Home რუბრიკები საზოგადოება დედაქალაქის ცენტრში კვლავ ათასფერად ბრჭყვიალებს კაზინოების აბრები

დედაქალაქის ცენტრში კვლავ ათასფერად ბრჭყვიალებს კაზინოების აბრები

ყველა დიდ რაიონულ ცენტრში მთავარი ბიზნესი აზარტული თამაშებია

1304
კაზინო

ქართველი ახალგაზრდების (და არამხოლოდ) ერთერთი დიდი პრობლემა აზარტული თამაშებია. სამწუხაროდ, აზარტული თამაშების გამო არაერთ ადამიანს დაუსრულებია სიცოცხლე თვითმკვლელობით, არაერთი დარჩენილა უბინაოდ, ათასობით ოჯახი დანგრეულა და საშველიც თითქოს არ ჩანს.

წინა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა აზარტული თამაშების პოპულარიზაციას, რადგან ამ სფეროდან ბიუჯეტშიც დიდძალი თანხა შედიოდა და შავ სალაროშიც. ყველაზე დიდი კაზინოს, “აჭარის”, მეწილე დავით კეზერაშვილი გახდა, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი და მას დღესაც ისევ კეზერაშვილი აკონტროლებს. მართალია, ოფიციალურად საკონტროლო პაკეტი რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის, მაგრამ ის არ უარყოფს, რომ კეზერაშვილთან საქმიანი ურთიერთობა აქვს.

მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ის, რომ სათამაშო ბიზნესი ქალაქგარეთ გადაინაცვლებდა და, გარდა იმისა, რომ რეგიონები განვითარდებოდა, დედაქალაქში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფიზიკურად აღარ იქნებოდა. დაპირება დაპირებად დარჩა, დედაქალაქის ცენტრში კვლავ ათასფერად ბრჭყვიალებს კაზინოების აბრები და არამხოლოდ დედაქალაქში _ ყველა დიდ რაიონულ ცენტრში მთავარ ბიზნესად სწორედ აზარტული თამაშებია ქცეული. იოლად გამდიდრების მსურველთა რიგი კი უზარმაზარია, მაგრამ, რამდენი ათეული წელია, ეს ბიზნესი საქართველოშია და გამდიდრებული არავინ გვინახავს, დაღუპული _ ათასობით.

“სათამაშო ბიზნესი იმდენად მომგებიანია, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს, აკრძალოს. ბიუჯეტში შეტანილი თითქმის მილიარდის გარდა, მილიონები შავ სალაროში ირიცხება და ამიტომ ხმამაღლა ბევრს იყვირებენ პოლიტიკოსები, საქმით კი ისევ სათამაშო ბიზნესის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ”, _ გვითხრა კაზინოს ერთ-ერთმა მენეჯერმა, რომელიც, აგერ უკვე მე-17 წელია, ამ ბიზნესშია.

მისი სიტყვები მაშინ გაგვახსენდა, როცა ქართულმა საკანონმდებლო ორგანომ ახალი ინიციატივა წამოაყენა. კანონპროექტის თანახმად, ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება. გამონაკლისი მხოლოდ სპონსორობის შემთხვევაზე ვრცელდება, თუმცა ამ დროს მხოლოდ დასაშვები იქნება თამაშის ორგანიზატორი მეწარმის დასახელება და ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშის რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული ან მომგებიანი თამაშის წამახალისებელი რეკლამისა. ამავე დოკუმენტით, აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში (გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა), ასევე, მათგან 200 მეტრის რადიუსში. აგრეთვე, აიკრძალება აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვ.მ ფართობს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან იმავე კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ კომერციულმა ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და სხვა პროვაიდერებმა უცხოური სათამაშო ბიზნესის კომპანიებთან გადასახადების განხორციელების მიზნით ურთიერთობის დამყარება უნდა აკრძალონ, ანუ ამ კომპანიებმა მათი საგადასახადო ბარათით უცხოური სათამაშო კომპანიის სასარგებლოდ გადახდის განხორიციელება არ უნდა დაუშვან. რეგულაცია ეხება ყველა საგადასახადო პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

შესაბამისად, მივიღეთ შემდეგი მოცემულობა: საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე უცხოურ ინტერნეტთამაშებს ვერ ითამაშებს, რადგან ქართული კომერციული ორგანიზაციები მათ ბარათებს დაბლოკავენ, ანუ, ვისაც უცხოურ კაზინოებში ინტერნეტით თამაშის სურვილი ექნება, კეთილი უნდა ინებოს, ანგარიში სხვა ქვეყანაში გახსნას, ფული იქ დარიცხოს და ისე ითამაშოს, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია და ამას მხოლოდ ერთი პროცენტი თუ მოახერხებს. რას ნიშნავს ეს?! კანონპროექტისსიკეთესისევ კაზინოს გამოცდილი მენეჯერი გვიხსნის.

“არაერთი ქართველი არ თამაშობს ინტერნეტით უცხოურ კაზინოებში და ამას თავის მიზეზი აქვს. საქმე ისაა, რომ უცხოური კაზინოები კანონს იცავენ და მოთამაშის მოგების მარჟა 30%-ია. ასე გვიწერია საქართველოში არსებულ კანონშიც, მაგრამ აქ მოგების მარჟა იდეალურ შემთხვევაში 10%-ზეა დაყვანილი, ანუ, თუ თამაშობ ას ლარს, მოგების ალბათობა ათი ლარია, უცხოეთში კი იგივე ასი დოლარის შემთხვევაში, მოგების ალბათობა 70 დოლარია. ეს აკრძალვა აქაურ კაზინოებსა და სლოტკლუბებს ძალიან მომგებიან სიტუაციაში ჩააყენებს, იმიტომ, რომ ყოველწლიურად უცხოურ კაზინოებში საქართველოდან ასეული მილიონობით თანხა ირიცხება და ეს ქართულ კომპანიებზე გადანაწილდება. ვისაც სჯერა, რომ ეს ქართველი მოსახლეობის სასიკეთოდ კეთდება, კარგად დაფიქრდეს და მიხვდება, რომ რეალურად ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვაძლევს ხელს. არ გათამაშებენ უცხოურ აზარტულ თამაშებს და სად მიდიხართ?! რა თქმა უნდა, ჩვენთან!” _ ასე მარტივად აგვიხსნა კაზინოს მენეჯერმა კანონპროექტისსიკეთე”.

ახლა რაც შეეხება კონკრეტული კაზინოს მაგალითზე მიღებულ ციფრებს. ჩვენ კაზინო აჭარის ერთ-ერთ თანამშრომელს ვესაუბრეთ, რომელიც ფინანსურ საკითხებში ბოლომდე ერკვევა და საოცარი ციფრები მივიღეთ.

“დავიწყოთ გადასახადებით: კაზინოს დღიური გასავალი 254 ათასი ლარია. ამაში შედის თანამშრომლების ხელფასები, კომუნიკაციები, კვება, გადასახადები. მოკლედ, ყველაფერი ერთად აღებული დღეში შეადგენს 254 ათას ლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ კაზინო მოგებაზე მას შემდეგ გავა, რაც დღეში იქ შესული სტუმრები 254 ათას ლარს წააგებენ. ვიღაცისთვის ეს წარმოუდგენელი ციფრია, მაგრამ რეალურად ეს არის იმ თანხის ათი პროცენტი, რომელსაც, სულ ცოტა, დღეში აგებენ, ანუ კაზინოში დღეში ქეშად ორ მილიონზე მეტი რჩება. იმის გამო, რომ მეზობელ აზერბაიჯანში აკრძალულია კაზინოები, აზერბაიჯანელებიც ჩვენთან ჩამოდიან. არ ვიცი, მოგცემენ თუ არა თქვენ ამ ინფორმაციას, მაგრამჰოლიდეი ინ”-ში, ანუ სასტუმროში, რომელიც მიბმულია ჩვენს კაზინოზე, ათობით ნომერია, რომლებიც სწორედ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანელებს აქვთ დაჯავშნილი და ისინი, შეიძლება ითქვას, მათ მფლობელობაშია. დღეში 200-300 დოლარის გადახდა ნომრის დასაჯავშნად არაფრად უღირთ, რადგან თითო ჩამოსვლაზე, სულ ცოტა, ნახევარი მილიონი ჩამოაქვთ სათამაშოდ და ამ თანხას, ძირითადად, ჩვენთან ტოვებენ. ვერავინ გააკონტროლებს, რა თანხას იღებს კაზინო, იმიტომ, რომ თამაში მიდის ქეშზე. თუ აპარატებზე მრიცხველი წერს ნათამაშებ თანხას, “რულეტკაზე.. ფიშკებით იხდიან და შესაბამისად, იქ წაგებული თანხა, პრაქტიკულად, მთლიანად შავი სალაროა. არსებობს ე.წ. აპარატის შენახვის სერვისი. რას ნიშნავს ეს? მოდის ადამიანი, თამაშობს აპარატზე და, ვთქვათ, წააგო 4-5 ათასი ლარი. ის სთხოვს კაზინოს, რომ აპარატზე სხვა არ დასვან, რადგან ფულს მოიტანს და კიდევ ითამაშებს. წესით, აპარატმა მოგება უნდა გასცეს, მაგრამ, როცა პირი მიდის ფულის მოსატანად, ათიდან ცხრა შემთხვევაში, კაზინო აპარატს ანულებს, ანუ უკან დაბრუნებული ადამიანი ისევ განულებულ აპარატთან ჯდება და მეორედ აგებს იმავე თანხას. შემდეგ ვიღაც იგებს და ეს ამბობს, რომ ცოტა დააკლდა. ყველა აპარატმა უნდა ჩამოაგდოს ჯეკპოტი და ამის აღმნიშვნელი ციფრიც წერია აპარატზე, მაგრამ ესეც ჩასწორებულია და ჯეკპოტს გვიან აგდებს, ანუ, თუ აპარატმა უნდა გასცეს 20 ათასი, ამ თანხას გასცემს მაშინ, როცა 200 ათასს “შეჭამს”. ჩემი რჩევაა, თუ ვინმეს კაზინოში მოგება სურს, თავის კაზინო უნდა ჰქონდეს”, _ გვითხრა კაზინოს თანამშრომელმა. სწორედ ამის გამო, თამაშდამოკიდებული პირები იძულებულნი არიან, ისესხონ ყველასგან, ვისთანაც მიესვლებათ, აგირავებენ ბინებს, სახლიდან გააქვთ ძვირფასეულობა და მერე, როცა ყველაფერს კაზინოში ტოვებენ, ან დანაშაულს სჩადიან, ან რჩება ერთადერთი გზა _ სუიციდი. ყოფილა შემთხვევა, როცა კაზინოში შესულ ადამიანს მოუგია 20 და 30 ათასი, თუმცა იმ იმედით, რომ იღბალი მის მხარეს არის, ის თანხა იქვე წაუგია და გაწბილებული წამოსულა. სტატისტიკური მონაცემებით, ქართულ კაზინოში მოგებული ადამიანი მოგებული თანხის 100%- ათიდან ცხრა შემთხვევაში იქვე ტოვებს და შინ ცარიელი მიდის.

სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ კანონმდებლები იმაზე კი არ დაიწყებენ ზრუნვას, როგორ იხეირონ საქართველოში აზარტული თამაშების საქმოსნებმა, არამედ იმაზე, როგორ მოხდეს მათი შეზღუდვა, ქალაქგარეთ გატანა ან თუნდაც აკრძალვა ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშია. რაღაც არ გვსმენია, ამ აკრძალვის გამო აზერბაიჯანში ვინმეს უკმაყოფილება გამოეთქვას ან აქციები გაემართოს, უფრო პირიქით _ მოსახლეობის 99% ამ აკრძალვით კმაყოფილია. ესეც არ იყოს, ყველა ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშები აკრძალული არ არის, არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელშიც თამაშდამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობენ, რადგან თამაშდამოკიდებულება ნარკოდამოკიდებულებას უტოლდება და დაავადებად ითვლება. იქნებ სჯობდეს, ასეთი ცენტრის შექმნაზე ვიფიქროთ და იმ თაობას ვუშველოთ, რომელსაც საქართველოს მომავალი ჰქვია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here