Home რუბრიკები ისტორია დარტყმა რწმენაზე, მართლმადიდებლობაზე _ აი რა არის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე

დარტყმა რწმენაზე, მართლმადიდებლობაზე _ აი რა არის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე

1986
ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევებში. მდებარეობს ქობულეთიდან 45 კმ-ის მოშორებით.დაინგრა XVlll საუკუნეში, ოსმალების შემოსევის შედეგად

ქრისტიანობის შესანარჩუნებლად თავგანწირული ბრძოლა ქართველ ერს გამუდმებით უწევდა, რასაც, უპირველესად, ძლიერი მუსლიმანური სახელმწიფოების გარემოცვაში ყოფნა განაპირობებდა. მათთან ბრძოლას არაერთხელ დავუყენებივართ ყოფნაარყოფნის ზღვარზე, მაგრამ ღვთის შეწევნითა და უფლის მადლით განსაცდელი დაძლეულა. მამული, ენა, სარწმუნოება შეგვინარჩუნებია. ეს სამი საუნჯე, რომელიც მამაპაპათაგან მემკვიდრეობით გვერგო, XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულთა მთელმა პლეადამ თავიანთ უმთავრეს საზრუნავად გამოაცხადეს.

ქრისტიანობისთვის ბრძოლის ისტორიიდან აჭარაში ოსმალთა ბატონობის პერიოდში

ქართული ქრისტიანობის გაქრობა, ქართული წყობილების მოშლა და მის ნაცვლად მაჰმადიანობისა და თურქობის დანერგვა, ქვეყნის დაცლა ყოველივე დოვლათისაგან და მისი გადაქცევა ტყვის მსყიდველთა ველურ ბუნაგად, _ ასეთი იყო ოსმალეთისსახელმწიფოებრივი შემოქმედების მიზნები მის მიერ დაპყრობილ ქართულ ქვეყნებში” (აკად. ნიკო ბერძენიშვილი).

ოსმალებმა აჭარაში “მე-17 საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო გამაჰმადიანების პროცესი და მთელს მე-18 და მე-19 საუკუნის დამდეგამდე გაგრძელდა”, _ მიუთითებს აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი.

ოსმალეთის პოლიტიკა იქითკენ იყო მიმართული, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში აღმოეფხვრათ ქართული ზნეჩვეულებანი, რელიგია და სხვა; დაევიწყებინათ მშობლიური ქართული ენა და ყოველივე ქართული. აჭარაში დღემდეა შემონახული უძველესი მატერიალური კულტურის ძეგლები: საცხოვრებელი, თავდაცვითი და საკულტო (ეკლესიები) ნაგებობები და მათი ნანგრევები, რომლებიც თავიანთი მაღალი ხელოვნებით ახლაც აკვირვებენ მნახველებს. და, რაღა თქმა უნდა, აჭარის მოსახლეობა ადვილად არ დათმობდა იმ კულტურას, რომელთანაც იგი საუკუნეებით იყო შეზრდილი. იგი არ თმობდა თავის ზნე-ჩვეულებებსა და ქრისტიანულ სარწმუნოებას, ხანგრძლივ და დიდ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. თურქი დამპყრობლები მაჰმადიანური რელიგიის გავრცელებისთვის, ქვეყნის ეკონომიკის მოშლისა და ფიზიკური მოსპობისთვის ცეცხლსა და მახვილს მიმართავდნენ.

ოსმალები ზეგავლენას ახდენდნენ აჭარის ქრისტიანულ მოსახლეობაზე _ გადასახადს უწერდნენ ყოველგვარ უძრავ ქონებასა და შემოსავალზე. ამ მიზნით ოსმალებმა სპციალური გადასახადი _ ისფენჯი დააწესეს. ისფენჯი იყო ქრისტიან მოსახლეობაზე გაწერილი გადასახადი, რომლის გადახდა ევალებოდა ზემო და ქვემო აჭარის მკვიდრთ. გადასახდს იხდიდნენ წელიწადში ერთხელ, ბუნებრივია, ამით ისინი დროებით ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას.

ქრისტიანი მოსახლეობა მოკლებული იყო ყოველგვარ უფლებებს, მაჰმადიანური რელიგიის მიღებით კი დიდ პრივილეგიებსა და ჯილდოს მიიღებდა. ქრისტიანს სიკვდილით დასჯა ელოდა უბრალო დანაშაულისათვის და მხოლოდ მაშინ ეპატიებოდა სასჯელი, თუ იგი გამუსლიმანდებოდა.

ქრისტიანობის მოსპობასა და ქართველი ხალხის ძალად გამუსლიმანების დამადასტურებელი მასალები უამრავია. მაგალითად, ახალციხის მუზეუმის ხელწერათა ფონდში დაცულია მესხის (გვარამიძის) წერილი, რომელშიც ნათქვამია: რომელ ხორციელ ენას შეუძლია, რომ წარმოთქვას თვითეულნი იმ დროინდელი ქრისტიან მამათა და დედათა დასჯატანჯვანივის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზედ გაკრულს ბაწრებით გუდათ იღებდნენ, ვის ნაკუწნაკუწად სჭრიდნენ, ხმლითა და ხანჯლით გულმუცელს უპობდნენ, ვის შამფურებზედ გაცმულს ცოცხალებრივ ცეცხლზედ მწვადივით სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულს საჯდომზედ აგდებდნენრკინის საწვავებით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყავს ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ(ხარიტონ ახვლედიანი, სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში, 1956 წ., გვ. 38-39).

ქრისტიანობას არ თმობდნენ აჭარელნი

ისტორიკოსი ხ. ახვლედიანი, სათანადო გამოკვლევებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, სამართლიანად აღნიშნავს: აჭარის არც ერთი კუთხე არ გამუსლიმანებულა თავისი ნებით. ამას ადასტურებენ ისტორიული საბუთები და იმ დროის მომსწრენი”.

სხალთის ეკლესია
სხალთის ეკლესია

მეტად საინტერესოა სოფ. ორცვის მცხოვრების აბდულ მიქელაძის ნაამბობი აჭარელთა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის და ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნების თაობაზე. იგი აღნიშნავს “აჭარელნი… ოსმალოს ასი წელიწადი ებრძოდნენ ქვეყნის დაჭერის დროს, მერე სჯულის გამოცვლის გამო ჰქონდათ ჩხუბი, ხოცვა, ჟლეტა, წყვეტა და სისხლის ღვრა. ყოფილა ისეთი დრო, რომ ესენი ოსმალოს სისხლს დალევდნენ ომის დროს, ნამეტურ მაჭახლელნი. ამათ მოაბეზრეს ოსმალნი; იგინი ვერას აწყობდნენ. ამ საუკუნეში აჭარლებმა კინაღამ გარეკეს აქედან, ომი ატეხეს და ოსმალოს ბევრი ჯარისკაციც მოუკლეს. ოსმალმა დიდის ტანჯვითა და შრომით გაამაჰმადიანა აჭარელნი, მაგრამ სრულიად მაინც ვერ მოიმხრო თვისკენ, ამათში ქართული ენა ვერ მოისპო, მცირედაც ვერაფერი ავნო” (ზ. ჭიჭინაძე, ქართველების გამაჰმადიანება, ანუ ქართველთ გათათრება, თბ., 1915 წ., გვ. 36). ზაქარია ჭიჭინაძე გადმოგვცემს ერთ-ერთი შავშეთელის ნაამბობს, შავშეთელების ოსმალოებისადმი შიშის და მათი მოკლე პერიოდში გამაჰმადიანების გამო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შავშეთიდან ბევრი მათგანი აჭარაში გაქცეულა, რადგანაც გამაჰმადიანება არ სდომებიათ, აჭარაში კი ქრისტიანობას მედგრად იცავდნენ. აჭარაში ყველაზე დიდხანს სხალთის ხეობის (ხულოს რაიონი) მოსახლეობას შემოუნახავს ქრისტეს რჯული. ზაქარია ჭიჭინაძეს ჩაუწერია სხალთას უსუფ ბოლქვაძის ნაამბობი, რომელიც გადმოგვცემს:

“ამ ხეობაზედ ქართველებს დიდი ხანი შეუნახავთ თავი, მაგრამ ბოლოს მაინც ბრძოლა მობეზრებიათ და გამაჰმადიანებულან. რამდენიმე სოფელს კი საიდუმლოდ დიდხანს გაუმაგრებია თავი”. მისივე გადმოცემით, “გაუმაჰმადიანებელი დარჩა სოფ. ყინჩაური, რომელიც სხალთის ხეობაზედ მდებარეობს. ყინჩაურელებმა დიდხანს იმაგრეს თავი, ამისი მიზეზი იყო სოფ. ყინჩაურის მღვდელი, რომელიც მეტად მწიგნობარი ყოფილა, მქადაგებელი და ქრისტიანობის მოყვარე. ეს მღვდელი ამაგრებდა თავის ხალხს. ეს მღვდელი წინამძღვრობდა მათ.

ოსმალოს უქუმათს ეუბნებოდა:

_ ჩვენ დაგვაყენეთ ჩვენს რჯულზედ და ჩვენ არაფერს დაგიშავებთ, თქვენი ერთგულნი ქვეშევრდომნი ვიქნებით.

სამართალი ამის ნებას აძლევდა, რადგან ის მღვდელი მეტად მოხერხებული კაცი ყოფილა, მასთან, კერპი და თათრების მოძულე”.

საყურადღებოა მშობლიური საქართველოს დიდი მოტრფიალის, ქედის ხოჯის _ ახმედ ხალიფაშვილის ნაამბობი, რომელიც ქრისტიანობის გადარჩენისათვის აჭარელთა თავგანწირვასა და სისხლის დაღვრას ეხება. იგი გადმოგვცემს: ძველად ხოჯა ხერხეულიძე ასე იტყოდა, რომ ნებით არც ერთი მხარეა გამაჰმადიანებული; სადაც კი გამაჰმადიანებულან, ყველგან ძალით მომხდარა. ზეგნელების აჭარლები არანაკლებ უტანჯიათ. ნახევარი ზეგანი ფოცხოვისა და ქვაბლიანისკენ გაწყდა ბრძოლაში, რადგანაც არ თათრდებოდნენო, დანდალომ ზეგანს მიჰბაძა და ამიტომ გაწყდნენ ესენიც ბრძოლაშიო. დანდალოს აჭარამ მიჰბაძა და აჭარაშიაც დიდი სისხლი დაიღვარა. ხოჯა ხერხეულიძეს კარგად ახსოვდა ის დრო, როცა აჭარაში ხალხი ქრისტიანობდაო”.

მამა-პაპათა ქრისტიანული რჯულის გადასარჩენად ყველაზე დიდი ბრძოლა სოფელ დანდალოს მცხოვრებთ (ქედის რაიონი) გაუმართავთ, რომელშიც აქტიურობით დედაკაცები გამოირჩეოდნენ; საამისოდ მეტად მნიშვნელოვანია თვით სოფელ დანდალოს მცხოვრების _ ვინმე ავალიანის ნაამბობი: აჭარაში გათათრების გამო დიდი ბრძოლა დანდალოს ხალხმაც გამოიარა. …მთელი დანდალო მკაცრად დადგა ოსმალოს წინააღმდეგ სჯულის გამოცვლის გამო, თვით დედაკაცებმაც კი აიღეს ხმალხანჯალი ხელში და გამოვიდნენ საბრძოლველად ამათ გარდასწყვიტეს, რომ ან მამაპაპის რჯულზე უნდა დავრჩეთ და ან უნდა გავწყდეთო, ჩვენი გათათრება (გამაჰმადიანება. _ . .) არ შეიძლებაო. ამათ დაიწყეს ბრძოლა, საკვირველი საქმე დაჰმართეს ოსმალთ, ოსმალნი ათასობით დახოცეს, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალნი მოერივნენ. დანდალოს ერი დამარცხდა და ამ დამარცხებით მთლად გაწყდა ხალხი, გაწყდა ისე, რომ არსად ერთი კაციც არ დარჩენილა, ქალი, ბავშვი და სხვანი მთლად დახოცეს, გაწყვიტეს, რადგან ამათ დიდი ზარალი მისცეს ოსმალთ, დიდძალი ხალხი დაუხოცეს, ამის გამო მოსპეს ოსმალთ ესენი და, ვინც დარჩა, ისინიც ოსმალში გარეკეს. მთელი დანდალო ცარიელი დარჩა” (.ჭიჭინაძე, ქართველების გამაჰმადიანება, გვ. 86). სარწმუნოებისთვის თავდადებულ ქალთა რაოდენობა გაცილებით დიდი იყო დაბალი სოციალური წრიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ისტორიას მათი სახელები არ შემოუნახავს. ქრისტიანობის დაკარგვის შიშით, სოფელ მარადიდში ერთ ღამეს ტყეში, ეკლესიის გვერდით, ექვს დედაკაცს ხანჯლით მოუკლავს თავი, ორს _ თოკით ჩამოუხრჩვია, სამს _ თავი მოუწამლავს (პროფ. შ. ფუტკარაძე).

სოფელ მერისის მცხოვრებლებმაც ოსმალებს, რომლებმაც ისინი მდინარე ჭოროხთან მიიყვანეს გასამაჰმადიანებლად, უარი უთხრეს ქრისტეს რჯულის დათმობაზე. მაშინ ოსმალთ უბრძანებიათ, ადიდებულ მდინარეში შესულიყვნენ და, ვინც გადარჩებოდა, აღარ გაამაჰმადიანებდნენ. მართლაც იქ მყოფმა მერისლებმა ადიდებულ ჭოროხს მისცეს თავი, ჭოროხი ამ დროს დიდი ყოფილა და ეს საბრალოები შიგ დამხრჩვალან და ერთიც არ გასულა გაღმა.

აჭარის მოსახლეობის მიერ ქრისტიანობის შენარჩუნების თაობაზე საყურადღებო ცნობებია გადმოცემული ჩაქვისთაველ (ქობულეთის რაიონი) ჯიჯავაძის ნაამბობში. იგი ამბობს: “აჭარაში გათათრების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთ მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტიანობაზე მაგრა იდგნენ.

…მალე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და საფრიხანაში დაუმწყდევიათ, საპატიმროში ხოჯები მიუგზავნიათ და ხოჯებს ლოცვები დაუწყიათ. ზოგიერთი მოხუცებულნი მიუზიდნიათ და ზოგნი კი ვერა. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა. აქ დადეს თავსაკვეთი და უთხრეს მათ:

_ მოხუც ბერო კაცნო, რაზედ იფუჭებთ თავს, მოდით გონს, იწამეთ წმინდა მუჰამედი და ისლამი. …მოხუცებულებმა იწამეს მაჰმადიანობა, მაგრამ ბარე სამისათვის, რომლებმაც არ იწამეს მაჰმადიანობა, მოუჭრიათ თავიო. ეს ამბები მომხდარა ამ ორასი წლის წინად. ერთ დღეს კი ქედაში 50 კაცი და დედაკაცი დაუსჯიათ ქრისტიანობის გამო” (ზ. ჭიჭინაძე, ქართველების გამაჰმადიანება, გვ. 74, 85).

1726 წელს აჭარაში ქრისტეს რწმენის აღიარებისთვის ოსმალოებს უწამებიათ ქართველი ქრისტიანები. ბევრი მათგანი დაუსჯიათ სიკვდილით. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის _ ილია მეორეს 1985 წლის 24 ივნისის ბრძანებაში ვკითხულობთ: “1726 წელს თურქეთის მიერ წამებული ქართველნი აღიარებულ იქნენ წმინდანად. მათი ხსენება ზეიმით აღინიშნოს საქართველოს ეკლესიის მიერ ყოველ წელიწადს, ივნისის თვის პირველ კვირას (ახალი სტილით)”.

ოსმალეთის მიერ აჭარის დაპყრობის შემდეგ აჭარლებმა საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნეს ქრისტიანობა. მე-18 საუკუნის ნახევრამდე აჭარაში ქრისტიანობა ბატონობდა, თუმცა საბოლოოდ იგი მაინც მაჰმადიანურმა სარწმუნოებამ შეცვალა. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ლექტორი, ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე თახსიმ ხიმშიაშვილი წერდა: “თურქები აქ (აჭარაში. _ ა. დ.) ქრისტიანობის ნაცვლად მუსლიმანობას ნერგავდნენ და ცივილიზაციის ნაცვლად მეჩეთის კულტურა დაამკვიდრეს, რითაც იქაური ქართველები სარწმუნოებით გათიშეს თანამემამულეებისაგან, დააშორეს ისინი ერთმანეთს”.

ოსმალებმა მათ მიერ დაპყრობილ აჭარაში სასტიკი და გაუსაძლისი რეჟიმი დაამყარეს. მათ სასულიერო ხელისუფლებასთან სპეციალური სექტა შექმნეს, რომლის მთავარი მიზანი იყო, ქართველი მაჰმადიანებისთვის შეეძულებინათ სიტყვები _ ქართველი და საქართველო, ქრისტიანი ქართველები. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ამ ავაზაკური მიზნის მისაღწევად.

ქრისტიანული სარწმუნოების მალულად აღვლენა და შემონახვა

მე-18 საუკუნის შუახანებიდან მე-19 საუკუნის დამდეგამდე ძირითადად დასრულდა აჭარაში მაჰმადიანური სარწმუნოების გავრცელება, რომელიც ოსმალმა დამპყრობლებმა აქაურ მცხოვრებლებს იძულებით მიაღებინეს. როგორც ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელმაც 1672 წელს იმოგზაურა ჭოროხ-აჭარისწყლის ხეობით თბილისისკენ, წერდა: “აჭარაში ეკლესიები და ციხეები ბევრი იყო, მაგრამ ოსმალებმა დაანგრიესო”.

ოსმალები ჩვენი ხალხის გამაჰმადიანების შემდეგ ქართული კულტურის კვალსაც არ ტოვებდნენ _ სპობდნენ მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებს, წვავდნენ წიგნებს; იმისთვის, რომ აჭარელთა შეგნებიდან აღმოეფხვრათ ქრისტიანობის ნაშთები, ოსმალებმა მათი დოკუმენტური წყაროები და ისტორიული ძეგლებიც გაანადგურეს.

აღნიშნულის მიუხედავად, მაჰმადიანობის დროსაც, როგორც ნური ბერიძის ნაამბობიდან ვგებულობთ, აჭარლებითურმე არ ტოვებდნენ ქრისტიანულ წესებს და ყოველს საქრისტიანო დღესასწაულებსაც იხდიდნენ. მაგალითად, აღდგომას ღებავდნენ წითელ კვერცხებს და წაიღებდნენ ხოლმე სხალთის ეკლესიაზედ და შესწირავდნენ, ხულოს ეკლესიის ნანგრევებთან, აგარის და სხვა მხრის ეკლესიებთან. ეს ჩვეულება ხულოს ხეობაში დღევანდელამდე არის დაშთენილი და აქ დედაკაცები დღესაც ღებავენ კვერცხებს და აღდგომა დღეს ზოგიერთი ეკლესიის ნანგრევებთან მიიტანენ” (იხ. .ჭიჭინაძის ქართველების გამაჰმადიანება, 1915 . გვ. 81). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ . ჭიჭინაძე აჭარაში მოგზაურობდა 1891 წლიდან, ხოლო მისი წიგნიქართველთა გამაჰმადიანებაგამოცემულია 1915 წლისთვის, ნური ბერიძის ნაამბობი მეტად მნიშვნელოვან ფაქტებს გვამცნობს აჭარელთა მიერ ქრისტიანობის შემონახვააღვლენის თაობაზე.

საყურადღებოა სოფ. აჭყვისთაველი 110 წლის ქამჟარაძის ნაამბობი, რომელიც აღნიშნავს, რომ “ოსმალების აქ დაბინავების შემდეგ ჩვენებურები აქ არ დგებოდნენ, ნახევარი ჩაქვა და ქობულეთი გურიაში გადასახლდა, სახლ-კარს ოხრად ტოვებდნენ და მიდიოდნენ გურიელებისაკენ, რადგანაც გამაჰმადიანების ეშინოდათ”. ამასთან, ქამჟარაძე დასძენს: “თუმცა გავმაჰმადიანდით, მაგრამ ეკლესიებს და ხატებს პატივს ვცემდით, ბევრი ჩვენებური ეკლესიებშიც დაიარებოდა სალოცავად და ჯამეებშიც”.

როგორც ცნობილია, ოსმალობის პერიოდში, 1873 წელს, აჭარაში იმოგზაურა ცნობილმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელმაც ქედაში ღამე გაათია დიასამიძის ოჯახში. დიასამიძეს მისთვის უთქვამს:

ჩვენ ვლოცულობდით ეკლესიის ნანგრევებში ძველი ჩვეულებრისამებრ, ვიცოდით, რომ ჩვენი მამაპაპანი ერთ დროს ქრისტიანები იყვნენ და რომ ჩვენ თვითონ მოდგმით გურჯები ვართძველი ქრისტიანული ჩვეულებიდან ზოგი რამ დღემდე შემორჩენილია, მაგალითად, კვერცხის შეღებვა სააღდგომოდ (დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, 1987 წ. გვ. 49).

გიორგი ყაზბეგი, რომელმაც გრიგოლ გურიელთან ერთად ზემო აჭარაში იმოგზაურა 1874 წელს, ზემო აჭარის წარსული ცხოვრების საუკეთესო ძეგლად მიიჩნევს სხალთის ეკლესიას, რომელსაც აქაური მცხოვრებლები დიდი პატივისცემით ეპყრობიან და მის სასწაულმოქმედებაზე ბევრს გვიამბობენო.

 აკად. ექვთიმე თაყაიშვილი წერს, რომ ზოგ ადგილას გამუსლიმანებული ქართველები ასრულებენ ზოგიერთ ქრისტიანულ წეს-ჩვეულებას. მაგ. ყურბან ბაირამობის (მუსლიმანთა აღდგომა) დროს ღებავენ კვერცხებს და მიაქვთ ეკლესიის ნანგრევებშიო.

პეტრე უმიკაშვილი 1877 წლის 9 ივნისის გაზეთ “ივერიაში” წერდა: “აჭარლებს კარგად ახსოვთ, რომ ჩვენი ძმანი არიან, მხოლოდ სარწმუნოებით განვსხვავდებით. ძველი შენობების, ციხეების და ეკლესიების პატივისცემა აქვთ და იციან, რომ საქართველოს მეფეების აშენებულია. ზოგიერთს საყდრის პატივისცემა ისეთი აქვთ, რომ ხელის ხლება დიდ ცოდვად მიაჩნიათ და სასწაულებსაც ლაპარაკობენ. ორს ხოჯას სხალთის ეკლესია უნდოდათ მეჩეთად გადაექციათ, საყდარმა ორივ ჭკუაზე შეშალა და ტყეში მხეცებივით ატარაო”. ამდაგვარი ცნობები აქვს ზ. ჭიჭინაძეს თავის წიგნში “მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში”.

მეტად საყურადღებო ცნობას გვაწვდის რუსი ისტორიკოს-იურისტი ალექსანდრე ფრენკელი, რომელიც 1879 წელს რუსულ ენაზე გამოცემულ წიგნში “ნარკვევები ჩურუქ-სუ-ზე და ბათუმზე” წერს: “ქობულეთელებმა მითხრეს, რომ ქობულეთის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებმა, რომლებიც გურიას ესაზღვრებიან, 25-30 წლის წინ მიიღეს საბოლოოდ მუსლიმანობა”.

მაჰმადიანური სარწმუნოების გავრცელების მიუხედავად, ქობულეთში მაინც ჰქონია ადგილი ქრისტიანულად მონათვლის ფაქტებს. გაზეთ “დროების” კორესპონდენტ მ. ნიკოლაიშვილისთვის 70 წლის ქობულეთელს 1875 წლისათვის, როცა აჭარა ოსმალეთს ეპყრა, უთქვამს, რომ “მე ვარ მონათლული ქართველის მღვდელის კალანდარიშვილისაო. ამითი და სხვა გარემოებებითაც ჩვენ ვეკუთვნით ქართველობას და არა თათრებსო” (გაზ. “დროება”, #110, 1875 წ.).

ოსმალეთის მთავრობა ქართველ მაჰმადიანებს სულიერად მოკვლას უპირებდა, მაგრამ მათ საწადელს ვერ მიაღწიეს. ქართულმა სულმა, გენმა და სისხლმა, წარსულისადმი პატივისცემამ თავისი გაიტანა. აჭარის მოსახლეობა, რომელიც 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ დაუბრუნდა დედასაქართველოს, თანდათან კვლავ დაადგა ქრისტიანული აღმსარებლობის გზას, მრავლად აშენდა ქრისტიანული ტაძრები, გაისმა ზარების რეკვა.

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here