დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სრულად დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა და 49 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა. პარლამენტში არ დადიან, მაგრამ მანდატებსა და, შესაბამისად, თვეში 10 000-ლარიან ხელფასზე უარს არ ამბობენ გიორგი გახარიას პარტიის “ გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები – 12 დეპუტატი. ამის გამო ოპოზიციამ გახარია კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა, აქაოდა, ჩვენსავით უარი თქვიო, მაგრამ… როგორია თვეში 10 ათას ლარზე უარის თქმა მით უმეტეს მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ იმ 49 წევრიდან ბევრი გაბრაზდა და უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა?! როგორც გვეუბნებიან, სწორედ ამის გამო წავიდა პოლიტიკიდან თამარ კორძაია, რომელმაც სხვების მსგავსად უარი თქვა (ათქმევინეს) პარლამენტარის მანდატზე. ის მიხვდა, რომ ქუჩა-ქუჩა სირბილითა და არაფრისმომცემი აქციებით ოჯახის შენახვა გაუჭირდებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორძაია საჭიროების შემთხვევაში არ დაბრუნდება ან დაბრუნების შერცხვება. არა, ბატონებო, დაბრუნდება და მეტსაც იზამს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა; მოიქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა…
ქართველი პოლიტიკოსები თავიანთ სიტყვას არ უფრთხილდებიან, არად აგდებენ, რა თქვეს, როდის თქვეს. ამის ნათელი მაგალითია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წინამორბედ გიორგი მარგველაშვილს იმას საყვედურობდა, რასაც შემდეგ თვითონ აკეთებდა და, როცა ჟურნალისტმა ეს სიტყვები გაახსენა, სიცილიც კი დაიწყო, სანამ მიახვედრებდნენ, რომ ეს სასაცილო ფრაზები მისი იყო.
მოქმედ ხელისუფლებას ევროპამ გამჭვირვალობის შესახებ კანონის შერბილება და რაღაც მუხლების ჩასწორება შესთავაზა, აქაოდა, ძალიან მკაცრიაო, მაგრამ უარი მიიღო. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გარემოებები შეიცვალა და ახლა ჩასწორება-გასწორების დრო არ არის. სამაგიეროდ „ქართული ოცნება“ აპირებს, ამერიკული „ფარა“ სიტყვასიტყვით გადმოწეროს და საქართველოში ამერიკული კანონი შემოიღოს. როგორ გგონიათ, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ოპოზიციას? სწორია – ისინი წინააღმდეგნი არიან, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკული „ფარა“ საქართველოში აამოქმედოს, რადგან თურმე „ფარა“ რუსული კანონი ყოფილა. უფრო საინტერესო რამ თქვა გიგი უგულავამ. მან განაცხადა: მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რადგან უკვე დროა, საქმეში პოლიტიკოსები ჩაერთონო. ჰოდა, უგულავას მტკიცებით, კანონის ასლი არ ნიშნავს, რომ იგივე კანონია, თურმე ის განსხვავებული იქნება. ვინმემ გარემოცვიდან გიგის აუხსენით, რომ ასლი ნიშნავს დედნიდან გადმოწერილს და, თუ ასლი დედანს არ ემთხვევა, ის ასლი აღარ არის. გიგი კმაყოფილი იღიმებოდა, რა მაგარი რაღაც ვთქვიო და ვერ ან არ ხვდებოდა, რომ მისი ნათქვამი იდიოტიზმის კიდევ ერთი გამოვლინება იყო მისი მხრიდან.
მეორე მხრივ, უგულავამ ზუსტად იცის ევროპის განწყობა. ევროპელი ბიუროკრატების დიდ ნაწილს სურს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და აიტაცეს ოპოზიციის ნათქვამი (ინიციატორი ისევ უგულავა იყო), ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში „ოცნება“ გარანტირებულად რომ დამარცხდეს… ამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოსო. უფრო შორს წავიდა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გოგელია, რომელმაც სლოვაკეთს, უნგრეთს, თურქეთს, ჩინეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ჭაობში მყოფი ქვეყნები უწოდა. ნეტავ, როგორ წარმოუდგენია გოგელიას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა? მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ შინაგანად გოგელიამ და სხვებმაც ზუსტად იციან, რომ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ, შესაბამისად არც ოფიციალური ვიზიტები დასჭირდებათ, ამიტომ დგანან და ლანძღავენ იმ ქვეყნებს, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. რუსეთის შემდეგ სწორედ თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის ყველაზე მეტი პროდუქცია. ამ განცხადების შემდეგ გრიგოლა ამაყად მივა „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე და ამაყად ჩაასხამს საწვავს. მერე რა, რომ ეს თქვა, პასუხს ქართულ პოლიტიკაში ხომ არასდროს არავინ არავის სთხოვს. „ფარას“ თავი დავანებოთ და არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ძალიან მალე დონალდ ტრამპი „ქართულ ოცნებას“ ნამოქმედარს მოუწონებს და იტყვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ეროვნულ მოტივებზე მოქმედებს და ამაში უცნაური არაფერია. ჰოდა, თუ ტრამპი მმართველ გუნდს აღიარებს, ოპოზიცია ამისთვის მზადაა. მათ უკვე ერთ ფაილში მოუყარეს თავი იმ განცხადებებს, რომლებიც თავის დროზე ტრამპზე თქვეს, როცა ის ოფიციალურად რუსეთის აგენტად მონათლეს. ჰოდა, ახლაც პირდაპირ დაადებენ ხელს ტრამპს და დარჩებიან მხოლოდ ევროპის იმედად; იმ ევროპის, რომელსაც ამერიკის ახალი პრეზიდენტის მკაცრი ხელი არ მოსწონს. ლიბერალური ფრთა აცნობიერებს, რომ, თუ მას რამეს არ მოუხერხებს, დიდი დღე არ უწერია.
სამწუხაროდ, სწორედ ამ ლიბერალურ ფრთას ჰყავს დამონებული თუ დაზომბებული ჩვენი ოპოზიცია. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც სწორედ ევროპელებს სურთ. ისინი მზად არიან, ქვეყანა ორ შაურადაც კი არ გაყიდონ, უბრალოდ გააჩუქონ, სხვებს ჩააბარონ, ოღონდ ამ ჩაბარებული და დამონებული ქვეყნის სათავეში თავად უნდა იყვნენ, თავად უნდა მართონ. მერე რა, რომ ნანახი გვაქვს, როგორ მართავენ, როგორ ახერხებენ ერის გადაჯიშებას, როგორ უწყობენ გენოციდს მოსახლეობას… ნანახი გვაქვს ეს ყველაფერი და ნანახი აქვს დასავლეთსაც, მაგრამ მათ დამონებული ხელისუფლება სურთ, რუსეთის ნერვების მომშლელი და, რაც მთავარია, საჭირო დროს მეორე ფრონტის გამხსნელი; ხელისუფლება, რომელიც ერთ ნათქვამზე ომს დაიწყებს და ახალგაზრდა ბიჭებს დახოცავს, გენოფონდს გაანადგურებს და მერე ამ ყველაფერს ისევ ევროპელების გვერდით დგომით იზეიმებს. ხომ ვიზეიმეთ მაშინ, როცა ჩვენი ბიჭების დატოვებულ ცხედრებს ბუზები ეხვეოდა და, რომ არა პატრიარქის მონდომება, მათ გამოყვანასა და დამარხვაზე არავინ ფიქრობდა…
„ფარას“ პარალელურად „ქართული ოცნება“ ფიქრობს იმ ბრიტანული კანონის გადმოწერას, რომელიც მედიის მუშაობას არეგულირებს. მთავარი, რაც ამ კანონშია, არის ის, რომ ყველა მედიასაშუალებასა თუ ჟურნალისტს ვალდებულება ექნება, ნებისმიერი ინფორმაცია დოკუმენტურად დაასაბუთოს, ანუ თუ იტყვის, რომ თეთრი შავია, ეს დოკუმენტურად უნდა დაადასტუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოუწევს. ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი, ეს მედიაზე ზეწოლააო. არადა, ეს „ზეწოლა“, აგერ უკვე ათეული წლებია, ხორციელდება ბრიტანულ მედიაზე და უკმაყოფილო არავინ არის. სამაგიეროდ, ბრიტანეთში მედიის მიმართ ნდობა უზარმაზარია, რადგან ყველამ იცის, ჟურნალისტი, თუ ტყუილს იტყვის ან დაწერს, პასუხს აგებს და გამომცემლობასა თუ ტელევიზიას უზარმაზარი ჯარიმა დაეკისრება. ჰოდა, ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კარგად იციან, რომ, თუ ეს კანონი ამოქმედდება, დასრულდება მათ მიერ დაანონსებული სკანდალები, მოუწევთ სიმართლის თქმა. ეს ის სიმართლეა, ნერვებს რომ უშლით. მერე ხომ ვეღარ დააჯერებენ ადამიანებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდი ხდება; მერე ხომ ვეღარ იტყვიან, რომ ქუჩაში, ორასი ათასი კი არა, ორი ათასი კაცი დგას; მერე ხომ ვერ დააბრალებენ ვერავის კორუფციულ გარიგებებს?! ეს ტყუილები გაგრძელდება პირველ ჯარიმამდე და, როცა ჯარიმის ოდენობას დახედავენ, მიხვდებიან, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა; რომ ვალდებულები არიან, სიმართლე თქვან. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ოპოზიციამ (ერთხმად) ბრიტანული კანონიც უკვე მონათლა რუსულად და ის კი არ თქვა, ათეული წლებია, ბრიტანეთი ამ კანონს ამუშავებსო, არამედ ეს რუსული ხელწერაა და მედიის კონტროლს ითვალისწინებსო. თუ რუსული ხელწერაა, აქამდე რატომ არ ამოიღო ხმა არც ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ? რატომ არ დაარისხეს განგაშის ზარები? იმიტომ, რომ ზუსტად იციან, ეს არის კანონი, რომელიც ემსახურება ერთადერთ რამეს – სიმართლის გაშუქებას, ტელევიზიებსა თუ ჟურნალ-გაზეთებს კი სწორედ სიმართლის გაშუქებაში უწევთ ერთმანეთთან შეჯიბრება და არა ტყუილების მოგონებაში.
აუცილებლად მოვა დრო, როცა საქართველო გამართული კანონმდებლობით სამშვიდობოს გავა და დასავლეთს მოუწევს იმის აღიარება, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ჰო, თუ გგონიათ, რომ ევროპა ახლა ჩვენ დამოუკიდებლად გვაღიარებს, ძალიან ცდებით. მისთვის ჩვენ ჯერჯერობით ვასალი ქვეყანა ვართ, რომელიც მას უნდა დაემორჩილოს, მისი დღის წესრიგით იცხოვროს და მის მიერ დაწერილი კანონები სიხარულითა და ბედნიერი სახეებით დაამტკიცოს.
„დრო მოვა და იუდას ბუდეში ნაშობი ქვეწარმავლები ერთმანეთს დაჭამენ“, – თქვა თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ. დაველოდოთ, შორს არ არის ეს დრო.
ლევან გაბაშვილი