რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ რამდენიმე დღის წინათ ვიდეოკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რუსულ–ქართული ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას შეეხებოდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ხელისუფლებაშიც და ე.წ. პროდასავლურ ოპოზიციაშიც შეფასებები შეფასებებზე გაკეთდა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული განცხადება კრემლის მხრიდან პროვოკაციის მორიგი მცდელობაა. მეტიც, “ტრადიციულად” ითქვა ისიც, რომ აღნიშნული განცხადებით მოსკოვს საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება უნდა, რომ “ოკუპანტთან დიალოგს აზრი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით შეიძლება ჰქონდეს” და ა.შ. თუმცა შეფასებების ამ კორიანტელში, რომელიც რაციონალურ ელემენტებზე მეტად პოლიტიკური ისტერიკის ნიშნებს შეიცავდა, კრიტიკა და ლანძღვა, თავის მხრივ, არც ხელისუფლებას დაჰკლებია _ უცხოეთიდან დაფინანსებულმა ლიბერალურმა სპექტრმა (როგორებიცაა “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია” და სხვები) მმართველი გუნდი ისევ კრემლის აგენტობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ, თუ “ოცნება” ლავროვის განცხადების კვალდაკვალ მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება, ამით მმართველ გუნდზე კრემლის გავლენების არსებობა კიდევ ერთხელ დამტკიცდება…
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა და დასძინა, რომ ოფიციალური თბილისის მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მოსკოვი მზადაა, საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ავიამიმოსვლის არარსებობაც, რომლის მოგვარებაც პროცესების სწორად წარმართვის პირობებში შეიძლება…
რას ნიშნავს ლავროვის განცხადება საქართველოსთვის, რა პერსპექტივა არსებობს ორი ქვეყნის ურთიერთობაში დადებითი ძვრებისთვის და შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრის განხორციელება დღევანდელ ვითარებაში?
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც სერგეი ლავროვს ვიდეოკონფერენციის დროს შეკითხვით მიმართა.
_ ბატონო დიმიტრი, ამას წინათ თქვენ მიერ ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას დასმული შეკითხვის პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებამ, რომელიც საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის შესაძლო გახსნას, ავიამიმოსვლის აღდგენასა და კიდევ სხვა საკითხებს შეეხებოდა, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მწვავე შეფასებები გამოიწვია. ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ერთხმად საუბრობენ, რომ, თურმე, ეს განცხადება მორიგი პროვოკაციაა. რა გზავნილია დღევანდელ ვითარებაში ლავროვის განცხადება საქართველოსთვის?
_ ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ პოსტკორონავირუსულ პერიოდში ჩვენ არაერთი ახალი ფაქტის წინაშე შეიძლება დავდგეთ, რაც არ იქნება მარტივი და ხანმოკლე პროცესი. ეს თავისთავად გულისხმობს იმ რეალობას, როცა ჩვენი მხრიდან აუცილებელი იქნება გარკვეული მიდგომებისა და პრინციპების გადახედვა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. საუბარია იმ ორიენტირების გადახედვაზე, რომლებიც ახალი რეალობის ფონზე, შესაძლოა, სრულიად ამოვარდნილი აღმოჩნდეს, როგორც მსოფლიო, ისე რეგიონული პოლიტიკის კონტექსტიდან. რაც შეეხება განცხადების პათოსსა და ხასიათს, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება არც ერთი კონფერენცია, სატელევიზიო გამოსვლა და ინტერვიუ, სადაც ლავროვს ამხელა დრო დაეთმო საქართველოზე საუბრისთვის. სხვათა შორის, ამ განცხადებაში არ იყო საუბარი მხოლოდ ავიამიმოსვლის აღდგენასა და სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნაზე, აქ იყო საუბარი ასევე სხვა ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც ჩვენი მედიით საერთოდ არ გაშუქებულა…
_ მაგალითად?
_ მაგალითად, აქ იყო საუბარი 2005 წელს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის რეალიზების შემთხვევაშიც, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები. იგულისხმება ურთიერთშეთანხმება ერთობლივი კონტრტერორისტული ბაზების შექმნაზე. ამით მხარეებს შორის გარკვეული თანამშრომლობა შესაძლებელი იქნებოდა. სხვათა შორის, ლავროვმა თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა სავაჭრო ურთიერთობები და მინდა, გითხრათ, რომ, დღევანდელი მონაცემებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა მილიარდ 400 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს იმ დროს, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ჩვენთვის არის ყველაზე დიდი ბუნებრივი პარტნიორი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით და ამას არაერთი ციფრი, ფაქტი თუ სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს…
_ ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, რუსეთის ეკონომიკურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ, თუმცა პროდასავლური ხელისუფლება და ოპოზიცია მუდმივად ხაზს უსვამს, რომ საქართველო მაქსიმალურად უნდა გათავისუფლდეს კრემლის გავლენებისგან. მოდი, ვისაუბროთ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც ცხადყოფს, რომ, მიუხედავად პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთის როლი მაინც მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის.
_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მთელი რიგი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები დამოკიდებულია რუსეთზე. მაგალითად, ავიღოთ რკინიგზა, რომელიც მარა?ნაწილების 100%-ს იღებს რუსეთის ფედერაციიდან. ასევეა თბილისის მეტროპოლიტენიც.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ღვინის ქარხნები, მსხვილი მრეწველობა, როგორებიცაა ქიმიური თუ ოქროს მრეწველობა და ენერგოგენერაციების ობიექტების 96% რუსეთში რეგისტრირებული კომპანიების საკუთრებაშია. ისე, მაინტერესებს, როგორ მოხდა, რომ ხელისუფლებაში იმ ადამიანების ყოფნის პერიოდში, რომლებიც რუსეთისგან სრულ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე საუბრობენ და ამაზე აპელირებენ მუდმივად, ზემოჩამოთვლილი სტრატეგიული ობიექტები რუსული კომპანიების ხელში აღმოჩნდა?
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი?
_ ეს პოლიტიკა ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდიდან დაიწყო და მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ერთი:
ამერიკელებთან შეთანხმებით მიეღოთ გარკვეული ფინანსური სარგებელი. რუსულ-ქართულ ურთიერთობებს რაც შეეხება, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული და ვფიქრობ, ეს არის, როგორც ორჯერ ორი ოთხი _ დღევანდელ ვითარებაში ამ ურთიერთობების დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს. იმ პირობებში, როდესაც საქართველო ვერ აკონტროლებს ტერიტორიების ერთ მეხუთედს, ოფიციალურ მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის გზით პოლიტიკური ფასის განსაზღვრა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა უნდა იყოს წმინდათა შორის წმინდა ამოცანა ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომელიც თავს თვლის ეროვნულ ძალად. ეს განსაკუთრებით ნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ოფიციოზი ვერ ახერხებს ურთიერთობების ნორმალიზებას და სულ გვაქვს მზარდი დაძაბულობა, რომელიც კიდევ რა უბედურებას მოუტანს ქვეყანას, კაცმა არ იცის…
_ რა ხელისშემშლელი გარემოებები აფერხებს დღეს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას?
_ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, როგორც კი ჩნდებოდა რაღაც პერსპექტივა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, მაშინვე პროცესში ერთვებოდნენ გარკვეული ფარული ძალები და ეს პროცესი მერე უკვე ვეღარ ჰპოვებდა ლოგიკურ განვითარებას. სხვათა შორის, აქვე მინდა გაგახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ზუსტად ასახავს იმ დესტრუქციულ პოლიტიკურ კონიუქტურას, რომელიც უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში. როდესაც 2018 წლის 4 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა მეუფე ილარიონი (ალფეევი), რუსეთის საპატრიარქოს საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, და შეხვდა ჩვენს უწმინდესს, გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის საზღვრების მთლიანობას… იცით, რა მოჰყვა ამას საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან? 12 ეპისკოპოსი ჩაიყვანეს ვაშინგტონში. მერე იქიდან რა განცხადებებიც გაკეთდა, ყველას გვახსოვს… ანუ, რისი თქმა მინდა: ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ აქ რამე ფორმით დაირღვეს გავლენის ბალანსი და რომელიმე დიდმა სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში რუსეთმა, შეძლოს რამე პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვება. აი, ეს არის უმთავრესი ხელისშემშლელი გარემოება, რისი დაძლევაც, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. თუმცა ცალკე საკითხია ის, რომ ხელისუფლება მარიონეტულია და თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია გარე ძალის დირექტივებზე.
_ ხელისუფლება რომ მართულია, გასაგებია, მაგრამ გამოსავალს თუ ხედავთ? როგორ წარმოგიდგენიათ ამ პირობებში საქართველოს ეროვნული ინტერესებით მოქმედება იმავე რუსეთის მიმართ?
_ პირველი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ჩვენ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ სახალხო დიპლომატია. საქართველოს ამ თვალსაზრისით აქვს სერიოზული რესურსი და ეს რესურსი უნდა იქნეს გამოყენებული. მეორე _ უნდა მოხდეს ეროვნული ძალების სრული კონსოლიდაცია, რათა ერთი რომელიმე კონკრეტული სუბიექტი კი არ იყოს ეროვნულ ფლანგზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური ბირთვი. სხვათა შორის, აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შევეკითხო ქალბატონ ირმა ინაშვილს: ქალბატონო ირმა, ნუთუ არ თვლით, რომ დადგა დრო, ყველა ის ძალა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის გადაწყვეტას ხედავს პირდაპირ მოლაპარაკებებში რუსეთის ფედერაციასთან, უნდა გაერთიანდეს? ნუთუ არ თვლით, რომ დადგა დრო, ერთ პლატფორმაზე ვიდგეთ და არ დავქსაქსოთ ხმები? ძალიან მინდა და მოხარული ვიქნები, რომ ამ საკითხზე ეროვნულ ძალებს შორის შედგეს კონსენსუსი, რომლის განმსაზღვრელიც იქნება გარკვეული ფორუმი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე პროდასავლური სუბიექტების სრული დომინაციის პირობებში რეალური ალტერნატიული, ჯანსაღი ძალა ჩამოყალიბდეს.
რაც შეეხება ისევ მოსკოვთან დიალოგს. ვფიქრობ, დღევანდელ უკიდურესად რთულ ვითარებაში საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი უმთავრესი გარემოება არის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. გნებავთ _ ეკონომიკური, გნებავთ _ პოლიტიკური და სხვა თვალსაზრისით, უახლოესი ჩვენი პერსპექტივა დამოკიდებულია ზუსტად ამ გარემოებაზე; ამიტომ, რაც უფრო სწრაფად გადაიდგმება ეს ნაბიჯები, მით ნაკლებ სირთულეებს შეიძლება წააწყდეს სახელმწიფო უახლოეს მომავალში. თუმცა ის, რომ მარიონეტული ხელისუფლების პირობებში ამ ნაბიჯების ალბათობა მცირეა და პრაქტიკულად არც უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან ძვრებს, ალბათ, ყველა ვხვდებით. არსებულ ხელისუფლებას ამისთვის არც ნება აქვს და არც რესურსი.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
чеми азрит унда давамкарот уртиет гагеба да сджобс шеригеба пирадад мохарули вкнби