საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მიერ 3+3 ფორმატში ქვეყნის ჩართულობაზე გაკეთებული განცხადების გარშემო ატეხილი ლიბერალური ისტერიკა გრძელდება. კრიტიკა ისმის არა მხოლოდ უწყების ხელმძღავნელის, არამედ მთლიანად მმართველი გუნდის მიმართ. “ბრალდებები” უცვლელია _ “რუსეთის მონა”, “აგენტი” და “მოღალატე…” პროპაგანდისტები ბრძოლის მეთოდებს არ ცვლიან და საზოგადოების დაბრმავებასთან ერთად ხელისუფლების პოლიტიკურ ჩაგვრასაც (“ბულინგს”) ნაცადი ხერხებით განაგრძობენ.
ზალკალიანმა, მართალია, მოგვიანებით თავი იმართლა და თავისი განცხადების გამო განმარტებებიც გააკეთა, მაგრამ ლიბერალური პროპაგანდის ყბაში ჩავარდნილ მინისტრს ამით მაინც არაფერი ეშველა. ქართულ დემოკრატიაზე “გულდათუთქულმა” ე.წ. პროდასავლურმა ოპოზიციამ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ქვეყნის “ისტორიული არჩევანის”, ანუ პროდასავლური კურსის უარყოფისა და ამ კურსიდან გადახვევის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება უწოდა, რომელიც, მათივე შეფასებით, საგანგაშო და დასაგმობია… ხელისუფლება 3+3-ზე აწი, ალბათ, ხმის ამოღებასაც ვეღარ გაბედავს, მაგრამ რეალობა უცვლელია: რეგიონის ხუთი ქვეყანა _ რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი _ ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის გარკვეული დღის წესრიგის დამყარებაზე იმსჯელებს, საქართველო კი განაგრძობს “სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ”, რითაც თავს ისევ პოლიტიკურ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს. უფრო ზუსტად, საქართველო თავს ისევ ლიბერალური დასავლეთის იმედად ტოვებს, იმ დასავლეთის, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთს ეხვეწება, კარს მომდგარი ზამთრის წინ ბუნებრივი აირი ძალიან არ გაუძვიროს. მეტიც, საქართველო თავს ისევ იმ ოკეანისგაღმელი “მეგობრების” იმედად ტოვებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობას რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის გარეშე, უბრალოდ, ვერ ხედავენ. რას მოიტანს ეს მავნებლური პოლიტიკა, რომელიც საკუთარი თავის ჭაობში კიდევ უფრო ღრმად ჩაფლობაა _ მუდმივ კონფრონტაციას ჩრდილოელ მეზობელთან თუ იზოლაციასა და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებულ უსაფრთხოებას?
როცა გვეუბნებიან, რომ თურმე პრობლემების მოსაგვარებლად ამ პრობლემების სათავესა და გასაღებთან დალაპარაკება “ისტორიული არჩევანის” უარყოფაა, იმ ფონზე, როცა ევროკავშირში უსაფრთხოების ახალ სისტემაზე მსჯელობენ, რათა როგორმე საკუთარ ბედსა და მომავალზე კონტროლი არ დაკარგონ, ხოლო ოკეანის გაღმა მომავალი ფინანსური წლის ბიუჯეტს ძლივსძლივობით ამტკიცებენ, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ ანაღვლებთ კი დასავლეთში “ისტორიული არჩევანის” ერთგული საქართველოს ბედი, რომელიც მზადაა, ამ “არჩევანის” გამო საკუთარ მომავალზე უარი თქვას? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
_ ბატონო დიმიტრი, 3+3 ფორმატმა, რომლის ფარგლებშიც, ბუნებრივია, საქართველოც განიხილება, ლიბერალურ ელიტაში ისტერიკა გამოიწვია. კეთდება განცხადებები, რომ იმ პროცესებში, რომლებშიც რუსეთია ჩართული, საქართველომ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე და, საერთოდ, 3+3 ფორმატზე?
_ უწინარესად, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც შეეხება რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური არქიტექტონიკის შექმნას და რომლის ინიციატორიც არის თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. სხვათა შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ერდოღანის ამ ინიციატივის მიმართ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და მხარდამჭერი პოზიცია აქვს ირანის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობებს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად თავს იკავებს ამ საკითხის მიმართ ინტერესის გამოხატვისგან, მაგრამ გავიხსენოთ ერთი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი დეტალი: მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის გახსნის ცერემონიაზე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ ინიციატივის მხარდამჭერი პოზიციით გამოვიდა და განაცხადა, რომ დროა, შეიქმნას რეგიონული ასამბლეა, რომელიც მოსაზღვრე ქვეყნების ხელმძღვანელობებთან ერთად იფიქრებს მშვიდობიანი კავკასიის პლატფორმის შექმნაზე. სწორედ რუსეთთან დიალოგის თემაზე საუბრისას იყო ეს განცხადება და მაშინაც, როგორც ყოველთვის, პრეზიდენტის ამ წინადადებას კრიტიკა მოჰყვა. ცხადია, ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან ძალები ქვეყანაში, რომლებიც ჩანასახშივე ეწინააღმდეგებიან მსგავს იდეებს და ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველო არ ჩაერთოს რუსეთთან დიალოგის პერსპექტივის მომტან რამე ფორმატში. ეს ყველაფერი ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პრობლემის შედეგად ქვეყანაში მუდმივად მზარდია გამოწვევები უსაფრხოების თვალსაზრისით. რას ვიღებთ შედეგად? ერთადერთ რამეს _ საქართველო ვერ ახერხებს გამოსვლას ერთი პოლიტიკური ციკლიდან, რაც ერთგვარი ქრონოლოგიური თანმიმდევრობაა ჯერ რუსეთთან გაყინული ურთიერთობების, შემდეგ _ “რუსეთი ოკუპანტიას” ყვირილის, შემდეგ კი _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მსჯელობის გაყინული პროცესის და ამ ყველაფრის ფონზე სრული უპერსპექტივობის.
_ 3+3 ფორმატი აჩენს რამე პერსპექტივას ამ თვალსაზრისით?
_ აქ საკითხის ასე დასმა _ უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ჩვენ რუსეთის ან თურქეთისა და ირანის ფაქტორები, არასერიოზული მიდგომა მგონია. ერთიც, მეორეც და მესამეც არის ობიექტური მოცემულობა, რომელიც, მოგვწონს ჩვენ თუ არა, არსებობს. იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ვის რა უნდა და ურჩევნია, საუბარია იმაზე, რა რეალობაა ჩვენგან დამოუკიდებლად. რაც შეეხება კონკრეტულად პლატფორმას, უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი _ ეს არის ეკონომიკური აქტივობა… ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთი, რომლის ტვირთბრუნვა ყოველწლიურად მატულობს როგორც ყაზახეთიდან, ისე რუსეთიდან, რა თქმა უნდა, გულგრილს არ ტოვებს სომხეთსაც, ვინაიდან, ყარაბაღის მოუგვარებელი პრობლემის ყინულის დაძვრის შემდგომ გაჩნდა რეალური ალტერნატივა, აბრეშუმის გზა კავკასიის ამ რეგიონში განიტოტოს ორ ნაწილად. ეს რას ნიშნავს, იცით? ტვირთებმა უნდა იმოძრაოს, როგორც აზერბაიჯან-საქართველოს გავლით, ისე სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით. ცხადია, ეს სომხეთისთვის არის პერსპექტივა, რათა დაასრულოს მრავალწლიანი ჩიხური მდგომარეობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა და აგდებს დღესაც ამ ქვეყანას. აი, ამ ინტერსებზეა საუბარი, როცა ლაპარაკობენ ახალ პლატფორმაზე და, რა თქმა უნდა, აქ ყველა თავის ინტერესებს ხედავს. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ის, უბრალოდ, ვერ გასცდა სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარმოთქმულ ფრაზებს და მის იდეას. რატომ და რის გამო, სხვა საკითხია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მიდრეკილება მუდმივად იქით, რომ არ უნდა ელაპარაკო კონფლიქტის მხარეს და შენი პრობლემების გადაჭრა მიანდო აბსოლუტურად სხვა ვექტორს, რომელსაც, ბუნებრივია, თავისი ინტერესები აქვს, ჩვენთვის, სულ ცოტა, არის სტაგნაცია. თუმცა ბოლო პერიოდში სტაგნაცია ერთგვარ პოზიტიურ შედეგადაც შეიძლება ჩაითვალოს, ისე ვითარდება მოვლენები და იმდენად ჩიხურ მდგომარეობამდე მივყავართ ამ ყველა კონტექსტიდან ამოვარდნილ პოლიტიკას…
_ დავუბრუნდეთ ისევ შეფასებებს: ე.წ. პროდასავლურმა ოპოზიციამ ხელისუფლებას პოლიტიკური “ბულინგი” მოუწყო და მწვავედ გააკრიტიკა, მათი მთავარი გზავნილია ის, რომ რუსეთთან ერთად ნებისმიერ ფორმატში ჩართულობა არც უნდა განიხილებოდეს. თქვენი აზრით, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას მმართველ გუნდზე?
_ ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ფაქტია: მმართველ გუნდს ამ მავნე პოლიტიკურმა რეალობამ ერთგვარი კომპლექსები გაუჩინა. ბატონი ზალკალიანიც თითქოს თავის მართლებაზე გადავიდა… რაც შეეხება რეალობას, საზოგადოებას, ალბათ, არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ დღეს რუსეთი ჩვენთვის არის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა. ენერგორესურსების 96% რუსული კომპანიების ხელშია. რუსული კაპიტალის ხელშია ჩვენი სასოფლო–სამეურნეო ინდუსტრიის მთავარი მიმართულება _ მეღვინეობა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხორბალი და პური, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, 95%-იანი მოცულობით შემოდის რუსეთიდან. წარმოგიდგენიათ, ეს ციფრებში რამხელა მოცულობებია? _ კოლოსალური. ამ დროს კი სირაქლემასავით ჩაგვირგია თავი მიწაში და ვამბობთ, ოკუპანტს არ უნდა ველაპარაკოთო. ეს არის საკუთარი ქვეყნის მტრობა და ამ პოლიტიკამ საქართველო უკვე მიიყვანა სრულ კატასტროფამდე, გნებავთ _ ეკონომიკურად, გნებავთ _ პოლიტიკურად და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ხომ _ საერთოდ…
_ რას მოგვიტანს მსგავსი მიდგომები?
_ ხშირად ამბობენ ცხელი თავები, რომ თურმე საქართველოს რუსეთმა ყველაფერი წაართვა და აწი მეტი რაღა უნდა დავკარგოთო. დასაკარგი ვისაც არაფერი აქვს და არც არაფერი ადარდებს, გარდა გრანტებისა, ის ხალხი ამბობს ამას, მაგრამ მიმაჩნია, რომ დასაკარგი ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს. თუმცა, მეორე მხრივ, რეალობა არის ის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გავთავისუფლდით შარლ მიშელის კლანჭებისგან, ვერ გავთავისუფლდით რაღაც პოლიტიკური კომპლექსებისგან და დიდწილად ამითაც ვქმნით იმის წინაპირობებს, რომ გარკვეულ გარე ძალებს მუდმივად ჰქონდეს ჩვენზე ზემოქმედების საშუალება…
_ სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში _ იან კელიმ “ტვიტერზე” თქვა, რომ საქართველომ არათუ რთულად უნდა შეაფასოს რუსეთთან ერთად რამე ფორმატში მონაწილეობა, არამედ შეუძლებლად. ესეც ერთგვარი ზეწოლაა ხელისუფლებაზე?
_ რა თქმა უნდა. ამით, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, რომ ჩვენ არც კი უნდა გავიხედოთ რუსეთისკენ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ რუსულ–ქართული ურთიერთობების დათბობის ჩაშლა ამერიკელებს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აქვთ აყვანილი, მაგრამ დასავლეთიდან წამოსული ვერანაირი წნეხი და მუქარა ხელისუფლების უმოქმედობას რუსეთთან დიალოგის დაწყების თვალსაზრისით ვერ გაამართლებს. საერთოდ, ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს: წნეხი ყოველთვის იქნება და იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც შენი პოლიტიკაა არასახელმწიფოებრივი. მაგრამ ხელისუფლება, თუ ის მართლა სახელმწიფოებრივი პრინციპებით მოქმედი ხელისუფლებაა, ვალდებულია, ამ წნეხს გაუძლოს და იმოქმედოს არა სხვისი ინტერესების გათვალისწინებით, არამედ საკუთარით. აი, ეს არის დღეს ქართულ პოლიტიკაში დასამკვიდრებელი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სხვის დაკრულზე ცეკვის მავნე პრაქტიკა…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია