როდესაც 1999-ში საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ,,რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის” რატიფიცირების ვალდებულება აიღო, თუმცა, ევროპელი პარტნიორების მუდმივი მოწოდებების მიუხედავად, ეს დღემდე არ გაუკეთებია. რა აფერხებს ქარტიის რატიფიცირებას და რა ვითარებაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?
ენების ქარტია მრავალი პუნქტისგან შედგება, თუმცა მათი შინაარსი შეიძლება ერთ მოკლე ფორმულამდე დავიყვანოთ – იმ ადამიანებს, რომლებიც რეგიონულ ან უმცირესობის ენაზე საუბრობენ, მასზე განათლების მიღების, საქმის წარმოების, მასობრივი ინფორმაციის საშულებების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და ყოველივე ეს სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იზღუდებოდეს.
საქართველოს ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყანას ტრადიციული ტოლერანტულობა ახასიათებს და უმცირესობების ენები აქტიურად გამოიყენება. სკოლებისა და მასმედიის მხრივ, ვითარება საქართველოში საბჭოთა პერიოდში უმცირესობებისთვის გაცილებით მომგებიანი იყო, ვიდრე სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში და ეს ტრადიცია შენარჩუნდა, მაგრამ 90-იანი წლების კონფლიქტებიდან და მათი უმძიმესი შედეგებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომლის თანახმად ყოველივე, რაც ხისტი უნიტარიზმის ჩარჩოებში არ ჯდება, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. შესაძლოა, ამ მიდგომაში გაცილებით მეტი ფსიქოლოგიური ქვეტექსტია, ვიდრე პოლიტიკური.
ხელისუფლება დროს წელავს, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი სხვა ვალდებულება, რომელიც საქართველოში თურქი მესხების დაბრუნებას უკავშირდებოდა. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება აიძულეს, შესაბამისი კანონი მიეღო. სავარაუდოდ, ასე მოხდება ენების ქარტიასთან დაკავშირებითაც და ამას ხელს შეუწყობს, როგორც ზეწოლა “ზემოდან”, ანუ ევროპული სტრუქტურებიდან, ისე “ქვემოდან” – უმცირესობების წარმომადგენელი ორგანიზაციების მხრიდან. ამ კონტექსტში, მიზანშეწონილია, გავიხსენოთ ახალქალაქის საკრებულოს 2013 წლის 14 მარტის რეზოლუცია, რომელშიც მან საქართველოს პარლამენტს ენების ქარტიის რატიფიცირებისკენ მოუწოდა.
მდგომარეობა სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში, აგრეთვე, იმ უმცირესობების პრობლემები, რომელთა კომპაქტური დასახლების ტერიტორია შედარებით მცირეა (ან საერთოდ არ გააჩნიათ), მედლის მხოლოდ ერთი მხარეა – ამ შემთხვევაში ენის სტატუსი და ეთნო-ლინგვისტური იდენტობა ეჭვს არ იწვევს. გაცილებით რთულია იმის განსაზღვრა, რა სტატუსი მიენიჭება (თუ მიენიჭება) ქარტიის რატიფიცირების შემდეგ სვანურსა და მეგრულს.
აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, თამაზ გამყრელიძე და უცხოელი ენათმეცნიერების აბსოლუტური უმრავლესობა მეგრულსა და სვანურს ქართულის მონათესავე ენებად განიხილავდნენ. მოგვიანებით ჩამოყალიბდა სხვა მიდგომა, რომლის თანახმად, სვანური და მეგრული, ენები კი არა, დიალექტებია. ამ ორი თეორიის მიმდევართა პოლემიკა უკიდურესად პოლიტიზებულია. მათ, ვინც “დიალექტების თეორიას” უარყოფს, ხშირად უცხო ქვეყნების აგენტებსა და სეპარატიზმის მხარდამჭერებს უწოდებენ.
ლინგვისტიკაში ენისა და დიალექტის ერთმანეთისგან გამიჯვნის მკაფიო და ცალსახა წესები არ არსებობს. უნივერსალურ რეცეპტს ამ მხრივ არც ენების ევროპული ქარტია შეიცავს. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ამა თუ იმ ენისა თუ დიალექტის სტატუსი სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, მაგრამ ის, როგორც უკვე ითქვა, დროს წელავს და საბოლოო პასუხს კითხვაზე “ენა თუ დიალექტი?” თავს არიდებს, თუმცა მეორე ვარიანტისკენ იხრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქარტიის რატიფიცირების შემთხვევაში იმ ადამიანებზე, რომლებიც მეგრულსა და სვანურზე საუბრობენ, შესაბამისი უფლებები და შეღავათები არ გავრცელდება.
ეს სიტუაცია გვაძლევს პარალელების გავლების შესაძლებლობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის, სადაც ლინგვისტური და პოლიტიკური უნიტარიზმის იდეები ასევე საკმაოდ ძლიერია. ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეროვნული უმცირესობის ცნებაც კი წინააღმდეგობაში მოდის საფრანგეთის კონსტუტუციის პირველ მუხლთან, რომელშიც ჩაწერილია ერის ერთიანობა. რაც შეეხება რეგიონულ ენებს _ მათ ბოლო დრომდე, უბრალოდ, იგნორირებას უწევდნენ.
მოხსენების თანახმად, რომელიც განათლების სამინისტრომ მთავრობისთვის მოამზადა, საფრანგეთში 75 ენაზე საუბრობენ, მათ შორის ქვეყნის ევროპულ ნაწილში _ 24 ენაზე, დანარჩენი იმიგრანტებისა და “ზღვისიქითა დეპარტამენტების” ენებია. ევროპულ საფრანგეთში საუბრობენ ფლამანდიურზე, ბრეტონულზე, კატალონიურზე, ბასკურზე, ელზასურზე და ლოტარინგიულ ფრანკონულზე (გერმანულის დიაქლექტია). არის, აგრეთვე, ოქსიტანური ენა, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ლანგედოკურზე, გასკონურსა და პროვანსალურზე (ერთ-ერთი თეორიის თანახმად; არის სხვა თეორიებიც) – მას მშობლიურად 600 ათასზე მეტი ადამიანი ასახელებს; ამასთანავე, კორსიკული, რომელიც ლინგვისტური თვალსაზრისით, იტალიურის დიალექტია, და ბეარნული – იგივე გასკონური, რეგიონული თავისებურებებით. არის ე.წ. ოილის ენები _ პიკარდიული, გალო, პუანტვენ-სენტონჟური, რომელიც, საფრანგეთის სტატისტიკის ინსტიტუტის 1999 წლის მონაცემებით, მშობლიურია ნახევარმილიონზე მეტი ადამიანისთვის. ეს უფრო დიალექტებია, ვიდრე ენები, თუმცა მსგავს სადავო შემთხვევებში თანამედროვე ლინგვისტები იყენებენ ტერმინს “იდიომი” (“იდიომა”-ში არ უნდა აგვერიოს), რომელიც შესაძლებლობას აძლევს, გვერდი აუარონ კითხვას “ენა თუ დიალექტი?”. ყველა ეს რეგიონული ენა თუ დიალექტი შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა და დღეს, შესაბამის რეგიონებში ყოფით დონეზე საკმაოდ ხშირად გამოიყენება.
XVII საუკუნეში აბსოლუტიზმის დამკვიდრებისა და ფეოდალური გათიშულობის დაძლევის პერიოდში, მეფის კარზე, არისტოკრატთა წრეში დაიწყო ეტალონური ფრანგული ენის ჩამოყალიბების პროცესი _ ადამიანი, რომელიც მას ფლობდა, ელიტის წარმომადგენლად, კულტურულ ადამიანად ითვლებოდა; ხოლო ის, ვინც დიალექტს ხმარობდა _ დაბალი ფენების უკულტურო წარმომადგნელად. რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლების პოლიტიკას საფუძვლად დაედო პრინციპი “ჩვენი ენა უნდა იყოს ერთიანი, როგორც რესპუბლიკა” და დაიწყო ლინგვისტური უნიფიკაციის საკმაოდ სწრაფი პროცესი, რომელმაც არაერთი დიალექტი შეიწირა. დიალექტის ან რეგიონული ენის (მაგალითად, გასკონურის) გამოყენებას უყურებდნენ, როგორც ღრმა პროვინციალიზმის გამოვლენას. XIX საუკუნეში მათ იგნორირებას უწევდნენ, XX საუკუნის პირველ ნახევარში კი, ფაქტობრივად, აკრძალვაზე გადავიდნენ _ ამისთვის ფონი შექმნა ნაციონალისტური იდეების გავრცელებამ პირველი მსოფლიო ომისა და მის შემოდგომ წლებში.
საფრანგეთის კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, ფრანგული ერთადერთი ოფიციალური ენაა. სწორედ კონსტიტუციის მეორე მუხლი იქცა ზღუდედ ენების ქარტიის რატიფიცირების გზაზე, რომელსაც საფრანგეთმა ხანგრლივი ვაჭრობის და ცალკეული ფორმულირებების შერბილების შემდეგ, ჯერ კიდევ 1999-ში მოაწერა ხელი. იმისთვის, რომ საერთო-ევროპული ტენდეციების წინააღმდეგ არ წასულიყო, საფრანგეთის ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ახალი, 75-1-ე მუხლი შეიტანა, რომელიც რეგიონულ ენებს ეროვნული კულტურული საგანძურის ნაწილად აღიარებს, მაგრამ მათი მხარდაჭერის პროგრამები ფაქტობრივად არ არსებობს.
საფრანგეთსა და საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი განიხილავს ენობრივი უნიტარიზმის ნებისმიერ შერბილებას, როგორც ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ხისტმა პოლიტიკამ. მაგალითად, ბრეტანის ყოფილი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, რომელიც შუა საუკუნეებში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ლავირებდა და უკანასკნელს მხოლოდ 1532-ში შეურთდა, სადაც უდავოდ არსებობს გამოკვეთილი ეთნო-ლინგვისტური თავისებურებები, მოქმედებდა სატვირთო მანქანების მძღოლების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია. რაღაც მომენტში, როდესაც მისი მოთხოვნები ეკონომიკური მიმართულებით არ დაკმაყოფილდა, მის დღის წესრიგში გაჩნდა რეგიონული ენისა და იდენტობის დაცვის საკითხი. გამორიცხული არაა, იგივე სხვა პროვინციებშიც განმეორდეს, მითუმეტეს, რომ ევროპა რეგიონალიზაციის გზას ადგას. ამასთანავე, რეგიონულ აქტივისტებს საზღვარგარეთ შეიძლება ძლიერი მოკავშირეები გამოუჩნდეთ.
იმის ალბათობა, რომ დასავლელი პარტნიორები ადრე თუ გვიან აიძულებენ საქართველოს ხელისუფლებას, ენების ქარტიის რატიფიცირება მოახდინოს, ძალზე მაღალია. რა სიტუაცია შეიქმნება თუ აზერბაიჯანულ, სომხურ და სხვა ენებზე მოსაუბრე ადამიანები მიიღებენ შესაბამის, ქარტიის გარანტირებულ უფლებებს, ხოლო სამეგრელოსა და სვანეთში ყველაფერი ძველებურად დარჩება? ხომ არ მოხდება იქ იგივე, რაც საფრანგეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების რეგიონებში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური კონფლიქტების დროს ენის საკითხი დამატებითი არგუმენტი ხდება? შესაძლოა, გამოსავალზე საფრანგეთის კონსტიტუციის 75-1 მუხლი მიუთითებს: “რეგიონული ენები საფრანგეთის ეროვნული საგანძურის ნაწილია”. მიუხედავად იმისა, ენის თუ დიალექტის სტატუსს მიანიჭებს ხელისუფლება მეგრულსა და სვანურს, იმის აღიარებამ, რომ ისინი ეროვნული საგანძურის ორგანულ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, შეიძლება წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს. თუ თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის სკოლებში, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლის პროცესში, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოისმინონ, როგორ ჟღერს მეგრული და სვანური, გაიგონ, როგორ მიმდინარეობდა მათი ფორმირების პროცესი, და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მრავალფეროვნება კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს ერის და სახელმწიფოს ერთიანობას _ ამან შეიძლება მოსალოდნელი გართულებების პრევენცია მოახდინოს, აკრძალვასა და იგნორირებას კი კარგი არაფერი მოაქვს. ევროპის ისტორიამ ეს არაერთგზის დაადასტურა.
პრობლემა უფრო ფართოა და მხოლოდ ენას როდი ეხება. საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩა წამყვან ქვეყნებს, მათ შორის პოლიტიკური მეცნიერებების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენში დომინირებს XIX-XX საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მკაცრი უნიტარიზმის იდეა და თვითმმართველობის შეზღუდვის სურვილი, მაშინ, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში სხვა ტენდენციებია, რომელთაგან უმთავრესი ადგილებზე უფლებების მაქსიმალური დელეგირებაა. თუ გვსურს, რომ საქართველო ამ სამყაროს ნაწილი გახდეს _ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენში გამეფებული შეხედულებები და რეალობა მალე ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვა, რომელსაც შეიძლება ძალიან სერიოზული მსოფლმხედველობრივი კრიზისი მოჰყვეს.
ლუკა ნემსაძე