Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში პოლიტიკური ისლამის გავლენა დასავლური ინტერესის ნაწილია

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში პოლიტიკური ისლამის გავლენა დასავლური ინტერესის ნაწილია

“თუ დავაკვირდებით ამ მოვლენების ანატომიას, დავრწმუნდებით, რომ ყველაფერს აქვს ხელოვნური საფუძველი”

577

ამ დღეებში ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში განვითარებული ხმაურიანი მოვლენები (რომლებიც უკვე რელიგიური ნიშნით დაპირისპირებას გასცდა და, გარკვეულწილად, პოლიტიკური შეფერილობაც მიიღო) საზოგადოებაში კვლავ აქტიური განხილვისა და მსჯელობის საგანია. მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ბევრი იწერება, რომ გარკვეული ძალები ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობას. მეტიც, მოსაზრებებს შორის, რომლებსაც პოლიტიკურად აქტიური ადამიანების ერთი ნაწილი საჯაროდ გამოთქვამს, არის შეფასებებიც, რომ რეგიონში (და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში) ახალი მეჩეთების მშენებლობის მოთხოვნით მუსლიმანების გააქტიურება, შესაძლოა, თურქეთიდან იყოს ინსპირირებული. ამ მოსაზრებას ბევრი ემიჯნება და მას ქვეყნისთვის სახიფათო პოლიტიკურ გზავნილად მიიჩნევს, თუმცა .. პროდასავლური ოპოზიცია ყველაფერში ისევ ხელისუფლების ბრალს ხედავს და თვლის, რომ მმართველი გუნდი უძლურია არსებული გამოწვევის წინაშე და თურმე, ნებსით თუ უნებლიეთ, ერთადერთი ქვეყნის _ რუსეთისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამოცანებს ასრულებსრა პროცესები მიდის დღეს გურიის რეგიონში, არის თუ არა ადგილობრივ მოსახლეობაში დაპირისპირება ვინმეს ან გარკვეული ძალების მიერ ხელოვნურად ინსპირირებული და ადეკვატურია თუ არა ხელისუფლება ამ ყველაფრის მიმართ, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, რამდენიმე დღის წინათ სოფელ ბუკნარში ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირება როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე საზოგადოებაში კვლავ განხილვის საგანია. უამრავი განცხადება კეთდებაისმის მოსაზრებაც, რომ ამ ყველაფერს, შესაძლოა, გარკვეული გარე ძალები მართავდნენ, ალბათ, თურქეთზე მიანიშნებენრა ხდება რეალურად და რა საფრთხეებს შეიძლება ქმნიდეს ეს პროცესები საქართველოსთვის?

_ დავიწყოთ იმით, რომ რელიგიური საკითხების პოლიტიზაცია თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური ტრენდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც დღეს უკვე, ფაქტობრივად, არავის უკვირს. ეს არის ერთგვარი “აპრობირებული” მეთოდი, რომელსაც უამრავი ქვეყნის მაგალითი ცხადყოფს. საქართველოც ამ ქვეყნების რიგებშია. პირიქით, თქვენ ხედავთ, რომ აქ ისლამის პოლიტიზაციის მცდელობები პერიოდულად ხდება და შემიძლია, ამის კონკრეტული ფაქტებიც მოვიყვანო…

_ მაგალითად?

_ გავიხსენოთ ქობულეთის ინციდენტი, როდესაც მედრესეს შესასვლელში ღორის თავი დაკიდეს, ანალოგიური ინციდენტი სოფელ ჭელაშიც მოხდა, რომლის შედეგად ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასა და ქრისტიანებს შორის უკიდურესად დაიძაბა ვითარება; გაიხსენეთ ის პრობლემები, რომლებიც იყო ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში, პანკისის ხეობაში და ა.შ. თუ გავაანალიზებთ ამ მოვლენების ანატომიას, დავრწმუნდებით, რომ ყველაფერს აქვს ხელოვნური საფუძველი. ეს რომ ხელოვნურად მართული პროცესია, რომელშიც დიდძალი ფული იხარჯება, როგორც პროექტში, შემიძლია, ერთი ფაქტით ავხსნა. ყველას გვახსოვს პერიოდი, როდესაც “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გამოჩნდნენ ქართველი მუსლიმები. ეს იყო 2015-2016 წლები. ზუსტად იმხანად ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც აქედან წასული მოქალაქე თამაზ ჭაღალიძე პირდაპირ იმუქრებოდა “მუსულმანების მტრების” მიმართ შურისძიებით. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ თამაზ ჭაღალიძე იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც გადაიბირეს გარკვეულმა სპეცსამსახურებმა, გადაიყვანეს ეგვიპტეში, სადაც გაიარა სპეციალური მომზადება, შემდეგ კი აღმოჩნდა ტერორისტულ დაჯგუფებაში. აი, ამ ადამიანმა შემდგომ უკვე საქართველოს გამოუცხადა ომი და განაცხადა, რომ არსებობს რაღაც სია იმ ხალხისა, ვინც მუსლიმანებს ავიწროებს აქ და ისინი უმკაცრესად დაისჯებოდნენ. ჭაღალიძე ცოცხალი აღარ არის, ის ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი მსხვერპლია, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენ გვყავს ახალი ჭაღალიძეები. ვგულისხმობ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ასევე გადაიბირეს გარკვეულმა სპეცსამსახურებმა; და აი, ზუსტად ეს გადაბირების პროცესია ის მთავარი საკითხი, რომელზეც ყველამ ერთად, მათ შორის მედიამაც და არა მხოლოდ მედიამ, საჯაროდ უნდა ვისაუბროთ… როგორ ხდება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდების მასობრივად გადაბირება ისე, რომ ეს ადამიანები პრაქტიკულად შეუმჩნევლად გაედინებიან თურქეთის რესპუბლიკაში, იქიდან გადადიან იორდანიასა და ეგვიპტეში, იქ ამზადებენ, შემდეგ კი ხდებიან ჩვეულებრივი ტერორისტები?!

_ დასაწყისში რამდენიმეჯერ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ისლამის პოლიტიზებას გარკვეული ძალები ცდილობენ. თქვენი აზრით, რომელი ძალები დგანან ამ ყველაფრის უკან?

_ პირველ რიგში, ალბათ, ის ძალები, რომლებმაც თავის დროზე შექმნეს “ისლამური სახელმწიფო”, როგორც ინსტრუმენტი ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროების გასაფართოებლად. ეს არის ანგლოსაქსური პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული მოქმედებების მთელი სერია, რომელიც გარკვეულ მიზნებსა და ამოცანებს ემსახურებოდა, მათ შორის კავკასიის რეგიონშიც. სხვათა შორის, ახმედ ჩატაევის თავისუფალი გადაადგილება თურქეთიდან საქართველოში და მის მიერ აქ დაგეგმილი ტერორისტული აქტების სერია ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მოკლედ, მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური ისლამის გავლენა და დაჯგუფებების არსებობა დასავლური ინტერესის შემადგენელი ნაწილია, ვინაიდან ნებისმიერ წამს მათი გააქტიურებაა შესაძლებელი და, თუ ეს მოხდება, ღმერთმა ნუ ქნას, რა თქმა უნდა, თორემ ის სამოქალაქო დაპირისპირების შეუქცევად პროცესს გამოიწვევს

_ თქვენი აზრით, ეს დაპირისპირება რა შემთხვევაში შეიძლება ვინმეს დასჭირდეს?

_ დღემდე ჩვენ არაერთხელ ვნახეთ რევოლუციის მოწყობის მცდელობა, არაერთხელ ვნახეთ საზოგადოებაში გარკვეული შუღლისა და დაპირისპირების გაჩენისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებიც, რაც, საბედნიეროდ, ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკი აღმოჩნდა… რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობის მომატება და შემდეგ უკვე ღია კონფლიქტიც შეიძლება ზუსტად ამგვარი ბერკეტი იყოს… რაც შეეხება კონკრეტულად ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, ვფიქრობ, ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ის, რაც ვერ მოხერხდა არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობას ვგულისხმობ, გარკვეულმა ძალებმა ახლა შესაძლებლად მიიჩნიეს. აი, ამიტომ ცდილობდნენ, აემოქმედებინათ ის ნაღმები, რომლებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობს, თუმცა, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. სხვათა შორის, თავის დროზე მსგავსი ნაღმების ამოქმედების მცდელობა იყო პანკისის ხეობაშიც, როცა ვითომ ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად გამოსულიმშვიდობიანიმოსახლეობა სამართალდამცველებს დაუპირისპირდა და ვნახეთ .. მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებული დემონსტრანტები

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხელისუფლება ადეკვატურია ამ საკითხების მიმართ?

_ სანამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ბოლნისის რაიონის სოფელ ფახრალოში კანონდარღვევით ააშენეს მეჩეთი. მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. იცით, ვინ იყო მაშინ გუბერნატორი? _ დავით კირკიტაძე, კაცი, რომელიც დაინტერესებული იყო ასეთი უკანონო მშენებლობებით. საერთოდ, ეს ადამიანი წლების განმავლობაში წმინდა პოლიტიკური, ელექტორალური მიზნებისთვის ახდენდა მუსულმანური საკულტო ნაგებობების მშენებლობის წახალისებას. ეს ყველამ იცის, მაგრამ ვინმემ მოსთხოვა პასუხი?! აი, აქ ჩანს, ადეკვატურია თუ არა ამ საკითხების მიმართ დღევანდელი ხელისუფლება… რაც შეეხება საფრთხეებს, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ეს პროცესები თავიდან ბოლომდე არის მართული და მეტიც, სალაფიტურ-სუნიტური ვაჰაბიზმის პროპაგანდის მიზნით კახეთში, ქვემო ქართლსა და გურია-აჭარაში საკმაოდ სერიოზული ფინანსების აკუმულირება ხდება. ამ საკითხზე უნდა გასაჯაროვდეს სუს-ის მასალები…

_ არსებობს მოსაზრება, რომ ამ ყველაფრის უკან თურქეთი დგას. როგორ ფიქრობთ, ეს რეალურია? და, საერთოდ, რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს თურქეთს საქართველოს მიმართ დღევანდელ ვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ წელს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის?

_ თურქეთი რელიგიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპანსიას რომ ახორციელებს საქართველოში, არახალი ამბავია. ამას მრავალი წელია, ვხედავთ და პროცესი დღესაც გრძელდება. თუმცა პრობლემა არა იმდენად მეზობელი ქვეყნის იმპერიალისტური პოლიტიკაა, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, არამედ პრობლემა აქ, ჩვენსავე პოლიტიკურ სისტემაში არსებული მოღალატეობრივი მიდგომებია, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს ის მაამებლური, ვასალური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფალნი, წინაც და დღევანდელიც, ერთმანეთზე უფროშესაშურიწარმატებით ატარებდნენ

_ რაში გამოიხატება დღეს ეს ყველაფერი?

_ ერთ ფაქტს გეტყვით: მაგალითად, ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში, სადაც ხრესილის ცნობილი ბრძოლის პატივსაცემად აღმართული ობელისკი დგას, 2009 წლამდე სტელაზე იყო წარწერა, რომ 1757 წელს მეფე სოლომონ პირველმა დაამარცხა თურქები. 2009 წლის შემდეგ ეს წარწერა წაშალეს და დღეს წერია, რომ სოლომონ პირველმა დაამარცხა მტერი. წარმოიდგინეთ, იმის გამო, რომ აამონ თურქეთს, წარწერა გადააკეთეს და საერთოდ, საქართველოს ისტორიიდან ნელნელა ამოშანთეს ჩვენი მეზობლის, როგორც ისტორიული დამპყრობლის, უარყოფით კონტექსტში ხსენება.

რაც შეეხება ისევ ხელისუფლების პოლიტიკას და იმას, თუ რამდენად ადეკვატურია ამ ხელისუფლების მიდგომები, სამწუხაროდ, რამე საიმედოს თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ, საქართველოს მთავრობას დღეს, ფაქტობრივად, პოლიტიკა არ გააჩნია. რასაც ის აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუაზრებელი, გაუთვლელი და გაუანალიზებელი მოქმედება, რომელიც, ჩვენდა საუბედუროდ, ხვალ-ზეგ კიდევ უფრო მძიმე რეალობაში ჩაგვაგდებს. აი, ეს არის ის, რაც, მოგვწონს თუ არა, გვაქვს და, ალბათ, მომავალშიც გვექნება, ამიტომ, რა თქმა უნდა, სანამ ეს ხელმძღვანელობა გვეყოლება, შეფასებები იქნება იგივე. საქართველო მუდმივი, შეუქცევადი უკუსვლის გზაზეა, ახალ-ახალი საფრთხეებითა და გამოწვევებით, რომელთა გადაჭრის პერსპექტივაც ჯერჯერობით არ ჩანს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here