საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას იწყებს.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას.
იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, დევნილთა და განსახლების სამინისტრო სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. განცხადების მიღება 10 იანვარს დაიწყება და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;
ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;
გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.
განაცხადები მიიღება სამინისტროსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:
• თბილისი – თამარაშვილის ქ. N15ა
• ზუგდიდი – ხუბულავას ქ. N6
• ქუთაისი – ირაკლი აბაშიძის გამზ. N27