დიმიტრი ლორთქიფანიძე: ინვესტიციები კარგია, მაგრამ სიფრთხილე არ უნდა დავივიწყოთ!

    ,,28 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა საქართველოსთან დიალოგისთვის. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, რადგან აქამდე ,,3+3" ფორმატის ფარგლებში კეთდებოდა მსგავსი განცხადებები, ახლა კი პირდაპირ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგზეა საუბარი"

    საერთაშორისო ორგანიზაცია USAID – წყვეტს საქართველოში პროგრამების და პროექტების დაფინანსებას და .. ოპოზიცია დამწუხრებული აქვეყნებს ჩამონათვალს იმ სფეროებისა, რომლებსაც ეს ორგნიზაცია აფინანსებდადიდი დანაკლისია საქართველოდან  USAID –ის გასვლა, უფრო ზუსტად _ დაფინანსების შეწყვეტა? რა დააკლდება საქართველოს, თუკი დასავლურ .. ორბიტას მოწყდება? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ევგენი პრომაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

    _ USAID არის ამერიკის სახალხო დიპლომატიის წარმოებისა და ამ დიპლომატიის საფარქვეშ რბილი ძალის გამოყენების მთავარი ინსტრუმენტი. აღნიშნული ორგანიზაცია აზერბაიჯანმა დიდი ხნის წინათ დაითხოვა ქვეყნიდან. ახლა კი  აშშ-ის პრეზიდენტმა USAID-ს 90 დღით შეუჩერა ყველანაირი ე.წ. სამოქალაქო დაფინანსება განვითარებად ქვეყნებში…

    დონალდ ტრამპი, როგორც მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის მესაფლავე, არ უნდა აღვიქვათ იმ მშვიდობისმყოფელად, რომელიც ბაიდენის მიერ დატრიალებულ ჯოჯოხეთს სამოთხედ გვიქცევს. ტრამპის მოსვლასთან ერთად იწყება ახალი ეპოქა, რომელიც გაიგივებულია აპოკალიფსის მეოთხე მხედართან _ ასე ითქმის გეოპოლიტიკის ენაზე. ეს დაკავშირებულია ტირანიისთვის გზის მოსუფთავებასთან. ჩვენ გამოვიარეთ ფაშიზმი, ბოლშევიზმი, ლიბერალიზმი და შევდივართ ტირანიის ეპოქაში. ახლა ხდება ასპარეზის მომზადება ანტიქრისტესთვის.

    იცვლება ღირებულებები, პოლიტიკური ელიტები  და იწყება სამზადისი ტრანსჰუმანისტური იდეების ხორცშესასხმელად, რომელიც დაკავშირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის დიქტატურასთან. ეს არის ის აპოკალიფსური პერსპექტივა, რომელიც გველის. ჩვენ შეგვიძლია სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და მოვემზადოთ იმისთვის, რომ ნაკლებად დავზიანდეთ.

    _ ეს როგორ უნდა შევძლოთ _ გავქრეთ ზესახელმწიფოების თვალთახედვის არედან და მოვექცეთ იზოლაციაში?

    _ საქართველოს ხელისუფლება სწორ პოზიციაზე დგას. სხვა ვარიანტი არ არსებობს. გლობალურ დასავლეთთან კომპრომისზე ვერ წავალთ, რადგან ეს ჯოჯოხეთში წასვლას ნიშნავს.

    ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის რკალში მოექცა, დენთის კასრზე ზის და ეს ტერიტორია ჩვენთან ახლოსაა. ჩვენს რეგიონში დაპირისპირების ცენტრი არის თბილისი, აქ უამრავი ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესი იყრის თავს. ჩვენთვის იდეალური ფუნქცია მხარეებს შორის ხიდის ფუნქციაა და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ამის გაკეთებას.  უკვე დავიწყეთ დიდი აბრეშუმის გზის გატარება შუა დერეფნის სტატუსით მოსარგებლე ქვეყნებთანშემოგვყავს ჩინური სატრანსპორტო საშულებები ევროპის მიმართულებით; შემოგვყავს არაბული საინვესტიციო კომპანია, რომელიც მზად არის, 6 მილიარდი დახარჯოს 5 წლის განმავლობაში. ჩვენ პირდაპირი ინვესტიციების გზით შეგვიძლია მივაღწიოთ ეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც ავტომატურად გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობასაც.

    როდესაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი სანუკვარი ოცნება _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შემოერთება. საქართველოს ერთიანობის გასაღები კი მოსკოვშია.

    _ დესტრუქციულ ძალებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ფრაზა ,,ტერიტორიების აღდგენის გასაღები მოსკოვშია”..

    _ მოსკოვი მსოფლიოში გადაწყვეტილების მიმღებთაგან ერთ-ერთია, რომელიც ინარჩუნებს და ავითარებს ძლევამოსილებას სამხედრო ბიუჯეტზე გადასვლით. რუსეთმა დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ მას შეუძლია გაუძლოს კრიზისს, რომელიც გამოწვეულია 56 ქვეყნის გაერთიანებული სამხედრო ბიუჯეტის ბრძოლით, და განავითაროს ინფრასტრუქტურა და სამხედრო ძალა.

    ,,ბოროტ ძალად” რუსეთის მოხსენიება იაფფასიანი პროპაგანდაა. მსოფლიო მრავალპოლუსიანია… აშშ-თან ერთად წამყვან ქვეყნებად ითვლება ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი, ამასთანავე, არის ბრიჩსი, რომელიც იზრდება. ბრიჩსის ქვეყნების მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელი იმაზე მეტია, ვიდრე მთლიანად გლობალური დასავლეთისა. აშშ ამ ყველაფერს ითვალისწინებს, რადგან, როდესაც ტრამპმა შეიტყო, რომ ჩინეთი აცხადებს  ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო პროგრამაზე გადასვლას, განაცხადა, რომ ეს არ აღაფრთოვანებს. ჩინეთი ძლიერია ყველაფრით _ იარაღითაც და ტექნოლოგიითაც; ასევე ძლიერია რუსეთიც, იქ მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა.

    ჩინეთი ქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად იქცა. ამ სახელმწიფოში უმაღლეს დონეზე გაიმართა საქართველოს იმჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, ვიზიტი. ჩინეთიც უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაა და საქართველოც, ჩინეთი ამას პატივს სცემს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს;  სურვილი აქვს, საქართველოს გაუჭრას მნიშვნელოვანი სარკმელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით და თვითონ იყოს ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარების მთავარი ინვესტორი, გადაზიდვების მხრივ კი იყოს მთავარი მიმწოდებელი, როგორც აფრიკის, ისე ევრაზიის მიმართულებით. ეს არის უდიდესი განაცხადი, რომელიც, შეუძლებელია, რუსეთთან შეთანხმების გარეშე მომხდარიყო. რუსეთს ჩინეთი ყოველთვის ანგარიშს უწევს, ამას ემატება ინდოეთი… ეს ყველაფერი დაკავშირებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე, რუსეთისა და საქართველოს საზღვართან 8 ბლოკირებული დერეფანი უნდა განიბლოკოს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც გაიხსნება რკინიგზა ფსოუზე, აღდგება პირდაპირი ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალური მოძრაობა, დაემატება ახალი დერეფნები და ა.შ. მოკლედ, აღდგება ის მაგისტრალები, რომლებიც გლობალური დასავლეთის ინსპირირებით არის ბლოკირებული.

    უკვე ვთქვით, რომ საქართველოში შემოდის არაბული კომპანია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი აშენებს უზარმაზარ პორტს ირანში, რომლითაც ინდოეთი, ირანი და ამიერკავკასია დაუკავშირდება ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ ევროპას. ეს არის პერსპექტივა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ცოტა ხანში ბრიჩსის ქვეყნებისა და ,,3+3″ ფორმატის სახელმწიფოთა ერთობლივი შუამდგომლობით დაიძვრება ის ყინული, რომელიც დაათბობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას.

    28 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა საქართველოსთან დიალოგისთვის. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, რადგან აქამდე ,,3+3″ ფორმატის ფარგლებში კეთდებოდა მსგავსი განცხადებები. ახლა კი პირდაპირ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგზეა საუბარი.

    საქართველო დუმილს ინარჩუნებს, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ველოდებით იმ მორალური სიმაღლეების აღებას, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ რელსებზე გადაყვანასთან; ასევე ელოდებიან რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებას, რომლისთვისაც, აქვე ვიტყვი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა.

    _ რამდენიმეჯერ ახსენეთ არაბული ინვესტიცია, ჩინური ინვესტიცია, ისაუბრეთ იმაზეც, რომ თბილისში არის ცენტრი უცხოური სპეცსამსახურებისა, რომლებიც საშიაშია და .მახსოვს, 2018 წელს სწორედ თქვენ იყავით თავკაცი საქართველოში არაბების შემოდინების წინააღმდეგ ამხედრებული მოქალაქეებისა. ახლა აღარ არის საშიში არაბების შემოსვლა და ამხელა ინვესტიცია გონიოში, რომელიც თურქეთის საზღვართანაა, და თბილისში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების თავშეყრის ადგილია?

    _ მისაღებია თუ არა პროექტები, ახლა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. გამოვთქვამ იმედს, რომ 6-მილიარდიანი პროექტი ე.წ. სინგაპურიზაციის გეგმასთან არ არის კავშირში, რომელზეც სააკაშვილი აპელირებდა და არ ითვალისწინებდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. დღევანდელი ინტერესები ჩადებულია ორგანულ კანონში ყოფილი პრემიერის, ღარიბაშვილის, ინიციატივით, მეგაპროექტებში საქართველოს სახელმწიფო მიიღებს 51-პროცენტიან წილს საკონტროლო პაკეტის სახით. 6 მილიარდის ჩადებასთან დაკავშირებით ვიცით რამდენიმე დეტალი:

    უნდა აშენდეს მშრალი პორტი თბილისთან ახლოს;

    კრწანისში განხორციელდეს მეგაპროექტი, რომელიც განაშენიანებას გულისხმობს, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, რა უნდა იყოს;

    გონიოში უნდა აშენდეს სასტუმრო მეურნეობის ქსელი;

    ბათუმში უნდა გაკეთდეს პროექტი, რომლის შინაარსიც არ ვიცით…

    პირველ წელიწადს არაბები ჩადებენ 1 მილიარდს, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეცოდინება მაკეტის დონეზე, რა კონკრეტულ ინვესტიციებს ისახავს მიზნად არაბული ინვესტიცია.

    სიფრთხილე აუცილებელია და საზოგადოებას მართებს ფხიზლად ყოფნა. ყველა ხელისუფლება ბედავს და აკეთებს იმდენს, რამდენის უფლებასაც აძლევს საზოგადოება. ინვესტიციები კარგია, მაგრამ სიფრთხილე არ უნდა დავივიწყოთ. მიგრაციის საკითხებზე ყოველთვის ვმუშაობდით, მონიტორინგს ვაწარმოებდით და ახლაც თქვენს გამოცემასა და საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად მივადევნებთ თვალს ყველა ინვესტიციას…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here