სამოქალაქო პლატფორმა – „ახალი საქართველოსა“ და მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის მთავრობაში 4 მილიონერი თანამდებობის პირია. ”ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, კვლევა ეხება დედაქალაქის მერიას, მერის მოადგილეებს, ადმინისტრაციის უფროსს, საქალაქო სამსახურის უფროსების და გამგებლების ქონებრივ დეკლარაციებს.
”კვლევა 2 თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში შევისწავლეთ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები, სადაც 30 თანამდებობის პირიდან მხოლოდ ერთ მათგანს არ ჰქონდა შევსებული ქონებრივი დეკლარაცია (ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი – გიორგი წერეთელი). რაც შეეხება შესწავლილ 29 დეკლარაციას, ირკვევა, რომ 4 მათგანი არის დეკლარირებული მილიონერი. პირველ ადგილს იკავებს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი – ია მაქაცარია, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილს 1 000 000 ლარის ოდენობის ქონებით ინაწილებენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი უკლება, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი”, – აცხადებს “მედიატორის” წარმომადგენელი ნინო ყურაშვილი.
მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, რამდენად კეთილსინდისიერად ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას თანამდებობის პირები და შეესაბამება თუ არა რეალობას, ვინაიდან მაგალითად, ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას არ ჰყავს ოჯახის წევრები, არ ფლობს არანაირ ქონებას და ის მხოლოდ 500 ლარის მფლობელია“.
”ასევე კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან გამომდინარე არც ის და არც მისი ოჯახის სხვა წევრი არ ფლობს საცხოვრებელ ბინას. ასევე ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულება, სადაც მას და მის ოჯახს შეეძლებოდათ ცხოვრება, ამ შემთხვევაში თუ ისინი ცხოვრობენ მშობლებთან ან ნათესავთან, ქონებრივ დეკლარაციაში ისინიც მოხსენიებული უნდა იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები, თუმცა დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გელა ჩივიაშვილისთვის ღამის გათენება მხოლოდ მის ავტომობილშია შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ, რამდენად სწორად და კეთილსინდისიერად ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები”, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ამასთან, მისი ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების დეკლარაციის შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ გამგებლების, საქალაქო სამსახურის უფროსების, მერის მოადგილეების ოჯახის წევრები (შვილი, მეუღლე, და, ძმა) ასევე მუშაობენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში.
”მას შემდეგ, რაც ვახტანგ ქიზიყურაშვილი ისნის რაიონის გამგებლად დაინიშნა, მისი ვაჟი ირაკლი ქიზიყურაშვილი ჯერ დიდუბის რაიონის გამგეობაში, ხოლო ამჯერად შპს „თბილისელების ჯგუფში“, გარე განათების სამსახურში დაასაქმეს ტექნიკური განყოფილების უფროსად, მისი მეუღლე თამარ გურამიშვილი კი 92-ე საჯარო ბაღში მუშაობს. საბურთალოს გამგებლის ბექა მიქაუტაძის მეუღლე ინგა კორკოტაძე საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა, დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის მეუღლე არჩილ ჩხარტიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებს, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის ვალერი პაპიაშვილის მეუღლე ლილი ქართველიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დასაქმებული, დედაქალაქის მერის მოადგილის ნატო ქიტიაშვილის ძმა დავით ქიტიაშვილი ასევე დედაქალაქის მერიაში კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს, რაც შეეხება დედაქალაქის მერის მოადგილეს ნინო ხატისკაცს, მისი მეუღლე კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელია”, – აღნიშნა ნინო ყურაშვილმა.