დიმიტრი ლორთქიფანიძე: ცხადია, პასუხი იქნება, თანაც ძალიან მკაცრი, პასუხისმგებლობა კი დაეკისრება ზელენსკის _ პრეზიდენტად წოდებულ პროვოკატორს

    ,,უკრაინა თავს დაესხა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ბირთვულ ტრიადას. რუსეთს კონცეფციაში უწერია, რომ ასეთი თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება და მომხვდურს უმწვავესი ფორმით გაეცემა პასუხი”

    ,,დიდი მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, პირადად გენერალ მალიუკს და ყველა ადამიანს, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ოპერაცია წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაგეგმვა, ორგანიზება და ყველა დეტალი უნაკლოდ იყო აღსრულებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს უნიკალური ოპერაცია იყო.

    ყველაზე საინტერესოა ის, რომ, ახლა ამის საჯაროდ თქმაც შეიძლება, ჩვენი ოპერაციის ,,ოფისი” რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი რეგიონის ,,ეფ-ეს-ბე”-ს მთავარი სამმართველოს გვერდით მდებარეობდა. საერთო ჯამში, ოპერაციაში 117 დრონი და შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები იყვნენ ჩართულნი. სამხედრო ბაზებზე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გადამტანი თვითმფრინავების 34 პროცენტს დავარტყით. ოპერაციის მონაწილეები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში სამ საათობრივ სარტყელში მოქმედებდნენ. ოპერაციის აღსრულების წინ ჩვენ ისინი რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ და ახლა უსაფრთხოდ არიან.

    დიდება უკრაინას! “ _ დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

    1 ივნისს უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. უკრაინული მედიის მტკიცებით, განადგურებული ან დაზიანებულია 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი. ექსპერტთა აზრით, რუსეთი ამ პროვოკაციას უპასუხოდ არ დატოვებს…

    რისთვის და ვისი დაკვეთით წავიდა უკრანის დე ფაქტო პრეზიდენტი პროვოკაციაზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

    _ უკრაინა თავს დაესხა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ბირთვულ ტრიადას. რუსეთს კონცეფციაში უწერია, რომ ასეთი თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება და მომხვდურს უმწვავესი ფორმით გაეცემა პასუხი. ეს საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოზე განიხილება. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უშიშროების საბჭოზე, მაგრამ იკვეთება პროვოკაციული მომენტი: უკრაინის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თვითონ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ აქტს _  ზელენსკი იდგა რუსეთის შეიარაღებული ძალების ბირთვულ ტრიადის დაბომბვის ოპერაციის სათავეში.  კაცი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტია, ცდილობს რუსეთის შეიარაღებული ძალების, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის პროვოცირებას. ზელენსკის განცხადება, უფრო ზუსტად, აღიარება, რომ თვითონ იდგა აღნიშნული ოპერაციის სათავეში, სხვა არაფერია, თუ არა საპასუხო ცეცხლის გახსნა უკრაინის მიმართულებით. ცეცხლის ადრესატი იქნება უკრაინა, უკრაინელი ხალხი, ეს კი არის ზელენსკის მორიგი ტერორისტული აქტი თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ. მან ეს გააკეთა გეოპოლიტიკური პრეფერენციების მისაღებად, რომელშიც მერკანტილური ინტერესები აქვს.

    ზელენსკიმ მარტში არჩევნების ჩატარებაზე უარი განაცხადა. ის არალეგიტიმური პრეზიდენტია და ვერ იქნება მხარე, ამიტომ რუსეთი მასთან მოალაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება და ეს არაერთხელ განაცხადეს. სწორედ ეს არალეგიტიმური პრეზიდენტი ცდილობს სისხლის კალოს დატრიალებას თავის ქვეყანაში და ამ გზით პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

    _ რუსეთი ომს ძალიან აჭიანურებდა, ის ვერ იმეტებდა თავის ხალხს. უკრაინის ასეთი მტკივნეული დარტყმის შემდეგ რას იზამს რუსეთი?

    _ სამი წელიწადია, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამხედრო დაპირისპირება, რომელიც სინამდვილეში 56 სახელმწიფოს მიერ წარმოებული ომია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ასეთ მდგომარეობაში რუსეთი თავისი ისტორიის განმავლობაში არასოდეს ყოფილა, მას ყოველთვის ჰყავდა მოკავშირეები, მაგრამ ახლა, ვინც კი რუსეთის მოკავშირე იყო,  მის წინააღმდეგ გამოდის. ამ პროცესში ზელენსკის ეკისრება პროვოკატორის მთავარი როლი. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობდა, ჰუმანიტარული კრიზისი არ შექმნილიყო, მოსახლეობაზე არ გადატეხილიყო ჯოხი, მაგრამ დღეს ზელენსკის პროვოკაციის საპასუხოდ რას გააკეთებს რუსეთი, არავინ იცის. ცხადია, პასუხი იქნება, თანაც ძალიან მკაცრი, პასუხისმგებლობა კი დაეკისრება ზელენსკის _ პრეზიდენტად წოდებულ პროვოკატორს.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here