Home რუბრიკები სპორტი დარჩება თუ არა ოლიმპიური თამაშები სპორტის მსოფლიო დღესასწაულად?

დარჩება თუ არა ოლიმპიური თამაშები სპორტის მსოფლიო დღესასწაულად?

ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო და გადაიდო, მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყება

100
დარჩება თუ არა ოლიმპიური თამაშები სპორტის მსოფლიო დღესასწაულად?

იაპონიის პრემიერმინისტრ იოშიჰიდუ სეგას განცხადებას, რომ ტოკიოში ოლიმპიადა, “რაც უნდა მოხდეს, მაინც ჩატარდება”, კორონავირუსით გამოწვეული საგანგაშო ვითარება ეჭვქვეშ აყენებს.

როგორც იაპონური გაზეთი The Japan Times-ი იუწყებოდა, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის კლება არ შეინიშნება და ამიტომ მოიმატა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ალბათობამ. მთავრობა იმედოვნებდა, რომ კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ზომებს შეამსუბუქებდა, მაგრამ ვითარება ოპტიმისტური არ არის _ იაპონიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყანაში მკვეთრად მოიმატა მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ და გარდაცვალების შემთხვევებმა.

თუ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი არ შემცირდება, რისთვისაც, სპეციალისტების აზრით, ჯერჯერობით საფუძველი არ არსებობს, საეჭვო იქნება ოლიმპიური თამაშების ივლისაგვისტოში ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ, იაპონიის მთავრობისა და ტოკიოს ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ოლიმპიადის გაუქმებას ან მის გადადებას სამომავლოდ. საინფორმაციო სააგენტო KYODO NEWSის მიერ ოლიმპიადის ჩატარებამდე 100 დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 39,2% მხარს უჭერს ოლიმპიადის გაუქმებას, 32,8% _ გადადებას და მხოლოდ 24% პროცენტია თანახმა, რომ ტოკიოს ოლიმპიადა დადგენილ ვადაში ჩატარდეს. ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო და გადაიდო, მიმდინარე წლის 23 ივლისს უნდა დაიწყოს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 10 ათასზე მეტმა სპორტსმენმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ იაპონიის დედაქალაქში გასამართი თამაშები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება წინა ოლიმპიური თამაშებისგან.

მთავარი განსხვავება არის ის, რომ ოლიმპიურ სტადიონებზე არ იქნებიან გულშემატკივრები და ტურისტები. “გადაწყვეტილება, უწინარესად, განპირობებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფით პანდემიის პირობებში”, _ განაცხადა ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა ტაბაიო მარუკავამ. თამაშების ორგანიზატორებმა, აგრეთვე, განაცხადეს, რომ უცხოელ გულშემატკივრებს აუნაზღაურებენ ბილეთებზე დახარჯულ თანხებს. სულ კი გაყიდულია ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები 4,4 მლნ ბილეთი და პარალიმპიურ თამაშებზე დასასწრები _ 970 მლნ., მათგან 1 მლნ-ზე მეტი უცხოელებმა შეიძინეს.

დარჩება თუ არა ოლიმპიური თამაშები სპორტის მსოფლიო დღესასწაულად?

მიღებულია გადაწყვეტილება, უარი თქვან უცხოელი მოხალისეების დახმარებაზე, რადგან იაპონელები შიშობენ, რომ დიდია კორონავირუსის ახალი შტამის ქვეყანაში შეტანის რისკი. ადრე ვარაუდობდნენ 80 ათასი მოხალისის ჩართვას მომსახურე პერსონალში, მათგან 10% უცხოელი უნდა ყოფილიყო. ამჟამად კი იაპონიაში აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იაპონიის მოქალაქეებსა და უცხოელებს, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივვადიანი ვიზები.

იაპონიის მთავრობის აზრით, მაქსიმალური რაოდენობა უცხოელებისა, რომლებიც მიიღებენ ქვეყანაში შესვლის უფლებას ოლიმპიადის ჩატარების დღეებში, 90 ათას კაცს არ უნდა აჭარბებდეს, ამ რაოდენობაში შედის 10 ათასზე მეტი სპორტსმენი, დანარჩენები იქნებიან მსაჯები, მწვრთნელები, სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან თამაშის ორგანიზებასთან ან ეროვნულ ნაკრებებთან.

იაპონიის ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა სხვა სახელმწიფოების ლიდერებს, თანმხლები პირების რაოდენობა 11 კაცამდე შეზღუდონ.

ოლიმპიური სოფელი ტოკიოში
ოლიმპიური სოფელი ტოკიოში

იაპონიას მომზადებული აქვს 300-ადგილიანი სასტუმრო იმ სპორტსმენებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ. მზად არის 30 სპეცავტომობილი კოვიდ-19-ით ინფიცირებული ადამიანების საავადმყოფოებში გადასაყვანად.

ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებს, ჯანმოს რეკომენდაციის თანახმად, ყოველ მეოთხე დღეს ჩაუტარდებათ ტესტი კორონავირუსზე, ამასთანავე, საორგანიზაციო კომიტეტი ტესტირების სიხშირის მომატებას არ გამორიცხავს. სპორტსმენებს უფლება აქვთ, მხოლოდ შუქნიშნებისა და სხვა განსაზღვრულ ადგილებზე გადაადგილების. მათ არ შეუძლიათ სპეციალური ნებართვის გარეშე იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ჯონ კოუსტმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც თვალყურს ადევნებს ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისს, აღნიშნა, რომ “ზაფხულის თამაშები აუცილებლად ჩატარდება: “უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ ოლიმპიადა გაიმართება და თამაშები ყველაზე უსაფრთხო იქნება. ყველა კონტრზომა გატარდა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სპორტსმენების, მწვრთვნელების, მსაჯების, ოლიმპადის ორგანიზებაში ჩართული პირებისა და საზოგადოების უსაფრთხოება”.

ოლიმპიადის გახსნამდე 100 დღის უკუათვლის დაწყება ტოკიოში დიდი ზეიმით არ აღუნიშნავთ _ მთავრობის შენობაზე ოლიმპიადის ორი თილისმისგამოსახულებიანი პანო მოკრძალებულ ცერემონიაზე გახსნეს.

ოლიმპიადის ჩატარებისადმი იაპონელთა უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულების გამო თამაშების ორგანიზატორები ძალ-ღონეს არ იშურებენ და ოლიმპიადის ჩატარების აგიტაციას აქტიურად ეწევიან. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ქვეყანაში უცხოელი მაყურებლების შემოშვების აკრძალვის გამო ქვეყანა 150 მლრდ იენს, დაახლოებით 1,37 მლრდ დოლარს დაკარგავს. თუმცა ამერიკულ კომპანია NBC universal-ს 9 მილიონ დოლარად შეძენილი აქვს თამაშების ტრანსლაციის უფლება. ტოკიოში თამაშები ჩატარდება სპორტის 33 სახეობაში და გაიმართება 339 ღონისძიება.

“ჯანდაცვის სფეროში გლობალური კრიზისის” პირობებში ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად დადებითი მოვლენაა მსოფლიო მოსახეობისთვის, ოღონდ საკითხავია _ ყველა შეზღუდვისა და აკრძალვის შიშის პირობებში დარჩება კი ოლიმპიური თამაშები მსოფლიოში უდიდესი სპორტულ დღესასწაულად?

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here