Home სხვადასხვა დაიჯესტი დაუწესებენ თუ არა სანქციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს?

დაუწესებენ თუ არა სანქციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს?

მიგრანტები

მიგრანტების თავიანთ ქვეყნებში შეშვებაზე უარის თქმისთვის უნგრეთსა და სლოვაკეთს ევროკავშირის სასამართლოთი ხელები რომ გადაუგრიხა, ბრიუსელმა განხეთქილების ვაშლი შეაგდო ევროპულ ერთიანობაში, რომელიც უკვე აღარასოდეს იქნება ერთიანი.

1957 წელს ხელმოწერილი რომის ხელშეკრულებიდან, რომლითაც მოიშალა ადამიანების, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების ყოველგვარი დაბრკოლება, 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულებამდე, რომელმაც თითქმის სრულიად ევროპაში სათავე დაუდო ბრიუსელელი მოხელეების დიქტატურას, ანუ 60 წლის განმავლობაში, ევროკავშირმა გადალახა ადგილობრივი ეროვნული ელიტების წინააღმდეგობა და ეკონომიკური ზრდის იარაღიდან თანდათან გადაიქცა “ევროპოლიტბიუროდ”, რომელმაც ნახევარი მილიარდი ევროპელის ბედის განკარგვის უფლება მიითვისა.

ეროვნული საზღვრების მოშლა ევროპაში წარმოსახვითი პრობლემა რომ არ არის, ცხადზე უცხადესია. თუ უბაჟო ვაჭრობის სანაცვლოდ გიკარნახებენ, როგორ უნდა წარმართო საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სამართლის როგორი ნორმები უნდა დააწესო, თანაცხოვრების როგორი წესები უნდა აღიარო, მაშინ უფლებაც კი გაგიქრება, იწოდებოდე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ეროვნული ღირსებაც დაგავიწყდება.

ბელგია, დასავლეთ გერმანია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, საფრანგეთი და იტალია, რომლებმაც 1957 წელს დააფუძნეს ევროპული ეკონომიკური გაერთიანება (საერთო ბაზარი), ცხოვრების დონითა და ღირებულებებით, მათ შორის, სულიერი ღირებულებებითაც, ცოტათი თუ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მაშინაც კი მთავარი ეკონომიკური პოტენციალის ტრანსსასაზღვრო გათავისუფლების იდეა არ ემუქრებოდა ეროვნულ სუვერენიტეტს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ მათთვის (ამ ქვეყნებისთვის) საერთო ბაზარში შესვლის უფლების მიცემა პოლიტიკურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მათი აღიარების პარალელურად ცუდი ბიზნესი იქნებოდა, ამიტომ ევროკავშირში ყოველ შემსვლელს მხოლოდ ფინანსური დახმარება კი არ უნდა მიეღო შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებიდან, არამედ უნდა ეღიარებინა ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების მიზნები და იდეოლოგია, დამორჩილებოდა მათ.

დამორჩილდნენ კიდეც: უნგრეთი და სლოვაკეთი _ 2004 წელს. სხვები _ მოგვიანებით, ერთმანეთის მიყოლებით. სულ მალე გაცხადდა, რომ ევროკომისიის ძალაუფლება ევროპის დამოუკიდებელი ქვეყნების კანონიერად არჩეულ ხელისუფლებაზე გაცილებით მაღლა დგას. ევროკომისრების დიქტატი უამრავ პრობლემას წარმოშობს, რომელთა შორის მიგრაცია უმწვავესია.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ იმოქმედებენ “კომისრები”, რომლებმაც ორი წლის წინათ მიიღეს იტალიიდან და საბერძნეთიდან შემოსული 160 ათასი მიგრანტის განსახლების პროგრამა. ორიოდე კვირის შემდეგ ეს პროგრამა უნდა დამთავრებულიყო, გაერთიანებულმა ევროპამ ამჯერად მხოლოდ 30 ათასი, ძირითადად, აფრიკელი, მიგრანტის პრობლემების მოგვარება ასე თუ ისე შეძლო. დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი თავიდან წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ, როცა მთავარი ევროკომისარი ჟანკლოდ იუნკერი მომხრეა, ვინ შეძლებს მის შეჩერებას?!

გერმანული Deutschland-ი წერს, რომ მიგრაციული კვოტების დაწესების წინააღმდეგი იყო ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები _ უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. განკარგულების შესრულებაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმა, აგრეთვე, დანიამ, მაგრამ მხოლოდ უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაუკეტა საზღვრები ევრობედნიერების საპოვნელად თავიანთი ქვეყნებიდან გამოქცეულ საეჭვო პირებს. ამ ორმა ქვეყანამ შეიტანა სარჩელი ევროპის სასამართლოში და მოითხოვა, გაუქმებულიყო ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს გადაწყვეტილება “ლტოლვილების კვოტების განაწილების შესახებ”. უარყოფითი პასუხი ახლახან მიიღეს. ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირს საკუთარი სუვერენიტეტი მიჰყიდეს, ვერ ეწინააღმდეგებიან ევრობიუროკრატებს: დაადგინეს და მორჩა! წერტილი დაესვა!

ორიოდ სიტყვა იმის შესახებ, რატომ დაუჭირეს მხარი ევროკომისიასა და მის კვოტებს გერმანიამ, იტალიამ, ავსტრიამ და შვედეთმა. მათ შორის მთავარი გერმანიაა. Deutsche Welle  გულახდილად აღიარებს: “გერმანიის ეკონომიკა შრომითი მიგრანტების შევსების გარეშე მოკვდება”. გერმანიის სამუშაო ბაზარს სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებიც გერმანიას არ ჰყავს, ამიტომ უცხოელებზე უჭირავს თვალი. უახლოესი ორი ათწლეულის განმავლობაში, _ წერს გამოცემა, _ 20-დან 64 წლამდე შრომისუნარიანი მოსახლეობა გერმანიაში 10,5 მილიონი ადამიანით შეიძლება შემცირდეს. ბოლო სამ წელიწადში უცხოელთა რაოდენობა, რომლებიც გერმანიის მრეწველობაში არიან დასაქმებულნი, შეიძლება 22,5 პროცენტით გაიზარდოს, ჯანდაცვის სფეროში _ თითქმის 35 პროცენტით. რუმინელების, ბერძნებისა და ავსტრიელების შემდეგ, სირიელი ექიმები მეოთხე ადგილზე არიან იმ უცხოელ სპეციალისტებს შორის, რომლებიც სამედიცინო სფეროში მუშაობენ _ სტატისტიკოსებმა 1500 დიპლომიანი მედიკოსი დათვალეს. შედეგად, დღეს ყოველი მე-20 ექიმი გერმანიაში სირიის მკვიდრია”.

მიგრანტები რომ არა, გერმანიის მრეწველობაში 74 ათასი სამუშაო ადგილი ვაკანტური დარჩებოდა, ჯანდაცვაში _ 19 ათასზე მეტი. გერმანიის მრეწველობისთვის დიპლომიანი სპეციალისტების ყველაზე დიდი მიმწოდებლებია საფრანგეთი და ინდოეთი. შემდეგ მოდიან იტალიელები, ესპანელები, ავსტრიელები, ჩინელები, თურქები. სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან და ერითრეადან სამუშაოზე მიღებული ლტოლვილების 44 პროცენტი დაბალკვალიფიციური საქმიანობითაა დაკავებული. თქვენ კი კითხულობთ, რატომ არის კანცლერი მერკელი იმიგრანტების მიღების მომხრე?! იგი ლტოლვილების ნაღებს ირჩევს და იტალიასა და საბერძნეთს უტოვებს ევროპული სოციალური დახმარებისა და უფასო საცხოვრებლის მძებნელი გადახვეწილების ბრბოებს.

დავუბრუნდეთ ბრიუსელის დიქტატურის წინააღმდეგ “აჯანყებულებს”. Deutschlandfunk-ი იუწყებოდა, რომ ბუდაპეშტი გაასაჩივრებს ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ლტოლვილთა განსახლების კვოტების განაწილების თაობაზე რომ აქვს მიღებული, რადგან იგი (გადაწყვეტილება) “პოლიტიკურად მოტივირებული და უპასუხისმგებლოა”, მაგრამ ევროკავშირს სჭირდება დევნილთა (იაფი სამუშაო ძალის) თავმოყრის ადგილები, რომლებიც აუცილებლად პერიფერიებზე უნდა იყოს განლაგებული. უნგრეთს კი არ სურს, იყოს “პერიფერია”. “ნამდვილი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება, ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩასახლდება უნგრეთში უნგრელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ”, _ განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრმა პეტერ სიიარტომ.

სლოვაკეთიც ამავე პოზიციაზე დგას: “ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია უცვლელია. მომავალშიც ვიმუშავებთ იმ მიმართულებით, რომ სოლიდარობა სხვაგვარად იყოს გამოხატული და არა მაინცდამაინც ლტოლვილების მიღებით, რომლებსაც ჩვენთან დარჩენა არც სურთ”, _ ასეთი იყო სასამართლოს ვერდიქტზე სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს რეაქცია.

ასე რომ, ევროპის სახელმწიფოების დამოუკიდებლობასთან დამშვიდობების მომდევნო აქტი შეიძლება იყოს ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება… ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.

Fondsk.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here