საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ერთობლივი პროექტი
რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.
ბოლო წლების განმავლობაში საქართელოში გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრები მიუთითებს, რა დიდი საფრთხეა ხანძარი ტყის მასივების, დაცული ტერიტორიების, სასოფლო–სამეურნეო მიწებისა და საძოვრებისთვის. თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში უკიდურესად მშრალი ამინდების სიხშირეს და კლიმატის მოდელირებაზე დაფუძნებულ პროგნოზებს, სავარაუდოა, რომ მომავალი წლების განმავლობაში ხანძრების მასშტაბი და სიხშირე გაიზრდება, რაც შესაბამისად გაზრდის ზარალს.
აალების ხასიათისა და ტყის შემადგენლობის მიხედვით არჩევენ ხანძრის შემდეგ სახეებს: დაბლითი, მაღლითი და მიწისქვეშა. დაბლითი ხანძრისას წვა მიმდინარეობს მიწისპირა ფენაში. ჩნდება ტყის ქვედა იარუსის აალებით: ცეცხლი ეკიდება ბალახს, მშრალ ფოთლებს, ძველ ფესვებს, ჩამონაცვენს, მიწაზე დაგდებულ ტოტებს, ხის ქერქს, ბუჩქებს. ხანძრის გავრცელების სიჩქარე შეადგენს 19 მეტრიდან 1 კილომეტრამდე საათში. იგი დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე, ფართოფოთლოვანი ტყეების ტემპერატურასა და ტენზე. ადამიანს თავისუფლად შეუძლია აარიდოს თავი დაბლით ხანძარს, ადვილია მისი ჩაქრობაც. მაღლითი ხანძარი კი ძალზე საშიშია. ის ვითარდება დაბლითი აალებისგან, ძლიერი ქარის პირობებში; წინ უსწრებს ხანგრძლივი გვალვები. თუ დროზე არ მივიღებთ ზომებს დაბლითი ხანძრის ჩასაქრობად, ცეცხლი გადავა ხეებზე. აალება უფრო ხშირად ხდება წიწვოვან, მუხისა და კედრის ტყეებში. მაღლითი ხანძრისას ცეცხლი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება _ საათში 6-7 კილომეტრი სიჩქარით. სტაბილური ალის შემთხვევაში იწვის ტყის ყველა იარუსი. ცეცხლი მოიცავს ხეების ღეროსა და ვარჯს, ბუჩქებსა და ქვეტყეს. ამ შემთხვევაში ხეები მთლიანად იწვის. მაღლითი ხანძრისას ტემპერატურა მერყეობს პლუს 900-1200 გრადუსს შორის. მაღლითი ხანძრის შესაჩერებლად უნდა გაიკაფოს ტყე. მოჭრილი ხეები გააქვთ განაკაფიდან იმ მიმართულებით, საიდანაც ქრის ქარი და მოდის ცეცხლი. მიწისქვეშა ხანძრისას იწვის ტორფი გარკვეულ სიღრმეზე, რომლის დროსაც ხდება ფართო სიცარიელეების (დაახლოებით 1 მეტრის) წარმოქმნა. ხანძრის ეს სახე, პირველი ორისაგან განსხვავებით, ყველაზე ხანგრძლივია და ძნელად ჩასაქრობი. ტორფს შეუძლია წვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაშინაც კი, როცა ჟანგბადი არ არის ხელმისაწვდომი. ღია ცეცხლის არ არსებობის შემთხვევაში კი ხანძრის კერის ლოკალიზება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუ ხართ ტყეში, სადაც გაჩნდა ცეცხლი, აუცილებელია, გაარკვიოთ ქარისა და ცეცხლის გავრცელების მიმართულება. სახიფათო ზონა უნდა დატოვოთ მხოლოდ ცეცხლის გავრცელების გასწვრივ. ნუ შეეცდებით, გაასწროთ ხანძარს. ჟანგბადის სიმცირის შემთხვევაში დაიხარეთ მიწაზე. თუ შესაძლებელია, ისუნთქეთ სველი ცხვირსახოცის ან ნაჭრის მეშვეობით. თუ სიახლოვეს არის გუბურა, შედით მასში. ტყის ხანძრებიდან უფრო მეტად გავრცელებულია დაბლითი ხანძრები. 1994-2004 წლებში ტყის ხანძრების 86,1% მოდიოდა დაბლითზე, 13,6% _ მაღლითზე და მხოლოდ 0,3% _ მიწისქვეშაზე.
ტყის ხანძრების შედეგად იცვლება ბიოცენოზის მრავალფეროვნება. კატასტროფის რეგიონში ჩნდება იშვიათი ჯიშის ხეების სრული განადგურების საფრთხე, იცვლება ნიადაგის შედგენილობა–თვისებები და წყლის რეჟიმი. ლოკალურად იცვლება ნახშირბადისა და აზოტოვანი ნივთიერების წრებრუნვა. ირღვევა სატრანსპორტო მიმოსვლა, კვამლის გამო უარესდება ადამიანის ჯანმრთელობა, ხდება ცეცხლწაკიდებული რაიონის მიმდებარე ფართობების ნაწილობრივი ან სრული დაზიანება, ირღვევა სასოფლო–სამეურნეო საქმიანობა, რადგან კვამლი ხელს უშლის ფოტოსინთეზის პროცესს და ამუხრუჭებს კულტურების დამწიფებას. დღის წესრიგში დგება გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯები დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად.
ტყის ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი არ გამოიხატება მხოლოდ ცეცხლისაგან დამწვარი და დაზიანებული ხეებით. ხანძრის შემდეგ გაძნელებულია ტყის ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა. ტყის ხანძრები ხელს უწყობს მავნე მწერების კერების გაჩენას. ხანძრით შესუსტებულ ნარგაობაში მასობრივად ვითარდება მერქნის ხოჭო, მუხის დიდი ხარაბუზა და ხის პათოგენური სოკოები, ნადგურდება სასარგებლო ენტომოფაუნა, მნიშვნელოვნად ეცემა ნიადაგის ნაყოფიერება და უარესდება მისი თვისებები.
ხანძარი ადვილად ანადგურებს იმ ხის ნარგაობას, რომელსაც ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს. ყალიბდება კორდი და ქარს ეხსნება გზა სხვა ნარგაობისკენ, შედეგად წარმოიქმნება ქარტეხილები. ნარგაობის განადგურების შედეგად, იზრდება გრუნტის წყლის დონე და ხე-ნარგაობების ადგილას ფორმირდება ჭაობი. განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვს ხანძარს მთის ტყეებისათვის, სადაც ის არის ეროზიის სწრაფი განვითარებისა და ორგანული ნივთიერების შემცველი ფენის ჩარეცხვის მიზეზი. ხანძარი ანადგურებს ცხოველების საკვებ ბაზას, ფრინველების საბუდარს, ირმის ხავსს, რომლის აღდგენას 20-40 წელი სჭირდება. გადარჩენილი ცხოველები კი საკვების ძიების პროცესში გადაადგილდებიან ცეცხლწაკიდებული ტერიტორიებიდან სხვა ადგილებში.
განსაკუთრებით არახელსაყრელია ხანძრის ზემოქმედება ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე. ხანძრის შემდეგ ტყის ნიადაგები კარგავს სტრუქტურას. ორჯერ მცირდება წყალგამძლე აგრეგატების (2მმ-ზე დიდი) რაოდენობა 0-30-სმ-იან ფენაში. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით წვრილი ნაწილაკები (მტვერი, თიხა) ეწებება ერთმანეთს და წარმოიქმნება გუნდა, რომელიც საკმაოდ მტკიცეა და ძნელად ექვემდებარება დაშლას. წყლისა და ჰაერგამტარობის მკვეთრი შემცირება აძლიერებს ზედაპირულ ჩამონადენს, რომელსაც ხშირად მოსდევს ეროზიული პროცესების გაძლიერება. მკვდარი საფარი და ხავსი წარმოადგენს თავისებურ ბიოლოგიურ ფილტრს, რომელიც ხელს უშლის ჟანგბადით შედარებით მდიდარი ატმოსფერული ჰაერის შეღწევას ნიადაგის ქვედა ფენებში. მათი დაწვა ზრდის ნიადაგის აერაციას და ააქტიურებს ჟანგვისა და მიკრობიოლოგიურ პროცესებს.
ტყის მასივებში სტიქიური უბედურება იწყება, როგორც ბუნებრივად _ მშრალი ხის ღეროზე მეხის დაცემით (დედამიწაზე ყოველწლიურად მეხის დაცემის გამო 50 000 ხანძარი ჩნდება), თვითაალებით, აგრეთვე, ხელოვნურად, ადამიანის დაუდევრობის შედეგად _ სიგარეტის ნამწვით, ჩაუქრობელი კოცონისა და ადვილადაალებადი საგნების დატოვებით. სამაგალითოდ შეიძლება მოვიყვანოთ პლასტმასის ბოთლი, რომელიც მინდორში დიდი სიცხის გამო აალდა. ამიტომ თითოეული ჩვენგანის უპირველეს მოვალეობად უნდა იქცეს ბუნების დაცვა დანაგვიანებისგან.
ბუნებაში გაჩენილი ხანძარი დიდი უბედურების მიზეზი ხდება: იწვება ტყის მასივების გიგანტური ფართობები, ნადგურდება უნიკალური ეკოსისტემები. ორგანული ნივთიერების წვის პროცესში ატმოსფეროში გაიფრქვევა კვამლის უზარმაზარი მასა, რომელიც შეიცავს ისეთ საშიშ დამაბინძურებლებს, როგორიცაა ნახშირორჟანგი, ნახშირბადის მონოქსიდი, აზოტის ოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, ამიაკი, ფორმალდეჰიდი, ფენოლები, დიოქსინები და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებები. ატმოსფეროში ხვდება ჭვარტლისა და ქიმიურად აქტიური აირების დიდი რაოდენობა. ტყის ხანძრის ჩასაქრობად ფართოდ გამოიყენება ფტორის შემცველი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლია სერიოზულად დააზიანოს გარემო. ეს ნივთიერებები შეუქცევად ცვლილებებს იწვევს ცხოველებში და შლის დედამიწის ოზონის შრეს.
ხანძრის კვამლი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით საშიშია ერთ წლამდე ბავშვებისათვის. მათში კვამლის ზემოქმედებით იზრდება გულის მანკის, გულ–სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების, ნერვული და თირკმელების დაავადებების სიხშირე. როგორც ექიმები ამტკიცებენ, უმრავლეს შემთხვევაში, სიკვდილის რაოდენობის მომატება აღინიშნება იმ მამაკაცებსა და ქალებში, რომელთა წლოვანება არის (ან აღემატება) 65 წელი. ტყის ხანძრების ჩაქრობაზე იხარჯება უზარმაზარი ძალა და სახსრები. ისმის კითხვა: რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოიმოქმედოთ, სტიქიური ხანძრები ხომ არ არის დამოკიდებული ადამიანზე? სამწუხაროდ, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად სწორედ ადამიანია ხანძრის გაჩენის მიზეზი. სტატისტიკა მოწმობს, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ხანძრის გაჩენის მიზეზი ადამიანია. ასე რომ, პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანების გაფრთხილება, რათა მათი დაუდევრობის შედეგად არ მოხდეს ხანძარი და არ დავუშვათ ცეცხლის გაჩენა.
ეკოლოგების აზრით, ხანძრისას ყველაზე დაუცველია ტყის ფოთლოვანი ხის ჯიშები: მუხა, ცაცხვი, იფანი, ასევე ნაძვი. წიწვოვანი ხეები სხვადასხვანაირად უმკლავდება ცეცხლს. თუ ცეცხლი გაჩნდა ნაძვნარ ტყეში, ის სრულად დაიწვება და ვეღარ “აღდგება”. სხვა ხეებთან შედარებით დაწვის მიმართ უფრო მეტად მედეგია ფიჭვი, რომელიც უძლებს დაბლითა ხანძრებს. დიდ ხეებს უფრო დიდი შანსი აქვთ, გადაურჩნენ ხანძარს, ვიდრე ახალგაზრდებს, რომლებსაც ქერქი სქელი არ აქვთ. შესაბამისად, იწვის პატარა და რჩება ძველი ხეები.
ბოტანიკოსები და ეკოლოგები თვლიან, რომ, თუ ტყეს გადაუარა მაღლითმა ხანძარმა, მისი ჯიშობრივი შემადგენლობა შეიცვლება. პირველ წლებში ნახანძრალის ადგილას იქნება გაუდაბნოებული ფართობი. 2-3 წლის შემდეგ წამოვა თხაწართხალა და ჟოლო, რომლებიც იზრდება ნაფერფლარზე. ქვეტყის გაჩენამდე გაივლის კიდევ 5 წელი. პირველი ხე კი, სავარაუდოდ, იფანი ან არყის ხე იქნება.
ხანძარი ტყის ეკოსისტემის დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ხანძრის მოქმედებით ხდება ტყის საარსებო გარემოს შემადგენლობის ტრანსფორმირება, იცვლება მცენარეული საფარის სტრუქტურა. ცეცხლის ზემოქმედება მნიშვნელოდ ცვლის სიტუაციას: იღუპება ხეების ნარგაობა, ცოცხალი ნიადაგური და მკვდარი საფარი.
ტყის მასშტაბური ხანძრები ქმნის დიდ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ზაფხულის ტყის ხანძრებისგან გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აჭარბებს მსხვილი სამრეწველო ცენტრების საწარმოების მიერ ატმოსფეროში გამოფრქვეულ მავნე ნივთიერებებს.
ბოლო წლების დრამატული მოვლენები მოწმობს, რომ აუცილებელია ტყეების დაცვის კარდინალური გაუმჯობესება, მრავალრიცხოვანი დამთრგუნველი ფაქტორებისაგან, პირველ რიგში კი, ხანძრებისგან. ხანძარი დიდად აზიანებს ტყეს, ქვეყნის მეურნეობასა და ეკონომიკას. ხანძრისგან ტყეების დაცვა სატყეო მეურნეობის ყველა თანამშრომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ქვეყანაში აუცილებელია არსებობდეს მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კარგად ორგანიზებული ტყის დაცვის საშუალებებით (მაშველები და ავიაცია). ცხელ პერიოდში უნდა წარმოებდეს ხანძარსაშიშროების მონიტორინგი და პროგნოზირება. პერიოდულად უნდა ტარდებოდეს კონტროლს დაქვემდებარებული პროფილაქტიკური გადაწვები ტყეში არსებული საწვავი მასალის მარაგის შესამცირებლად. პოსტხანძრულ პერიოდში მეტყევეების ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ტყის აღდგენის დროის მინიმუმამდე შემცირება და მაღალი ეკოლოგიური სტატუსის მქონე მცენარეული საზოგადოების ფორმირება, რომელსაც უნარი ექნება, გააუმჯობესოს ეკოსისტემის ბუნებრივი პოტენციალი და შეუნარჩუნოს სამრეწველო რეგიონებს ბიოკლიმატური ბალანსი.
გურამ ალექსიძე,
საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი;
რევაზ ლოლიშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი