“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილში “ჩვენ სიყვარულით დიდ თვალებში ვუყურებთ ლენინს” ნათქვამი სიმართლე საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას რომ გამოიწვევდა, იმთავითვე ვიცოდი და მასმედიასა თუ სოციალურ ქსელებში მძაფრი პოლემიკისთვისაც მზად ვიყავი, ამიტომაც, ერთი ქართული ანდაზის სიბრძნის საწინააღმდეგოდ, სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული არ მყავდა.
ჩემი სიმართლე კი იმ უტიფარი ტყუილის მხილება იყო, რომელიც ცნობილმა პოეტმა, ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა 2 წლის წინათ პირდაპირ ეთერში იკადრა: _ ლენინზე ლექსები არასოდეს დამიწერია, აი, სტალინი კი ერთი-ორგან მყავს ნახსენებიო.
ცოტა ხნით დავანებოთ ლენინს თავი…
ბატონ ჯანსუღს, კაცს, რომელიც 1930 წელს არის დაბადებული, პირველი ლექსი 1947 წელს გამოუქვეყნებია; 1953-ში (სტალინის გარდაცვალების წელს) დაუმთავრებია თბილისის უნივერსიტეტი, ანუ სტალინის ზეობის ჟამს დაკაცდა (აღარაფერს ვამბობ 1956 წლის 9 მარტზე, როცა, ალბათ, ბატონი ჯანსუღიც ერთ-ერთი მონაწილე იქნებოდა იმ ტრაგიკული მოვლენებისა, ისევე, როგორც მამაჩემი, ნუგზარ მხეიძე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბაბუა, ანუ მამაჩემის მამა 37-ში დახვრიტეს. აი, როგორი მაგია ჰქონდა სტალინის ფენომენს), ვინმე საღად მოაზროვნე დაიჯერებს, რომ ბატონ ჯანსუღს სტალინზე ერთი ლექსიც არ დაუწერია და მხოლოდ ერთი-ორჯერ ჰყავს ნახსენები?..
არადა, ვიმეორებ წინა წერილში თქმულს: იყო კი საბჭოეთში დიდი თუ პატარა მწერალი, პოეტი, მხატვარი, საზოგადოდ, შემოქმედი, რომელსაც გულწრფელად (და ასეთები, განსაკუთრებით დიდ სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ, უმრავლესობა იყო. მხოლოდ იოსებ ნონეშვილის “მამავ ძვირფასო” რად ღირს) თუ ფარისევლურად დითირამბები არ მიეძღვნა გენიალური სტალინისთვის?
რაც შეეხება ლენინს, პროლეტარიატის ბელადი არასოდეს ეხატებოდათ გულზე ქართველებს, მით უმეტეს _ სტალინის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ვიმეორებ: უკლებლივ ყველა დიდ საბჭოთა ხელოვანს, კლასიკოსს, თავისი წილი ხარკი აქვს გადახდილი ვლადიმერ ილიჩისთვის, მაგრამ ამით მათ დიდ შემოქმედებას ოდნავი ჩრდილიც არ მისდგომია.
გამახსენდა ანეკდოტად ქცეული ერთი ნამდვილი ამბავი:
თუ არ ვცდები, ცხონებული ვახტანგ გოგუაძისთვის უკითხავთ:
_ რა ჰქენი, ვახტანგ, დაამთავრე დისერტაციაზე მუშაობა?
_ დავამთავრე, ოღონდ მომარქსიზმ-მოლენინიზმებაღა დამრჩაო.
ანუ იუმორით თქვა ის, რომ მარქს-ლენინის გარეშე დისერტაციას ვერ დაიცავდი, თუნდაც სადისერტაციო თემა კიბოს დამარცხება ან მთვარეზე მანდარინის პლანტაციების აღმოჩენა ყოფილიყო.
ჰოდა, ბატონ ჯანსუღს რა გაუჭირდა ისეთი, რომ პროვოკატორი შალვა რამიშვილისთვის ეპასუხა: _ ლენინზე არ დაწერდი ლექსებს და შენი აჯობებდაო.
ახლა მავანი, ალბათ, დამამუნათებს, 2 წლის განმავლობაში რით ვერ მოინელე ბატონი ჯანსუღის ტყუილი, შენი სიმართლით მოხუცს სიბერე რომ გაუმწარეო?!
წინა წერილში ვთქვი, რომ მონელებულიც მქონდა და მიტევებულიც _ 2 წლის წინათ დასაბეჭდად გამზადებული წერილის გამოქვეყნებისგან მისი ერთი მეგობრის თხოვნით შევიკავე თავი და წინა ოთხშაბათს, 26 ივლისს, გამოქვეყნებული წერილიც “ჩვენ სიყვარულით დიდ თვალებში ვუყურებთ ლენინს” არ დაიწერებოდა, რომ არა ინგა გრიგოლიას ეთერში ბატონი ჯანსუღის ბაგეთაგან ართქმული არც ერთი მხარდამჭერი ფრაზა იმ დღეებში ჩატარებულ გრანდიოზულ “ქართული მარშზე”.
მხოლოდ მისთვის ჩვეული ეფემერული საუბარი ერთობასა და სიყვარულზე, რომელიც, თურმე, ეგ გადაგვარჩენს თუ გადაგვარჩენს, აღტყინების ნაცვლად რიტორიკულ კითხვებს აჩენს:
ვინ შევიყვარო: გიგა ბოკერია თუ თამარ ჩერგოლეიშვილი? გივი თარგამაძე თუ გიგი უგულავა? კაპიტანი გიგაური თუ ეფრეიტორი ეკა ლომჯარია? და ა.შ.
ბოლოს კი ფუნაგორიული კვინტესენცია:
“ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანები”…
ბატონი ჯანსუღის ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი, ფუნაგორია სინამდვილეში საქართველოს გადამრჩენელი რუსეთის შეურაცხყოფაა, რადგან ეს, პირდაპირ თუ ირიბად, ასე იკითხება:
თურმე ვორონცოვზე უკეთესები (თუ ასე თქმა შეიძლება) იყვნენ: თემურ ლენგი, შაჰ–აბასი, ოსმალეთის სულთნები და ქართველთა სისხლისმსმელი და ცრემლის მნთხეველი სხვა მრავალი ურჯულო, რომელთაგან ზოგს ჩვენი ხელისუფლება ისტორიულ მეგობარს უწოდებს, ხოლო რუსეთს _ ისტორიულ მტერს.
26 ივლისიდან, წერილის გამოქვეყნების შემდეგ, რომ იტყვიან, ჩემი ტელეფონი ადუღდა _ საიდან და ვინ აღარ მირეკავდა და მირეკავს, მათ შორის, პოეტის ნაცნობ-მეგობრები, და ყველა ერთად მადლობას მიხდიან ხსენებული წერილის გამო.
რატომ?
რატომ და იმ წერილში ვერ იპოვით მისხალ სიცრუეს, პირად შეურაცხყოფას. მასში მხოლოდ დოკუმენტებით დადასტურებული სიმართლეა და არაფერი პირადული.
მხოლოდ “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება”…
ჰოდა, სიმართლის საწინააღმდეგო როგორ და რა შეიძლება ჰქონდეს ბატონი ჯანსუღის უახლოეს მეგობარსაც კი?!
მათი ერთადერთი “რკინისებური არგუმენტი” შეიძლება იყოს ის, რომ მოხუცდა და აღარ იცის, რას ლაპარაკობს.
მაგრამ, თუ მოხუცდა და აღარ იცის, რას ლაპარაკობს, მაშინ ტელეეკრანებზეც ნუ გამოჰყავთ, თორემ რა გამოდის? თუ ჭკვიანური დასცდა რამე _ აპლოდისმენტები, ხოლო, თუ “რუსულმანები” _ მაშინ მოხუცდა და ვაპატიოთ?..
სოციალურ ქსელშიც ვერ ვნახე ვერც ერთი უარყოფითი კომენტარი.
ერთი სიტყვით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პოლემიკა, რომლისთვისაც მზად ვიყავი, ბატონი ჯანსუღის მომხრეებსა და ჩემ შორის არ შედგა, რადგან მომხრეები ვერსად ვიპოვე და წერტილის დასმასაც აქ ვაპირებდი, მაგრამ…
ჩემთვის ცნობილი შეიქნა, რომ გასულ კვირას ქალბატონ თაკო ჩარკვიანს ბატონი ჯანსუღის სწორედ იმ მეგობრისთვის დაურეკავს, რომლის ხათრითაც 2 წლის წინათ ის წერილი არ დავბეჭდე. დაურეკავს და ჩემთვის გადმოსაცემად დაუბარებია: “მამაჩემს თუ რამე დაემართა, დათო მხეიძეს არ ვაცოცხლებო”!
ბატონ ჯანსუღს გულწრფელად ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, მაგრამ ბიბლიური მათუსალა ხომ არ არის, რომ 969 წელიწადს იცოცხლოს?
მის წლოვანებამდე, ნეტავ, ყველამ მოიყაროს. ჰოდა, მის ასაკში თუ ინსულტი(?) ან სურდო შეეყრება, ჩემი ან ვინმეს ბრალია?!
ის კი არა, 60 წლის კაცმა 12 აპრილს გულის შუნტირების ურთულესი ოპერაცია გავიკეთე და ძლივს დავუძვერი მიქელ-გაბრიელს და ახლა ეს ვის დავაბრალო?
18-20 წლის ქუჩის ბიჭი აღარ ვარ, რომ ჩარკვიანების მუქარას წავუყრუო ან მუქარითვე ვუპასუხო. არადა, მილიციაში საჩივლელადაც არასოდეს წავსულვარ…
მაგრამ ახლა, ამ სიბერეში, რადგან ჟურნალისტ–პუბლიცისტი გავხდი, ჩემი პროფესია ძველბიჭობასთან შეუთავსებელია და 60 წლის კაცი იძულებული ვარ, სამართალდამცავ ორგანოებს (არ ვიცი ზუსტად, ვის კომპეტენციაშია მსგავსი საქმე _ პროკურატურის თუ პოლიციის), არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და რა ვიცი, კიდევ ვის მივმართავ კითხვებით:
არის თუ არა ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელიც იმ ევროპაში, რომლისკენაც “მივისწრაფვით”, მკაცრად ისჯება? არის თუ არა ეს სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ასევე ისჯება?
რაც შეეხება მოთხოვნას:
დაიცავით ჩემი სიცოცხლე, რომელსაც ჯანსუღის ასული მოსპობით ემუქრება!
თუ ზემოჩამოთვლილი უწყებები მხოლოდ ლგბტ-პედერასტებსა და თათია დოლიძის უფლებებს არ იცავთ, დოლიძის, რომლის გამოც აბსურდული ბრალდების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძარით და უაზრო დაკითხვებზე ატარეთ “ქართული მარშის” ბიჭები, მაშინ ახლაც აღძარით საქმე და მოწმის სახით დამკითხეთ. მე დაგისახელებთ ქალბატონ თაკოს მიერ ჩემდამი მუქარის მოწმეებს, აგრეთვე, სხვა უტყუარ მტკიცებულებებსაც წარმოგიდგენთ.
დავით მხეიძე
P.S. ისევ მივმართავ სამართალდამცავებს, არასამთავრობოებსა და სახალხო დამცველს:
მე უკვე ერთხელ, 20 წლის წინათ, შემეშინდა, როდესაც 13 წლის ბიჭი ჩავდე მიწაში. ასე რომ, აღარაფრის მეშინია!
მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: თუ საქმეს არ აღძრავთ, ის მაინც გაარკვიეთ, თვითონ მოიყვანს სისრულეში განაჩენს ქალბატონი თაკო თუ ქილერების დაქირავებას აპირებს.
She dalocvilo, 87 wlis kacs ra sityvebze edwvnebi.egeb agar axsovs.meore wkvianuri ki ara ufalma daifaros sul rom laparakis unari waertvas xalxs uyvars da gaexardeba misi naxva.ai ratom unda miiwvion.
ინგა, სამშობლოს ერთგულო მოქალაქევ, ისეთი რა გაწყენინა ქართულმა ენამ რომ, მშობლიურ ენაზე მეტყველების უნარი დაკარგე, რატომ ბედოვლათო, მშობლებმა ბევრი ფული დახარჯეს შენი ინგლისურის გაკვეთილებში? გთხოვთ მკითხველებო, არ წაიკითხოთ მსგავსი ლათინურ-ინგლისური ნაჯღაბნი.
დავით, ყველა თქვენი პუბლიკაცია, სანაქებოა. მამაც საამაყო გყავთ, იმედი მაქვს ჯანმრთელად არის, 1956 წლის მარტში ისახელა თავი. მაშინ მასზე, მთელი თბილისი ლაპარაკობდა.