Home რუბრიკები პოლიტიკა დეპუტატებს ნარკოტიკებზე ანალიზი უტარდებათ? ვინმე ამოწმებთ?

დეპუტატებს ნარკოტიკებზე ანალიზი უტარდებათ? ვინმე ამოწმებთ?

დეპუტატებს ნარკოტიკებზე ანალიზი უტარდებათ? ვინმე ამოწმებთ?

საქართველოს პარლამენტი, ასე თუ ისე, დალაგდა. ევროპასა და ამერიკაში ვისაც არ დაეზარა, ყველა ჩაერია, ყველამ რჩევა მისცა ქართველ კანონმდებლებს, შემდეგ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკაც ვნახეთ და საბოლოოდ გვეშველა _ თუ აქამდე 90 დეპუტატს ხელფასს პარლამენტში სიარულში ვუხდიდით, ახლა 150-ვეს გადავუხდით იმაში, რომ რუსთაველზე მდებარე შენობაში მივლენ. სწორედ მივლენ, რადგან მათი გაკეთებული არც აქამდე გვინახავს რამე და სასწაული უნდა მოხდეს, ახლა რომ გააკეთონ. არ გეგონოთ, ამ სიტყვებს ჰაერზე ვამბობდეთ _ დეპუტატები კი არა, მთელი სამთავრობო გუნდი და, საზოგადოდ, ნებისმიერი პოლიტიკოსი არ მალავს, რომ ახლა მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტის მიღებაა; იმ დოკუმენტის, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმაზე, როგორ უნდა შეუმსუბუქდეს ყოფა რიგით ადამიანებს, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი სიღატაკეს.

კანონმდებლები იმუშავებენ ერთადერთ რამეზე _ როგორმე მიიღონ ისეთი კანონი, როგორიც დასავლეთს სურს, და მერე რა, თუ ეს კანონი არც მოსახლეობასთან არის შეთანხმებული და, საზოგადოდ, არც ქართველ პოლიტიკოსებთან. ჩამოვიდა ვიღაც წვერიანი კაცი (როგორც ცოტნე გამსახურდია იტყოდა), დადო მაგიდაზე დოკუმენტი და ახლა ეს დოკუმენტი სასწრაფო წესით ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ შენიშვნებისა და ჩასწორებების გარეშე უნდა მიიღონ. საინტერესოა, რომ, თუ რომელიმე მხარე გაჯიუტდება, მოწინააღმდეგე არგუმენტს კი არ ეძებს, მაშინვე ევროპაში რეკავს, არიქა, თქვენ გეურჩებიანო, და იქიდან უმკაცრესი დირექტივები მოდის.

თავი დავანებოთ იმას, რომ დასავლეთის დაკრულზე ოპოზიცია ხან სამაიას ცეკვავს და ხან _ ხორუმს. ის ვთქვათ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მოკალათდნენ და ქვეყნის ბედ-იღბალი აბარიათ.

ვფიქრობდი, შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთმეთქი. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით, მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, პოლიტიკურ კუდს გამოაბამენმეთქი. ისე, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხანია, ველოდებითნაციონალურ მოძრაობასპარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას, _ განაცხადა პარლამენტარმა იაგო ხვიჩიამ.

ბატონმა იაგომ თავის ორ თანაპარტიელთან ერთად პარლამენტი თავიანთ სამეფოდ გამოაცხადა და დიდი შანსია, დანარჩენ დეპუტატებს, როგორც ნაზირ-ვეზირებს, ისე უყურებს. ერთი რამის თქმა გადაჭრით შეიძლება _ სხვა თანამდებობებისა და გაქანების ხალხის რა გითხრათ, მაგრამ ხვიჩიას სამეფოში მასხარები აშკარად არ მოაკლდება. ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვსვამთ კითხვას _ დეპუტატებს ნარკოტიკებზე ანალიზი უტარდებათ, ვინმე ამოწმებთ? გვაინტერესებს, რომელიმე კანონმდებელი ხომ არ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას, არ აქვს მნიშვნელობა, მარიხუანას ეწევა თუ კოკაინს ყნოსავს. საქმე ის არის, რომ დეპუტატებს იარაღის ტარების უფლება აქვთ და ნამდვილად არ გვინდა, ნარკოტიკით გაბრუებული ადამიანი ირაღით ხელში დადიოდეს. თანაც ამ ადამიანებმა ისიც იციან, რომ იმუნიტეტი იცავთ და ხომ წარმოგიდგენიათ, დაუსჯელობის რამხელა სინდრომი ექნებათ შეყრილი? ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ (ჰო, კი არ ვითხოვთ, მოვითხოვთ), ყველა დეპუტატს 40 დღეში ერთხელ მაინც (40 დღის შემდეგ ნარკოტიკი ორგანიზმიდან გადის) ჩაუტარდეს კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე და, თუ დადგინდება, რომ ისინი თუნდაც მსუბუქ ნარკოტიკს მოიხმარენ, სულ ცოტა, იარაღის ტარების უფლება შეუზღუდონ. გაგიკვირდებათ და, დეპუტატების უმრავლესობა იარაღს მუდამ ატარებს და ესეც ნიშანდობლივია _ რას აშავებენ ისეთს ხალხის რჩეულნი, რომ იარაღის გარეშე გადაადგილება უჭირთ? თვითონაც ხვდებიან, რომ, სულ ცოტა, რამდენიმე ათეული ადამიანი ჰყავთ უკმაყოფილო ან ყველა ამომრჩეველი და იარაღი სწორედ მათგან დასაცავად სჭირდებათ.

“დავესწარი მოლაპარაკებებს, მეგონა, მე ვიყავი გამოუცდელი და ისინი გამოცდილები, მაგრამ ვერაფერი გავიგე. მათაც არაფერი იციან თურმე”, _ ეს განცხადება კიდევ ერთ დეპუტატს, ვახტანგ მეგრელიშვილს, ეკუთვნის. მისი ადეკვატურობა დიდ ეჭვს იწვევს, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, განათლების კომიტეტის წევრი იყოს. ბავშვების განათლებაზე მას საინტერესო მოსაზრება აქვს და არც იმის წინააღმდეგია, დამამათავრებელი კლასის მოსწავლეები შესვენებაზე მარიხუანას თუ გააბოლებენ.

აქეთ ალეკო ელისაშვილმა თქვა: მთელ დღეს ვიყავით პარლამენტში, დავწყდით მუშაობით და მაინც ვერ გავიგეთ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ წარდგენილ ამნისტიის კანონებში რა განსხვავებააო. არადა, ეს ამნისტიის კანონი დამოკლეს მახვილივით კიდია დეპუტატების თავზე, რადგან ის შარლ მიშელის დოკუმენტშია აღნიშნული. რეალურად, ეს მუხლი ნიკა მელიას გამო შეიტანეს, თუმცა მელია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და ამნისტიის კანონის მიღებამ, ერთი შეხედვით, აზრი დაკარგა, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს _ თუ ამ მუხლს გამოტოვებენ, დეპუტატები მიხვდებიან, რომ მიშელის დოკუმენტში რაღაცების გამოტოვება შეიძლება, თანაც, თუ ამნისტიის კანონს არ მიიღებენ, გირაოთი გამოშვებული მელია, შესაძლოა, სასამართლომ გაამტყუნოს და საპატიმროში შეაბრუნოს, ამიტომ მხარეები, სურთ თუ არა, ამნისტიის კანონზე უნდა შეთანხმდნენ და “დააჩაქუჩონ”. ეს სურს დასავლეთს და, როგორც წესი, ქართველ კანონმდებლებს არავინ არაფერს ეკითხება.

სხვათა შორის, სანამ პარლამენტში შევიდოდნენ, ოპოზიცია შალიკოს ფანჩატურად წოდებულ ოფისში იკრიბებოდა. ოპოზიციის წევრები არ მალავდნენ, რომ “გირჩის” წარმომადგენლები შეხვედრებზე “კაიფში” მყოფნი დადიოდნენ და გვარიანადაც ერთობოდნენ. ჰოდა, ახლა ეს ხალხი პარლამენტშია, იქაც არაადეკვატური რეაქციებითა და გამონათქვამებით გამოირჩევიან; საქმე ის არის, რომ ოპოზიციის შეკრებებზე მათ კანონმდებლის სტატუსი არ ჰქონდათ, ახლა კი თავისუფლად შეუძლიათ, დაამტკიცონ ან უარყონ კანონი (ან მისცენ ხმა, ან არა), გადაწყვეტილებას კი იმის მიხედვით მიიღებენ, იმ დღეს აზიური მარიხუანა ექნებათ მოწეული, სვანური თუ გალიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი. შემდეგ მათ მიერ მიღებული კანონი ჩვენთვის, რიგითი ადამიანებისთვის, სავალდებულო შესასრულებელი იქნება და ეს კი ცალკე უბედურებაა.

გემახსოვრებათ, არცთუ შორეულ წარსულში პარლამენტში იმაზე მსჯელობდნენ, უნდა აიკრალოს თუ არა საქართველოში ბუსუსებიანი პრეზერვატივების გამოყენება. ოღონდ იმხანად ამ კანონპროექტზე ვინც მუშაობდა, მარიხუანით თუ სხვა ნარკოტიკული საშუალებებით გაბრუებული ნამდვილად არ იყო. ამომრჩევლის მხრიდან მწვავე რეაქციისა და პროტესტის ფონზე, მაშინ ეს კანონი უკან გაიწვიეს და იცით, რატომ გავიხსენეთ ეს ყველაფერი? რამდენიმე წლის წინათ საზოგადოებას წინააღმდეგობის გაწევის უნარი და სურვილი ჰქონდა, ახლა კი არც ერთი აქვს და არც _ მეორე. ჰო, მივედით იქამდე, რომ მოსახლეობისთვის სულერთია, ვინ იქნება პარლამენტში, რა კანონს მიიღებს, ფხიზელია თუ არა კანონმდებელი და, საერთოდ, აღარავის არაფერი არ აინტერესებს. სწორედ ეს არის პოლიტიკური ნიჰილიზმი. არჩევნებიდან არჩევნებამდე ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი იმაზე ფიქრობს, როგორ გაყიდოს სარფიანად თავისი ხმა და რომელ პარტიას წაჰგლიჯოს მეტი ფული, რათა ორი კვირა თუ ერთი თვე, ელემენტარულად, საკვების საყიდელი თანხის პრობლემა აღარ ჰქონდეს. პროდუქტების გაძვირებასთან ერთად, ხმის ფასიც იწევს, მაგრამ საქმე ის არის, რომ საუკეთესო შემთხვევაში, არჩევნები ყოველ მეორე წელს არის, საკვები კი ყოველდღიურად გვჭირდება.

არავინ არაფერს ამბობს იმაზე, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები თვითკონტროლის არანაირ მექანიზმს არ ქმნიან. მათთვის დაშვებულია ის, რაც აკრძალულია რიგითი ადამიანებისთვის. ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ავტომობილისნარუშილოვკასანომრე ნიშნები არსებობს, რომელსაც არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ და არც ჭკვიანი კამერები აჯარიმებენ. ამიტომ ასეთი სანომრენიშნიანი ავტომობილის მძღოლს თავისუფლად შეუძლია საჭეს მიუჯდეს ნასვამი, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ან, საერთოდ, დასვას პირი, რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს და დაუსჯელობაში დარწმუნებული იქნება. მათ არ ეხებათ კომენდანტის საათი, შეუძლიათ ავტომობილი გააჩერონ იქ, სადაც მოესურვებათ და არავინ დააჯარიმებს. ჰო, ამ ადამიანებს ჩვენი გადასახადებიდან ათასობით ლარს ვუხდით და შემდეგ ამ ხელფასიდან მცირე ნაწილს მოგვიგდებენ, რათა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ იმავე პრივილეგიებითა და შემოსავლით.

დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრები საკუთარ თავს არ შეიზღუდავენ და თუნდაც ნარკოტიკზე კონტროლის მექანიზმს არ დააწესებენ. ეს იმიტომ, რომ ვიღაცები ისე, ჯიგრულად, თვეში ან ორ თვეში ერთხელ ერთობიან ხოლმე მსუბუქი ნარკოტიკებით, ნერვებს ასვენებენ, თავს მოდუნების უფლებას აძლევენ. მერე სხდებიან “ნარუშილოვკანომრიან” ავტომობილებზე და უსაფრთხოდ გადაადგილდებიან. ამიტომ არაადეკვატურ დეპუტატებსაც უნდა გავუძლოთ და მათ მიერ მიღებული არაადეკვატური კანონებიც უნდა შევასრულოთ. სხვაგვარად, დაბოლილი კანონმდებლების მიერ მიღებული კანონის სახელით უმკაცრესად დავისჯებით.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here