“რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერება გამოიწვევს იმას, რომ კრემლი ვეღარ შეძლებს უკრაინაში ომისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებას. რუსეთის არმია სწრაფად დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩემი აზრით, სრულიად შესაძლებელია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაბრუნება 2017 წელს. რაც შეეხება ნატოში უკრაინის შესვლას, ვფიქრობ, უკრაინა ძალიან ახლოს არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლასთან.
ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი _ ეს არის კორუფცია”, _ განუცხადა უკრაინულ ინტერნეტგამოცემა dialog.ua–ს აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილემ, ქართველებისგან დაკომპლექტებული ბატალიონის _ “ქართული ნაციონალური ლეგიონის” მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა. სწორედ “ქართულ ნაციონალურ ლეგიონს” და უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლ ქართველებს ეძღვნება ანდრეი უვაროვის მიერ ინტერნეტგამოცემა foundsk.ru–ს გვერდზე გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, და რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უაზრობაა ქართველების მონაწილეობა ძმათამკვლელ ომში, რომელიც ორ მონათესავე ხალხს _ რუსებსა და უკრაინელებს _ მოახვია თავს ე.წ. დემოკრატიულმა დასავლეთმა თავისი ინტერესების დასაცავად. ამ ომში, რომელშიც ქართველ მეომრებს საზარბაზნე ხორცის ფუნქცია აკისრიათ, “პერემოგას” (უკრ. _ გამარჯვება) ვერავინ მოიპოვებს, დასავლეთის გარდა.
“ქართული პარტიზანული მითოსის გმირის, თიკუნით _ მამუკა, უკრაინული პიარის სამყაროში დაბრუნება და “გმირის” დაპირება, კიევისთვის დონბასის დაბრუნებისა და შოიგუს (რუსეთის თავდაცვის მინისტრი _ ნ. კ.) დატყვევების შესახებ უფლებას გვაძლევს, შიგნიდან დავათვალიეროთ უკრაინის შეიარაღებული ძალების “ჯადოსნური ორგანიზმი” _ ქართული ნაციონალური ლეგიონი, რომელსაც მეთაურობს მწვადებისა და კეტჩუპების მომზადების ოსტატი მამუკა მამულაშვილი.
2014 წელს, როცა უკრაინის გენერალური შტაბი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეძებდა საზარბაზნე ხორცს, ხოლო უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის რჩევებისა და დაპირებებისგან გამოწვეული სიამოვნებით დნებოდნენ, გადაწყვიტეს, უკრაინის არმიას მიკედლებული ქართველებისგან საბრძოლო სტრუქტურა შეექმნათ. ამ სტრუქტურის ძირითადი ნაწილს წარმოადგენდნენ ქართველები, რომლებიც კიევის ცენტრში მოწყობილ ევრომაიდანზე ხშირად ჩნდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან დონბასის წინააღმდეგ საომრად ერთეულები ჩავიდნენ _ ძლივს შეაგროვეს 70-მდე კაცი და ამ ჯგუფს “ლეგიონი” დაარქვეს. იმის გათვალისწინებით, რომ ნამდვილი (რომაელთა) ლეგიონი 2 ათას კაცზე ნაკლებს არ ითვლიდა, ლეგიონის ხელმძღვანელმა ვერ მიიღო წოდება “ლეგატი” და მამუკად დარჩა.
დღეს “ლეგიონი” 54-ე მოტომსროლელი ბრიგადის 25-ე ბატალიონის მე-3 ასეულია, თანაც უკრაინელებით შევსებული, “ლეგიონის” ძირითად შემადგენლობაა უკრაინელი ქართველები და პროფესიონალები საქართველოს არმიიდან, რომლებსაც შურისძიების წყურვილი კლავთ “080808 ომში” სამარცხვინო დამარცხების გამო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში ქართველების დიასპორამ უკრაინაში 50 ათას ადამიანს მიაღწია, უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლი ქართველების რაოდენობა სასაცილოა.
“ლეგიონის” მეთაურმა მამუკამ არაერთხელ მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს, ჩასულიყვნენ საბრძოლველად, მაგრამ საქმე ძნელად იძვრის ადგილიდან. მეთაური ირწმუნება, რომ მის მიკროლეგიონს გააძლიერებენ აშშ–ის მოქალაქეები, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ ხდება. უკრაინელი ქართველების უმრავლესობას აინტერესებს ბიზნესი და არა ყვითელ–ლურჯი ცელოფნის პაკეტით სამშობლოში გამგზავრების პერსპექტივა.
მიუხედავად ამისა, უკრაინული სააგიტაციო მანქანა ხშირად იუწყება ქართველთა დაუჯერებელ გმირობაზე სჩასტიესთან (ქალაქი ლუგანსკის ოლქში _ ნ.კ.), ხრიაშჩევატოესთან (დასახლება ლუგანსკის ოლქში _ ნ.კ.), ლუგანსკის აეროპორტთან და განსაკუთრებით _ სვეტლოდარსკის (ქალაქი დონეცკის ოლქში _ ნ.კ.) რკალზე.
ცოტა ხნის წინათ ხარკოვის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ქართული სადამსჯელო რაზმის წევრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. პათოსი მეტია, ვიდრე ფოტო. სინამდვილეში, “მწვადების ლეგიონერებისგან” ხეირი ცოტაა, რომელზეც ხშირად წერენ უკრაინელი სამხედრო ბლოგერები. ამაზე, აგრეთვე, მიუთითებს ქართველების დისკლოკაცია ფრონტის მშვიდ უბანზე.
სანამ სააკაშვილის საბრძოლო დიდების მემკვიდრეები სხვადასხვა ქვედანაყოფსა და ფრონტზე იყვნენ გაფანტულნი, მათ არაუკრაინული გვარებით მხოლოდ მრავალფეროვნება შეჰქონდათ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამგლოვიარო სიებში.
მაგალითად, კოტე ლახშია თავის დროზე ავღანეთში იბრძოდა, მერე “მემარჯვენე სექტორის” ინსტრუქტორი იყო, მაგრამ შიროკინოში (სოფელი დონეცკის ოლქის სამხრეთში _ ნ.კ.) სნაიპერის ტყვიამ გამოასალმა სიცოცხლეს.
შიროკინოშივე დაიღუპა გიორგი ჯანელიძეც _ პოლკ “აზოვში” თურქეთიდან ჩასული გამოუსწორებელი რუსოფობი. სიკვდილის შემდეგ “კიევის საპატრიარქოს” მედლითაც კი დააჯილდოვეს. მისი ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში მიტოვებული იყო ნეიტრალურ ზოლში და “მოძმეებმა” მხოლოდ მას შემდეგ გაიტანეს, როცა საქმეში ეუთოს წარმომადგენელთა ჯგუფი ჩაერია.
ქუთაისელმა ალეკო გრიგოლაშვილმა, ბატალიონ “აიდარის” წევრმა, გადაწყვიტა, “სეპარები” (სეპარატისტები _ ნ.კ.) დაეხოცა, მაგრამ სწორედ ძველ აიდართან (ლუგანსკის ოლქი _ ნ.კ.) ბრძოლაში მოკლეს.
გიორგი ბარათელი, რომელიც 93-ე მოტომსროლელი ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა, დონეცკთან მოკლეს.
რევაზ წიკლაური შეპეტოვკაში (ხმელნიცკის ოლქი _ ნ.კ.) ცხოვრობდა, მოხალისედ ჩაირიცხა 90-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა “ჟიტომირში”. მოკლეს დონეცკის ოლქში, ავდეეკასთან.
დავით გამსახურდია, როგორც ამიერკარპატებში მცხოვრები, მოხალისედ იბრძოდა 128-ე სამთო-ქვეითთა ბრიგადაში, მაგრამ სასიკვდილოდ დაჭრეს შახტ “ბუტოვკასთან”.
თამაზ სუხიაშვილი, გორის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ლეიტენანტი, სამხედრო ოპერაციების მონაწილე ავღანეთში, ერაყსა და სამხრეთ ოსეთში, დონეცკის აეროპორტთან დაიღუპა.
ცხედრებს, როგორც წესი, უკრაინის ბიუჯეტის ხარჯზე გზავნიან საქართველოში.
სხვათა შორის, საქართველოში ქართველი დაქირავებულების მონაწილეობას დონბასის კონფლიქტში არაერთმნიშვნელოვნად აფასებენ _ ქართველები ხომ დონბასელი მოლაშქრეების მხარესაც იბრძვიან, ქართველთა ყველაზე დიდი ანკლავი სწორედ დონბასში იყო.
2015 წელს საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეტენზია გამოთქვა საქართველოდან გაქცეული სააკაშვილის მიმართ, რომელიც ქართველებს რუსების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დისტანცირებს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისგან და არ ეხმარება უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით.
ამასთანავე, თბილისში მოქმედებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია (მაგალითად, კობა ხაბაზის “თავისუფალი ზონა”, ირაკლი ლექვინაძის ჯგუფი), რომლებიც ჰუმანურ დახმარებას უწევენ სადამსჯელო რაზმის წევრებს.
ამას გარდა, რამდენიმე ქართველი სამხედრო ომში მონაწილეობს, როგორც ინსტრუქტორი. ამ როლში ქართველები მაღალი კასტის წარმომადგენლებივით იქცევიან _ მათ ხომ ნატოელები ასწავლიდნენ! VIP ინსტრუქტორებიდან კი უკრაინელებს წვრთნიდა, მაგალითად, გენშტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე. სხვათა შორის, სწორედ მისმა მე-4 ქვეითმა ბრიგადამ განიცადა ყველაზე დიდი დანაკარგი, როცა ცხინვალის აღებას შეეცადა 2008 წლის აგვისტოში. რა უნდა ასწავლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს კალანდაძემ, ბრძოლის ველიდან სწრაფად გაქცევის გარდა? სამშობლოში კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული კორუფციაში მონაწილეობის გამო.
ცოტა ხნის წინათ ქართული “ლეგიონი” დისლოცირებული იყო ტროიცკოეში, პოპასნაიასა და “ბახმუტკის” ტრასასთან ახლოს. იქიდან მამუკა ხელმძღვანელობას მოახსენებდა, რომ გამუდმებით იპყრობდა “ნაცრისფერი ზონის” ახალ-ახალ უბნებს, ანუ ამართლებდა ამ კარიკატურული ლეგიონის ნამდვილ დანიშნულებას _ საინფორმაციო ბუტაფორიას “რუსული აგრესიის საერთაშორისო წინააღმდეგობაზე”.
ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ გადაწყვიტეს, ქართველები გამოიყენონ პირდაპირი დანიშნულებით _ საზარბაზნე ხორცად. ივნისში “მამუკას ჯარი” გადაიყვანეს ბაშკიროვკის (ჩუგუევსკის რაიონი, ხარკოვის ოლქი) პოლიგონზე. იქ ბრძანებებს გასცემდა მამუკას მოადგილე ჯაბა ლელაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ქართული სპეცდანიშნულების რაზმის _ “დელტას” ყოფილი მეთაურია (რაც, დიდი ალბათობით, მართალი არ არის). ის აფხაზეთის გამო რუსებზე შურისძიებისთვის ჩავიდა უკრაინაში. სწავლება მიმდინარეობდა პოლონელი და კანადელი ინსტრუქტორების მონაწილეობით. სწავლების შედეგების მიხედვით, 25-ე ბატალიონ “კიევსკაია რუსის” მეთაურის მოადგილე სერგეი ფედოსენკომ, რომელსაც ემორჩილებიან ქართველი მებრძოლები, განაცხადა, რომ უკრაინის გენშტაბს აქვს იდეა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დაქირავებულებისგან 150-კაციანი “უცხოური ლეგიონი” ჩამოაყალიბოს “ქართული ლეგიონის” ბაზაზე.
სანამ “ლეგიონერები” ზურგში ირუჯებიან, მათი მამუკა მეომრულ ინტერვიუებს იძლევა და უკრაინელებს უყვება, რომ “დონბასში მებრძოლი რუსი სამხედროების ტაქტიკური მომზადების დონე უკიდურესად დაბალია”. შამფურისა და ხინკლის ოსტატი როგორც ამტკიცებს, რუსეთის არმიის ტაქტიკა “პრაქტიკულად არ შეცვლილა ბოლო საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ცვლილებას. მათი ჩანაფიქრის ამოცნობა საკმაოდ ადვილია და ეს მათ იციან, ამიტომ პირდაპირ კონფრონტაციას ყოველთვის თავს არიდებენ. როცა ჩვენ შევდივართ, როცა ჩვენი დივერსიული ჯგუფი მუშაობს ზურგში, აი, მაშინ ხდება ხოლმე პირდაპირი კონფრონტაცია. ისიც ძალიან დუნე. იმიტომ, რომ ამ ადამიანების მომზადების დონე ძალიან “დაბალია”.
აი ასეთები არიან ისინი _ პოროშენკოს მებრძოლი ქართველები”.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა