Home რუბრიკები საზოგადოება დავით მუხიგული: ნეტავ რა უნდა ასწავლონ აგვისტოს ომზე: ის, რომ ყველა იმალებოდა?...

დავით მუხიგული: ნეტავ რა უნდა ასწავლონ აგვისტოს ომზე: ის, რომ ყველა იმალებოდა? ქვეყნიდან რომ გარბოდნენ? ფულს რომ მალავდნენ?

“2008 წლის ომი ფარსი იყო, გარიგება, ფულის გათეთრება, არ ვიცი, რა დავარქვა ყველაფერს, რაც მაშინ იქ ვნახე”

2005
დავით მუხიგული

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებით გამოეხმაურა ქვეყნის 14 საჯარო სკოლაში ახალი საგნისთავდაცვა და უსაფრთხოებისსწავლებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს და საზოგადოებას მკაფიოდ განემარტოს ამ საგნის სწავლების მიზანი და შედეგი, რომელსაც მომავალი თაობებისთვის გამოიღებს.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, ქვეყნის თოთხმეტ საჯარო სკოლაში მოქმედი სამხედრო ოფიცრების მიერ ახალი საგნის _ “თავდაცვა და უსაფრთხოების” სწავლებას. როგორც ცნობილია, ხსენებული სახელმძღვანელო ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად მოიცავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ანალიზსა და შეფასებას. 2008 წლის ომზე მუდმივი აპელირება და მხოლოდ ამ ომის გმირების ღვაწლის აღნიშვნა და დაფასება, მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენს ქვეყანას არაერთი ომი თუ შეიარაღებული კონფლიქტი გადაუტანია, ვფიქრობთ, არასწორია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უახლეს ისტორიაში წარმოებულმა ომებმა ქვეყანას მრავალი გმირი შეჰმატა, რომელთა თავდადების არაღიარება, მათი სახელებისა და ისტორიების სასწავლო პროგრამაში გაუთვალისწინებლობა ძალიან დიდი შეცდომაა; მეტიც, დანაშაულია ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე! მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოში მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებისა და მათი გმირების ისტორია არ უნდა ისწავლებოდეს. სახელმძღვანელო აუცილებლად უნდა მოიცავდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 1991-1993 წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული საომარი მოქმედებების, ასევე, კოდორში და 1998 წელს გალსა და 2004 წელს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებისა და მათი გმირების ისტორიას, რათა არც ერთ ისედაც გულმოკლულ დედას, რომლის შვილმაც თავი სამშობლოს ერთიანობასა და დამოუკიდებლობას შესწირა, არ ჰქონდეს განცდა, რომ მისი ვაჟკაცის მიერ ქვეყნისთვის გაღებული სისხლი და სიცოცხლე დაუფასებელი და უგულებელყოფილია!” _ ნათქვამია ომის ვეტერანთა განცხადებაში. დაახლოებით იმავე შინაარსისაა “საქართველოს ვეტერანთა კლუბის” განცხადებაც: “კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის საამებლად გადადგმულ ამ ნაბიჯს, რომელიც წინა ხელისუფლების, კონკრეტულად კი, მიხეილ სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის, მრწამსისა და სახელმწიფოებრივი ხედვის გაგრძელებაა _ არათანაბარ პირობებში ჩაეყენებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე შემადგენლობა; დაეყო ვეტერანთა დიდი ოჯახის დამსახურებული წევრები “ჩემს” და “სხვის” ვეტერანებად.

არასწორი და არასამართლიანია საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ მხოლოდ ერთ, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით შეუსწავლელ, 2008 წლის ომზე მუდმივი აპელირება და მხოლოდ ამ ომის გმირების ღვაწლის აღნიშვნა და დაფასება, მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ჩვენს ქვეყანას არაერთი ომი, შეიარაღებული კონფლიქტი თუ საბრძოლო ეპიზოდი გადაუტანია 1918-1921, 1941-1945, 1991-1993, 1994-1996, 1998, 2001-2002, 2004 წლებში!” _ ნათქვამია განცხადებაში.

სასკოლო სახელმძღვანელოზეთავდაცვა და უსაფრთხოებაგვესაუბრება ომის ვეტერანი, თადარიგის მაიორი დავით მუხიგული:

_ დღეს რატომღაც ასეთი ტენდენციაა: მხოლოდ 2008 წლის ომზე საუბრობენ და არავინ ახსენებს, რა ომები გადავიტანეთ 1990-იან წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მე ვიბრძოდი ყველგან, მათ შორის, 2008 წლის ომშიც, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში არ მქონია განცდა, რომ ომში ვიყავი. იქ იყო მხოლოდ დაბომბვები და ამას შეეწირნენ უგზო-უკვლოდ წაყვანილი ახალგაზრდები. ყოველთვის ვარიგებდი მათ ჭკუას, ვეუბნებოდი, რომ ეს ომია, მკვდრებსაც უნდა მიხედოთ და ცოცხლებსაც, ზურგს უკანაც უნდა იყუროთ და წინაც-მეთქი. არაფერი იცოდნენ… საინტერესოა, რა უნდა ასწავლონ ბავშვებს და რა უნდა ელაპარაკონ ამ ომზე.

1991-1993 წლის ომები მართლა ომები იყო, განსაკუთრებით სამაჩაბლოში. 2008 წელს ვინც იბრძოდა, მან არ თქვას, რომ ომი ნახა, ომში იყო. 13 თვესა და 13 დღეს ვიბრძოდით აფხაზეთში, ეს ცოტა დრო არ არის…

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, 1990-იან წლებში მებრძოლ ადამიანებს არ აფასებენ, 2008 წლის ომში ვინც იბრძოდა, ყველა თანამდებობაზეა, ყველას კარგი პირობები აქვს, ჩვენ არავის ვახსოვართ და, სამწუხაროდ, არც ის ომები ახსოვს ვინმეს.

_ ბევრს საუბრობენ იმაზე, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, ზოგი ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო, ზოგის აზრით _ სააკაშვილმა, ზოგი ცდილობს, სააკაშვილი გამიჯნოს საქართველოსგან. წიგნი, სახელმძღვანელო, რომელშიც მხოლოდ აგვისტოს ომზეა საუბარი, ფიქრობთ, რომ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს?

_ 2007 წელს ჩვენი რაზმები გადადიოდნენ ცხინვალში, აკონტროლებდნენ ყველაფერს, მაგრამ პირველი ვინ გაისროლა, არ ვიცი. ვიცი ის, რომ მე და ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალში ვიბრძოდით, როკის გვირაბთან რომ დავმდგარიყავით, შესაძლოა, ერთი ტანკიც არ გამოგვეტარებინა, ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ომი შეთანხმებული იყო სადღაც და ვიღაცასთან. 2008 წლის ომი მაიმუნობა იყო, მაპატიოს ყველამ ამ გამოთქმისთვის.

ერთ ამბავს მოგიყვებით: აგვისტოს ომში ჩემ გვერდით ერთი ბიჭი იყო, ძალიან კარგად აღჭურვილი, ჩაცმულ-დახურული… რაცია ჰქონდა, ვთხოვე, ჩემგან შორს არ წასულიყო, რადგან მინდოდა, რაციისთვის მესმინა და ვითარებაში გავრკვეულიყავი. უცებ რაცია ჩაირთო და რუსი გენერალი ელაპარაკებოდა ერეკლე კოდუას: ვიცი, სად დგახართ, არ დაგბომბავთ. ორ წუთში თქვენს თავზე თვითმფრინავი გადმოიფრენს და არ ისვრისო. მართლაც ასე მოხდა, მაგრამ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ისე ჩახტნენ ჯიპებში, ისეთი სიჩქარით მოსწყდნენ ადგილს, თვითმფრინავიც ვერ დაეწეოდა. ჩვენ, მეომრები, დავრჩით, ფეხით დავიარეთ ყველა ადგილი, ავკრიბეთ იარაღი და დავაბრუნეთ თავის ადგილას, ყველა იარაღი თვლით და ნომრით ჩავაბარეთ. 2008 წლის ომი ფარსი იყო, გარიგება, ფულის გათეთრება, არ ვიცი, რა დავარქვა ყველაფერს, რაც მაშინ იქ ვნახე. ასე რომ, ომი ვინ დაიწყო, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რა ომი იყო. თუ ამბობენ, რომ ჩვენს მიწა-წყალზე მტერი გადმოვიდა, უნდა დაეწყოთ ომი, აბა, რა უნდა ექნათ?! მაგრამ მაინც საეჭვოა ყველაფერი.

ბავშვებს უნდა ასწავლონ არა 2008 წლის ომი ან როგორი ბოროტია რუსი, არამედ ომის დროს როგორ დაიცვან თავი, როგორ მოიქცნენ, თავი სად შეაფარონ, სამოქალაქო თავდაცვა ასწავლონ.

შარშან მოსკოვში ვიყავი დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან ერთად, რომ შეიტყვეს, მეც ვეტარანი ვიყავი, აღფრთოვანდნენ, მტრულად არ შემოუხედავთ, ხომ მიხვდნენ, რომ 1990-იანი წლების ვეტარანი ვიყავი, მაგრამ დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ შეუცვლიათ. აქ კი, თბილისის აეროპორტში, მე კი არა, დიდი სამამულო ომის ვეტერან მოხუცებსაც უხეშად ექცეოდნენ, 95 წლის მოხუცებს კინაღამ თავზე გადაუარეს, რასაც რუსი არასოდეს იზამს, განსაკუთრებით მეომარის წინაშე. ახალგაზრდებმა იციან, რომ ზებრა გადასასვლელი მათი გზაა, ქვეითების, მაგრამ არ იციან, რომ ომის ვეტერანებს პატივი უნდა სცენ, ყველა ომის ვეტარანს და არა მხოლოდ 2008 წლის ომის.

ბავშვებს უნდა ასწავლონ ქვეყნის ისტორია, ომის ვეტერანების პატივისცემა და არა სააკაშვილის, რომელმაც რამდენიმე დღეში დათმო ტერიტორიები

ბავშვებს კაცობის მაგალითი მისცენ. რას აყურებინებენ, საზღვართან მდგარ შარვალჩახდილ მამაკაცებს? ასწავლონ, რომ ასე მოქცევა ქვეყნის სირცხვილია; ნეტავ რა უნდა ასწავლონ აგვისტოს ომზე? ის, რომ ყველა იმალებოდა? ქვეყნიდან როგორ გარბოდნენ? ფულს როგორ მალავდნენ?

რუსებს ლანძღავენ, მაგრამ იმაზე არ ლაპარაკობენ, რამდენს ითმენს რუსი ჩვენგან, მაგალითად ისიც კმარა, რაც ამას წინათ საზღვარზე ჩაიდინეს, შარვალჩახდილები რომ იდგნენ და უკანალს უჩვენებდნენ.

ომის სწავლა წიგნით არ შეიძლება, ომის შედეგებს ისტორია განიხილავს, ომს კი თვითონ ომი გასწავლის.

ამ წიგნის სკოლაში შეტანა არ მომწონს, ვფიქრობ, ცუდი ჩანაფიქრი აქვთ და რაღაცას აპირებენ, ოღონდ ჯერ ვერ ვხვდები, რას… თუკი რაიმეს სწავლება უნდათ ბავშვებისთვის, სკოლაში იაკობ გოგებაშვილი დააბრუნონ, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არც იცის “დედა ენის” ავტორი ვინ არის.

როგორც ვეტერანი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ სკოლაში აგვისტოს ომის საკითხზე ბავშვებთან ლაპარაკის, მათთვის იმ ომის შესახებ რაიმე გაკვეთილის ჩატარების, რადგან თავშივე გითხარით, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენა არ იყო ომი. ახლანდელი პრეზიდენტი ვალდებულია, გმირთა მოედანზე ვეტერანებთან მოვიდეს და ქედი მოიხაროს, ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად დაველაპარაკებით, იმედია, ჩვენს აზრს გაითვალისწინებს ქვეყნის მთავარსარდალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით გამოვხატავთ ჩვენს უკმაყოფილებას აღნიშნული წიგნის სკოლაში შეტანის გამო.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here