მედალი “აისაფის” მისიაში მონაწილეობისთვის, მედალი საბრძოლო იარისთვის, ნატოს ძალების მედალი “აისაფის” მისიაში მონაწილეობისთვის, ღირსების ორდენი, ძლიერთა თამაშების გამარჯვებულის ოქროსა და ვერცხლის მედლები _ ამ ჯილდოების მფლობელი 2008 წლის ომის ვეტერანი, თადარიგის უმცროსი სერჟანტი დავით მახარეიშვილი დღეს საკუთარი უფლებების დასაცავად და სამხედრო სამსახურში აღდგენისთვის იბრძვის:
_ მე, დავით მახარეიშვილი, თადარიგის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის ომის მონაწილე და ავღანეთში ნაომარი კაცი ვარ, სადაც მძიმედ დავიჭერი. სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2006 წელს გამიწვიეს, ვმსახურობდი კრწანისის ეროვნულ ბაზაზე, ბრიგადის დაზვერვის ქვედანაყოფში. შემდგომ 6 თვის განმავლობაში ვმონაწილეობდი სამშვიდობო მისიაში კოდორის ხეობაში. სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ საბუთები შევიტანე პროფესიულ, საკონტრაქტო სამსახურში, ჩავირიცხე ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში გორის მესამე ბაზაში (ასეთი ბაზა არსებობდა ომამდე). 30 ივლისს დავინიშნე, 7 აგვისტოს კი ომი დაიწყო. იმ მომენტში სენაკში გახლდით და დაგვმბომბეს, რამდენიმე რეზერვისტი დაიღუპა. მართალია, მაშინ ძალიან რთული იყო იმის გარკვევა, ვის რა ევალებოდა და ვინ რა დავალებას ასრულებდა, მაგრამ ჩვენი ფუნქცია ზურგში დგომა იყო, ამიტომ საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი ბატალიონი არ ჩართულა. ბოლო წუთამდე ვასრულებდი მეთაურის მითითებებს. როდესაც ომი დასრულდა, ჩვეულებრივად განვაგრძე მსახურება პროფესიულ სამხედრო ქვედანაყოფში, გავიარე სერჟანტთა სკოლა, მერე დავინიშნე ათმეთაურად, შემდგომ _ ოცმეთაურად, ვიყავი ასეულის სერჟანტი. 2011 წელს მოვიდა თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას ბრძანება, რომლის თანახმად, ვისაც სურვილი ჰქონდა ან არ ჰქონდა, მაინც უნდა წასულიყო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.
_ თქვენ არ გქონდათ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის სურვილი?
_ იმხანად გვარდია დახურული იყო, ბრიგადიდან ბრიგადაში გადასვლა კი _ შეუძლებელი. მოკლედ, მისიაში აუცილებლად უნდა წავსულვიყავი. დამნიშნეს 23-ე ბატალიონის ათმეთაურად და სამშვიდობო მისიაში გამგზავნეს ავღანეთში. ჩავედით ჰელმანდის პოვინციაში. გვიწევდა, როგორც ბრძოლებში ჩართვა, ასევე პატრულირება. ქვეით ჯარში ვიყავით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (მზის დაკვრა მივიღე), გარკვეული პერიოდი მკურნალობის კურსის გავლა დამჭირდა და, ასეულში დაბრუნების შემდეგ, მეთაურმა გადაწყვიტა, მოტორიზებულ პატრულირებაში გადავეყვანე. ერთხელ პატრულირებისას ავღანელები ჩაგვისაფრდნენ და ჩვენი მანქანა აფეთქდა ე.წ. აიდზე, ხელნაკეთ, მართვად ბომბზე. შედეგად მივიღე კონტუზია და გონება დავკარგე. დაახლოებით 40 წუთს ვიყავით ტყვიების წვიმაში. მთავარი ბაზა ყველაფერს აკეთებდა, დროულად რომ გამოვეყვანეთ, მაგრამ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. საბოლოოდ, ავიაცია დაგვეხმარა, თვითმფრინავებიდან, რომლებიც საკმაოდ ზუსტად ისვრიან დამიზნებით, რამდენიმე ჭურვი ისროლეს იმ სოფლის მიმართულებით, საიდანაც ჩვენზე თავდასხმა ხორციელდებოდა. ჩვენმა ბიჭებმა, ქართველებმა, დაჭრილები სროლას მოგვაშორეს და ბატალიონის ბაზაზე გადაგვიყვანეს, გამოიძახეს მედევაკი _ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, მაგრამ ამერიკელებმა ჩვენს მეთაურს უთხრეს, რომ ასეთი მანქანა საკმარისი რაოდენობით არ ჰყავდათ, რადგან უპირველესად ამერიკელი ჯარისკაცები უნდა გადაეყვანათ სამედიცინო პუნქტში, შესაბამისად, პრიორიტეტი მათი გადარჩენა იყო.
_ რას ნიშნავს ამერიკელი ჯარიკაცების პრიორიტეტულობა, ანუ თქვენი გადარჩენა მეორეხარისხოვანი იყო?
_ სპეცოპერაციას ამერიკელები ატარებდნენ, ჩვენ კი გზას ვაკონტროლებდით: ამერიკელებთან შეტაკებისას გაქცეული ტერორისტები გზაზე თუ გამოვიდოდნენ, უნდა დაგვეკავებინა. ჩვენმა მეთაურმა კონკრეტულად დასვა საკითხი, რომ მისთვის მთავარი ჩვენი გადაყვანა იყო და სხვა პრიორიტეტი არ აინტერესებდა. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა მედევაკი და ე.წ. ლეზერნიკის გამანაწილებელ ბაზაზე გადაგვიყვანეს. პირველადი დათვალიერების შემდგომ ამერიკელმა ექიმებმა თქვეს, რომ ვერაფერს გამიკეთებდნენ და, რადგან მდგომარეობა მძიმე იყო, ამიტომ სასწრაფოდ გამგზავნეს გერმანიაში, ლანდშტურმის კლინიკაში. წელს ქვემოთ კიდურებს ვერ ვგრძნობდი. გაირკვა, რომ ხერხემალი მქონდა დაზიანებული, დამიდგინეს ხერხემლის მალების მოტეხილობა. როგორც ექიმებმა მითხრეს, საჭირო იყო ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია. ტკივილების გასაყუჩებლად დღეში რამდენჯერმე მიკეთებდნენ მორფინს, მაგრამ ვერც ის მიყუჩებდა ტკივილს. 2012 წლის არჩევნები ახლოვდებოდა. მე და ჩემი ჯარისკაცები სპეცრეისით ვერტმფრენით გადმოგვიყვანეს საქართველოში. არც პასპორტები გვქონდა და არც პირადი ნივთები, ყველაფერი ბაზაზე დარჩა. იმხანად ტელევიზიები არ აშუქდებდნენ მსგავსი ამბებს და აეროპორტიც კი დახურეს რაღაც დონეზე, სანამ ვერტმფრენიდან გადმოგვიყვანდნენ. გადაგვიყვანეს ალექსეევკის სამხედრო ბაზაზე, იქიდან კი _ სამხედრო ჰოსპიტალში.
_ აეროპორტში არავინ დაგხვდათ? არც მადლობა გითხრათ ვინმემ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის?
_ შაშკინი იყო მაშინ თავდაცვის მინისტრი, არც დამხვედრია და არც მერე მოსულა. გადაგვიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში…
_ დღევანდელი გადასახედიდან ხომ არ ნანობთ, რომ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდით?
_ რა თქმა უნდა, ვნანობ. ვნანობ, რომ ამათ გამო გავწირე თავი და დავკარგე ჯანმრთელობა. ის წლები მენანება, სამხედრო სამსახურში რომ გავატარე. ორ წელიწად-ნახევარია ამ მდგომარეობაში ვარ და მიჭირს ამაზე საუბარი, როგორც სერჟანტს, როგორც სამხედრო პირს. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, სამხედრო პირს თავშეკავება მართებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მიწევს ამაზე საუბარი… ჰოსპიტალში რამდენიმე დღეს გაგვაჩერეს. მერე გამწერეს სახლში 6-თვიანი სამედიცინო შვებულებით, ასე გრძელდებოდა 2015 წლამდე, სანამ სამხედრო სამსახურიდან გამაგდებდნენ.
მკურნალობის დასრულების შემდეგ 60-დღიანი სამედიცინო შვებულებით გიშვებენ სახლში, შემდეგ ისევ მიდიხარ ჰოსპიტალში და ა. შ. ერთი სიტყვით, არ არსებობს კანონი, რომელიც დაარეგულირებს სახელმწიფოს მიდგომას დაჭრილებისადმი.
_ თუ იცით, როგორ გრძელდება სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ამერიკელი სამხედროების ცხოვრება?
_ მკურნალობის შემდეგ დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცი ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას რომელიმე ძვირად ღირებულ კურორტზე გადის, ცხადია, სახელმწიფოს დაფინანსებით. მოგეხსენებათ, ამერიკაში ვეტერანთა კავშირს ყველაზე დიდი დაფინანსება აქვს, ხოლო დაჭრილ სამხედროს _ ცხოვრების ბოლომდე გარანტირებული შემოსავალი სახელმწიფოსგან. ცხოვრობენ სამხედრო ქალაქებში, ვისაც ამის სურვილი აქვს, და არიან პრივილეგიურ მდგომარეობაში. ის ჯარისკაცები, რომლებიც ემსახურნენ თავიანთ ქვეყანას, სახელმწიფოს დაფასებული ჰყავს, სიკვდილამდე არიან უზრუნველყოფილი.
_ დავუბრუნდეთ თქვენს ისტორიას.
_ როგორც გითხარით, 2015 წლამდე გრძელდებოდა ჩემთვის სამედიცინო შვებულებაში ყოფნის პერიოდი. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობისას საქართველოში ამერიკელი ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა, სამშვიდობო მისიებსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმედნენ. მეც მომიწია მათთან კონსულტაციის გავლა. ამერიკელი ექიმების დასკვნით, მჭირდებოდა ხელახალი გამოკვლევა, რისთვისაც გამამწესეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. დაახლოებით, თვე-ნახევარი გავატარე იქ. თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, სამედიცინო დეპარტამენტიდან, ირაკლი ალასანიმაც მომინახულა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამომიყვანეს თბილისში და დავდიოდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში. რამდენიმეთვიანი პროცედურების შემდეგ ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ტკივილებიც მეტ-ნაკლებად მომეხსნა. დავიწყე ვარჯიში და ჩავერთე ძლიერთა თამაშებში, რომელიც აშშ-ში, სან-დიეგოში საზღვაო ქვეითთა ბაზაზე ჩატარდა. 2015 წელს გავემგზავრეთ ამერიკაში. მჯდომარე ფრენბურთში ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო პნევმატურ სროლაში სიცხიანი გამოვედი და მეორე ადგილზე გავედი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დაგვაჯილდოვა. მინდია ჯანელიძე იყო იმ დროს თავდაცვის მინისტრი, ყველამ მადლობა გადაგვიხადა სამშობლოსთვის გაწეული თავდადებისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ წეროვანში რეაბილიტაციის კურსის გავლა შემომთავაზეს. სამწუხაროდ, იქ მოვწიე მარიხუანა.
_ მომხმარებელი ხართ?
_ ნამდვილად არ ვარ მომხმარებელი, თუმცა მაშინ ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა: მოწევაც და დაკავებაც.
_ ფიქრობთ, რომ მოწყობილი შეიძლება ყოფილიყო?
_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, სამოქალაქო პოლიციამ დაგვაკავა, არადა, სამხედრო პოლიციას უნდა დავეკავებინეთ. გადაგვიყვანეს მცხეთაში, ხელწერილი დაგვაწერინეს, რომ ქვეყანას არ დავტოვებდით და დაგვაბრუნეს ისევ სარეაბილიტაციო ცენტრში. მეორე დღეს დამითხოვეს რეაბილიტაციის ცენტრიდან, ნამდვილად არ ველოდი, რომ მარიხუანის მოწევის გამო შეიარაღებული ძალებიდან გამათავისუფლებდნენ. რაკი შეხვედრა ვერ მოვახერხე, სოციალურ ქსელში მივწერე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, ვთხოვე, არ გავეთავისუფლებინე სამსახურიდან, მაგრამ მიპასუხა, პატივს ვცემ ქვეყნის წინაშე შენს დამსახურებებს, მაგრამ გენშტაბის გადაწყვეტილებას წინ ვერ აღვუდგებიო. ანა დოლიძემ კი მომწერა, რომ დაინტერესდებოდა ჩემი საქმით და დამიკავშირდებოდა, მაგრამ დღემდე არ დამკავშირებია. დამიბარეს სამანდატო კომისიაზე, მადლობა გადამიხადა მეთაურმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. დაახლოებით, სამი თვის წინათ შევიტყვე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალქო კონტროლის” შესახებ, მის ხელმძღვანელ დავით ნემსაძეს დავუკავშირდი და დავიწყეთ მოქმედება.
_ რას ითხოვთ?
_ 9 წლის განმავლობაში ვიმსახურე შეიარაღებულ ძალებში და ახლახან შევიტყვე, რომ ომბუდსმენი გვყოლია. ვერ დავიჯერებ, რომ ამის შესახებ სამხედრო ომბუდსმენმა თამარ გაბიანმა არაფერი იცოდა, მით უმეტეს, ჩემი პრობლემის შესახებ უკვე იყო გაავრცელეს ინფორმაცია მედიასაშუალებებმა. ჩემი ჯილდოებით რომ მივედი სახალხო დამცველის ოფისთან, მხოლოდ მას შემდეგ გამოიბერტყა ყური გაბიანმა _ შემხვდა და მომისმინა.
_ რას ელოდებით?
_ მეეჭვება, რომ შეიარაღებულ ძალებში აღმადგინონ. სიმართლე გითხრათ, ახლა მხოლოდ ჩემი თავისთვის არ ვიბრძვი, ვიბრძვი იმ დაჭრილი ბიჭებისთვისაც, რომლებსაც შეიძლება ხვალ და ზეგ ჩემსავით მოექცეს სახელმწიფო. შეიძლება ამ ყველაფერს შევეწირო, მაგრამ ვიბრძოლებ ბოლომდე. და მოვუწოდებ იმ ე.წ. გაპიარებულ დაჭრილებს: არ შეიძლება ასე! როგორც ვიცი, სულ 285-ია 2008 წლის ომსა და ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი და ჩვენ, ყველანი, ერთნაირ პირობებში უნდა ჩაგვაყენოს სახელმწიფომ…
ესაუბრა რატი ბერიძე
Mcimea an mebrcolis ganvlili gza, marto es gmiri araris ase bevria. Sjobia yuradgeba dautmon da gverdit daiyenon radgan kidev sheswevt cala da vashkacoba rom emsaxuron chvens qveyanas!!!