და ეს მოხდება ბრექსიტის კვალდაკვალ. “ფაიშენელ თაიმსი” იუწყება, რომ ასეთი პერსპექტივის შესახებ დიდმა ბრიტანეთმა უკვე აცნობა ევროკავშირის ხელმძღვანელობას.
აღნიშნულმა გამოცემამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ლონდონის პოზიცია ბირთვული პრობლემის მოწესრიგების თაობაზე ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის საკითხზე მოლაპარაკებისას. კერძოდ, ხაზგასმულია გაერთიანებული სამეფოს უფლება, დააბრუნოს რადიაქტიური მასალები მათი წარმოშობის ქვეყანაში.
“ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც შეხსენება, რომ პლუტონიუმით დატვირთული გემი შეიძლება აღმოჩნდეს ანტვერპენის ნავსადგურში, თუ ვერ შეთანხმდებიან”, _ განაცხადა ატომური საკითხების ერთ-ერთმა ექსპერტმა.
1970-იანი წლებიდან დიდ ბრიტანეთს ბირთვული საწვავის ნარჩენები მთელი ევროპიდან გადასამუშავებლად შეჰქონდა ქალაქ სელაფილდის (კამბრიის საგრაფო) ქარხანაში. ამჟამად იქ დაგროვდა 126 ტონა ნარჩენები, რომლის მეხუთედი ჩატანილია გერმანიიდან, შვედეთიდან, იტალიიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან.
ბირთვული რეგულირების პრობლემა ერთ-ერთ უმწვავეს საკითხად განიხილებოდა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მოლაპარაკების ადრეულ ეტაპზევე. წლეულს, გაზაფხულზე, სამეფომ განაცხადა, რომ გადის “ევროატომიდან”, ანუ იმ სტრუქტურიდან, რომელიც განსაზღვრავს ევროპაში მშვიდობიანი მიზნებისთვის ატომური ტექნოლოგიების გამოყენებას. ამასთანავე, ბრიტანეთის ატომური მრეწველობის წამყვანი წარმომადგენლები მოითხოვენ, გამოინახოს “ევროატომში” მათი წევრად დატოვების ვარიანტი. თუ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ისინი პარტნიორებს სთავაზობენ, გახანგრძლივდეს გარდამავალი პერიოდის შესახებ შეთანხმების ვადა რეგულირების ახალი სისტემის შესაქმნელად.