ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სატელევიზიო არხები თავის პროპაგანდისტულ რუპორებად აქცია და, რომელიც არ დაემორჩილა, შტურმით აიღო. გემახსოვრებათ, როგორ შევარდნენ ნიღბიანები ტელეკომპანია „იმედის“ ოფისში, პირდაპირ ეთერში როგორ გათიშეს მაუწყებლობა, მერე კი ეს ტელეკომპანია ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცოლის სადაქალოს საკუთრებად იქცა. იმხანად ამ ყველაფერს დასავლეთი ხედავდა, მაგრამ მისი რეაქცია მხოლოდ აღშფოთება-შეშფოთებით შემოიფარგლა. პრინციპში, რაღა უცხოელებს გადავწვდით, აგერ, ცნობილი ჟურნალისტები, რომლებიც იმხანად „იმედზე“ მუშაობდნენ, ახლა ოპოზიციაში არიან და იმ ხალხს, რომელმაც იატაკზე გააწვინა და ხელკეტები გადაალეწა თავზე, ხოტბას ასხამენ. ხანდახან გვგონია, რომ წინა ხელისუფლებას მათზე აქვს რაღაც ისეთი კომპრომატი, რომლის გამომზეურებასაც ყველა ერიდება და ეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ წინა ხელისუფლების მიერ სამეგრელოში კასრებში გადამალული ფაილების ნაწილმა დღის სინათლე იხილა და იქ სხვებთან ერთად ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც იყო და… ამის მიუხედავად, დღეს ეს ადამიანები ნაცებს ისევ მხარს უჭერენ. ახლა კი…
„ქართული ოცნება“ განაგრძობს თავისი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში ბილბორდებზე აქვს გამოფენილი. ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე – ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდასა და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია „ქართული ოცნების“ ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც სცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფო თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს“, – ეს განცხადება „ტვ პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ ერთობლივად გაავრცელეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ოპოზიციურ არხებს არ სურთ, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ რეკლამა გაუშვან და ამისთვის მზად არიან, უზარმაზარი ჯარიმები გადაიხადონ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, გეტყვით, რომ ეს მითითება მათ დასავლეთიდან მიიღეს და სწორედ იქიდან დაჰპირდნენ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ (ჰო, შემდეგ და არა შემთხვევაში) ჯარიმებს ჩამოაწერენ, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე „ნაციონალების“ ჩექმის ქვეშ მყოფ „რუსთავი-2“-ს ჩამოაწერეს 16 მლნ ლარის დავალიანება. იმხანად მოსახლეობას არავინ ჰკითხა, სურდა თუ არა, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებიდან შესული ფულით კონკრეტული ტელევიზიისთვის ამხელა თანხა ეპატიებინა, მაგრამ მაშინ… ვისაც არ ახსოვს, შეუძლია არქივი ნახოს და მიხვდება, რომ ყველა საინფორმაციო გადაცემა იწყებოდა ერთი და იმავე ტექსტით, გრძელდებოდა ერთი და იმავე ტექსტით და ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა მხოლოდ სააკაშვილის ქება-დიდება. ტექსტები კი წერტილ-მძიმეთი იდენტური იყო და წამყვანები მათ, უბრალოდ, კითხულობდნენ.
თურმე უკრაინელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რადგან მათი ტრაგედიით ვვაჭრობთ, მაგრამ ვინმემ შეახსენა ზელენსკის, რომ, როცა ის მოქმედი მასხარა იყო, საქართველოს 2008 წლის ომზე დასცინა, იმხანად ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული მიხეილ სააკაშვილის პაროდია გააკეთა და ხმამაღლა თქვა, რომ ჩაისვარა? ამაზე ვინმემ ბოდიში მოსთხოვა? თუმცა რაღა ბოდიში, მერე ეს ჩასვრილი კაცი მრჩევლად დაინიშნა და რაღაც თანამდებობაც კი მოუფიქრა, დასავლეთისთვის ხათრი რომ არ გაეტეხა, ახლა კი თურმე ჩვენ გვაქვს მოსაბოდიშებელი, დიქტატორად აღიარებული კაცი რომ არ გადმოგვცა და მერე არაჟნების კონტეინერით საქართველოში რომ შემოაპარა გადატრიალების მოსაწყობად.
რადგან ბოდიშზე მიდგა საქმე, ხომ არ იცით, უკრაინა როდის აპირებს პოლონელებისთვის ბოდიშის მოხდას? – ოფიციალურად განაცხადა პოლონელთა თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
„ჩემს აზრს არ ვიცვლი, თუმცა ვხედავ, რომ პრეზიდენტი დუდა სხვას ფიქრობს. უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება. ჩემი თანხმობა არ იქნება და ჩემი „გლეხთა პარტია“ უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი იქნება იქამდე, სანამ, ბოდიშთან ერთად, არ მოხდება ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაცია. თავადაც ხედავთ, ანტიუკრაინული განწყობა როგორ არის გაზრდილი. ეს კიდევ გაიზრდება, თუ ვოლინის ტრაგედია არ მოგვარდება“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
1943-1944 წლებში უკრაინელმა ნაცისტებმა ვოლინის ოლქის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი ეთნიკური პოლონელი (აგრეთვე, მათთან ერთად რუსი და ებრაელი) გამოასალმეს სიცოცხლეს და ნახევარ საუკუნეზე მეტია, პოლონეთი ამ საქმის გამოძიებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს, მაგრამ ამაოდ… უკრაინელებს ევროკავშირის დროშას რომ უფრიალებენ ცხვირწინ, სწორედ ამ დროს იყენებენ პოლონელები ხმის უფლებას და საქმის გამოძიებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. ვოლინის ტრაგედიის გამოძიება უკრაინელებს იმიტომ არ აძლევთ ხელს, რომ იმ სასაკლაოს მონაწილე უკრაინელი ნაცისტების დიდი ნაწილი გმირებად შერაცხეს და… ამ ამბავს დასავლეთი ტაშს უკრავდა და იწონებდა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სამამულო ომის პერიოდში ფაშისტების მხარეს პროცენტულად ყველაზე მეტი უკრაინელი იბრძოდა და იღვწოდა.
ჰოდა, ისე ჩანს, რომ უკრაინელები მიჩვეულნი არიან ცუდი საქმეების კეთებას, მაგრამ ამისთვის ბოდიშს კი არ იხდიან, პირიქით – გაღმა გედავებიან, ცდილობენ, მსოფლიოს თავი შეაცოდონ და ყველაფერი ისე წარმოაჩინონ, თითქოს მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა. არადა, იმ ბილბორდებზე, რომლებიც თბილისის ქუჩებშია გამოფენილი, აღბეჭდილია რეალობა – ომის შედეგად დანგრეული, მიწასთან გასწორებული და განადგურებული უკრაინა. ეს რაღაც ახალია – სიმართლის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა და დასავლეთის აღშფოთება ერთგვარ ტრადიციად იქცა. დასავლეთი სიმართლის თქმას გვიკრძალავს, თანაც ისეთი ტონით, თითქოს უკრაინის დელეგაციაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი გაეროს ასამბლეაზე ჩვენ მივიღეთ და ტაშიც ჩვენ დავუკარით. თითქოს ჩვენი ბრალია, ევროპელი პენსიონერების ყვლეფაში ბრალდებული დავით კეზერაშვილი ევროპაში უდარდელად რომ ცხოვრობს და მხოლოდ იმიტომ არ აკავებენ, რომ ზემოხსენებულ ტელევიზიებს აფინანსებს და აფინანსებს იმ სიცრუეს, რომელიც ამ ტელევიზიებიდან იღვრება. ჰოდა, ახლა კეზერაშვილის დაკავება ამ ტელევიზიების დახურვას ნიშნავს, წინასაარჩევნოდ კი ეს ხელს არავის აძლევს; მით უმეტეს, მათი დახურვა არჩევნების შემდეგ, რადგან დასავლეთიც და ოპოზიციაც რეალურად ხომ არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრიდან დასაწყები საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. ჩვენი ინფორმაციით, თუ მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში კიდევ 4 წლით დარჩება, კეზერაშვილი ტელევიზიების დაფინანსებას შეწყვეტს, რადგან, ბევრი მცდელობის მიუხედავად, რეიტინგი ვერ აკრიფეს და, პრინციპში, როდის იყო, საქართველოში სიცრუე წლების განმავლობაში სარფიანად იყიდებოდა. სიცრუეს თავდაპირველად აქვს ეფექტი, მაგრამ შემდეგ ხუხულასავით ინგრევა და გაცამტვერდება.ადრეც დაგვიწერია და ახლაც გავიმეორებთ: ყველა – დასავლეთი, ოპოზიცია, არასამთავრობოები და აგერ ახლა ტელევიზიებიც ფსონად ჩამოვიდნენ ყველაფერს და უპირისპირდებიან ქართველ ხალხს; პირდაპირ ამბობენ, რომ მათი ნების წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ, რომ ისინი არ შეეგუებიან მარცხს, იმის მიუხედავად, არჩევნების შედეგები როგორი იქნება. ანუ, მათ არ სურთ ხალხის ნების გათვალისწინება, მათ, უბრალოდ, სურთ ხელისუფლების შეცვლა და იმუქრებიან კიდეც: თუ ასე არ მოხდება, შედეგების ლეგიტიმაციის პრობლემა გექნებათ, არ ვაღიარებთ და იზოლაციაში მოგაქცევთო. ეს არის გამოცხადებული ომი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დასავლეთი უკვე გვაიძულებს, თეთრზე შავი ვთქვათ, უკვე ცდილობს, არათუ მინიშნებით, არამედ პირდაპირ მოუწოდოს. აგერ, ევროპიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა უკვე თქვა: ორშაბათიდან ოპოზიციასთან შეხვედრებს ვიწყებ, რათა ახალი მთავრობის ფორმირებაზე შევთანხმდეთო, ანუ დასავლეთმა მადამ პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ არჩევნები მოგებულია და ე.წ. ოპოზიციონერებმა ერთმანეთი არ დაჭამონ და ისედაც დაკარგული სახე საბოლოოდ არ დაკარგონ, დასავლეთის გზავნილს მიიღებს, რომელი პარტიიდან ვინ რისი მინისტრი იქნება, ვინ იქნება პრემიერი და ა.შ. თურმე ბილბორდზე გამოკრული სიმართლე ყოფილა შეურაცხმყოფელი და არჩევნებამდე ახალი მთავრობის ფორმირება და თანამდებობების გადანაწილება – კარგი და მისაღები.
ლევან გაბაშვილი