2017 წელს 4 დეკემბერს, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან, ასამდე ექიმს სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლა შესთავაზეს. გათავისუფლებულია ასამდე თანამშრომელი, რომელმაც შესაძლოა ცნობილი ანეკდოტიც გაგახსენოთ. ფაქტიც ტრაგუკულად კომიკურია – იმ შემთხვევაში თუ კომპანია 15 კალენდარული დღის განმავლობაში სულ მცირე 100 დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას (მასობრივი დათხოვნა) გადაწყვეტს ეკისრება ვალდებულება, რომლის მიხედვითაც მან, აღნიშნული ცვლილების შესახებ 45 დღით ადრე უნდა აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომელთაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები.
საკადრო წმენდა დაახლოებით თებერვლიდან დაიწყო. მაშინ, როცა საავადმყოფოს ახალმა მფლობელმა, კორპორაცია “ევექსმა” თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება გადაწყვიტა და ამ ფაქტს, რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ღია პროტესტი მოჰყვა. თავის მხრივ კორპორაცია, კადრების ასეთ მკვეთრ შემცირებას რეორგანიზაციას უკავშირებს და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.
კორპორაცია “ევექსი” საქართველოს ბანკის საინვესტიციო პორტფოლიოს – “BGEO”-ს შემადგელობაში არსებულ კომპანიას “Georgia Health Group”-ს ეკუთვნის. რომლის მფლობელობაშიცაა (2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემები) 37 საავადმყოფო (“ევექსი”( 21%-იანი ბაზრის ნაწილი)); 195 ლარი მილიონი შემოსავალი(87%-იანი შემოსავლის ნაწილი და 21 მილიონი ლარი მოგება); 11 პოლიკინიკა (2%); 251 აფთიაქი (29%-იანი ბაზრის ნაწილი); 329 მილიონი ლარი შემოსავალი (15 მილიონი ლარი მოგება); 110,000 დაზღვეული (30%-იანი ბაზრის ნაწილით). აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რეორგანიზაციის მიზეზის “ევექსისეული” განმარტებაც – ზემოთ აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ “ევექსის” მოგება (და არა შემოსავალი) 21 მლნ ლარს შეადგენდა.
კორპორაციის მაღალმატერიული მიზნებიც, რომელიც ე.წ. ჯანდაცვის ექსპოტის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს, მხოლოდ ქაღალდზეა “განხორციელებული”. ხოლო დაწესებულებებში ვითარება შემდეგნაირია: არ ხორციელდება ტექნოლოგიური რეფორმები, არ ტარდება არანაირი ღონისძიებები, პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. უარესდება ჰიგიენური პირობებიც, რასაც ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც ადასტურებს.
“იაშვილში” განვითარებულ მოვლენებზე 25-მდე ექიმმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი და ღირსების აღდგენისა და საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სოციალური და სამართლებრივი კამპანია დაიწყო. საერთო განცხადებებითა და წერილით მათ უკვე მიმართეს საავადმყოფოს ადმინისტრაციას, საზოგადოებას და რამდენიმე სახელმწიფო უწყებას. გათავისუფლებულები ყოფილი დამსაქმებლებისგან რეორგანიზაციის პროცესის გამჭვირვალებას სთხოვენ.
“ – ორგანიზაციული ცვლილებების საფუძვლით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულებს შეწყვეტა მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც დასტურდება სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა, რაც თავის მხრივ დამსაქმებლის, ანუ მოცემულ საქმეში კლინიკის ხელმძღვანელობის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. საქართველოს სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში ნათლად განმარტა, რომ დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ ეს ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და ამასთან ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, აღნიშნულმა ქმედებამ გაუმართლებლად არ ხელყოს დასაქმებულთა კანონიერი უფლებები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს ნათლად და გარკვევით, შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთებული. უნდა იყოს გაკეთებული ფინანსური ანალიზი, შედარებულ უნდა იქნეს რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურა მომავალ სტრუქტურასთან და ასე შემდეგ. მოკლედ მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი, სანამ რეორგანიზაცია დაიწყება. აღნიშნულ პროცესის დასაწყისიდან ჩართულები უნდა იყვნენ დასაქმებულები. მათთვის რეორგანიზაცია არ უნდა წარმოადგენდეს მოულოდნელობას, ისე როგორც ეს დასაქმებულთა თქმით, იაშვილის კლინიკს შემთხვევაში მოხდა”, – აცხადებს “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ომსარაშვილი. (იხ. ვიდეო)
ერთ-ერთი გათავისუფლებული, ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ნევროლოგი და მურმან იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, მედმუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ნათელა აბაშიძე, მიმდინარე და განვითარებულ პროცესებზე გვესაუბრა:
– 2017 წლის თებერვლამდე საათობრივ ანაზღაურებას ვიღებდით და ჩვენი ხელფასი დაახლოებით 1500 ლარს შეადგენდა. თებერვალში კი შემოგვიტანეს ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ ხელფასი მორიგეობის გარეშე იქნებოდა 325 ლარი. მორიგეობის ჩათვლით კი 400, მაქსიმუმ 500 ლარი. ეს ყველასთვის ძალიან დიდი შოკი იყო – მოულოდნელობის, კრედიტების, გადასახადების და სხვა ვალდებულებების ფონზე. როგორც პროფკავშირის თავმჯდომარე ვალდებულიც ვიყავი და ბატონ ნიკა გამყრელიძეს (GHG-ის გენერალური დირექტორი) ელექტრონულ მისამართზე წერილიც გავუგზავნე, რომელშიც ეწერა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენი შრომის დისკრედიტაცია ხდებოდა, რაც პირველ რიგში პაციენტის უფლებას შელახავდა – მიეღო მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება; დაებრუნებინა ჩვენთვის ძველი ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მივმართავდით პროტესტის უკიდურეს ფორმას. წერილის გაგზავნიდან რამდენიმე წუთში, დირექტორმა დამირეკა და თავისთან დამიბარა. საოცრად აგრესიული და უღირსი, არაკონსტრუქციული ტონით მესაუბრა, თუ როგორ გავბედე წერილის გაგზავნა. მისგან დაბრუნებულს უკვე დამხვდა ინფორმაცია თუ ბოდიშს არ მოვიხდიდი, შესაძლოა სამსახურიდან გავეშვი. საპასუხოდ ფურცელი, რომელზეც ჩემი ხელფასი ეწერა დავასკანერე და თავიდან გადავუგზავნე ბატონ ნიკას. 25 აპრილს, დირექტორისგან დაბრუნებული ჩვენი ხელმძღვანელი ორ ექიმთან გათავისუფლების ცნობითა და ახალი შეთავაზებით დაბრუნდა, ხოლო მე მითხრა რომ თავად დირექტორი დამელაპარაკებოდა. არანაირი შემოთავაზება, მისი თქმით ბორდმა გამათავისუფლა.
– რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელიც იაშვილის საავადმყოფოს ექიმებს, პაციენტებისთვის არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებს. საკმაოდ მწვავე იყო კომენტარებიც – საზოგადოება საავადმყოფოს რამდენიმე ბავშის გარდაცვალებაშიც სდებს ბრალს. ხომ არ გაათავისუფლეს ექიმები მათი დაბალი კვალიფიციურობის გამო?
– ვერაფრით დავეთანხმები ამ აზრს. მიუხედავად ყველაფრისა, “იაშვილი” დღემდე არის ბრენდი. რომელიც ქართული პედიატრიისთვის წარმოედგენდა აკადემიას. აქ იყვნენ უმაღლესი დონის ექიმები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები. სამედიცინო შეცდომები ყველგან ხდება. არაფერ შუაში არ არის აქ ექიმი. ეს მენეჯერის საქმეა და მფლობელის, რომელმაც განვითარებაზე უნდა იზრუნოს. ჩვენ წამოვედით, მაგრამ ამით დარჩენილების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. პირიქით, განახევრებული ხელფასი კიდევ გაუნახევრეს. “ევექსმა” სავარაუდოდ რაოდენობა გადმოგზავნა, სია კი ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ შეადგინა. ზოგიერთი კადრი სწორედ, რომ მათი ხუშტურის გამო გაათავისუფლეს. როდესაც კომპანია 34 მლნ-ს იღებს, სხვების გაღატაკების ფონზე, არ უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები ამით? 2002 წელს ჩვენ მოვიგეთ საოლქო სასამართლო. მაშინაც ყველას გვყრიდნენ სამსახურიდან. გავასაჩივრეთ პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულება და ინსტიტუტი დაიხურა. მაშინ “იაშვილი” გაქრობისგან ვიხსენით. მაგრამ ახლა არ მგონია საავადმყოფოს გაქრობა იყოს მიზანი. მიზანი [ირდაპირ და მხოლოდ ფინანსებს უკავშირდება. მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ, რომელსაც უკან არ დებენ. რეამინაციული განყოფილება უძვირესია, სადაც “ჰოსპისები” წვანან თვეობით, წლობით. ხანდახან იმ პაციენტისთვის არ რჩება ადგილი, რომელსაც ნამდვილას სჭირდება რეანიმაცია.სამინისტრო ამბობს, რომ კერძო სექტორის საქმიანობაში ვერ ჩაერევა. რას ნიშნავს ვერ ჩაერევა? ე.ი. დანაშაულია, რომ მე დაქირავებული ვარ? დამსაქმებლებს მონური დამოკიდებულება აქვთ დასაქმებულებთან მიმართებაში. ძველი მფლობელის “ავანტეს” დირექტორი ჭკვიანი მენეჯერი იყო. მასთან დიალოგი მაინც იყო შესაძლებელი. ერთი საათის ანაზღაურება (სამ დეპარტამენტში და მთელ საავადმყოფოში მორიგეობისას) 1 ლარსა და 10 თეთრს შეადგენდა და ეს გრძელდებოდა წლობით. ამ მდგომარეობის გამოსწორება შევძელით, მანამ სანამ “ევექსი” მოვიდოდა ჩვენამდე. გათავისუფლების შემდეგ ძალიან ბევრს აერია ცხოვრებ. ყველა მაღალკვალიფიციური კადრი იყო. საოცარი ის არის, რომ მოგების გაზრდის მერე ძალიან დაბალი ხარისხის ჰიგიენური საშუალებები და წამლები შემოაქვთ. პალატებში მოშალეს საკაბელო სისტემა. დამლაგებლები ბოლოს წუწუნებდნენ “რაკშა” აღარ გვაქვს, რომ წესიერად დავასუფთავოთო. ყველა დირექტორმა რაღაც დატოვა. ამათ პირიქით, ყველაფერი გაანადგურეს. გაზარდეს ამბულატორიული გადასახადები, მას შემდეგ რაც ლონდონის ბირჟაზე “ზურგი გაიმაგრეს”.
34 მლნ მოგება საავადმყოფოებიდან და აფთიაქებიდან, მილიონები – სახელმწიფოსგან. ამ ფონზე უშვებს ექიმებს საავადმყოფოდან, აუარესებს მომსახურების ხარისხს, აუქმებს არამომგებიან განყოფილებებს და ვინც დარჩა იმას უნახევრებს ხელფასებს. რას ემსახურება “ევექსი”? ეს არ არის მავნებლობა? ეს არ არის მავნებლობა პაციენტის მიმართ? რას იმსახურებს მავნებელი? ამ დროს კი სატელევიზიო ეთერებში ამაყობს სიახლით – ელექტრონული რეცეპტების შემოღებით. ეშლება ზოგიერთ ექიმს და პროგრამა გაასწორებსო. წამლის გამოწერა რომელ ექიმსაც ეშლება, იმან არ უნდა იექიმოს. ის დარღვევები, რომლებიც სამედიცინო სფეროშია, არ არის ექიმის ბრალი. დღეს სამედიცინო სფეროში ყველაფერი ცუდადაა. საავადმყოფოები მხოლოდ პაციენტისა და სახემწიფოს გაყვლეფაზე მუშაობენ.
“2013 წელს მმართველი გუნდისა და ბიზნეს სტრატეგიის ცვლილებასთან ერთად განხორციელდა “ჩემი ოჯახის კლინიკის” დასახელების ცვლილება და კომპანიას “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ეწოდა. ეს კი განაპირობა მმართველი გუნდისა და ბიზნეს სტრატეგიის ცვლილებამ, რაც გულისხმობს ჰოსპიტალურ ქსელში საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან (JCI) მიახლოებული, პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურების დანერგვას. სტანდარტიზაციის შედეგად საქართველოს სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი გარდატეხა განხორციელდება და თითოეული რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს ქსელში შემავალ კლინიკებში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.” – ასე წარადგენს კორპორაცია საკუთარ თავს, თუმცა ილუსტრირებული სურათი რადიკალურად განსხვავებულია.
უნდა იყოს თუ არა საავადმყოფო ორიენტირებული მოგებაზე – ამაზე ექიმებს შემდეგი პასუხი აქვთ: დაუშვებელია საავადმყოფოს მენეჯმენტი “დუქნის პრინციპზე” იყოს აგებული. თუმცა უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ განსხვავებული მიდგომის იმედი, იმ ჯგუფისგან, რომელიც კონკრეტულ საავადმყოფოს მართავს სათუოა. მაგალითად “რუსთავის აზოტის” მაგალითიც კმარა, ზამთრის ქრონიკებიდან. ხელი იგივეა, შესაბამისად ხელწერაც. მონოპოლია, რომელმაც შარშან ზუსტი ეპითეტი მოიტგო – „ბანკის საქართველო“. ბანკი, რომელიც საბანკო სექტორისთვის არაპროფილური ბიზნესის ფლობის აკრძალვამ ვერ შეაშინა. ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2014 წლის აგვისტოში მიიღო.მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ. თუმცა აღნიშნული ფაქტს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. რეალური შედეგი ვერც კანონის მიღების შემდეგაც მივიღეთ.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა “საქართველოს ბანკის” საცეცებში მოქცეული ქვეყნის ტრაგედია. ბანკის მონობის ქვეშ არამხოლოდ მის მიერ დაკრედიტებული მოსახლეობაა, არამედ უამრავი ტიპის სხვადასხვა ბიზნესი და ქვეყნის ბაზარზე მონოპოლიას აგრესიულად არ თმობს. ხელს უშლის დამოუკიდებელ ბიზნესს განვითარებაში და ფაქტიურად არსებობის საშუალებას უსპობს.
ამიტომაც აიტაცა საზოგადოებამ შემდეგი ფრაზა, რომელიც სწორედ „რუსთავის აზოტის“ აქციებზე გაისმა პირველად: “შენ შეიძლება მოერიო სახელმწიფოს, მაგრამ ვერ მოერევი საქართველოს ბანკს“.
მოამზადა ქრისტინე პახომოვამ
საქართველოს ბანკი, ევექსი და ჯანდაცვის სამინისტრო ერთი ორგანიზაციაა. საქართველოს ბანკი აფინანსებს ევექსს ხალხიდან ამოგლეჯილი ფულით ანუ, სავალუტო ოპერაციებით, ლარის გაუფასურებით, კურსთა შორის სხვაობებით. საქართველოს ბანკი აფინანსებს ევექსს, ჯანდაცვის სამინისტრო ევექსის მითითებებს ასრულებს, პენსიაზე რომ გავლენ იქ წავლენ სამუშაოდ და ა.შ. იმიტომაც ვართ კრიმინალურ მთავრობაში. ბანკში რომ ფული ყოველდღიურად შევიდეს ფინანსთა სამინისტო ზრუნავს ამაზე, იღებენ კრიმინალურ კანონებს, მაგალითად: 2017 წლის 24 დეკემბერს შემოიღეს სიტუაციური სახემძღვანელოს ერთ-ერთი “მანუალი”, რომელიც უკანა პერიოდიდან ანუ 2017 წლის 01 იანვრიდან აამოქმედეს და ა. შ. რაიმე კიდევ შეიძლება გაიკვირვოს ადამიანმა ამ კრიმინალური მთავრობის შემხედვარემ? – – – ?!