Home რუბრიკები საზოგადოება დიდი დასტაქარი ლადო ანდრონიკაშვილი

დიდი დასტაქარი ლადო ანდრონიკაშვილი

1924
ლადო ანდრონიკაშვილი

არიან ადამიანები, რომელთა ხსენებაც, მიზეზთა გამო, ზოგჯერ მათ სიცოცხლეშიც მოსაწყენია და არიან ისეთნიც, რომელთა გახსენებას სიხარული და ძალა შემოაქვს სულშიგული გინათდება, ენერგია გემატება, სიცოცხლე გიყვარს.

სახელგანთქმული ექიმი, დიდებული დასტაქარი ლადო ანდრონიკაშვილი მეორე კატეგორიას ეკუთვნის. ევროპული ფილოსოფიის ფუძემდებელი და ევროპული იდეოლოგიური სახელმწიფო მოდელის პირველი შემოქმედი სოკრატე, კაცობრიობის მასწავლებელთა შორის ერთ-ერთ დიდ ბრძენკაცად აღიარებული ბერძენი ფილოსოფოსი, თავს ბებიაქალს უწოდებდა. იგი საუბარს ისე წარმართავდა შეკითხვებით, რომ მოსაუბრე თვითონ მისულიყო ჭეშმარიტ აზრთან, ამიტომ სოკრატეს, როგორც ფილოსოფოსის, ბებიაქალობა აზრის დაბადებას ნიშნავდა.

ქართული სიტყვა “ბებიაქალი” ისეთივე ძველი უნდა იყოს, როგორც “გუთნის დედა”. ეს სიტყვები საუკუნეთა სიღრმეში გვახედებდა, როცა ბავშვის შობის პროცესში მელოგინე ქალის პატრონობა ქალის მოვალეობა იყო.

ლეგენდარული მეანგინეკოლოგი ლადო ანდრონიკაშვილი ის “ბებიაქალია”, რომელსაც უამრავი ადამიანის დაბადებაში მიუძღვის წვლილი. ბატონი ლადო, თავისი მოღვაწეობით, ამქვეყნიური სიცოცხლის ნამდვილი ღვთისმსახური იყო; პიროვნული სისპეტაკით გამორჩეულსა და ადამიანების სიყვარულით დაჯილდოებულს, ეზეიმებოდა, ყოველი ახალი სიცოცხლის მოვლინებაში მახარობელი ყოფილიყო და მიმლოცველის მოვალეობა შეესრულებინა, კრიტიკულ შემთხვევაში შეუძლებელი შესაძლებლად ექცია და სიცოცხლის გამარჯვება განსაცდელში ჩავარდნილებთან ერთად ედღესასწაულა.

ბატონი ლადოს მეუღლე ქმრის მიერ 50-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში სიცოცხლის გადარჩენის უამრავ ეპიზოდს იხსენებს. აი ერთ-ერთი:

* ერთ წვიმიან დღეს სამშობიაროში მშობიარე ქალი მიიყვანეს. ახლობლებიდან არავის უთქვამს, ორსულობის განმავლობაში მძიმე ტოქსიკოზი რომ ჰქონდა, სუიციდის მცდელობაც. მშობიარე მოსამზადებლად აიყვანეს ოთახში. შესვლისთანავე ფანჯარას მივარდა და გადახტა. მყისვე შეატყობინეს ბატონ ლადოს, რომელიც ისე, რომ წამიც არ დაუკარგავს, ეზოში გაიქცა ყვირილით “სკალპელი ჩქარა! ქალი გარდაცვლილი დახვდა. იქვე გაკვეთა და დედის მუცლიდან რამდენიმე წამში ამოიყვანა ჩვილი შეძახილით “ბიჭია!”. ამ კვეთას ბატონი ლადოს კოლეგებმა “საუკუნის კვეთა” უწოდეს. ეს ბიჭუნა დღეს დიდი კაცია და იცის, რომ ლადო ანდრონიკაშვილს მიუძღვის უდიდესი წვლილი მის გადარჩენაში.

ასეთი ეპიზოდი ბატონ ლადოს ცხოვრებაში უამრავი იყო.

ვირტუოზი ექიმი მეანგინეკოლოგი, ბატონი ლადო ანდრონიკაშვილი მაგალითია არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმის, არამედ დიდი კაცობის, სიკეთის კეთების მზადყოფნისა, მზადყოფნისა თავგანწირვისთვის ყოველი ახალი ადამიანის დაბადებისა და ამქვეყნად მოვლინებისთვის. ასეთი ადამიანები გმირები არიან.

ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მისნაირი კაცები!

დენიზა სუმბაძე,

ფილოსოფიის

მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here