უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა (სხვათა შორის, ცნობილმა რუსოფობმა და სააკაშვილის თანამოაზრემ) ამა წლის 6 ივლისს საინტერესო კომენტარი გააკეთა ტრამპი–პუტინის მოსალოდნელ შეხვედრაზე. მის ნათქვამს საინფორმაციო სააგენტო “ხარკოვი” (nahnews.org ) ავრცელებს.
აი, რა თქვა გორდონმა: “ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან უკრაინა კარგს არაფერს არ უნდა ელოდოს. გვეყოფა სულ ვიღაცის ფარვატერში ყოფნა (ალბათ ევროპა _ ამერიკას გულისხმობს). ჩვენ ჩვენი ძლიერი ეკონომიკა უნდა ვაშენოთ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებს უნდა ვითვალისწინებდეთ…
მგონია, ტრამპი და პუტინი დიდ გარიგებას დადებენ უკრაინის თაობაზე, მაგრამ უკრაინა ამაზე არასოდეს არ წავა… ტურჩინოვმა (უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, მანამდე _ პარლამენტის თავმჯდომარე) პირადად მითხრა, როგორ ურეკავდნენ მუდმივად დასავლელი პარტნიორები და ეუბნებოდნენ, რომ ნუ იბრძვიან ყირიმისთვის. იმავეს მეუბნებოდა ადრე სააკაშვილიც, რომ მასაც ურეკავდნენ ამერიკელები და ევროპელები და კატეგორიულად მოითხოვდნენ, არ ებრძოლა და მიეცა რუსებისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. გაუშვი, წაიღონო, ეუბნებოდნენ…”
“დონბასის ძალით გათავისუფლება შეუძლებელია… ვთვლი, რომ საამისოდ საჭიროა პუტინთან შეხვედრა.. ერთი-ერთზე უნდა ველაპარაკოთ… გავიგოთ, რა უნდა პუტინს, ვუთხრათ, რა გვინდა ჩვენ. მართალია, არ მგონია, აქედან რამე გამოვიდეს, მაგრამ ესეთი შანსი უნდა გამოვიყენოთ… ჩვენ უკრაინაში მბრწყინავი ეკონომიკა უნდა შევქმნათ, რომ ჩვენგან კი არ გარბოდნენ, ყველა აქეთ მოისწრაფვოდეს. აი, მაშინ ყველაფერს დავიბრუნებთ”, _ ასკვნის გორდონი.
რედაქციისგან: ისღა დაგვრჩენია, აღვნიშნოთ, რომ მწარე რეალობამ ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთ გააფთრებულ რუსოფობსაც კი აუხილა თვალი, ოღონდ ეს უკრაინაში. ნეტავ, ჩვენთან თუ გაახელენ თვალს?
და კიდევ: გორდონის ნათქვამი კიდევ ერთხელ ნათელს ჰფენს ვითომ ჩვენი კეთილმოსურნე ევროპა-ამერიკის ნამდვილ სახეს, გვიჩვენებს, რამდენად ორპირი და ფლიდები არიან ჩვენი დასავლელი “პარტნიორები”.