Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: 17-23 ივნისს დაგეგმილი ე.წ. ღირსების მარში იქნება გენერალური რეპეტიცია “კუდიანებზე”...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: 17-23 ივნისს დაგეგმილი ე.წ. ღირსების მარში იქნება გენერალური რეპეტიცია “კუდიანებზე” ნადირობის პროცესის აქტიურ ფაზაში გადასაყვანად

1697
დიმიტრი ლორთქიფანიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა 3 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევასსხვადასხვა აქტორის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეებიწარმოადგენს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ასევე ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, იმიჯის შელახვას: “ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად მათი მხრიდან ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.

პერმანენტულად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება, რომელთა ფარგლებშიც ყალბი ახალი ამბებითა და ფაქტების დამახინჯებით ხდებოდა მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება”. მისივე შეფასებით, ამ ქმედებების მიზანს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა და ორიენტირების არსებითად შეცვლა წარმოადგენს, რაც ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის დამღუპველი იქნება. თუმცა, როგორც სუს-ის უფროსმა იმავე გამოსვლაში განმარტა, ნებისმიერ მსგავს მცდელობას შესაბამისი სამსახურები მყისიერად სწავლობენ და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ ადეკვატურად პასუხობენ.

რა არის დღეს რეალურად საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების მატების მიზეზი და არსებობს თუ არა ეთნიკურ უმცირესობებს შორის შუღლის გაღვივების საფრთხე?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონი დიმიტრი, სუსის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული გარე ძალები საქართველოში სულ უფრო აქტიურად აღვივებენ ანტიდასავლურ განწყობებს და შუღლს სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს შორის. რეალურია ეს განცხადება? არის კი დღეს გარე ძალის თუ ძალების ზემოქმედების შედეგი ის, რომ მოსახლეობაში დასავლური კურსისადმი სკეპტიციზმი იზრდება?

_ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია. მით უფრო, რომ ბატონ ვახტანგ გომელაურის გამოსვლას უსწრებდა მისი მოადგილის, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება, რომელიც ასევე სხვადასხვა სპეცსამსახურის გააქტიურებას უკავშირდებოდა ჩვენს ქვეყანაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი გამოსვლები და სპეკულაციები ქვეყანაში რაღაც უხილავი რბილი ძალის არსებობაზე, რაც თურმე მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების, მისი ევროატლანტიკური კურსისა და მისწრაფებების წინააღმდეგ, ახალი ტენდენცია არ არის. საერთოდ, მმართველი გუნდი, წინაც და მოქმედიც, სატელიტ მესამე სექტორთან ერთად არჩევნების მოახლოებისას ყოველთვის იჩენს გულმოდგინებას მტრის ხატის შესაქმნელად; შემდეგ ამას მოჰყვება ხოლმე თითის გაშვერა იმ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფებისკენ, რომლებსაც რაღაც ნდობა და ავტორიტეტი გააჩნიათ მოსახლეობაში. რაც შეეხება შუღლის გაღვივებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით, ძალიან მაინტერესებს: გარე ძალის მიერაა პროვოცირებული სავალალო მდგომარეობა ქვემო ქართლში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილიქვემო ქართლის სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, პრაქტიკულად, თავს ვერ გრძნობს საქართველოს მოქალაქედ? გარე ძალის მიერაა ინსპირირებული ის, რომ აღნიშნულ რეგიონში, ფაქტობრივად, კაცს ვერ ნახავ ქართულად მოლაპარაკეს? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მეზობელ ქვეყნებთან, გარდა თურქეთისა, დღემდე არ არის სადემარკაციო პროცესი დასრულებული და აგერ დავით გარეჯის ირგვლივ რაც ხდება, ყველა ვხედავთ. გარე ძალა აკეთებს ამ ყველაფერს?!

_ პოლიტიკური სპეკულაციები და მტრის ხატის შექმნა ახსენეთ. უფრო კონკრეტულად ავუხსნათ საზოგადოებას, ვის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული ეს ყველაფერი

_ ვინც ეწინააღმდეგება ქვეყანაში იმ ფსევდოლიბერალურ ფასეულობებს, რომლებიც არათუ რეალური დემოკრატიული პროცესის შემადგენელ ნაწილად არ შეიძლება განვიხილოთ, არამედ პირდაპირ შიშსა და ტერორს ახორციელებს მოსახლეობაზე. ცხადია, აქ, პირველ რიგში, იგულისხმებიან კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე სუბიექტები და მათი ელექტორატი. სხვათა შორის, ხელისუფლება, ისევე, როგორც მისი დასავლელი პოლიტიკური გარანტორები, ერთგვარ ისტერიკაში არიან იმის გამო, რომ ევროპასა და აშშში კონსერვატიული ძალები დღითიდღე ძლიერდებიან. ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან უკვე ისმის განცხადებები, რომ მათ არ უნდა დაუშვან ამ ძალების გაძლიერება, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ევროპარლამენტის არჩევნები. პრაქტიკულად მიმდინარეობს დაუფარავი ბრძოლა საზოგადოების ნების წინააღმდეგ და ეს ხდება იმ დროს, როცა ე.წ. ლიბერალური ძალებისგან გამუდმებით გვესმის მოწოდებები შემწყნარებლობაზე. რომელ თავისუფლებასა და შემწყნარებლობას დაიცავენ ესენი, როცა მზად არიან, სასტიკად გაუსწორდნენ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ გამოვლინებას, რომელიც მართლა თავისუფლებისკენ იქნება მიმართული? ან რომელ მრავალფეროვნებასა და განსხვავებულის პატივისცემაზე გვესაუბრებიან, როცა თვითონ პოლიტიკურ რეპრესიებს აანონსებენ… ვფიქრობ, ზუსტად ამ პროცესის ნაწილია დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების რიტორიკაც და განსაკუთრებით ის განცხადებები, რომლებიც გარკვეული გარე ძალების მიერ მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უკავშირდება.

_ ეს ყველაფერი ხომ არ არის ერთგვარი ნიადაგის შემზადება პოლიტიკური რეპრესიებისთვის, რომელსაც ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს?

_ მგონია, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკური სპექტრის სტერილიზაციის მიზანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველა ის ძალა, რომლებიც რეალურად საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგას, იქნება ეს რომელიმე საზოგადოებრივი მოძრაობა, პარტია თუ სხვა, უნდა განეიტრალდეს. რაც შეეხება რეპრესიებს, რა თქმა უნდა, თავისთავად ერთგვარი რეპრესიაა, როცა შენსკენ ხელს იშვერენ და ისმის აბსურდული ბრალდებები მტრული ძალის მსახურებაზე, მაგრამ უფრო აქტიურ და მკაცრ ქმედებებსაც უნდა ველოდოთ. საერთოდ, წელს, 17-23 ივნისს დაგეგმილი ე.წ. ღირსების მარში იქნება გენერალური რეპეტიცია “კუდიანებზე” ნადირობის პროცესის აქტიურ ფაზაში გადასაყვანად, თუმცა მანამდე ჯერ 17 მაისია, რომელიც, ალბათ, პროვოკაციებისა და ექსცესების გარეშე არ ჩაივლის.

_ დაჭერებს გამორიცხავთ?

_ გააჩნია, რა დირექტივა ექნებათ დასავლეთიდან. სხვათა შორის, შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა ჯეფ რენომ დაახლოებით ერთი თვის წინათ გააკეთა კომენტარი მედიასთან, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან პროცესებს. შემდეგ იყო განცხადება, რომ შესაძლოა, ამ დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობაც ჩამოვიდეს… ეს ნიშნავს იმას, რომ ყურადღებასთან ერთად ჩართულია მონიტორინგის სიტემა, რომლითაც გაიზომება ხელისუფლების სანდოობა და ერთგულება ე.წ. დასავლური ლიბერალური ღირებულებებისადმი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უსიტყვოდ, ზედმიწევნით იქნება ყველა დირექტივა შესრულებული, ასე რომ, თუ იქნება დაპატიმრებების ბრძანება, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამაზე უკან არ დაიხევს; ყოველ შემთხვევაში მისთვის ხელისშემშლელი გარემოება ნამდვილად არ იქნება ის, რომ მეორე მხარეს დგას საზოგადოების დიდი უმრავლესობა. მან იცის, რომ ამ საზოგადოების მხარდაჭერა ისედაც არ აქვს და ვერც ექნება, ამიტომ მისთვის, “ქართული ოცნებისთვის”, პრიორიტეტი დასავლეთის ნდობის მოპოვებაა და არა ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვა

_ ამ ყველაფრის შედეგი რა შეიძლება იყოს, რას მოუტანს ეს ნაბიჯები ხელისუფლებასა და ქვეყანას?

_ როგორც გითხარით, დასავლეთის მითითებაა, რომ 2020 წლისთვის უნდა მოხდეს პოლიტიკური სპექტრის სრული სტერილიზაცია, არც ერთი “ექსტრემისტული” პოლიტიკური პარტია და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა “გაეპაროთ” მომავალ პარლამენტში. ამ გეგმის შესრულება მოხდება იმ ფონზე, როცა საარჩევნო სისტემა მთლიანად შეიცვლება და პროპორციული ჩაანაცვლებს შერეულ მაჟორიტარულს, რაც, ბუნებრივია, წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს გაზრდის კონკრეტული პარტიებიდან და ბლოკებიდან. რაც შეეხება მომავალ კონფიგურაციას საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის კომპლექტაცია, ცხადია, ისევ დასავლური ინსტიტუტების ხელშეწყობით შემდეგნაირად განახორციელდება: “ნეოლიბერალური” ძალების ერთობა, ხელისუფლება-ოპოზიციის გათვალისწინებით, იქნება დაახლოებით 85%, ხოლო დანარჩენ 15%-ში გაერთიანდებიან ე.წ. კონსერვატიული ძალები, რომლებსაც ასევე თავიდან ბოლომდე გააკონტროლებს უშიშროების სისტემა. სხვათა შორის, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში 1992 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საკანონმდებლო ორგანოს ერთი კონკრეტული ძალის მიერ ფორმირებული უმრავლესობა არ ეყოლება. ეს მოინათლება დემოკრატიის ტრიუმფად. აი, ასე შეიქმნება ილუზია, რომ ქვეყანა ვითარდება.

_ და ეს ილუზია განმუხტავს საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას?

_ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლება დააბრმავებს საზოგადოებას და დაუსრულებლად შეინარჩუნებს ძალაუფლებას. პოლიტიკური ტყუილები და ილუზია, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ცინიზმის ელემენტებს შეიცავს, ყოველთვის იწვევს უკმაყოფილებას, რაც გროვდება. უბრალოდ, რაღაც ეტაპამდე შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ხალხი ინერტულია და არ არის მზად ცვლილებებისთვის, თუმცა შემდეგ ეს ინერტულობა ძალიან დიდ საზოგადოებრივ მღელვარებაში გადადის და პროცესები უმართავი ხდება. აი, ამის უნდა ეშინოდეს დღეს ხელისუფლებას და ცდილობდეს, ეს უკმაყოფილება არ გაზარდოს, მაგრამ როგორც ჩანს, ამათ ეს განცდა საერთოდ დაკარგული აქვთ. ალბათ, ამიტომ არის ხოლმე მათ მოქმედებებში ამდენი ცინიზმი. საერთოდ, რაც მეტად იქნება ხელისუფლების პოლიტიკა სიყალბეზე, ილუზიასა და ორმაგ იდეოლოგიურ სტანდარტებზე აგებული, რაც თანამედროვე ლიბერალიზმს ახასიათებს, მით უფრო მძაფრად იგრძნობს ხალხი ამ ყველაფერს, მით მეტად იქნება განცდა, რომ არსებული დღის წესრიგი შესაცვლელია და რაც შეიძლება მალეა საჭირო ძირეული გარდაქმნები…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here