Home რუბრიკები საზოგადოება “და აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო…”

“და აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო…”

ნამდვილი ამბავი მოლანდებებით

_ ბატონო ნიკა!

_ ნიკა ექიმი დამიძახეთ

ასე დაიწყო ჩვენი საუბარი ნიკა ქურიძესთან, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ექიმთან, მედიცინის დოქტორთან, კარდიოლოგთან, ელექტროფიზიოლოგთან, რომელმაც ორი თვის წინათ გულის სტიმულატორი ჩამინერგა.

სასიკვდილოდ გადადებულ პაციენტს.

პულსი _ 31, შენელების უეჭველი პერსპექტივით, დანარჩენი პარამეტრები _ სიცოცხლესთან შეუთავსებელი.

ინტერვიუ ოპერაციიდან მეორე დღეს ჩამოვართვი. ან _ მესამე დღეს.

სასწაული, თუ გნებავთ, ესაა!

დანარჩენს ამ პუბლიკაციის ბოლოსკენ მოგიყვებით, თუ, რა თქმა უნდა, გეყოფათ მოთმინება და საკუთარ ძვირფას დროს ამ წერილის წაკითხვაზე გაფლანგავთ.

ერობის ექიმობის კვალზე

ლეგენდარული გულიკო ჩაფიძის სახელობის კლინიკა, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის კლინიკა, სუპერპროფესიონალი კარდიოლოგების, სახელგანთქმული ექიმებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების უნიკალური შენადნობი რომ არის, საყოველთაოდ ცნობილია.

ჩვენც დაგვიწერია. სხვებსაც ჰქონიათ საინტერესო პუბლიკაციები _ რეპორტაჟები, სიუჟეტები. ახალ თაობებს ქალბატონ გულიკოსგან უსწავლიათ პროფესიის საიდუმლოებანი, მას გაუკვალავს ახალგაზრდებისთვის მოულოდნელობებით დანაღმულ ასპარეზზე უსაფრთხოდ სავალი მარშრუტები.

მასწავლებელთა მასწავლებელი!

დღეს შევეცდები “ციხის შიგნიდან გატეხვას”, ისეთ თემებზე საუბარს, რომელთა შესახებ მაინცდამაინც არ დავხარჯულვართ. თუნდაც, გაჭირვებული ხალხისთვის სრულიად უსასყიდლოდ დახმარების აღმოჩენის პრაქტიკას და ემსახურება ერობის ექიმობის კეთილშობილური პრინციპის აღორძინებასა და დამკვიდრებას.

რაინდები!

კარდიოლოგი ბონდო მაკარაძე კლინიკაში რეგიონების ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ლაპარაკობს ბატონი ბონდო:

_ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვეტერანების სახელმწიფო დეპარტამენტთან, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომელთა ბრიგადა ყოველკვირეულად გადის რაიონებში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ადგილზე გასასინჯად და შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. კარდიოლოგიას ვგულისხმობ.

ვისაც დასჭირდა, ჩვენს კლინიკაში ჩავუტარეთ უფრო ღრმა და დეტალური გამოკვლევები.

5 წლის განმავლობაში 30 ათასამდე ვეტერანსა და მათ ოჯახებს დავეხმარეთ.

_ კლინიკის ხელმძღვანელობა თქვენსსახალხო მოძრაობაშიარის ჩართული?

_ სული და გულია ამ საქმის ბატონი ავთო ჯორბენაძე, კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ბატონი რეზო ჯორბენაძებატონი ავთო თვითონ არის ვეტარანი. ეს _ ცნობისთვის.

ჩანართი თემაში: ღირსების რაინდი

თბილისში, მასობრივი გამოსვლების სისხლიანი დარბევის ავადსახსენებელი დღეებია: ზონდერები, აკუსტიკური იარაღი, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ა.შ. ყველა საშუალება დემონსტრანტების წინააღმდეგ არის ამოქმედებული.

კარდიოლოგი მარი ბასილაშვილი

რეზინის ხელკეტებით ნადირობენ ადამიანებზე დაგეშილი აფთრები.

ყვითელლაბადიანი დაქირავებული ზონდერების გაწვრთნილი ლეგიონი თავს დაესხმება ავთანდილ ჯორბენაძეს, რეზინის ხელკეტებს გამეტებით ურტყამენ _ რიგრიგობით და ყველანი ერთად.

ნაბიჯს არ აუჩქარებს, მხოლოდ სახეზე აიფარებს ხელებს.

სრული იგნორირება ამ შავი ძალის, რაც არა მხოლოდ პერსონალური პროტესტის დემონსტრაცია იყო მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ საერთო-სახალხო აღშფოთების გამოხატვის აქტიური ფორმა.

საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ ყველაზე უკეთ იცოდა, რა შავ ძალას დაუპირისპირდა. საკრალურ განზომილებაში ადამიანის ერთგვარ გადასვლას ჰგავდა მისი საპროტესტო დემარში _ ცოტნე დადიანობის ვარიაციას XXI საუკუნეში.

ამ ამბავს პირველად ვყვები. არც კი ვიცი, მქონდა თუ არა საჯაროდ გამოტანის უფლება ავთო ჯორბენაძესთან შეუთანხმებლად…

მეკითხა? უარს მეტყოდა. არ უყვარს თავის გამოჩენა, მით უფრო გმირის ამპლუაში. არც მაშინ ცდილობდა, პირველ პლანზე ყოფილიყო, როცა საქართველოს მთავრობას მეთაურობდა.

მაგრამ მოსახდენი უნდა მოხდეს.

მე გავიგონე, მთვარეში

როგორ ყიოდა მეტივე

_ თბილისისაკენ დავეშვი,

ვეღარ კი შემოვეტიე”. (გოგლა)


ივა ხოჭოლავა – კარდიოლოგი, გადაუდებელი დახმარებისა და ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ვერც მე შემოვეტეოდი ამგვარი ამბებით დატვირთული ჩემი ზარმაცი ტივით, მიუხედავად იმისა, რომ “თბილისს გაჰქონდა მცხეთამდე თავისი მხარგაშლილობა”. ცოტა უადგილოდ კი არის მოხმობილი გიორგი ლეონიძის ლექსის ეს წამლეკავი მასშტაბის სტრიქონი, მაგრამ ძალიან მომეწონა და ვერ შეველიე.

ბონდო მაკარიძე კი მიყვება:

_ რაიონებში გასვლის იდეა რომ გაჩნდა, ლიცენზია ერთი კვირის მიღებული მქონდა. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მორიგეობის დაწყებისთანავე ბატონი რეზო ჯორბენაძე ამომიდგა მხარში და მომცა საშუალება, შუახევის რაიონში განმეხორციელებინა ადგილობრივი მოსახლეობის დიაგნოსტიკა. ჩემს მშობლიურ მარათის ხეობაში. ეს იყო სასწაული საჩუქარი და დიდი სიკეთე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამასი კაცი გავსინჯეთ მაშინ _ 2016 წლის 7 ივლისს. ასე დავიწყეთ და მას შემდეგ არ გავჩერებულვართ.

მაშინ დაიჯერეს ჩვენებურებმა, რომ ჩაფიძის კლინიკაში მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ვუმკურნალეთ. ოპერაციები გავუკეთეთ (რაც ძვირი სიამოვნებაა) სრულიად უფასოდ… ფეხზე დავაყენეთ.


ექთანი მანანა როსტიაშვილი, ბონდო მაკარაძე და ექთანი ნათია ხინჯაგაშვილი

ნინოწმინდის ღამერეანიმაციაში

“ერთხელ აფხაზეთშიც გათენდება საქართველო”, _ ლექსის ეს სტრიქონი წარმოსცდა მანანა როსტიაშვილს, ინტენსიური თერაპიის ექთანს, რომელსაც ლექსების კოცონის დანთება შეძლებია თურმე ნინოწმინდის ღამეს საქართველოს ლექსის მეხანძრეთა კვალზე.

იუარა.

ლექსი კი არა, თავისი შრომითი ბიოგრაფიის ფრაგმენტები ძლივს ამოღერღა.

19 წელიწადია, ექთნად მუშაობს კლინიკაში. სამსახური არ გამოუცვლია, თუმცა არაერთხელ შესთავაზეს უკეთესი პირობები სხვაგან.

_ თბილისის მესამე სამედიცინო ტექნიკუმი რომ დავამთავრე, პირდაპირ აქ მოვედი. ეს 5 წელიწადია, ინტენსიურის ექთანიც ვარ და რითმოლოგიისაც.

გავიგეო, რომ გითხრათ მანანას (მანჩოს) პროფესიული მიხვეულ-მოხველების სპეციფიკა, მოგატყუებთ, მაგრამ დამსახურებული ავტორიტეტით რომ სარგებლობს, უეჭველია, რადგან ნიკა ექიმმა (რომელმაც გულის სტიმულატორი ჩამინერგა), ახლად ნაოპერაციები პაციენტი, ანუ ჩემი თავი სწორედ მას ჩააბარა.

პანიკა, შინაგანი შფოთვა ოპერაციის თანმდევია: თითქოს მექანიკური სათამაშო ჩაგიდგეს გულის ნაცვლად, მომართეს, დაქოქეს და როდის გაჩერდება, ალაჰმა უწყის. აფორიაქდები, აბა, რა იქნება!

ამ დროს მანჩო შეუცვლელია.

_ გამოჯანმრთელებულ პაციენტს რომ გავწერთ, ისეთ სიხარულს ვგრძნობთ, რომ ყველა დაძაბულობა გვეხსნება _ მანჩო რითმოლოგიის დეპარტამენტის დედოფალია, _ ჩამაწვეთეს.

_ გულის რიტმი იგულისხმება, თუ პოეტური რითმა?

_ ერთიც ეხერხება და მეორეც.

რამდენი ვეხვეწე, სტროფი ვერ დავაცდენინე:

_ ბონდო იტყვის ჩემ მაგივრად! _ იცინის.

ინტენსიური თერაპიის პაციენტებს ესმით, ბატონი ბონდო ჯერ ლადო ასათიანის “ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი” რომ წაიკითხავს, შემდეგ მოაყოლებს “ერთხელ აფხაზეთშიც გათენდება საქართველო”, და სიცოცხლის ხალისი უბრუნდებათ.

და გაიხსენებს ბონო მაკარაძე, როგორ ჩამოიყვანა აფხაზეთიდან დევნილები, 150 საოპერაციო პაციენტი და როგორ შემოევლნენ მათ ქართველი ექიმები.

ივანე ხოჭოლავა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელია.

კლინიკაში მოღვაწეობის სტაჟი _ 17 წელიწადი, განყოფილების გამგეობის _ 4 წელიწადი.

_ ამ კლინიკაში მუშაობა ერთგვარი თავგადასავალია. საინტერესოა ძალიან. ბევრი ადამიანი გადაგვირჩენია. ადრენალინიც არის, და მერე ვეღარ შეეშვები. ამ სივრცეში ყალიბდება ურთიერთობები პერსონალთან _ კოლეგებთან, ექთნებთან, სანიტრებთან. ამდენ რაღაცას ერთად რომ გავივლით, ცალ-ცალკე არსებობა აღარ შეგვიძლია.

_ კოვიდის პანდემიამ დაგაბრკოლათ?

_ ყოველნაირად. ოჯახში, პროფესიულ საქმიანობაში ძალიან შეცვალა ყველაფერი. ადამიანს თავისუფლად ვერ ელაპარაკები: ეჭვი გეპარება _ ინფიცირებული ხომ არ არის. კომუნიკაცია შეზღუდა, განსაკუთრებით _ ექიმსა და პაციენტს შორის.

_ თქვენი პროფილის პაციენტების მომართვის დინამიკამ იკლო? იმატა? კოვიდმა ხომ არ გადაფარა?

_ თუ გადაფარვაში რაოდენობას გულისხმობთ, ძალიან იკლო. ძირითადი საზრუნავი ახლა კოვიდი გახდა, სხვა დანარჩენი _ მეორეხარისხოვანია. პაციენტი, ძალიან თუ არ გაუჭირდა, არ მოდის პროფილაქტიკის ჩასატარებლად. მცირე ჩივილებით იშვიათად თუ ვინმე მოგვაკითხავს. სასწრაფოც კოვიდზეა ორიენტირებული.

ბევრი ვერ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, რომელიც სჭირდება და აუცილებელიც არის.

_ მაშასადამე, იცვლება ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, ინტერესი უნელდება?

_ კოვიდმა ძალიან შეცვალა ყველაფერი, მათ შორის, პიროვნული აღქმაც.

_ როგორ უნდა ჩავაყენოთ კალაპოტში ნორმიდან ასეთი ამოვარდნა?

_ ჯერ შიში უნდა დავძლიოთ. ადამიანი სოციალური ცხოველია. სოციალური ურთიერთობები თუ შეიზღუდება და მოისპობა, ევოლუციურად უკან წავალთ.

_ მივდივართ?

_ მე მგონი, კი. არ გვაქვს უფლება, არ ვენდოთ მეცნიერებას, რომელიც თავის რეკომენდაციებს გვთავაზობს. მეცნიერებამ კაცობრიობა დღემდე მოიყვანა და ახლა რატომ უნდა განვუდგეთ?

ადამიანური რესურსი ამოწურვის კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. გადატვირთულია სამუშაო გრაფიკი, შტატების შემცირება გვიწევს, ნაკლები რესურსით მუშაობა.

მაგრამ დაძლიეს.

ფრონტის წინა ხაზზე დგანან ექიმები და ექთნები _ პანდემიას შერკინებული პროფესიონალები. მათ შორისაა რეანიმაციის ექთანი როზეტა მსხილაძე, რომელიც აქ, 16 წელიწადია, მუშაობს ამ თანამდებობაზე: დიდი დაკვირვება არ არის საჭირო, რომ შეამჩნიო პერსონალის ერთგულება ამ სამკურნალო დაწესებულებისადმი.

რომელიღაც პაციენტი, ეტყობა, შეწუხდა და ქალბატონ როზეტასთან ინტერვიუ მოულოდნელად დამთავრდა. დაახლოებით ისე, ჩვენს ტელევიზიებში მიწვეულ სტუმრებს საუბარს შუა გზაზე რომ შეაწყვეტინებენ დიდი მადლობით: გმადლობთ, გმადლობთ, მაგრამ ჩვენი დრო ამოიწურაო. ჩემი დროც ამოწურვაზე იყო. უკვე იმაზე ვფიქრობდი, ჭკვიანური რა უნდა მეთქვა უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ. ამ დროს პალატაში გამომეცხადა კარდიოლოგი მარი ბასილაშვილი, რომელიც ჩემს მკურნალ ექიმად გამეცნო. მასთან საუბრის შემდეგ დამიბრუნდა ასე თუ ისე ლოგიკური მსჯელობის უნარი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, მაგრამ იმ ოჯახური სითბოთი, რომელსაც ასხივებდა, თანაგრძნობის გულწრფელობით და რამდენიმე პროფესიული რჩევით კალაპოტში ჩამაყენა. ამქვეყნად დამაბრუნა:

_ გამარჯობა, ქალბატონო მარი!

როცა ექიმი საიქიოდან გამოგიყვანს

მახინჯი ქარონის ჯინაზე, რომელსაც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავისი ნავით მიცვალებულები მდინარე ლეთეზე საიქიოში გადაჰყავს.

ისლამში ეს ფუნქცია აზრაილს აკისრია.

აზრაილი _ დესპანი ალაჰისა _ მიცვალებულებს გზას უკვალავს და ალაჰთან მიაცილებს. ეს აზრაილი (თუ ჯიბრაილი) ისეთი საშინელი შესახედაობისაა, რომ თვით სატანა შეშინდა მის დანახვაზე, ხოლო წინასწარმეტყველმა მუჰამედმა კინაღამ სული განუტევა.

ამ თემაზე საუბრით დავიწყე ინტერვიუ ნიკა ექიმთან, ქურიძესთან, რომელმაც სტიმულატორი ჩამიდგა, ერთი მინიშნების დამატებით:

_ ამქვეყნად ვინ აბრუნებს, ვის გამოჰყავს მზისქვეშეთში საიქიოსთვის გამეტებული ადამიანები?

შეკითხვის ქვეტექსტი მყისიერად ამოიცნო. ცოტა კი გაუკვირდა პაციენტის ასეთი შეთამამება და მითოლოგიის მოხმობით მადლობის გადახდის ამგვარი ფორმა:

მხრები ოდნავ აიწურა და გაიღიმა…

მძიმე იყო წლევანდელი ზაფხულის სიკვდილაკიდებული დღეები.

რეზო გაბრიაძის ორმოცზე მთაწმინდის პანთეონის აღმართს რომ შევუდექი, ათიათასობით ჭრიჭინის ისეთ გამაყრუებელ გვირაბში აღმოვჩნდი, რომელიც ურმის ბორბლების ჭრიალის მსგავსი აკაპელათი ჩემთვის დაკვეთილ რეკვიემს ასრულებდა. შუა გზაზე, იქ, საიდანაც უშორეს ბავშვობაში ვაჟთა I საშუალო სკოლიდან შატალოზე გამოპარული ბიჭების მიერ გაკვალული ბილიკი (ძალადქართველები საცალფეხოსაც რომ ამატებენ) იწყებოდა, ბუჩქებიდან ბინძური ჭინკა გამოვარდა, თმააბურძგნული, გალეშილი, “სტაიანშჩიკის” ჭაობისფერ ჟილეტში აცაბაცა მკლავებგაყრილი, და სიგარეტი მთხოვა.

_ არ ვეწევი-მეთქი.

ერევანში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის გაშლილ სივრცეში სიგარეტის გაბოლება უკულტურობისა და უპატივცემულობის ნიშანია. აქ კი, ჩვენი “წმინდა ალაგის” (იეთიმ გურჯი) მისადგომებს საერთო სარგებლობის ტუალეტის ყროლი ასდის ასეთი “სტაიანშჩიკების” მიზეზით.

ნიკა ქურიძე – ნიკა ექიმი

ცუდად მენიშნა: რამდენიმე დღეში აქ ინგლისურის მასწავლებელ ქალს მოკლავენ… დაიწყება დამპალი წვიმების კვირეულები. მე კი ჩაფიძის კლინიკაში აღმოვჩნდები.

_ ოპერაციის წინ პირჯვარს გარდაისახავთ? _ ვეკითხები ნიკა ექიმს.

_ აუცილებლად.

_ და რას სთხოვთ უფალს?

_ ღმერთო, მშვიდობით გამოგვიყვანე.

ამის შემდეგ ფიქრებსა და ემოციებს გვერდზე გადავდებ და მთლდიანად ვერთვები იმ საქმეში, რომელსაც იმ მომენტში ვაკეთებ. ბრძოლაში ვარ _ ექიმი ამ ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული უნდა გამოვიდეს. ამას გვავალდებულებს პაციენტი, მისი ოჯახი და, რა თქმა უნდა, გვიბრძანებს ჩვენი პროფესია.

_ გიყვართ კითხვა?

_ კითხვა ძალიან მიყვარს _ სპეციალურისაც და მხატვრული ლიტერატურისაც, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ უფრო ნაკლები დრო მრჩება მხატვრული ლიტერატურისთვის, თეატრისთვის და, საერთოდ, კულტურისთვის, ხელოვნების ახალი ნაწარმოებების გასაცნობად. მედიკოსობა ისეთი პროფესიაა, რომ, თუ ბოლომდე თავით არ გადაეშვი ამ საქმეში, თუ შენი პირადი სურვილები გვერდით არ გადადე, ვერაფერს შეძლებ.

_ მედიკოსების მიდრეკილება ხელოვნებისადმი საყოველთაოდ ცნობილია. ფილმებშიც გადაუღიათ, ესტრადაზეც გვინახავს, პოეტობაც უცდიათსად პოულობენ დროს თქვენი კოლეგები საკუთარი გატაცების დასაკმაყოფილებლად?

_ (ეცინება). ლექსებს მეც ვწერ, მაგრამ მხოლოდ მე ვკითხულობ.

_ შეგიძლიათ, ერთი მაინც წამიკითხოთ?

_ (სიცილით) არა, არა. ეს უკვე ჩემი მხრიდან თავხედობა იქნება.

_ სად იღებს სათავეს თქვენი შემოქმედება?

_ ალბათ, გაქცევაა ყოველდღიური მძიმე პასუხისმგებლობისგან. ექიმი რომ მღერის, ხატავს, ლექსს წერს და ასე შემდეგ, ვფიქრობ, თავდაცვითი რეაქციაა, განტვირთვის ერთგვარი საშუალება. შეიძლება ვცდები. დაბეჯითებით ვერ გეტყვით…

სულ რამდენიმე წუთის წინ მეგონა, რობიკო სტურუას დადგმულ სპექტაკლს ვესწრებოდი _ “კავკასიურისდარიჩარდისგაერთიანებულ წარმოდგენას. მეტიც _ ვმონაწილეობდიდეკორაციის როლში. სახელდებით ვერ გეტყვით, რამ შემიქმნა ეს ალუზია, გნებავთ, განწყობა

ჩემ გარდა ვერავინ ხედავდა, როგორ აჰყავდათ ავტორებსრუტინულიქირურგიული ჩარევა ხელოვნების დონემდე.

ასეთი შეფასება ნიკა ექიმმა მაინცდამაინც არ გაიზიარა:

_ მე უფრო შევადარებდი ორკესტრს, როცა მუსიკოსების ყოველმა რგოლმა იცის თავისი პარტია და ვირტუოზულადაც ასრულებს.

დირიჟორი ჩვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექიმია, რომელიც სრულად არის შეთვისებული თავის კოლექტივს: მისი ნებისმიერი სიტყვა თუ ჟესტი ყველასთვის გასაგებია, რაც საბოლოო ჯამში ოპერაციის წარმატების საწინდარია.

ჩვენ დღეს გვაკლია ბატონი კახა ეცადაშვილი, რომელიც არითმოლოგიური განყოფილების, ჩემი და ჩვენი გუნდის ხელმძღვანელია. მასთან ერთად მართლაც ერთი ორგანიზმი ვართ. მისი ნებისმიერი მინიშნება, სიტყვა, ჟესტი საკმარისია, რათა გავაკეთოთ ის და ისე, რაც იმ მომენტში აუცილებელია და ადამიანის გამოჯანმრთელობის წინაპირობაა.

ეს მოაქვს გამოცდილებას, დროს, პროფესიონალიზმს.

აბა, თუ ასეა, ახლა აქეთ გამოიხედეთმეთქი და საოპერაციოში კონტრაბანდად შეტანილი ფოტოაპარატით სურათი გადავუღე ოთხივეს, ნიკა ექიმის მეთაურობით (ყველა პროფესია სპეციფიკური გამოცდილებით გამოირჩევა).

(აი, ისინიც: ნიკა ქურიძე, ექთანი მანანა როსტიაშვილი, უმცროსი ექიმი ბექა რუხაძე, ექთანი ნათია ხინჩაგაშვილი ოპერაციის დამთავრებისთანავე. ასეთი რამ, მგონი, პაციენტთაგან აქამდე არავის გაუკეთებია. თუ იცით სხვა მაგალითი, ნუ იტყვით _ ცოტა ხანს მაინც ვიგრძნო თავი გამორჩეულად).

ჩემი გადასახედიდან ასე ჩანს: თუ ადამიანი წარმატებულია, გამოცდილია და თავდაჯერებული, გნებავთ, მედიცინის ან სხვა დარგში, ალბათ, შეიძლება “გათავხედდეს” და პატარ-პატარა ნაბიჯები განზე გადადგას საკუთარი ჰობის დასაკმაყოფილებლად.

_ მით უფრო, თუგარეგარე სიარულიწარმატებულია.

_ მე ახლობლობაში არავინ მყავს ექიმი, არც ერთ თაობაში, მაგრამ, რაც თავი მახსოვს, მინდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. თავიდან შეიძლება გაუაზრებელი სურვილი იყო, მაგრამ დრო სჭირდება რეალიზაციას _ გააზრებასაც და დამწიფებასაც. თუ სურვილის მარცვალმა ვერ ჰპოვა ხელშეწყობა, ერთ დღეში ექიმობას პროფესიად ვერ აირჩევ.

მე გურიაში დავიბადე, ქალაქ ლანჩხუთში. იმ უბანში ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით 30-40 ბავშვი. ბევრნი. ვთამაშობდით, ჩვენებურად ვერთობოდით. ხშირად ყოფილა, რომ კიბეზე ჩამომჯდარი წიგნს ვკითხულობდი, მაშინ, როცა ჩემი თანატოლები ფეხბურთით იყვნენ “დაკავებული”.

ექიმობა ის პროფესიაა, რომელიც მოითხოვს იღბალს და თავდადებას ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში. მხოლოდ კითხვითა და ინფორმაციის მიღებით ექიმი ვერ გახდები.

ერთსაც ვიტყვი: ბოლო დროს, როცა პანდემიამ ისე შემოგვიტია, რომ რეტროგრადი სკეპტიკოსებისთვისაც კი ექიმისა და ექთნის პროფესიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, ხშირად გაიგონებ _ ექიმები გმირები არიან, ექთნები გმირები არიან.

უდავოდ ასეა, მაგრამ ცოტათი ზეაღმატებულია, ჩემი აზრით, და გადაჭარბებული ასეთი შეფასება.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე. ჯანმოს მიერ ჯანმრთელობა შეფასებულია, როგორც ფიზიკური, სულიერი, ემოციური, ფინანსური და ა.შ. კეთილდღეობა. მაშასადამე, ექიმის ერთმა მცდარმა ნაბიჯმა შეიძლება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ბევრი სხვა პრობლემა შეუქმნას ადამიანს.

ჩემი აზრით, გმირია ყველა, ვინც დაკისრებულ მოვალეობას პატიოსნად ასრულებს. ის არქიტექტორი, რომელიც 35-40-სართულიან შენობას უშეცდომოდ, ზუსტად აპროექტებს, გმირი არ არის?! სკოლის ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ყოველდღიურად უდიდესი სიფრთხილით დაჰყავს სხვისი შვილები, გმირი არ არის?! ის სპორტსმენები, რომლებიც სამშობლოს სადიდებლად იღვწიან, გმირები არ არიან?!

მათ სრულად აქვთ გაცნობიერებული, რა დონის პასუხისმგებლობას არიან შეჭიდებულნი.

ადამიანი სუსტი არსებაა. თუ იგი არ ებრძვის ყოველდღიურ გამოწვევებს და ხვალინდელ დღეს ასპარეზს არ უსუფთავებს, კაცობრიობა ვერ განვითარდება ვერც ინდივიდის დონეზე, ვერც ქვეყნის დონეზე, ვერც მსოფლიოს მასშტაბით.

შენი ცხოვრების განმავლობაში ვიღაც თუ არ გაგიხარებია (მაინცდამაინც ექიმობას არ ვგულისხმობ), ჩათვალე, რომ ამაოდ გაგიფლანგავს ამქვეყნად შენთვის გამოყოფილი დრო. უკან რომ მოვიხედავთ, უნდა დავინახოთ, რომ რაღაც წვლილი გვაქვს შეტანილი სხვა ადამიანის ცხოვრებაში.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ვალია, კეთილი საქმით, პროგრესის გზით წარვმართოთ საქართველო, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის ორგანული ნაწილია.

შეიძლება ცოტა ამბიციურია ჩემი განცხადება, მაგრამ სურვილი სწორედ ასეთია.

ჩემი პროფესია წარმოუდგენელია ემფატიის (თანაგრძნობის) გარეშე, რომელიც იყო და მარადიულად დარჩება ადამიანის გადარჩენის იმედად.

_ ოპერაციის დაწყების წინ რა სიტყვას ამბობთ?

_ (ეღიმება. ეუხერხულება) ვერ ვიტყვი…

_ ძალიან რომ გთხოვოთ?

_ რომ გითხრათ, დაწერთ?

_ აუცილებლად!

_ (გულიანად იცინის. პაუზა. და გაბედავს, გამიმხელს). უფალი ღმერთი ჩემთან იყოს, რაის მეშინოდეს!

ღმერთო, უსმინე ნიკა ქურიძეს, მის ყველა თანამდგომს, მასწავლებელსა და ხელმძღვანელს!

არმაზ სანებლიძე

P.S. რეზო გაბრიაძე თავის უკანასკნელ წიგნში “GEDEVANI, პორტრეტი საუკუნის ფონზეწარსულის გენიალური ქართველი ექიმების გვარებს იხსენებს და ასე ახასიათებს მათ:

ისინიუკეთილშობილესი ადამიანები იყვნენ” _ საერობო ექიმების თაობა.

თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ ხალხს

ნებისმიერ ამინდში! წვიმაში და პაპანაქება სიცხეში!

თოვსა და ქარიშხალში! სოფლებსა და ქალაქებში!

მთასა და ბარში! თვითონ ხშირად ავადმყოფები!

სიცხიანები! ღიმილიანები, წყნარები ჭკვიანები!

ნუგეშის მომცემნი და უანგარონი! ზრდილნი!

სუფთად, ლამაზად ჩაცმულები!

გამოხუნებული ქოლგით! ფერდაკარგული საკვოიაჟით! ლატკიან კალოშებში!..

ნუ დავიზარებთ, წავიდეთ და აუცილებლად დავუნთოთ ჩვენი მშობლების, ბებიაბაბუების და დროში დაკარგულ, გაბნეულგამობნეულ ჩვენს მკურნალებს სანთელი. ეს მადლიერების სანთელია!

გვახსოვდეს, უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა!”

დასტურ ასეა.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here