Home რუბრიკები სპორტი დათვი, რომელიც ცაში აფრინდა

დათვი, რომელიც ცაში აფრინდა

1727
დათვი, რომელიც ცაში აფრინდა

რას მიაღწიეს ქართველმა სპორტსმენებმა მოსკოვის ოლიმპიადაზე

40 წლის წინათ, 1980 წლის 19 ივლისიდან 3 აგვისტომდე, საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარდა XXII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 80 ქვეყნის 5217 სპორტსმენი მონაწილეობდა (მოსკოვის გარდა, საფეხბურთო მატჩები ჩატარდა ლენინგრადში, კიევსა და მინსკში. ტალინმა კი აფროსნებს უმასპინძლა). რით დაამახსოვრდა ეს ოლიმპიადა მსოფლიოს და რა შედეგებს მიაღწიეს ქართველმა სპორტსმენებმა?

საბჭოთა კავშირის დედაქალაქმა ოლიმპიადის ჩატარების უფლება 1974 წლის 23 ოქტომბერს მოიპოვა ვენაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 74-ე სესიაზე. მოსკოვმა 39 ხმით 20-ის წინააღმდეგ აჯობა ერთადერთ კონკურენტს _ ლოს-ანჯელესს და ოლიმპიადის ღირსეულად ჩასატარებლად სამზადისს შეუდგა. ყველაფერი წესითა და რიგით მიდიოდა, მაგრამ, როცა 1979 წლის ბოლოს საბჭოთა ჯარი ავღანეთში შევიდა, აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ბოიკოტს მხარი დაუჭირა 64-მა ქვეყანამ, მათ შორის კანადამ, იაპონიამ, კენიამ, ნორვეგიამ, თუმცა თამაშებზე სპორტსმენები გაგზავნეს აშშ-ის მოკავშირეებმა _ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ფინეთმა, ახალმა ზელანდიამ და შვედეთმა. აღსანიშნავია, რომ შემდეგ ოლიმპიადას, რომელიც 1984 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართა, ბოიკოტი გამოუცხადეს სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა _ საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა, აგრეთვე, ალბანეთმა, ლიბიამ და ირანმა _ სულ 18-მა ქვეყანამ.

სპორტსმენები, რომელთა ქვეყნების ხელისუფლებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მოსკოვის ოლიმპიადას, ოლიმპიური დროშის ქვეშ მონაწილეობდნენ.

მოსკოვის ოლიმპიადამ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც უზარმაზარ საბჭოთა კავშირში, ისე უცხოეთშიც. ოლიმპიურ თამაშებს დაესწრო 230 ათასი უცხოელი სპორტის მოყვარული, აგრეთვე, ათასობით კორესპონდენტი და ფოტორეპორტიორი. საბჭოთა კავშირში დაიწყეს სპორტული ლიტერატურის, ოლიმპიური მარკების, მონეტების, სამკერდე ნიშნების, პლაკატებისა და სუვენირების წარმოება; აიგო ახალი სასპორტო კომპლექსები და სასტუმროები.

თამაშებს მასპინძლობდა სტადიონი ლუჟნიკები, სადაც ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს წარგზავნილმა, იმ მომენტში 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სამხტომელმა ვიქტორ სანეევმა შეიტანა, ცეცხლი კი ოლიმპიურ თასში ასევე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კალათბურთელმა სერგეი ბელოვმა ააგიზგიზა.

ალექსანდრე დიტიატინი
ალექსანდრე დიტიატინი

ოლიმპიადების ისტორიაში პირველად საბჭოთა სპორტსმენები ყველა სახეობაში მონაწილეობდნენ და ასევე პირველად ყველა სახეობაში პრიზიორთა შორის იყვნენ. განსაკუთრებული წარმატება წილად ხვდათ მოჭიდავეებს, ტანმოვარჯიშეებს, წყალბურთელებს, ხუთჭიდელებს, ტყვიის მსროლელებს, ძალოსნებსა და მოფარიკავეებს. ოლიმპიურ თამაშებში ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა საბჭოთა ტანმოვარჯიშემ, ოლიმპიური თამაშების აბსოლუტურმა ჩემპიონმა ალექსანდრე დიტიატინმა _ 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. 3 ოქროს მედალი მოიპოვა რუსმა მოცურავემ ვლადიმერ სალნიკოვმა, 3-3 ოქროს მედალი მოიპოვეს, აგრეთვე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოცურავეებმა: კარენ მეტჩუკმა, რიკა რაინიშმა და ბარბარა კრაუზემ. შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს იტალიელმა პიეტრო მენეამ (200 მ-ზე რბენა), დიდმა ბრიტანელმა სებასტიან კოუმ (1500 მ რბენა), ეთიოპიელმა მირუს იფტერმა (5000 და 10 000 მ რბენა), პოლონელმა ვალდემერ ცერპინსკიმ (მარათონი), იტალიელმა სარა სიმეონემ (სიმაღლეზე ხტომა); მოსკოვში მესამე ოლიმპიური ოქრო დაისაკუთრა ლეგენდარულმა კუბელმა მოკრივემ თეოფილო სტივენსონმა.

არაოფიციალურ გუნდურ პირველობაში გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, რომელმაც სულ 196 მედალი მოიპოვა: 80 ოქროს, 69 ვერცხლისა და 46 ბრინჯაოს. მეორე შედეგი ჰქონდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას _ 126 მედალი, მათ შორის _ 47 ოქროს, 37 ვერცხლის, 42 ბრინჯაოს; მესამე ადგილზე გავიდა ბულგარეთი _ 41 მედლით, მათ შორის: 8 ოქროს, 16 ვერცხლისა და 17 ბრინჯაოს.

საქართველოს წარგზავნილთა შედეგები XXII ოლიმპიურ თამაშებში

ქეთევან ლოსაბერიძე
ქეთევან ლოსაბერიძე
შოთა ხაბარელი
შოთა ხაბარელი
ვახტანგ ბლაგიძე
ვახტანგ ბლაგიძე

საქართველოდან მონაწილეობდა 16 სპორტსმენი: ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა), ვახტანგ ბლაგიძე (კლასიკური ჭიდაობა), შოთა ხაბარელი (ძიუდო), ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა, სამხტომი), საიდა გუმბა (მძლეოსნობა, შუბის ტყორცნა), თეიმურაზ ხუბულური (ძიუდო), ალექსანდრე ანპილოგოვი (ხელბურთი), ლიანა ცოტაძე (წყალში ხტომა), ნიკოლოზ დერიუგინი (კალათბურთი), ალექსანდრე ჩივაძე (ფეხბურთი), თენგიზ სულაქველიძე (ფეხბურთი), რევაზ ჩელებაძე (ფეხბურთი), თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სრლა), დავით კვაჭაძე (კრივი), თამაზ ნამგალაური (ძიუდო), ირინა გერასიმოვა (ცურვა).

ქართველმა სპორტსმენებმა სულ 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ ქეთევან ლოსაბერიძე, ვახტანგ ბლაგიძე და შოთა ხაბარელი. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ვიქტორ სანეევმა, საიდა გუმბამ, თეიმურაზ ხუბულურმა და ალექსანდრე ანპილოგოვმა; ბრინჯაოს _ ალექსანდრე ჩივაძემ, თენგიზ სულაქველიძემ, რევაზ ჩელებაძემ, ნიკოლოზ დერიუგინმა და ლიანა ცოტაძემ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიები, რომლებიც შესანიშნავად იყო ორგანიზებული. ამ ცერემონიებში 16 ათასზე მეტი სპორტსმენი და პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობდა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ.

ვიქტორ სანეევი ჩირაღდანს გადასცემს სერგეი ბელოვს
ვიქტორ სანეევი ჩირაღდანს გადასცემს სერგეი ბელოვს

XXII ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 3 საათს გაგრძელდა, ოლიმპიადის დახურვის ცერემონია კი 1980 წლის 3 აგვისტოს გაიმართა. ოლიმპიური ჰიმნის აჟღერებისას დაუშვეს ოლიმპიური თეთრი დროშა. ოლიმპიადის ცეცხლის ქვეშ ტრიბუნებზე ფერადი ფარებით შედგენილ მხატვრულ ფონზე გამოისახა XXII ოლიმპიადის სიმბოლო _ დათვიმიშკადა სიტყვები: “გზა მშვიდობისა!”, ბოლოს კი სიმღერის _ “ნახვამდის, მოსკოვო!”- _ ჰანგებზე ცაში აფრინდა 8 სიმაღლის გასაბერი დათვი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here