მოვიდა 20 იანვარი – აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის დღე. მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებების იმედთან აკავშირებენ ამ დღეს, ამიტომ ინტერესი დიდია. ინაუგურაციის ცერემონია მნიშვნელოვანი რიტუალია, პირველ რიგში, ამერიკელი ხალხისთვის, ამიტომ თავდაპირველად ამ ღონისძიებაზე არ იწვევდნენ უცხოელ სტუმრებს, სახელმწიფოთა მეთაურებს. მას ესწრებოდნენ აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატები და ეს საკმარისად ითვლებოდა. დროთა განმავლობაში წესები იცვლებოდა. ახლა ვხედავთ სურათს, რომ ღონისძიებაზე უცხოელი სტუმრებიც მიიწვიეს. ტრამპი, როგორც არაორდინალური და ექსცენტრული პიროვნება, წესებს დიდ ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ მის საინაუგურაციო ცერემონიას, როგორც ჩანს, ბევრი უცხოელი სტუმარი ეყოლება.
ინტერნეტში ვრცელდება სია უცხოელებისა, რომლებმაც მიიღეს მიწვევა ინაუგურაციაზე დასასწრებად, მაგრამ სიაზე უფრო საინტერესო უცნაურობებია, რომლებიც ინაუგურაციიდან გამომდინარე თვალში საცემია. მაგალითად, მიწვეულთა შორის არიან არა მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურები, არამედ ზოგიერთი ყოფილი მეთაურები, უბრალოდ პოლიტიკოსები, პარტიული მოღვაწეები და ა.შ. უცნაურია უცხოელი სტუმრების დაპატიჟების წესიც. ამ საქმით დაკავებულია არა საორგანიზაციო კომიტეტი, არამედ ცალკეული პიროვნებები, კონგრესმენები, სენატორები, თვითონ დონალდ ტრამპი. ტრამპისგან მიწვევა მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა და უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ღონისძიებას არც ერთი არ დაესწრება. ცნობილია ისიც, რომ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ეს ფაქტები, ცხადია, რაღაცაზე მეტყველებს, მაგრამ ეს ”რაღაც” ერთმნიშვნელოვნად არ იშიფრება. აქ შეიძლება მხოლოდ იმისი თქმა, რომ დაპატიჟება მომავალი თანამშრომლობისთვის მწვანე შუქის ანთების მანიშნებელია, დაპატიჟებისგან თავის შეკავება კი წითელი შუქის ტოლფასია. ამ თვალსაზრისით საინტერესოა უკრაინის თვითმარქვია პრეზიდენტ ზელენსკის ისტორია. ტრამპის შვილი დონალდ ტრამპი უმცროსი ინსტაგრამში აქვეყნებს ინფორმაციას, რომელშიც ვკითხულობთ: ”ზელენსკიმ სამჯერ დამირეკა და სასოწარკვეთილი მეხვეწებოდა, რომ დაგვეპატიჟებინა, მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო. ამ ამბავში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ზელენსკი ახლა ისეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს თვითონ მან გადაწყვიტა ვაშინგტონში ჩასვლისგან თავის შეკავება”.
ზელენსკი არის ადამიანი, რომელსაც არამხოლოდ ის შეუძლია, რომ ვინმეს სთხოვოს, დამპატიჟეო, არამედ ისიც, რომ უარის მიღების შემთხვევაში ეს თხოვნა კიდევ და კიდევ გაიმეოროს. ეს არის ყველაზე უღირსი საქციელი, რომელიც ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს. ადამიანს, რომელიც სასურველ სტუმრად არ გთვლის, როგორ უნდა სთხოვო დაპატიჟება?! ეს ხომ იგივეა, ადამიანს სთხოვო, პატივი მეციო, ავტორიტეტად მიმიღეო, დამაფასეო, შემიყვარეო და ა.შ. ასეთი რამ შეკვეთით, თხოვნით, ძალდატანებით არ ხდება და ვერც მოხდება, ეს ყველაფერი თავისთავად უნდა მოვიდეს, თუკი ამას იმსახურებ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც, შენი აზრით, პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებ, ვერავის ეტყვი, პატივი მეცი და შემიყვარეო.
ახლა ქართველების მდგომარეობა ვნახოთ. როგორც ჩანს, საქართველოს (ისევე, როგორც მრავალი სხვა სახელმწიფოს) მთავრობაც არ მიუწვევიათ ინაუგურაციაზე. ამაში არც გასაკვირია რამე და, მით უფრო, არც საგანგაშო. საგანგაშო ის იქნებოდა, რომ საქართველოს მთავრობაში ვინმეს თხოვნისა და მუდარის შემცველი სიტყვებით ეცადა დონალდ ტრამპის გარემოცვის შეწუხება ინაუგურაციაზე საშვის მოსაპოვებლად. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა; ვერც მოხდებოდა, ვინაიდან დღეს საქართველოს ჰყავს, როგორც საკუთარი, ასევე სამშობლოს ღირსების დამცველი ლიდერები, რომლებიც ინაუგურაციაზე საშვის მოპოვებაზე მეტად ქვეყნის სუვერენიტეტის მოსაპოვებლად იბრძვიან. საუბედუროდ, ქვეყანას არ ჰყავს ის ოპოზიცია, რომელსაც თუნდაც ოდნავი წარმოდგენა ექნება ღირსებაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც ნაყიდი, ჩაწყობილი და ნაჩალიჩები საშვით სხვის ღონისძიებაზე მიიძუძგებიან და სახეზე ფერი არ შეეცვლებათ, რა თავმოყვარეობაზე უნდა ველაპარაკოთ და რომელი ღირსება უნდა მოვთხოვოთ?! საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ რცხვენია, იძახდეს, მოქმედი პრეზიდენტი ვარო, და ის შერცხვება, რომ ინაუგურაციას დაესწროს?! აი, რა განაცხადა მან: „ჩვენ გვაქვს საშუალება, გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვიქნები ვაშინგტონში ჯო უილსონის დაპატიჟებით“.
„გიორგი ვაშაძეს მოწვევა რესპუბლიკური პარტიის შესაბამისი თანამდებობის პირისგან მოუვიდა. ეს მოწვევა, მე როგორც ვიცი, არ არის მხოლოდ ინაუგურაციაზე დასწრების. ასევე მას აქვს მეორე მოწვევაც, რომელიც ითვალისწინებს საღამოს ვახშამსა და სხვა პოლიტიკურ ღონისძიებებზე ყოფნას. აქამდე ზუსტად ვერ გეუბნებოდით, რადგან არ ვიცოდი. სასწრაფოდ დაგვჭირდა ბილეთების ყიდვა, გიორგი უკვე გაფრინდა და ამ ღონისძიებებში საქართველოს სახელით სიამოვნებითა და სიამაყით მიიღებს მონაწილეობას“, – აცხადებს ვაშაძის პარტიის წარმომადგენელი მანჯგალაძე.
”20 იანვარს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას დავესწრებით მე, ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია და მელორ წიფურია. მადლობა მინდა ვუთხრა იმ კონგრესმენებს, რომლებმაც ეს მოსაწვევები მოგვცეს”, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
როგორ უნდა ვიფიქროთ, რომ აშშ-ში ვინმემ შეიძლება იცოდეს, ვინმეს შეიძლება ახსოვდეს ან ვინმე შეიძლება რამედ აგდებდეს ზემოთ ჩამოთვლილ კომიკურ ტიპებს?! როგორ შეიძლება, რომ მათ ვინმე პოლიტიკურ პერსონაჟებად მიიჩნევდეს?! არა, ისინი მხოლოდ იმიტომ ახსოვთ, რომ დასავლეთის ”მეხუთე კოლონისა” და საქართველოში განსახორციელებელი სახელმწიფო გადატრიალების ჯარისკაცებს წარმოადგენენ, რომლებიც დღე და ღამე ჩასაფრებულნი არიან, აგენტურის სხვა წარმომადგენლებს მოასწრონ ინაუგურაციაზე დასასწრები საშვის ხელში ჩაგდება. საამისოდ არ თაკილობენ თხოვნას, ყიდვას, ჩაწყობას. – დამპატიჟეთ, რა! დამპატიჟეთ, რა! – ეხვეწებიან ყველას, ვისთანაც ხელი და სიტყვა მიუწვდებათ. აქ ხომ ესენი წარმოადგენენ თახსირებსა და მასხარებს, უკრაინაში ზელენსკია თახსირი და მასხარა, აშშ-შიც ბევრი თახსირი და მასხარა ჰყავთ, რომლებმაც თახსირობად და სამასხარაოდ აქციეს თვით საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიაც კი, რომელზეც, სტუმრებს კი არ იწვევენ, ბილეთებს ყიდიან და ფულს შოულობენ. ყველაფრის გაყიდვისა და ყველაფრიდან მოგების მიღების სურვილითა და წყურვილით გაჟღენთილი სისტემა შობს იმგვარ მასხარებს, როგორიც იყო ჰიტლერი მეოცე საუკუნეში და, როგორიც არის ზელენსკი ოცდამეერთეში. პირველმა სამოცდაათ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეორეს ჯერ არ მიუღწევია ამ მასშტაბამდე, მაგრამ მილიონის ზღურბლს, დიდი ხანია, გადააბიჯა. პირველსაც და მეორესაც აშშ და დიდი ბრიტანეთი ახალისებდა, აფინანსებდა და აიარაღებდა. შედეგ, როდესაც ჰიტლერმა დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო და კონტროლის ზონიდან გასვლა დააპირა, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობა დაიწყეს და ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნეს. ახლა ზელენსკიც ანალოგიურ ვითარებაშია. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იგი აშკარად არ ეხატება გულზე, რაც მისთვის ჰიტლერის ტრაგედიის მომასწავებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის კლოუნადა მთავრდება. დანაშაულებრივი კლოუნადა, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის (კაპიტალიზმის) თანმხლები მოვლენაა, გზადაგზა პერსონაჟებს ცვლის, მაგრამ არსით უცვლელი რჩება. მას არ შეუძლია ომის, სისხლისა და ცრემლის გარეშე ფინქციონირება. გლობალური ომის პარტია, დიფ სტეიტი, ფაშიზმი, ლიბერალური ფაშიზმი, სიღრმისეული სახელმწიფო – ეს ყველაფერი მისი ინსტრუმენტებია, რომლებითაც სიცოცხლეს იხანგრძლივებს, მაგრამ ამას დანაშაულებრივი რეჟიმების შექმნით, ტერორისტული სისტემების ჩამოყალიბებით, უსამართლობის დანერგვითა და უზარმაზარი მსხვერპლით აღწევს.
2025 წლის 20 იანვარი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის 47-ე პრეზიდენტად კურთხევის (ინაუგურაციის) დღეა. დონალდ ტრამპი მისი არაორდინარული და ექსტრავაგანტური საქციელით მსოფლიოსთვის ნაცნობი ფიგურაა, მაგრამ სწორედ ამ არაორდინარულობისა და ექსტრავაგანტურობის გამო მაინც გამოუცნობი რჩება. მის პიროვნებასთან დიდი იმედებიც არის დაკავშირებული და დიდი უიმედობაც. ყველაფერს ახლო მომავალი გვიჩვენებს. ამ სტატიას კი ერთი ბუნდოვანი წინადადებით დავასრულებ: ისინი, ვინც დიდ იმედებს აკავშირებენ ტრამპის მოსვლასთან, ნუ იქნებიან ძალიან დაიმედებულნი; ხოლო მათ, ვინც დიდმა უიმედობამ შეიპყრო, მეტი იმედით შეხედონ მომავალს, რამეთუ ამ ცისქვეშეთში არაფერია უცვლელი და მარადიული!
ვალერი კვარაცხელია