Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობის კუთხით საქართველოს ასეთი ნულოვანი მარგი ქმედება, როგორიც...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობის კუთხით საქართველოს ასეთი ნულოვანი მარგი ქმედება, როგორიც დღეს აქვს, არასდროს არ ჰქონია

დიმიტრი ლორთქიფანიძე

რუსეთსა და უკრაინას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ოფიციალურმა მოსკოვმა დასავლეთს ვითარების განმუხტვისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების რეალური გზები შესთავაზა. ვრცელ წერილში, რომელიც სერგეი ლავროვმა შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპის რიგი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნა, საუბარიაუსაფრთხოების განუყოფლობაზე”.

შეთავაზება გულისხმობს ვექტორებს შორის საერთო პრინციპებზე შეთანხმებას, ერთმანეთის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებას და ამის საფუძველზე ერთმანეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების იურიდიულად უზრუნველყოფას. წერილში ნახსენებია 1999 წელს სტამბოლში, ეუთოს სამიტზე ხელმოწერილი ევროპის უსაფრთხოების ქარტიაც, რომელშიც ხაზგასმულია, რომ შეთანხმების წევრი თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, არ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. წერილში ლავროვი ყურადღებას ამახვილებს ეუთოს 2010 წლის სამიტზეც და აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები უხეშად არღვევენ ამ სამიტის მიერ მიღებული დეკლარაციით ნაკისრ ვალდებულებებს. მინისტრის შეფასებით, დასავლეთი ცალმხრივად აპელირებს დამოუკიდებელი სახელმწიფოების უფლებაზე, თავად აირჩიონ ალიანსები და არაფერს ამბობს სხვების უსაფრთხოებაზე, რომელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეს “უფლება…” “უსაფრთხოება ან ერთია ყველასთვის, ან არ არსებობს არავისთვის”, _ ეს არის მთავარი გზავნილი, რომლითაც ოფიციალური მოსკოვი ე.წ. ცივილიზებულ სამყაროს მიმართავს. კრემლი დასავლეთს უსაფრთხოების ერთიან და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემას სთავაზობს, მაგრამ დასავლეთი პასუხს არ ჩქარობს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მას კვლავ არ სურს, პატიოსნად შეასრულოს ვალდებულებები.

რა მიზნით ძაბავს დღეს დასავლეთი რუსეთის საზღვრებთან ვითარებას და რას ნიშნავს კრემლის წინადადებაუსაფრთხოების განუყოფლობაზე”? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი მოთხოვნა, რომელსაც რუსეთი აყენებს მის დასავლეთ საზღვრებთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე, მხოლოდ მისი სტრატეგიული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. საუბარია უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებიც, წესით, ნებისმიერი ქვეყნის საღად მოაზროვნე სახელმწიფო მოღვაწისთვის სტრატეგიული ინტერესის საგანი უნდა იყოს.

რაც შეეხება კონკრეტულ წერილს, საერთოდ, რუსეთის მიდგომა, რომელიც უკრაინის კრიზისს უკავშირდება, არის ის, რომ არ არსებობს უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. ამას მუდმივად ვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური ტრიბუნიდან, სადაც ამ საკითხებზე მიდის დისკუსია და, ჩემი აზრით, ეს არის ის, რაც ამ კონკრეტულ მოცემულობაში მორალურ უპირატესობას ანიჭებს რუსეთს. ის არ ითხოვს უსაფრთხოებას მარტო თავისთვის, არამედ სთავაზობს უსაფრთხოებას სხვებსაც. მიაქციეთ ყურადღება, თავის მხრივ, დასავლეთის საპასუხო რიტორიკას. დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ ყველა სახელმწიფო დამოუკიდებელია თავის არჩევანში და თვითონ წყვეტს, რომელ ალიანსსა თუ კავშირში შევა… თუ ყველა სახელმწიფო თავისუფალია თავის არჩევანში, ჩნდება მარტივი შეკითხვა: დაუშვებს თუ არა ევროპა მისი რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან რუსეთისთვის სამხედრო ბაზების განსათავსებლად საკუთარი ტერიტორიის დათმობას? ან დაუშვებს თუ არა, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, რომ კუბამ ან მექსიკამ გადაწყვიტოს რუსეთთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა და ამ ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგდეს რუსეთის ანტისარაკეტო სისტემები? პასუხი გასაგებია: რა თქმა უნდა, არა. მაშინ რა ლოგიკაა ის, რომ უკრაინაში ნატოს ძალების განლაგება რუსეთს არ დაემუქრება?!

_ ორშაბათს ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, უკრაინის კრიზისი გახლდათ. შემდეგ გაკეთდა შეფასებებიც, რუსეთის პოზიცია უცვლელი იყო _ იგი უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს ითხოვს

_ პირველი, რასაც კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, არის ის, რომ აბსოლუტურად სწორი და სამართლიანია კრემლის მოთხოვნა. დიახ, ის ითხოვს იურიდიულ გარანტიას ნატოს ხელმძღვანელობისგან, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. სხვათა შორის, ამ შეხვედრაზე პუტინი იყო ზეპრინციპული და დაუყენა საკითხი თავის ფრანგ კოლეგას, რომ შეუძლებელია რამე განმუხტვაზე ან შეთანხმებაზე საუბარი, სანამ არ შესრულდება მინსკის შეთანხმება. აი, ამ გზავნილით უნდა შეხვდეს ახლა მაკრონი ვლადიმერ ზელენსკის. ეს ერთი; და მეორე _ მათთვის, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ნატო კბილებით დაიცავს უკრაინას და რუსეთს თურმე სად აქვს ნატოსთან დაპირისპირების თავი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა. ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და მასთან ომში გამარჯვებულები არ იქნებიანმგონი, ამით ყველაფერია ნათქვამია. რაც შეეხება უსაფრთხოების განუყოფლობას, ლავროვის წერილში არის მარტივი ფორმულირება, რომელზეც შეუძლებელია, იდავო, ეს ერთგვარი აქსიომაა: თუ დასავლეთს სურს, რომ რუსეთთან მისი ურთიერთობა განისაზღვრებოდეს უსაფრთხოებაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ეს შეთანხმება აუცილებლად უნდა იყოს პარიტეტული. აი, რა არის რუსეთისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დღეს არ არსებობს ამგვარი თანასწორობა; დღეს არის ასეთი მოცემულობა: რუსეთს უწევს მარტივი ჭეშმარიტების მტკიცება, რომ უკრაინა (გნებავთ, ისტორიულად, გნებავთ, გეოგრაფიულად) მისი უსაფრთხოების სივრცეა და იქ ალიანსის პოზიციების გაძლიერება დარტყმის ქვეშ აყენებს რუსეთის ინტერესებს, ხოლო დასავლეთი საკუთარ თავს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას, უგულებელყოს პოლიტიკურ ვექტორებს შორის უსაფრთხოების ბალანსის დაცვის ყველანაირი პრინციპი. სხვათა შორის, მთელი ამ მიმდინარე მოვლენების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთ-ჩინეთის დეკლარაცია. ეს არის იმ ტიპის დოკუმენტი, რომლის მსგავსიც ამ ორი სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში არ ყოფილა.

_ ამ ხელშეკრულებაზე დასავლეთშიც ბევრს საუბრობენ. შეერთებულ შტატებში შეშფოთებულნი არიან, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა შედგა. რა საფრთხეს ხედავენ ისინი ამ ყველაფერში?

_ ეს არის დამატებითი სატკივარი კოლექტიური დასავლეთისთვის, პირველ რიგში, ჩინეთის ინტერესებიდან გამომდინარე. რა არის ამ შემთხვევაში ჩინეთის ინტერესი? მოგეხსენებათ, იგი მხარს უჭერს რუსეთს იმ მოთხოვნებს, რომლებიც, თავის მხრივ, გულისხმობს დარტყმითი შეიარაღების განუთავსებლობას აღმოსავლეთ ევროპაში. ეს უკვე მნიშვნელოვნად აძლიერებს კრემლის პოზიციებს დასავლეთით და ამიტომაც არის, რომ რუსეთის სლოგანი _ არ არსებობს უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე _ რჩება მთავარ გამოწვევად კოლექტიური დასავლეთისთვის.

_ დავუბრუნდეთ ისევ ლავროვის წერილსა და უსაფრთხოების განუყოფლობის იდეას. დასავლეთი მზად არის ამ წინადადებისთვის?

_ აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში ნამდვილად გვევლინება პატიოსან ბროკერად. რატომ? იმიტომ, რომ საუბარია ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების ნატოში არმიღების საკითხზე და შემდგომში დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის მიცემულ პირობაზე, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების გამორიცხვას გულისხმობდა. როგორც ვიცით, დასავლეთმა ეს პირობა არ შეასრულა, ე.ი. რუსეთი მოატყუა.

რაც შეეხება, თავის მხრივ, დასავლეთის მზადყოფნას უსაფრთხოების საერთო და პარიტეტულ პრინციპებზე შეთანხმებაზე, იმ დროს, როცა დასავლეთი ცდილობს, განათავსოს დარტყმითი შეიარაღება რუსეთის საზღვრებთან, რომელსაც შეუძლია შეტევა განახორციელოს მოკლე და საშუალო რადიუსის დიაპაზონში, ცხადია, რამე შეთანხმებაზე საუბარი რთულია. ეს ერთი. და მეორე _ სანამ კოლექტიური დასავლეთი არ დაასრულებს ლოზუნგებად გამოტანილ იმ ყალბ რიტორიკას, რომ ყველა სუვერენული სახელმწიფო თვითონ წყვეტს, რომელ ალიანსში შევა და ყველამ პატივი უნდა სცეს მის არჩევანს, რუსეთის ფედერაციასა და მას შორის რეალური დიალოგი ვერასოდეს შედგება.

ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: რუსეთი არის ზესახელმწიფო, რომელსაც, ისევე როგორც ამერიკის შეერტებულ შტატებს, ჩინეთს და ა.შ., გააჩნია საკუთარი წითელი ხაზები. შესაბამისად, იგი მზად არის, ნებისმიერ ფასად დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, მათ შორის, სამხედრო ძალაც გამოიყენოს… აი, ეს არის რეალობა, რომელიც შექმნა უკრაინის კრიზისმა და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კრიზისმა რუსეთის როლი მნიშვნელოვნად გაზარდა…

_ ალბათ, დამეთანხმებით, რომ მთელი ეს პროცესები, მათ შორის რუსეთისა და უკრაინას შორის კრიზისი, თავის მხრივ, რუსეთის მოთხოვნა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებაზე და .., ჩვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ჭრილშია საინტერესოამ ყველაფრის ფონზე საქართველოს სწორი პოზიცია უკავია და ადეკვატურია ხელისუფლების პოლიტიკა?

_ ჩვენ კარგად ვხედავთ ერთ რამეს, რომ საქართველოს ასეთი ნულოვანი მარგი ქმედება საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობის კუთხით, როგორც დღეს აქვს, არასდროს არ ჰქონია. სრულიად გაუგებარია ხელისუფლების დამოკიდებულება არსებული გამოწვევების მიმართ. გვესმის ისევ ის, რომ ნატო დაგვიცავს და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. ამ დროს გარშემო არის აბსოლუტურად სხვა ვითარება, ჩვენს რეგიონშიც ფუნდამენტურად იცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა.

რაც შეეხება პერსპექტივასა და შესაძლებლობებს, იმ შემთხვევაში, თუკი მიდგომები ძირეულად გადაიხედება, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში მონაწილეობის გზით განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ეროვნული ინტერესებით. აქ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია გარე ფაქტორებიც, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს დასავლეთის ფაქტორი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ჩაშალოს საქართველოს მონაწილეობა რეგიონულ პროცესებში და ამ შემთხვევაში ამის ნათელი მაგალითი “3+3” ფორმატია. აი, ეს არის, პირველ რიგში, დასაძლევი და გადასალახავი.

გამოსავალს რაც შეეხება: ქართულმა ოცნებამერთპიროვნულად უნდა მიიღოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და მოახდინოს საგარეო პრიორიტეტების ძირეული კორექცია. სხვანაირად ახლო პერსპექტივაში არსებითი ცვლილებები ვერ წარმომიდგენია. ჩვეულებრივად გაგრძელდება არსებული დუნე პოლიტიკა, რომელიც საბოლოოდ ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და ყველანაირი თვალსაზრისით.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here