Home რუბრიკები პოლიტიკა დაჟინებული მზერა და გაუპატიურებული გონება

დაჟინებული მზერა და გაუპატიურებული გონება

დაჟინებული მზერა

ქართველი საზოგადოების ნაწილი სიამოვნებით იყენებს ნებისმიერ საბაბს, რათა სექსზე ისაუბროს და იღლიცინოს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მაშინ, როდესაც პარლამენტში განიხილესქალთა მოძრაობისპეტიცია, რომელშიც ნახსენები იყომიშტერება”, როგორც სექსუალური შევიწროების ერთერთი ფორმა. საუბარმა მასზე ლამის საერთოეროვნული დისკუსიის ხასიათი მიიღო. ყველას დაავიწყდა, რომ ხელისუფლება ეკონომიკას გაუკუღმართებულ ფორმებში აუპატიურებს, რასაც ნათლად ადასტურებს ფასების ზრდა და ეროვნული ვალუტის კონვულსიები.

საქართველოს აღებული აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც ევროპის საბჭოს “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის” კონვენციიდან გამომდინარეობს. მან სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს. ამასთანავე, ევროასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოსთვის სავალდებულო გახდა ევროკავშირის 2006/54/ეს დირექტივის პრინციპების რეალიზაცია. ამ დოკუმენტში სექსუალური შევიწროება აღწერილია, როგორც სექსუალური შინაარსის მქონე “ვერბალური ან არავერბალური ქმედება”. შესაბამისად, პეტიციის ავტორებს ნამდვილად ჰქონდათ საფუძველი, რომ თავის ჩამონათვალში მიშტერება თუ დაჟინებული მზერა შეეტანათ, მაგრამ “ქალთა მოძრაობის” მიერ შექმნილი დოკუმენტი არ შეიცავდა კონკრეტულ წინადადებებს შრომის კოდექსში ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე _ ის ძალიან ზოგადი დეკლარაციის ხასიათს ატარებდა, რომელიც უფრო მიტინგზე გამოსვლას მოუხდებოდა. არაადეკვატური იყო იმ ადამიანების რეაქციაც, რომლებიც “მიშტერებაზე” ღლიცინებდნენ. მოკლედ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სამართლებრივი და ზოგადი კულტურის დონე ჩვენში კვლავინდებურად სოფლის ბირჟის დონეზეა და საპარლამენტო რესპუბლიკაც შესაბამისი გვაქვს.

ზოგს შეიძლება არ ესმოდეს, რატომ გრძნობს ქალი თავს შეურაცხყოფილად, როდესაც მას “თვალებით აშიშვლებენ” და არ ძალუძს იმის წარმოდგენა, რომ მსგავსი პრობლემა შეიძლება მის ნათესავს შეექმნას, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოში უამრავი ახალგაზრდა მოკლეს და დაჭრეს მას შემდეგ, რაც სხვის შეყვარებულს ან ახლობელს, ასე ვთქვათ, “არაკორექტულად” შეხედა (ხშირ შემთხვევაში გადაცდომა წარმოსახვითი იყო). განხილულ საკითხს საკმაოდ ტრაგიკული ქვეტექსტი აქვს.

კონსერვატორების ნაწილი ბოლოდროინდელ მოვლენებსერთ ქვაბში ხარშავსდა ფიქრობს, რომ მთავრობა, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზებას ახდენს და მტკიცედ იცავს ლგბტ უფლებებს, ახლა ქალისთვის შეხედვას აკრძალავს და ამ ნიადაგზე უჩნდება ეჭვი, რომ ერს რაღაც გაუკუღმართებულს უპირებენ. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ პრობლემის წინა პლანზე წამოწევა გლობალური შეთქმულების ნაწილია, რომელიც მიზნად მამაკაცური საწყისის დათრგუნვას ისახავს.

საჩივრების რაოდენობა, საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, სავარაუდოდ, მართლაც გაიზრდება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა და ზოგიერთი მათგანი “თითიდან გამოწოვილი”, შანტაჟზე ორიენტირებული იქნება. მაგრამ არის რამდენიმე ნიუანსი, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. კანონში არავინ ჩაწერს “მიშტერების” ხანგრძლივობას და სხვა მსგავს პარამეტრებს. მეტიც, ის, სავარაუდოდ, საერთოდ არ იქნება ნახსენები, არამედ _ მხოლოდ ნაგულიხმევი სხვა არასასურველ არავერბალურ ქმედებებთან ერთად. ის არ ჩაითვლება სექსუალურ შევიწროებად, სანამ აშკარად ცინიკურ ხასიათს არ მიიღებს (მაგალითისთვის შეგვიძლია წარმოვიდინოთ ათწუთიანი მიშტერება მკერდის ან გენიტალიების არეში) ან ქალი პროტესტს არ გამოთქვამს. მთავარი ისაა, რომ მანამ, სანამ ქალი (თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მის ადგილას შეიძლება მამაკაცი აღმოჩნდეს) არ შეამჩნევს, რომ დაჟინებული მზერა მისთვის უსიმოვნოა და თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ყოველივე დარჩება ჩვეულებრივ კომუნიკაციად ან ფლირტად, რომელიც არავის აუკრძალავს და, ალბათ, ვერასოდეს აკრძალავს. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში უარის მომენტი ხაზგასმულია, ხოლო იმისთვის, რომ სექსუალური შევიწროება ასეთად ჩაითვალოს, ის უარის (პროტესტის) შემდეგაც უნდა განმეორდეს. ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფცია სექსუალურ შევიწროებაზეც ვრცელდება _ ნებისმიერ ბრალდებას მტკიცებულებებით გამყარება სჭირდება.

არის კიდევ ერთი თანმდევი ვერსია, რომლის თანახმად მსგავსი კანონების გამკაცრება მხოლოდ ლიბერალებს აინტერესებს. ეს, როგორც წესი, ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. მაგალითად, შარშან გერმანიის ბუნდესტაგმა გაამკაცრა სასჯელი სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის. ადრე გაუპატიურების ფაქტის დასადგენად საჭირო იყო იმის დამტკიცება, რომ მსხვერპლმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაწია ან მის მიმართ ადგილი აშკარა ძალადობრივ იძულებას ჰქონდა. ახლა კი საკმარისია იმის დადასტურება, რომ მან უბრალოდ თქვა “არა” ან შესაბამისი ჟესტი გამოიყენა. გამკაცრდა სასჯელი ჯგუფური სექსუალური შევიწროებისთვის, მათ შორის იმ პირებისთვის, რომლებიც მსხვერპლს თითითაც არ შეხებიან და, უბრალოდ, უყურებდნენ, როგორერთობოდნენსხვები. ეს უკანასკნელი ნორმა კელნში საახალწლოდ განვითარებული მოვლენების გამოძახილია _ მაშინ ასეულობით ქალი ახალგაზრდა მიგრანტების სექსუალური აგრესიის მსხვერპლი გახდა. საინტერესოა, რომ ლიბერალების ნაწილი, “მწვანეები” და ის მემარცხენეები, რომლებიც მიგრანტების მიმართ მაქსიმალურად ტოლერანტული პოლიტიკის გატარებას მოითხოვდნენ, ამ ცვლილებების წინააღმდეგ წავიდნენ, ხოლო კონსერვატიულმა გერმანიამ მას მხარი დაუჭირა. ნუთუ აუცილებელია საქართველოშიცკელნის ღამისმსგავსი მოვლენები განვითარდეს, იმისთვის, რომ საზოგადოება პრობლემაზე დაფიქრდეს? ეს, ალბათ, გამოიწვევს კონცენტრაციას მიგრანტების თემაზე და არა ქალთა უფლებებზე.

არსებობს გარკვეული სხვაობა ამერიკულ და ევროპულ მიდგომას შორის. ამერიკელებმა ამ სფეროს რეგულირება ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყეს, მიიღეს უამრავი დეტალურად გაწერილი აქტი და, საბოლოო ჯამში, შექმნეს ისეთი ატმოსფერო, როდესაც მამაკაცების ნაწილმა თავი მართლაც დათრგუნულად იგრძნო. ევროპული მიდგომა უფრო თავისუფალია, თუმცა იქ ბოლო დროს გამკაცრების ტენდენცია შეინიშნება. საქართველო ამ მხრივევროპულ ლოკომოტივზეამიბმული და მის კანონმდებლობაში ჯერჯერობით მხოლოდ ძალიან ზოგადი ფორმულირებები შედის.

საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთი ბოლო დროს აშკარად დაშორდა კონტინენტურ ევროპას და აშშ-ს დაემსგავსა, სადაც სექსუალური შევიწროების მიმართ მამაკაცი ხშირ შემთხვევაში აპრიორი დამნაშავედ განიხილება. ახლახან თავი მოიკლა უელსის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა კარლ სარჯენტმა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სამმა ქალმა მას ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდო. სარჯენტმა არ იცოდა, ვინ იყვნენ ისინი და რა ეპიზოდზე იყო საუბარი, რადგან სამართალდამცველები ამ ქალების ანონიმურობას იცავდნენ. ის თანამდებობიდან მოხსნეს და ლეიბორისტული პარტიიდან გარიცხეს, მაშინ, როდესაც ის უშედეგოდ ითხოვდა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. მისი თვითმკვლელობის შემდეგ ცნობილი მხოლოდ ის გახდა, რომ ბრალდებებში საუბარი იყო უადგილო ყურადღებასა და შეხებაზე და არა გაუპატიურებაზე.

რამდენიმე თვის წინათ საზოგადოება აღშფოთდა, როდესაც ერთ-ერთი მაღაზიის დაცვის სამსახური დაადანაშაულეს იმაში, რომ თანამშრომლების გასახდელში სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა, ისინი კი სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იღებდნენ. სექსუალური შევიწროება უფროსის ან მაღალი რანგის თანამშრომლის მხრიდან საქართველოში ფართოდ გავცელდა. აუტანელი სიღარიბე, სამსახურის დაკარგვის შიში ბევრ ქალს აიძულებს, ყველაფერი აიტანოს, მაგრამ ეს მდგომარეობა, როგორც ჩანს, საზოგადოების ღირსებას არ შეურაცხყოფს _ ისმიშტერებასმიაშტერდა.

სექსუალური შევიწროება პირობითად შეიძლება სამ სახეობად _ ფიზიკურად, ვერბალურად და არავერბალურად დავყოთ. სწორედ უკანასკნელში შედის ყბადაღებული მიშტერება, ინტერნეტში განხორციელებულ სექსუალური ხასიათის მოქმედებასთან ერთად. გამოკითხვების თანახმად, ქალები ყველაზე ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის შეურაცხმყოფელ ქმედებას ფიზიკური ხასიათი ჰქონდა, შემდეგ სიტყვიერი მოდის, არავერბალური ბოლო ადგილზეა. ეს არ ნიშნავს, რომ ის იშვიათია, პირიქით, ყველაზე ხშირია, მაგრამ მისი “გადაგორება” შედარებით იოლია და ქალების უმრავლესობას ურჩევნია, უბრალოდ, დაივიწყოს უსიამოვნო ეპიზოდი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქალთა ორგანიზაციებს შეუძლიათ დროებით ამოიღონ თავიანთი მოთხოვნებიდან “მიშტერება” და აქცენტი შევიწროების სხვა ფორმებზე გადაიტანონ?

ეს, ალბათ, არ მოხდება, რადგან 70-იანი წლებიდან ფემინისტები დიდ ყურადღებას აქცევენ “გაუპატიურებას მზერით”, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1973-ში ლორა მალვიმ გამოაქვეყნა წერილი “ვიზუალური სიამოვნება და ნარატიული კინემატოგრაფი”, რომელშიც ჰოლივუდის კლასიკური ფილმები ფსიქოანალიზის პოზიციიდან შეაფასა. ამ მიდგომის ფარგლებში მიჩნეულია, რომ, უპირველესად, სწორედ დაჟინებული მზერა აქცევს ქალს ობიექტად და მას მამაკაცის მიმართ დაქვემდებურებულ მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ის, რაც ბევრს უმნიშვნელოდ მიაჩნია, ქალთა უფლებების დამცველების დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი, სავარაუდოდ, არ ამოიღებენ “მიშტერებას” ჩამონათვალიდან.

ორივე მხარე დისკუსიისთვის მზად არ არის. საკითხს, დიდი ალბათობით, მომავალშიც ამავე სტილში განიხილავენ _ ერთნი იღლიცინებენ, მეორენი უაზრო ისტერიკებს მოაწყობენ, პარლამენტი დროს გაწელავს, ბოლოს კი, ევროპელების საყვედურის შიშით, სასწრაფო წესით გამოაცხობს რამდენიმე ზოგად და გაუმართავ ფორმულირებას, რომელთა პრაქტიკული გამოყენება შეუძლებელი გახდება. პრინციპში, სხვა რა უნდა მოხდეს სიტუაციაში, როდესაც ერთმანეთს რადიკალური ფემინიზმი, რადიკალური კონსერვატიზმი და რადიკალური იდიოტიზმი უპირისპირდება?

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here