“დემოკრატიული” დასავლეთი ამა თუ იმ საკითხზე ორმაგ სტანდარტს რომ იყენებს, თანაც მხოლოდ თავის სასარგებლოდ, ახალი ამბავი არ არის, არც ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელებაა დასავლური “დემოკრატიული” და “პლურალისტული” მედიისთვის უცხო.
აშშ–ის ამჟამინდელ პრეზიდენტს _ დონალდ ტრამპს (და არა მხოლოდ მას) არაერთხელ შეუმკია წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები “დეზინფორმატორისა” და “ცილისმწამებლის” ეპითეტებით. ახლახან კი ბრიტანულმა მრავალტირაჟიანმა ტაბლოიდმა კიევში უკრაინელი ფანატიკოსი გულშემატკივრებს რასისტული გამოხდომა რუსებს მიაწერა.
უკრაინის დედაქალაქი კიევი. ნაციონალური სასპორტო კომპლექსი “ოლიმპიისკი”. მოედანზე ერთმანეთს ხვდებიან კიევის “დინამო” და დონეცკის “შახტარი”. ეს მატჩი დასამახსოვრებელი იყო არა თამაშით, არამედ იმით, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა.
ბრიტანულმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს ამ მატჩის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები: გულშემატკივრები კუ–კლუქს–კლანის სამოსში, ვიღაცას შუბლზე სვასტიკა აქვს მიხატული. ფაიერები (პიროტექნიკური სასიგნალო მოწყობილობა მუყაოს ჰილზის სახით), სტვენა, ყვირილი. მატჩის 88-ე წუთზე კი ორივე გუნდის გულშემატკივრები ერთდროულად აღრიალდნენ. 88-ე წუთი, ეს რიცხვი ნაციონალისტებისთვის კოდირებულია როგორც ჰიტლერის მისალმება. სხვათა შორის ტრიბუნაზე “შახტარის” გულშემატკივართა შორის იყო ადამიანი ჰიტლერის გამოსახულებიანი მაისურით.
“დინამოს” გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში აგიტაციას უწევდნენ სხვებს, რომ თამაშზე მისულიყვნენ თეთრი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილნი, და მატჩის მიმდინარეობისას, რომელსაც “უკრაინულ კლასიკოს” უწოდებენ, მოეწყოთ “თეთრი სიგიჟე”. _ წერს “დეილი მეილი”.
აი ბრიტანულმა ტაბლოიდმა “სანმა” კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა, როდესაც ამ მატჩის ამსახველი ვიდეო ასე დაასათაურა: “რასიზმი რუსეთში: “დინამოს” გულშემატკივრებმა შახტარის” წინააღმდეგ რასობრივი აგრესიის გამოვლენით შოკი გამოიწვიეს”.
“ვიცოდი, რომ ბრიტანული პრესა ყველაფერს გააკეთებდა რუსეთისა და ამ ქვეყნის ფეხბურთის დისკრიმინაციისთვის. ეს ხდება იმისთვის, რომ რუსეთს ჩამოართვან მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების უფლება და გადასცენ ინგლისს. ასე გაგრძელდება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე, რადგან ბრიტანულ მედიას სურს, რუსეთი ყოველთვის ნეგატიური კუთხით წარმოაჩინოს. დიახ, ფეხბურთი პოლიტიზებულია და ეს საშინელებაა”. _ განაცხადა ფეხბურთის ინგლისელმა ექსპერტმა და მწერალმა დაგი ბრიმსონმა.
როდესაც ერთი ქვეყნის ნაცვლად მეორეს მოიხსენიებენ, ეს ვიღაცას ასე სჭირდება. თანაც მსგავსი რამ პირველად არ ხდება. ოღონდ ადრე ბრიტანელი ჟურნალისტები ერთმანეთში ურევდნენ ზეიმისა და გულშემატკივრების შეხლა-შემოხლის ფოტოებს
გამოცემა “დეილი მორორმა” გამოაქვეყნა ფოტო მყვირალა სათაურით: “რუსი ულტრასები აფრთხილებენ ინგლისელ გულშემატკივრებს: შეიძლება მოგკლათ ჩემპიონატის მიმდინარეობისას”. ფოტო დასაშინებლად.
საზოგადოდ, რუსი გულშემატკივრების თემა სულ უფრო ხშირად ჩნდება ბრიტანულ მედიაში. მაგალითად, “დეილი მეილი” ადრინდელ სტატიაში ამტკიცებდა, რომ რუსმა გულშემატკივრებმა ცემა-ტყეპა გამართეს მოსკოვური დერბის _”ლოკომოტივისა” და “სპარტაკის” მატჩის შემდეგ, და როგორც მტკიცებულება, დაურთეს ტყეში გამართული ორთაბრძოლების ვიდეო.
თუმცა ამ შემთხვევაში ბრიტანელ ჟურნალისტებს შეეშალათ თარიღი _ 18 მარტი. სწორედ ამ დღეს გაიმართა რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურს მატჩი “სპარტაკსა” და ”ლოკომოტივს” შორის, მოსკოვში იმ დღეს პლუს 5 გრადუსი იყო, ვიდეოკადრებზე კი ჩანს, რომ გულშემატკივრები შორტებსა და მაისურებში არიან გამოწყობილი. ბალახი მწვანედ ბიბინებს, ხეებზე ფოთლებია. ეს ვიდეო ზაფხულში ან ადრე შემოდგომაზეა გადაღებული. მაგრამ ბრიტანული გაზეთის რედაქციამ ეს არად ჩააგდო _ რა მნიშვნელობა აქვს, გაზაფხულია თუ ზაფხული რუსეთში, თუ შეშინებაა, შეშინება იყოს…
ამჯერად კი “სანის” ჟურნალისტებმა ღრმად შეტოპეს: უკრაინელი გულშემატკივრების რასისტული აქცია რუსებს მიაწერეს.
ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი კიევის სასპორტო არენაზე მოხდა მუსიკალური შოუს _ “ევროვიზიის” დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელსაც ასე გულმოდგინედ ამზადებს კიევი.
ექსპერტთა შეფასებით, ამჟამინდელ უკრაინაში ნეონაციზმის, ფაშიზმის თემა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა _ ამ ყველაფერს ხელისუფლება არ გმობს. და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთის მატჩების მიმდინარეობისას ტრიბუნებზე შეიძლება ნახოთ ფაშისტური სიმბოლიკა, ემბლემები და ლოზუნგები.
ნიკა კორინთელი