ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ უწყვეტი აქციების ორგანიზატორი ხალხია და პოლიტიკურ პარტიებს ამ საპროტესტო გამოსვლებთან კავშირი არ აქვთ. აბა, როგორ უნდა დაიჯერო ეს ამბავი მაშინ, როცა 28 დეკემბერს ცოცხალ ჯაჭვში, დევნილებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის (ასეთიც აქვთ ნაცებს) თავმჯდომარე კობა ნაყოფია იდგა და ყვიროდა: დევნილი ვარ, დევნილეთან ერთად ვდგავარ და საქართველო არასოდეს გახდება რუსეთის ოლქიო. ჰო, ამას ამბობდა ნაყოფია, რომელიც ამტკიცებს, რუსეთში არაფერი გვესაქმებაო…
რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი, კაშერსკოე შოსე #55, I კორპუსი, ბინა #72 – ეს არის კობა ნაყოფიას ბინის მისამართი რუსეთში, რომელიც დეკლარაციაში აქვს შეტანილი და მერე რა, რომ ბიზნესის უდიდესი ნაწილი მას ისევ რუსეთში აქვს, რუსეთი ხომ არ ვარგა?! და მერე რა, მისი შვილი რუსეთის მოქალაქე რომ არის და ბიზნესს კურატორობს?! ეს ყველაფერი მერე რა! ახლა მთავარია, დევნილებთან ერთად იდგეს მილიონერი ნაყოფია და საქართველოს რუსეთის ოლქად გადაქცევას უშლიდეს ხელს. სინამდვილეში, ოპოზიციის ყველა ლიდერი ბრძოლის ველზეა, მაგრამ ზოგი „დევნილია“, ზოგი – „გეოდეზისტი“ და „მარკშეიდერი“, ყველამ ხელი დაიბანა პოლიტიკაზე, მაგრამ… იმ ხალხს მინდა ვკითხო: რიგგარეშე არჩევნებს რომ ითხოვთ, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება? თუ სულერთია? არადა, გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობა“ იზეიმებს და გვერწმუნეთ, ის სისხლიანი 9 წელი მოგვენატრება. ახლა კი იმის ახსნას შევეცდებით, რა ხდება რეალურად და დასკვნები თვითონ გამოიტანეთ.
„ძალადობრივი აქციები შიგადაშიგ უნდა ჩაანაცვლოს მშვიდობიანმა მანიფესტაციებმა (კარგია, თუ მანიფესტაციებისას გამოყენებული იქნება სოციალური აქციები — დასუფთავება, ცხოველთა კვება, სტუდენტებისთვის დახმარების გაწევა); აუცილებელია რელიგიური აქციები – ეკლესიებში მასობრივად მისვლა, ლოცვებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებამ თანაგრძნობა გამოხატოს. იმის დემონსტრირება უნდა მოხდეს, რომ პროცესები სახალხო, ბუნებრივი და გამჭვირვალეა. შექმენით ფონდები და სოციალური გვერდები, რომლებზეც ანგარიშებს გამოაქვეყნებთ და შიგადაშიგ გაავრცელებთ, რომ ხალხია შემომწირველი და აქციების დამფინანსებელი“, – ეს არის ამონარიდი აკერმანის ტრენინგებიდან.
ბოლოს, როცა პიტერ აკერმანი საქართველოში იმყოფებოდა, ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ აკერმანი ტრენინგებს რევოლუციის მოსაწყობად ატარებდა. მაშინ ეს, როგორც დასავლელ პარტნიორებს, ისე ოპოზიციის ლიდერებს სასაცილოდ არ ეყოთ. რეალობა კი ის არის, რაც გავრცელდა და ცხადია, რომ აკერმანი ამ ყველაფერს სწორედ „ოცნების“ დასამხობად აპირებდა და აკეთებდა. იმ ხალხმა, რომელიც ამ პროტესტის სათავეშია და ხილულად თუ უხილავად მართავს პროცესს, ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულა ერთის გარდა – ეკლესიაში მასობრივად ლოცვა არ გამოვიდა. სალოცავად ეკლესიაში არ შევიდა იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც დღეს საპროტესტოდ დგას და იცით, რატომ? აქ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, მიხაილ როთის, სიტყვებს მოვიშველიებთ: „ჩემი მთავარი მტერი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მუსლიმანური სარწმუნოებაა“. როთმა მთავარ მტრად ის ორი სარწმუნოება გამოაცხადა, რომლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ჰოდა, სწორედ ამ რწმენას ებრძვიან, პატრიარქის ავტორიტეტს ებრძვიან, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია და… სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მარშები რომ გამართეს (ხშირად ერთი და იგივე პირები იყვნენ ამ მარშების მონაწილენი), მართლმადიდებელი მღვდლები რატომ ვერ ჩამოატარეს მრევლთან ერთად? იმიტომ, რომ კარგად იციან, არ გაჰყვება სამღვდელოება, არ გაჰყვება მრევლი და ამიტომ ეკლესიებს თავადაც ერიდებიან, მით უმეტეს – იქ შესვლასა და ლოცვას… როგორ უნდა შეხვიდე და ილოცო, როცა სოდომ-გომორას ამბავი ყურმოკვრით მაინც იცი?!
ისე, აკერმანის ტრენინგებზე არაერთხელ ითქვა, რომ საპროტესტო აქციების კულმინაცია მსხვერპლი უნდა იყოს, მაგრამ მსხვერპლსაც განსაკუთრებით უნდა შერჩევა. მაგალითად, ნაციონალები მსხვერპლს არ ერიდებოდნენ, დახოცილ ადამიანებს ხან ჯიხურის სახურავებზე ყრიდნენ, ხან – სასწრაფო დახმარების მანქანებში, აქაოდა, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე მოკვდნენო, ხანაც – პირდაპირ ქუჩაში, მაგრამ იმ 9 წლის განმავლობაში ვერც ერთი საპროტესტო აქცია ვერ გადაიზარდა რევოლუციაში ისე, როგორც ეს, მაგალითად, 2003 წელს მოხდა. იმხანად ეს ჩვენთვის უცხო ხილი იყო და „ვჭამეთ“, მერე ჭკუა ვისწავლეთ და, რაც მთავარია, იმ 9 წლის განმავლობაში ქუჩაში გამოსული ხალხის მიზანი არ იყო ვინმეს სიკვდილის ფასად ხელისუფლების შეცვლა, პირიქით – სწორედ სიკვდილიანობა უნდა დასრულებულიყო. აი, ახლა ქუჩაში მდგარი ოპოზიცია წამსვლელია ყველაფერზე და, რაღა თქმა უნდა, „ორი გვამი“ მათთვის არანაირი პრობლემა არ არის… აკერმანის აზრით, მსხვერპლი აუცილებლად მდედრობითი სქესის უნდა იყოს; ძალიან კარგი იქნება, თუ ახალგაზრდა და… მეტ-ნაკლებად ცნობილი სახე თუ სახელი. რამდენი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, თავად განსაჯეთ და როგორ გგონიათ, „პოტენციურმა მსხვერპლებმა“ არ იციან, რომ შეიძლება გაიმეტონ? იციან, მაგრამ სჯერათ, რომ სხვას გაწირავენ, მას კი გაუფრთხილდებიან, რეალურად კი, გაწირავენ ყველას (რომ დასჭირდეთ) და არ დაიწყებენ კონკრეტულ მომენტში არჩევასა და განსხვავებას… დასავლეთი ჩვენივე ხელით გვიწყობს რევოლუციას და, ახლა თუ ამას მოახერხებენ, საქართველოს უახლოესი 50 წლის განმავლობაში აღარაფერი ეშველება, ხერხემალში გადატეხენ იმ საზოგადოებას, რომელსაც განსჯის უნარი შერჩა; ყველაფერს იღონებენ, ახალგაზრდებს კიდევ უფრო რომ გამოურეცხონ ტვინი და ხმის ამოღების შესაძლებლობაც აღარ გვექნეს. მეტიც, სწორედ იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც ის უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრეს, რომლებშიც აკერმანის მოძღვრებაც ისწავლება, დგას მიმდინარე პროტესტი და არ არსებობს ძალა, რომელიც მოზარდებს საპირისპიროში დაარწმუნებს. ჰო, მათ მოზარდ ტვინს მთელი 5 წლის განმავლობაში უჭედავდნენ თავში, რომ ასე უნდა იყოს, რომ მთავარი დასავლეთია და არა ქართველი ხალხი, რომ დასავლელებმა ჩვენზე მეტი იციან და, რასაც გვიბრძანებენ, უსიტყვოდ უნდა შევასრულოთ. და მერე რა, რომ სწორედ ისინი გვეუბნებიან, – არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები, ჩვენ გვსურს, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლებაო და… წერტილი! ეგ კი არა, კანონიერად არჩეულ მთავრობას უკანონოდ აცხადებენ; მათთვის სასურველ ადამიანებს ხელისუფლებას ძალით ტენიან (ისინიც სიამოვნებით იტენიან), რაც მთავარია, კატეგორიული ტონით მოითხოვენ, რომ ეს ყველაფერი ავიტანოთ, მოვითმინოთ და მათი უზენაესობა ვაღიაროთ.
სხვათა შორის, პიტერ აკერმანის გარდაცვალება საქართველოში გაცილებით რთულად გადაიტანეს, ვიდრე ამერიკაში. მეტიც, ახლა მისი სახელობის აუდიტორიებიც კი გვაქვს იმ სასწავლებლებში, რომლებშიც წარმატებით ურეცხავენ ახალგაზრდებს ტვინებს, ხოლო აკერმანის წიგნი ლამის ყველა სტუდენტის სამაგიდო წიგნად აქციეს. ბარემ ამ კაცის 11 „მომაკვდინებლად ეფექტიან“ მეთოდსაც გაგაცნობთ:
ჯგუფური და მასობრივი პეტიციები;
დემონსტრანტების პროტესტი და მხარდაჭერა;
სოციალური ინსტიტუტებიდან გამოსვლა;
მომხმარებელთა ბოიკოტი გარკვეული საქონლისა და მომსახურების მიმართ;
მიზანმიმართული არაეფექტიანი მუშაობა და შერჩევითი უარი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე;
მწარმოებლების ბოიკოტი;
უარის თქმა ჰონორარებისა და გადასახადების გადახდაზე;
გაფიცვები (გაფიცვა სამსახურების მიხედვით, სამუშაოების ეტაპობრივად შეჩერება);
სამუშაოს შეწყვეტა ეკონომიკური მიზეზის გამო (როდესაც დასაქმებულები და დამსაქმებლები ერთდროულად წყვეტენ სამუშაოს).
მჯდომარე აქცია (სამუშაო ადგილის დატოვებაზე უარის თქმა);
ადმინისტრაციული სისტემის გადატვირთვა.
აბა, რა გითხრათ? დასავლეთი პირდაპირ გვეუბნება, რომ დასაპყრობად მოდის და, სამწუხაროდ, აქ რამდენიმე ათასი ადამიანი ხბოს აღტყინებით ელოდება. კაცს ასე უნდოდეს მონობა და დამპყრობელს ტაშს უკრავდეს, აქამდე არც გვინახავს და არც გვსმენია, მაგრამ…ალბათ, ესეც უნდა გვენახა!
ლევან გაბაშვილი
P.S. ერთ-ერთი ოპოზიციური არხის მთავარ და წამყვან ჟურნალისტს „ექსკლუზიური“ ინტერვიუს დროს რესპონდენტმა უთხრა, – ლიკვიდაციით დამემუქრნენო, და მანაც „ზესკანდალური“ შეკითხვა დაუსვა: გამოუვიდათ? რესპონდენტმა უპასუხა, არაო. ვისაც არ გჯერათ, შაბათის ეთერი გადაახვიეთ.