზღუდოს.
აქვე უნდა აღვნიშნო, _ ხაზგასმით აცხადებს იაკობ კედმი, _ ის, რისთვისაც დღემდე არავის მიუქცევია ყურადღება: “ისლამურმა სახელმწიფომ” და სხვა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ბევრ რამეს მიაღწიეს ქსელური კომპანიების მეოხებით. გამოიყენეს პლატფორმები ტერორისტული საქმიანობის გასავრცელებლად, მობილიზაციისთვის, კავშირის დასამყარებლად. ახლა მოუწევთ ამ პრობლემაზე კონცენტრირება.
ამიერკავკასია მსოფლიო ინტერესის კონტექსტში
ამ სტრიქონების ავტორი სხვა ქართველ ჟურნალისტებთან ერთად წლების წინათ ვაშუქებდით საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების _ ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ინიციატივას საქმიანი ურთიერთობის, ტრანზიტის, ვაჭრობის, ინვესტირების და ა.შ. თავისუფალ ზონად კავკასიის გადაქცევის შესახებ.
ეს თემა კვლავ დღის წესრიგში დადგა, ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით. რა რისკების შემცველია აღნიშნული საკითხის შემობრუნება, რეგიონში სტაბილიზაციის დამყარების ეს იდეა რამ შეიძლება შეაფერხოს?
_ ბევრს არ ესმის, ვერ გაურკვევია ამიერკავკასიის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, არ იცის, რატომ მიაქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას აშშ და მისი მოკავშირენი სამხრეთ კავკასიის რეგიონს, _ შენიშნავს კედმი.
მიზეზი ორია.
პირველი აშკარაა: რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის სამხრეთიდან შემოვლა; მეორე _ უფრო ღრმა და არანაკლებ სერიოზული: აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ბოლო 30 წლის და, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთის შეჩერებისკენ იყო და არის მიმართული. ევრაზიის სივრცის ერთი ნაწილი ჩინეთია, მეორე _ ევროპა. ერთიან ეკონომიკურ სივრცედ მათი გარდაქმნისთვის არსებობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროგრამა სახელწოდებით “ერთი სარტყელი, ერთი გზა”. ამ პროგრამის სამხრეთის მიმართულება კავკასიაზე გადის, ამიტომ იყო, რომ ამერიკელები ცდილობდნენ, შეექმნათ იქ ამერიკული ბაზა, რომელიც გადაუკეტავდა გზას ჩინეთიდან მომავალ პროდუქციას.
იმავეს ცდილობენ ამერიკელები ჩრდილოეთის საზღვაო ნაკადის მიმართ, იბრძვიან ევროპის დასაპყრობად, ამიტომ აქვს დღეს რუსეთის ინიციატივას საერთაშორისო მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს ამიერკავკასიის, როგორც შორეული აღმოსავლეთიდან ევროპაში მიმავალი მაგისტრალის, საკვანძო რეგიონის აღდგენასა და დამკვიდრებას.
ერთი მცირე შენიშვნა: საქართველო სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე წარმოჩნდა, როგორც დამატებითი საცობი ამ მიმართულებაზე, ამიტომ გვაქცევდნენ ამერიკელები განსაკუთრებულ ყურადღებას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის მოწესრიგება გახსნის ამ გზას, ამიტომ ძალისხმევა, რომელიც ამიერკავკასიის ჩასაკეტად საქართველოზე დაიხარჯა, ქარს გატანებული აღმოჩნდა. ასეთია იაკობ კედმის ანალიტიკური დასკვნა.
ნიშნავს თუ არა ეს ახალი მოცემულობა, რომ აშშ-ის ინტერესი საქართველოს მიმართ განელდება, ამის თაობაზე საუბარი არ გაგრძელებულა, რაც ფრიად სამწუხაროა.
ძველი აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით, ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი განვითარების მაქსიმუმს მიაღწევს, საკუთარი არსის საწინააღმდეგო განზომილებაში გადადის.
გამონაკლისად დარჩენის უსაფუძვლო პერსპექტივა ხომ არ ელოდება საქართველოს?
მიმოხილვა მოამზადა არმაზ სანებლიძემ